მთავარი,სიახლეები

შესწორებული ოქმები

04.11.2020 • 2584
შესწორებული ოქმები

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იმ შემაჯამებელი ოქმების გასწორებას ცდილობს, რომლებშიც დისბალანსი ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები საოლქოში დაიბარეს და ახსნა-განმარტებების დაწერა მოსთხოვეს. საუბნო კომისიის წევრებს, ძირითადად ხელმძღვანელებს, აწერინებენ რა შეეშალათ და რატომ, რა უნდა ეწეროს კონკრეტულ გრაფაში, რომ ხარვეზი გასწორდეს, შემდეგ კი ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე საოლქო კომისია გამოსცემს განკარგულებებს, რომელთა საფუძველზეც ოქმებს ასწორებენ.

„ძირითადად ტექნიკური შეცდომებია და გასწორება შესაძლებელია, მაგალითად: ახსნა-განმარტებებს წერენ რეგისტრატორები უბნებზე, რომ გამორჩათ ხელმოწერა, შესაბამისად, ეს განმარტება უნდა დაემატოს ხელმოწერების რაოდენობას. აი, ასეთი განმარტებები არ აქვთ გათვალისწინებული დათვლისას. ასევე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შესაძლოა იყოს არასწორად ჩაწერილი.  ხშირია შემთხვევები, როცა მიღებული ბიულეტენების რაოდენობა აქვთ არასწორად ჩაწერილი. არჩევნების მომდევნო დღეს შესაძლებელია ახსნა-განმარტების შედეგად ეს ჩასწორდეს“, – განმარტავს ბათუმის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.

ის ასევე ამტკიცებს, რომ შეცდომების სიმრავლე ორი [საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს] არჩევნების ერთად ჩატარების, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის და პანდემიით გამოწვეული გართულებების შედეგია: „ჩვენ არჩევნების წინა დღესაც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“.

რაც შეეხება საუბნო კომისიების წევრების მიერ დაწერილი განმარტებების საფუძველზე ოქმების ჩასწორებას, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლოგიკა დაახლოებით ასეთია:

იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, სადაც შემაჯამებელ ოქმში დისბალანსია, არჩევნებიდან მესამე დღეს, მაშინ, როცა ყველა საარჩევნო დოკუმენტი დალუქულია, გაახსენდათ კონკრეტული ციფრები, რაც ოქმში შეცდომით ჩაწერეს, ზუსტად გაახსენდათ ასევე რა ციფრები უნდა ჩაეწერათ და ოლქისთვის წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით მათი გასწორება მოითხოვეს.

საოლქო კომისია დარწმუნებულია, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებმაც კიდევ ბევრი სხვა შეცდომაც დაუშვეს, მესამე დღეს ყველაფერი ზუსტად გაახსენდათ, ზემდგომი კომისია კი მათ მონათხრობს ენდობა და ამ ახსნა-განმარტებების მიხედვით შემაჯამებელ ოქმებს ასწორებს.

მაგალითად, ბათუმის #4 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია კობალაძე და ამავე კომისიის მდივანი რუსუდან ნაკაშიძე, ერთობლივად მომზადებულ ახსნა-განმარტებით ბარათში წერენ: „არასწორად მივუთითე #4 გრაფაში შესაბამისი რიცხვი, ნაცვლად 660-სა უნდა ეწეროს 702“:

ამ პროცესს კანონდარღვევად აფასებს და პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება საოლქო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უშანგი მიქელაძე: „შეცდომა შეიძლება დაფიქსირდეს, ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ გამოსწორება უნდა მოხდეს იმ წუთშივე, მაქსიმუმ იმ დღესვე. თქვენ იცით, რომ შედეგები მხოლოდ შემაჯამებელ ოქმში არ იწერება, ეს უნდა იყოს ასახული ჩანაწერთა წიგნში, ასევე სადემონსტრაციო ოქმში, რაც არის უბანში გამოკრული. ეს მასალები ახლა ოლქის ხელშია. უკანონობაა ოლქის მიერ ისეთ ადმინისტრაციულ დოკუმენტზე მანიპულირება ახსნა-განმარტების საფუძველზე, როგორიც არის შემაჯამებელი ოქმი, თუნდაც იმისთვის, რომ ის გავხადოთ ნამდვილი, ეს არ შეიძლება და არ არის გამართლებული. მით უმეტეს მაშინ, როცა არსებობს კიდევ ორი ოქმი, სადაც ეს შედეგები უნდა იყოს ასახული. დოკუმენტი, რომელსაც კომისიის 12 წევრი აწერს ხელს და კანონმდებლობის თანახმად ის გადასცეს არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენელს, ასევე არასამთავრობოების დამკვირვებლებს, ეს ოქმი ვერ დაემთხვევა შესწორებულ ოქმებს. აქედან გამომდინარე გააკეთეთ ანალიზი, რამდენად სწორი იქნება შესწორების ოქმები“, – ამბობს საოლქო კომისიის წევრი.

იმავე მეთოდით ასწორებენ სხვა შინაარსის დარღვევებსაც

ეს გარემოება ეჭვებს უჩენს საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს პაატა დიასამიძესაც. მისივე ინფორმაციით, საია ბათუმის საოლქო კომისიის განკარგულებებს, რაც შესწორებებს ეხება, სასამართლოში გაასაჩივრებს:

„ახსნა-განმარტება იწერება კენჭისყრის დღეს, იმ მომენტში, როცა მაგალითად, ხელმოწერის გრაფა შეეშალა რეგისტრატორს, ის დაწერს ახსნა-განმარტებას და ამის საფუძველზე შეიძლება ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვეს, შესაბამისად, არ დაჯდეს ბალანსი, ახსნა-განმარტება კი იქნება საფუძველი, რომ ბალანსი დაჯდეს. გარდა ამისა, რეგისტრატორებმა კენჭისყრის დღეს 10:00-12:00 და ასე შემდეგ 17:00 – ზე უნდა გადათვალონ  ხელმოწერები და ბალანსი გამოიყვანონ. არჩევნების დღეს ბალანსი ჰქონდათ, რაც იმით დასტურდება, რომ ახსნა-განმარტებები არ დაუწერიათ. კენჭისყრა ჩატარდა 31 ოქტომბერს და 2 ნოემბერს წერს ახსნა-განმარტებას ადამიანი, რომელმაც ბალანსი ვერ დასვა, რომ ხუთი ციფრი შეეშალა შემაჯამებელ ოქმში – წარმოიდგინეთ ეს იმ დროს როცა არანაირ დოკუმენტთან წვდომა აღარ აქვს, ყველაფერი დალუქულია. როცა იქვე უბანზე ბალანსს ვერ სვამ, როგორ შეიძლება 2 ნოემბერს ეს ციფრები ზუსტად გაგახსენდეს?“ – სვამს კითხვას იურისტი და იმედოვნებს, რომ პასუხებს საოლქო კომისიისგან მიიღებს.

განკარგულებაში საოლქო კომისიამ მიუთითა კონკრეტული მუხლები საარჩევნო კოდექსიდან, რაც მას უფლებას აძლევს, საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერება, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა.  დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება – შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები, ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები.

ბათუმის საოლქო კომისიამ შეცდომების სიმრავლის მიუხედავად შედეგების ხელახლა გადათვლა არ მოინდომა. კომისია დაეყრდნო იმ ციფრებს, რაც კომისიის წევრებს კენჭისყრიდან მესამე დღეს გაახსენდათ. როგორც ერთ-ერთმა კომისიის წევრმა გვითხრა, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები ახსნა-განმარტების დასაწერად საოლქო კომისიაში დღეს, 4 ნოემბერსაც იყვნენ დაბარებულები.

როგორც კომისიის წევრი უშანგი მიქელაძე და საიას ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე განმარტავენ, შეცდომების აღმოჩენისა და შესწორების დაგვიანება არამხოლოდ ეჭვქვეშ აყენებს სანდოობის საკითხს, არამედ კანონდარღვევაც არის, რადგან საოლქო კომისიას კანონი ჩასწორების შესაძლებლობას მხოლოდ არჩევნების მეორე დღეს აძლევს. ამას საოლქო კომისიის თავმჯდომარეც ადასტურებს, ზემოთ მოყვანილ განმარტებაში.

იმ ფონზე, როცა უბნებს წლების განმავლობაში არ ჰქონიათ მსგავსი დონის ბალანსის პრობლემა, მაშინ, როცა საუბნო კომისიებს რამდენიმე არჩევნებში გამოცდილი პირები ხელმძღვანელობდნენ, საოლქო კომისიის წევრი უშანგი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებში უბნებზე შექმნილი ქაოსი მართული პროცესი იყო: „ვიღაცამ მას ხელი შეუწყო, როგორ ამას ვერ გეტყვით“.

და ბოლოს, შესწორების ოქმებზე კომისიის ყველა წევრი ხელს არ აწერს, რაც ასევე დარღვევაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: