მთავარი,სიახლეები

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში რეალურზე 2263 ხმით მეტი დაფიქსირდა

05.11.2020 • 2474
ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში რეალურზე 2263 ხმით მეტი დაფიქსირდა

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმები დღეს, 5 ნოემბერს, ხელმეორედ გადათვალეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ამ საარჩევნო უბნის ოქმი ხელახალი გადათვლის შედეგებით. ირკვევა, რომ თითქმის ყველა პარტიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა ოქმში არასწორადაა მითითებული.

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმების გადათვლას ესწრებოდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე, რომელიც „გაუგებარს“ უწოდებს სიტუაციას.

ბათუმის #19 საარჩევნო უბანზე სულ 795-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ხელახალი გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ამ უბანზე მიუღია არა 1021, არამედ 264 ხმა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციის“ არა – 1108, არამედ 269 ხმა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ბათუმის #19 უბანზე „ევროპულმა საქართველომ“ ოქმში აღნიშნული 80 ხმის ნაცვლად მიიღო 13 ხმა, პარტიამ – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ მიიღო არა – 36, არამედ 10 ხმა, „პატრიოტთა ალიანსმა“ არა 85, არამედ 20 ხმა, „გირჩმა“ არა – 81, არამედ 29 ხმა, „ლელომ“ არა – 143, არამედ 33 ხმა და ა.შ.

მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენში ხმების გადათვლის შემდეგაც იგივე მონაცემები დარჩა. „ნაციონალურმა მოძრაობის“ მაჟორატორობის კანდიდატს ლევან ვარშალომიძეს 293 ხმა ჰქონდა შემაჯამებელ ოქმში და იგივე დარჩა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს რესან კონცელიძეს კი 242 ხმა ეწერა ოქმში და გადათვლის შემდეგაც იგივე დარჩა.

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი. ფანქრით მოცემულია კომისიის თავმჯდომარის მიერ დაწერილი ხმების რაოდენობა, ლურჯი ფერის კალმით კი ხელმეორედ გადათვლილი ხმების რაოდენობაა აღნიშნული. ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი  პაატა დიასამიძე ამბობს, რომ გაუგებარია, რა ლოგიკითაა შედგენილი შემაჯამებელი ოქმები, რადგან ხმების გადათვლის შემდეგ სრულიად განსხვავებული შედეგი დაიდო.

„ხმების ხელმეორედ გადათვლას უბნის კომისიის თავმჯდომარე არ ესწრებოდა, ამიტომ მან უნდა გააკეთოს განმარტება, რა გააკეთა და რა პრინციპით დაითვალა ხმები. რთულია იმის ახსნა, რანაირად გამოიყვანა ის ციფრები, რაც შემაჯამებელ ოქმში აქვს დაფიქსირებული.

კონვერტები და ბიულეტენებიც სწორად ჰქონდა დათვლილი, დალუქული ჰქონდა სწორად, მაგრამ შემაჯამებელ ოქმში რატომ აღმოჩნდა ასეთი განსხვავებული ციფრები, გაუგებარია“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმი ერთადერთი იყო, რომელიც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ხელმეორედ. ოქმის მიხედვით ამ უბანზე არჩევნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა. კომისიაში 75 საჩივარი იყო შესული, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისია მხოლოდ ამ უბნით დაინტერესდა.

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში შეცდომებზე „ბათუმელებმა“ 4 ნოემბერსაც გამოაქვეყნა სტატია.

„ჩვენ რომ გაყალბება გვდომოდა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ვერ მოიგებდა ჩვენს უბანზე არჩევნებს? კარგად ნახავდით თქვენ საბოლოო შედეგს, რამდენიმე ხმით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო,“ – ასე ახსნა შეცდომა ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის მდივანმა, თამილა ბაუჟაძემ. ახსნა-განმარტებითი წერილით მან და ამ კომისიის თავმჯდომარემ – ნინო თავართქილაძემ ბათუმის საოლქო კომისიას არჩევნებიდან ორ დღეში – 2 ნოემბერს მიმართეს. მათი განმარტებით, შეცდომა  „გადაღლილობის გამო“ მოხდა.

ბათუმის #19  საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი მიიჩნევს, რომ როცა ამგვარი შემაჯამებელი ოქმების გამო საარჩევნო კომისიებს აკრიტიკებენ, ეს კომისიის წევრების ბულინგია.

„ჩვენი ბულინგი ხდება“- აღნიშნა 4 ნოემბერს „ბათუმელებთან“ თამილა ბაუჟაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: