რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“.

2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“ – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.

„ბათუმელებმა“ ამ საქმის თაობაზე შეკითხვებით მიმართა პროკურატურას. პროკურატურა მოკლე პასუხით შემოიფარგლა, თუმცა ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელსაც პროკურატურის პასუხების გაანალიზება ვთხოვეთ, ამბობს, რომ „ამავე წერილში თავისი თავი გათქვა პროკურატურამ“.

„ეს სამი პოლიციელი საპროცესო ფიგურაც კი არ არის – გამომძიებელიც კი არ არის,“ – რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გვესაუბრება ადვოკატი და თბილისი ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი, რაც პროკურატურიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა:

„ფორმალურად იმასაც კი ვერ ამბობს პროკურატურა, რომ აი, გამომძიებელი დაკითხვას აწარმოებდა და თან შემოარტყა ხელი, დაკითხვისას გადასცდა თავის უფლებამოსილებას. ეს პოლიციელები გამომძიებლები ცალსახად არ არიან და სხვა რა არიან, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ანუ საქმესთან პროცესუალური შემხებლობა ამ სამ პოლიციელს არ აქვს. ეს სამართლებრივი პრობლემა გამოჩნდა პროკურატურის პასუხიდან. უფლებამოსილების გადამეტება როგორ არის, როდესაც მათ უფლებამოსილება საერთოდ არ ჰქონდათ იმ მომენტში? ისინი დაკითხვას ვერ აწარმოებდნენ, მათ თუ არ შეუძლიათ დაკითხონ, არ შეუძლიათ მიიღონ აღიარებითი ჩვენება. როგორ გადაამეტეს უფლებამოსილებას?

ამ სამ ადამიანს არავითარი ფუნქცია არ აქვს, როგორც აღმოჩნდა, მათი ფუნქცია რა იყო – ადამიანს ამზადებდნენ დასაკითხად, ანუ ადამიანს სცემენ წინასწარ, შემდეგ რომ მივა პროცესის განმახორციელებელ პირთან, ანუ გამომძიებელთან, იქ უკვე მოჰყვეს შესაბამისად.

ეს არის სამართლებრივი ანაბანა. აი, ესაა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი – განგებ არასწორი კვალიფიკაციას აკეთებს სახელმწიფო ბრალდება,“ – პროკურატურას იქეთ ადანაშაულებს ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომებით პროკურატურა ახალისებს პოლიციელების მხრიდან ძალადობას.

  • რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა პროკურატურამ? 

„ბათუმელებმა“ 2026 წლის 16 ივნისს რამდენიმე კითხვით და წერილობით მიმართ საქართველოს პროკურატურას. პროკურატურამ, მართალია, პასუხი დაგვიბრუნა, თუმცა შეკითხვების დიდი ნაწილი პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა, მათ შორის, ეს შეკითხვები:

  • გთხოვთ მოგვცეთ განმარტება, თუ რატომ არ მიიჩნია სახელმწიფო ბრალდებამ, რომ გავრცელებულ კადრებში ასახული ძალადობა შეფასებულიყო სსკ-ის 144-ე პრიმა ერთი ან 144-ე ტერცია მუხლებით, რამეთუ კადრებში აშკარად ისმის, რომ პოლიციის შენობაში განხორციელებული ძალადობა ემსახურება დაზარალებულებისაგან ინფორმაციის მიღების და დასჯის ამოცანას. ძალადობის ხასიათის და ინტენსივობის გათვალისწინებით კი სახეზეა მძიმე ფიზიკური ძალადობა, რაც აშკარად გამოიწვევდა მძიმე ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას.
  • გამოძიების საგანი იყო თუ არა თავად ამ ვიდეოკადრების წარმოშობა? თუ დაადგინა გამოძიებამ, ვინ გადაიღო გავრცელებული 3 ვიდეოკადრი ან რატომ გადაიღეს ეს ვიდეოკადრები?
  • გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია ადამიანებზე ძალადობის 3 ეპიზოდი, თუმცა ცნობილი არ არის ძალადობის ეს ეპიზოდები უკავშირდება ერთ თუ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს. რა პერიოდულობით განხორციელდა ძალადობის ეპიზოდები ქობულეთის პოლიციის შენობაში და დღე-ღამის რა მონაკვეთში?
  • როდის დაითხოვეს ბრალდებული პოლიციელები შს სამინისტროდან, რა იყო დათხოვნის საფუძველი, როდის მიეცნენ პასუხისგებაში ბრალდებულის სახით?

აი, რა გვიპასუხა პროკურატურამ? – პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხი სრულად ასეთია:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 2026 წლის 5 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2022 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები, პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.

პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი სხვა პირი და მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 23 თებერვალს პოლიციის სამი თანამშრომელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა. 2026 წლის 11 მაისს სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ხოლო დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობაში მხოლოდ ზემოაღნიშნული 3 პოლიციელი მონაწილეობდა, რომლებიც პარალელურად ახდენდნენ ძალადობის მიმდინარეობის ვიდეო გადაღებას და მათ გარდა ადგილზე სხვა პირი არ იმყოფებოდა.

სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, საგამოძიებო ორგანოსათვის არ იყო ცნობილი, რომ რესპონდენტის შვილმა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით და მის კუთვნილ კომპიუტერში ინახებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ასევე, არ იყო ცნობილი, რომ რესპონდენტი ან მისი შვილი ფლობდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით პოლიციის სამივე თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან.

  • ადვოკატი მაია მწარიაშვილი: „ამით პროკურატურა ახალისებს საპოლიციო ძალადობას“ 

„ამავე წერილში თავისი თავი გათქვა პროკურატურამ – მიუთითა, რომ ცემის მიზეზი იყო აღიარებითი ჩვენების მიღება. თუ პოლიციის დაწესებულებაში ადამიანის ცემის მიზეზი და მიზანი არის აღიარებითი ჩვენების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს წამებად.

ძალადობისთვის ყველაზე მთავარი მაკვალიფიცირებელი არის მიზანი: რისთვის სცემენ ადამიანს, რა უნდათ? როგორც კი მიზანი არის აღიარების მიღება, ჩვენების მიღება, ანგარიშსწორება რაღაცისთვის, მაშინვე ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს წამებად, ან არაადამიანურ მოპყრობად – ძალადობის სიმძიმის ხარისხი განასხვავებს ამ ორ მუხლს მხოლოდ ერთმანეთისგან.

ამ შემთხვევაში პროკურატურამ გითხრათ, რომ სპეციალური მიზანი არსებობდა: აღიარებითი ჩვენება უნდა მიეღოთო, მაგრამ არ აგიხსნათ, რატომ არ დააკვალიფიცირა ამ პირობებში ქმედება წამების ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.

საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, წამების აკრძალვის შესახებ კონვენცია ასე განმარტავს წამებას და მთელი ცივილიზებული სამყარო ამ კრიტერიუმებით განსაზღვრავს წამებას, რომ ეს უნდა იყოს მძიმე ფიზიკური ტკივილის მიმყენებელი მოქმედება, ეს უნდა იწვევდეს მორალურ ტანჯვას, ამას უნდა ჩადიოდეს სახელმწიფო მოხელე და უმრავლეს შემთხვევაში ესენი არიან პოლიციელები… სცემეს ერთი, სცემეს მეორე, სცემეს მესამე. ესე იგი, გამოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აღიარებს, მთავარია აღიაროს.

მთავარია, სავარაუდოდ, ეს რეგისტრირებული დანაშაული ყოფილიყო და გაუხსნელი არ დარჩენილიყო სტატისტიკას,“ – გვიყვება ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

მაია მწარიაშვილი

მაია მწარიაშვილის შეფასებით, კვალიფიკაციის გარდა, პროკურატურიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში კიდევ რამდენიმე დეტალი აჩენს ახალი კითხვებს:

  • პროკურატურის წერილის მიხედვით, საქმეზე გამოძიება დაიწყო 2026 წლის 5 თებერვალს, მაგრამ ბრალდებულები დააკავეს 23 თებერვალს. რა ხდება ამ შუალედში? „ეს პოლიციელები სად არიან ამ დროს? დაკავებაზე განჩინება რატომ არ აიღეს, სასამართლოს რატომ არ მიმართეს? ეს აჩვენებს იმას, რომ რაღაც ვაჭრობა მიდის ამ პერიოდში“, – ამბობს ყოფილი პროკურორი.
  • როდის გათავისუფლდნენ პოლიციელები? პროკურატურა აცხადებს, რომ სამივე თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა შსს-დან, მაგრამ არ პასუხობს შეკითხვას – როდის? „5 თებერვალს რომ დაიწყო გამოძიება, წინა დღით გათავისუფლდა? თუ 23-ში რომ დააკავეს, 22-ში გათავისუფლდა? ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მანიპულირება ხდება. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ საქმის გამოძიების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ფარული მორიგება-გარიგებები. სწორედ ამიტომ არ იყო ღია და საჯარო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე. ამიტომაც არ გიპასუხათ თქვენ სახელმწიფო ბრალდებამ,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი პარალელს ავლებს „მზია ამაღლობელის საქმესთან“: „სილა თუ იწვევს ტკივილს და ეს აჭარის პროკურატურისთვის იყო თავდასხმა, ადამიანის წიხლებით ცემა რომ უფრო მეტ ტკივილს იწვევს, ეს ხომ უდავოა? იგივე პროკურატურა როგორ არ აფასებს ადამიანების წიხლქვეშ გაგდებას იმ ტიპის ტკივილის გამომწვევ მოქმედებად, რომელიც მძიმე ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა?

კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი სიმახინჯე პროკურატურის პასუხისმგებლობაა. ამით პროკურატურა ახალისებს საპოლიციო ძალადობას. ეს მუხლი – უფლებამოსილების გადამეტება იძლევა არაერთ სამართლებრივი შეღავათის განხორციელების საშუალებას. წამება – არაადამინაური მოპყრობა ამის საშუალებას არ იძლევა,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც დატოვა უპასუხოდ პროკურატურამ, მაგალითად, რატომ იღებენ პოლიციელები ამ ვიდეოს? თუ მიმდინარეობს გამოძიება ამ მიმართულებით?

„პროკურატურამ გიპასუხათ, რომ ეს ჩვენ ახლა შევიტყვეთ, რომ თურმე რაღაც კომპიუტერული სისტემის გატეხის გზით მოუპოვებია ეს ვიდეოკადრები იმ სატელევიზიო სიუჟეტში მითითებულ ადამიანს. ეს სახელმწიფო ბრალდებისთვის ვითომ ცნობილი არ იყო, მაგრამ სახელმწიფო ბრალდება თქვენ არ გეუბნებათ, დაიწყო თუ არა გამოძიება, ან ამავე საქმეში რომ ჩანს იღებს ეს ადამიანი, ეს როგორ შეფასდა სამართლებრივად – რატომ იღებს და რისთვის? ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთმანეთს უღებენ.

ეს გადაღება, როგორც წესი, იწვევს მორალურ ტანჯვას, როდესაც ადამიანს სცემ და თან აფიქსირებ ამას. რატომ იღებდნენ, ამ კითხვაზე თქვენ პროკურატურამ არ გიპასუხათ. საქმეში არის ეს ვიდეოკადრები, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს? როგორ შეიძლება, ეს არ აინტერესებდეს პროკურატურას.

ამ ადამიანების [დაზარალებულები] სტატუსთან დაკავშირებითაც ეკითხებით თქვენ პროკურატურას: რა სტატუსით იყვნენ მიყვანილები პოლიციაში, ვინ იყვნენ, მოწმეები იყვნენ? დაკითხეს სინამდვილეში? დაიბრალეს ამ ადამიანებმა დანაშაული თუ არ დაიბრალეს? არაფერზე სახელმწიფო ბრალდება არ იძლევა პასუხს.

სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ დიახ, ამ საქმეში სამწუხაროდ ბევრი რამ დაფარულია – საპოლიციო უკანონობა, რასაც წარმატებით ათეთრებს პროკურატურა,“ – მიიჩნევს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

  • ვინ განიხილავს სამი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო წამების საქმეს? 

ბრალდებული პოლიციელების საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვა. მან წინასასამართლო სხდომაზე, 2025 წლის 4 მარტს საქმიდან ამორიცხა მტკიცებულებების დიდი ნაწილი – 17 მოწმე, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი, არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. ვიქტორ მეტრეველი „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო ლიეტუვამ 2025 წლის ივლისში დაასანქცირა.

ბრალდებული პოლიციელების ადვოკატ ირაკლი ფაღავას ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს. დუმილის უფლებით სარგებლობენ ბრალდებულები.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულები აპირებენ ბრალის აღიარებას და საუბარი იყო საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად ხელახალი აუქციონია გამოცხადებული

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა.

აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია.

ახალი აუქციონის პირობების მიხედვით:

„აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება და შედეგად, განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდება;

სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენა“-ს და საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.

სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულმა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სტადიონის ახალი სახელწოდების მოცულობითი ასოებით განთავსება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე პერიმეტრზე; ან/და  ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობის სახურავზე [ზედხედზე] საკუთარი ხარჯებით დაიტანოს სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა;

სტადიონის გარე ფასადი, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით (არაუმეტეს კვირაში 7 საათისა) განათდება აუქციონში გამარჯვებულის კორპორატიულ ფერში. ამავე კორპორატიულ განათებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდება სტადიონის ახალი სახელწოდების ან/და აუქციონში გამარჯვებულის ლოგოს გამოსახვაც (დამოკიდებულია წარწერის სირთულესა და ლოგოს დიზაინზე);

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნეს-ბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს;

აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა;

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების (მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.) ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება;

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ მიერ განხორციელებული მასობრივი კომუნიკაციისას, სტადიონი მოხსენებული იქნება ახალი სახელწოდებით;

ზემოაღნიშნულის გარდა, სხვა დამატებითი აქტივობები დასაშვებია შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებით (სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო აქტივობები/კამპანიები და მისთ.).

აუქციონის შედეგების გათვალისწინებით ხელშეკრულება ძალაში შევა არაუადრეს 2026 წლის 23 ივლისისა და მოქმედი იქნება 5 წლის განმავლობაში.“

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია-რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს

სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს.

 „ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, ასევე ტაძრის ფიზიკური კონსერვაცია-რესტავრაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას“ – წერს სააგენტო.

გამარტივებული წესით შესყიდვების განხორციელების ნებართვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი განაცხადით უკვე მიმართა.

პირველი განაცხადის მიხედვით: „ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ტაძრის ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, არსებული და პოტენციური რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ისტორიულ-საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური, მასალათმცოდნეობითი და სხვა კვლევების ჩატარება, ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა მართვის საშუალებების მომზადება/უზრუნველყოფა“.

ამ სამუშაოებისთვის მაქსიმუმ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მეორე განაცხადის მიხედვით: „იგეგმება ტაძარზე გადაუდებელი და ეტაპობრივი ფიზიკური ჩარევები, მათ შორის: ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაცია; წყლის მართვისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა; სამშენებლო უბნის მომზადება, ხარაჩოებისა და დროებითი დამცავი კონსტრუქციების მოწყობა და სხვა“.

ამ სამუშაოებისთვის კი 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„2026-2027 წლების პერიოდისა და შესყიდვის ღირებულებად ჯამურად არაუმეტეს 5 000 000 ლარის განსაზღვრა განპირობებულია არა ერთჯერადად თანხის გამოყოფის ან სრული მოცულობით დაუყოვნებელი ვალდებულების აღების საჭიროებით, არამედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალწლიანი, ეტაპობრივი და კვლევაზე დამოკიდებული ხასიათით.

აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესყიდვების სავარაუდო ჯამურ ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებში კონკრეტული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამისი საჭიროების დადგომისას, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

განსახორციელებელი ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად შესყიდვას. პროცესი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპებს…“ – წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა.

მაშინ სააგენტო აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე… ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია დაიწყოს სვეტიცხოვლის ტაძრის სრული, კომპლექსური რეაბილიტაცია.“

იმავე წელს „ოცნების“ მთავრობა დათანხმდა მომზადებულიყო სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეესყიდა.

ამ თემაზე ვრცლად:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

 

შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“

მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო.

მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის.

ჩემი აქ ყოფნა სანერვიულო არ არის, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია, რომელიც უკვე დიდი საფრთხის წინაშეა ქოცნახირის ხელში. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა ვიყოთ თანამონაწილეები ამ დანაშაულის. უნდა ვესაუბროთ იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, არ აინტერესებთ და უპასუხისმგებლოდ უყურებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი შვილების მომავლის მკვლელობას.

ეს დანაშაულია, ეს სამარცხვინოა. მოვა დრო, როდესაც შერცხვება ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს ან უმოქმედობით თანამონაწილეობს.

ვინც იბრძვის და ეწინააღმდეგება ამ უსამართლობას, ყველას მადლობა. ყველა მიყვარხართ, ყველა ღირსეულები ხართ, ყველა სამაგალითოები ხართ. ყველას მადლობა, რომ გვკითხულობთ და არ გავიწყდებით. ყველა მოიკითხეთ ჩემგან, გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან # E-67 კამერა. თქვენი და ჩვენი ქვეყნის მონა მორჩილი მანუჩარ მიქელაძე, დაბადებული აჭარა, შუახევის რაიონის სოფელი ბუთურაული.

ერთი და მთავარი სურვილი მაქვს: ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე! ეს გამარჯვება იქნება ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარი, რითაც ყველა ვიამაყებთ, ვისაც წვლილი გვექნება ამ ყველაფერში.

დაგემშვიდობებით. დროებით ჩემო ღირსეულო და პატრიოტიზმით აღსავსე ქართველო გოგო-ბიჭებო. ჩემი თანასაკნელი სერგო ქიმერიძე გიცხადებთ სოლიდარობას და გკითხულობთ ყველას და გაძლევთ რჩევას – მთავარი ის არ არის ვინ და რა სიძლიერისაა მოწინააღმდეგე, მთავარია ვინ არის შენი თანამებრძოლი.

ამ და სხვა თემებზე ვრცლად შემდგომში მოგწერთ. თქვენგან ველი წერილებს თუ არ დაგეზარებათ.“

მანუჩარ მიქელაძე

მანუჩარ მიქელაძეს გამოძიება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს საქმე ჯერ არ განუხილავს სააპელაციო სასამართლოს.

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს.

ხანდაზმულებს შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისს აჭარაში სამ მოქალაქეს შეუსრულდა 100 წელი.

ხანდაზმულებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ.

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების თანხა აჭარაში 2026 წელს 1500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა.

ას წელს გადაცილებული მოქალაქეების უმრავლესობა აჭარაში მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობს.

პროკურატურა ცდილობს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესო გაუფორმოს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი.

პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად.

„ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. მოსალოდნელი მძიმე სასჯელის შიშით პროკურორს სურს ბრალდებულები დაითანხმოს საპროცესოზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს ბრალის აღიარებას, მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ბრალდებულების ოჯახის ახლობლებმა კი, „ბათუმელებს“ გასაუბრების დროს უთხრეს: ვიღაცებს უნდათ საპროცესო, ამას აპირებენ კიდეც, მაგრამ დანაშაულს ვიღაც აღიარებს, ვიღაც – არა. ასე არ გამოვა, აქ ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართო.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

დღევანდელი პროცესის გადადება პროკურორმა თემურ გურამიშვილმა ითხოვა. მისი თქმით, საპროცესო მოლაპარაკებები გრძელდება და ამიტომაც, პროცესზე მოწმეები არ წარმოუდგენია.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხარეებს გადახედა და განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, ამით ხელი არ უნდა შეეშალოს სასამართლოში საქმის განხილვას. მოსამართლემ სხდომა 10 ივლისამდე იმ პირობით გადადო, რომ თუ ამ დრომდე საპროცესო ვერ შედგება, მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

საპროცესო შეთანხმების აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა. ამ დროს სასამართლო კანონიერად გაფორმებულ შეთანხმებას ადასტურებს და საქმის არსებითი განხილვა წყდება. პროკურატურა საპროცესოს სთავაზობს ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებსაც, რომელთა საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს.

როგორც „ბათუმელებს“ ადვოკატებმა უთხრეს, პროკურატურა სთავაზობს 3.6 წლიან რეალურ სასჯელს და 3.6 წლიან პირობით მსჯავრს იმ ბრალდებულებს, რომლებსაც გამოძიება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავება.

„ქურდული სამყაროს“ წევრებს პროკურატურა სთავაზობს, რომ 3.6 წლით ჩასვამს ციხეში და ამდენივე ვადით პირობითს გაუფორმებს. თუ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, მაშინ ის პატიმრობაში 4 წელი დარჩება. „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებისთვის კი, 6 თვეა რეალური სასჯელი, 1 წელი – პირობითი მსჯავრი.

როგორც სხდომაზე გაირკვა, ბრალდებულების ნაწილმა საპროცესოზე თანხმობა განაცხადა, თუმცა პროკურორს საბოლოო ოქმებზე ხელი არ მოუწერეს.

„შემდეგ პროცესზე მოგცემთ კომენტარს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – გვითხრა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

რატომ არ მიმართა პროკურორმა შუამდგომლობით მოსამართლეს, გაფორმებულიყო ერთი ბრალდებულის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება, რომელმაც შეთანხმების ოქმს ხელი უკვე მოაწერა? – პროკურორმა ჩვენთან განმარტა, რომ ბრალდებულს ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ოქმზე ხელმოწერის შემდეგაც შეიძლება უთხრას მოსამართლეს, რომ აღარ სურს საპროცესო.

დღევანდელ პროცესზე ასევე იმსჯელეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე: ამ ეტაპზე 15 ბრალდებული პატიმრობაში რჩება. პროკურორის თქმით, არ არსებობს ახალი გარემოება, რის გამოც შეიძლება პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს, ადვოკატებმა კი, ცალ-ცალკე მოსამართლეს მიმართეს, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობა უნდა გაუქმდეს, ან ბრალდებულები გირაოთი უნდა გათავისუფლდნენ.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. „ახალი ფაქტი არ მომისმენია,“ – თქვა მან და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

რუსეთიდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მედვედევი დაესწრება

ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთიდან ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება.

ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედვედევი ისევ ვერ მოხვდა პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ საარჩევნო სიაში, იმის მიუხედავად, რომ მედვედევი ამ პარტიის თავმჯდომარეა.

ცნობილია, რომ საქართველოდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება, „ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი.

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია ირანში 3 ივლისს, თეირანში დაიწყება და 9 ივლისს, მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დასრულდება.

აიათოლა ალი ხამენეი თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

რესტორნებში პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდების აკრძალვა გადაიდო

2026 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება უნდა აკრძალულიყო, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ თარიღი გადაავადა.

„სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაში 2026 წლის პირველ ივლისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.“

ამ დანართის მიხედვით კი, აკრძალვა ეხება შემდეგ სასმელებს:

დადგენილების დანართი

აკრძალვა არ ვრცელდება 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვა სასმელებზე, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალშია.

ამავე დადგენილებით, 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო „პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსებაც“.

თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში ეს თარიღიც გადაავადეს და აკრძალვა, ამ შემთხვევაშიც, 2031 წლის 1-ლი თებერვლიდან შევა ძალაში.

ამ თემაზე:

რესტორნებში აიკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რეგისტრირებულია 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი

დღეს 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები ორ სესიად ჩატარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი და ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით.

„დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“- წერს სამინისტრო.

5 ივლისიდან დაიწყება მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები, 17 ივლისს – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს  ჩააბარებენ.

ცენტრის ინფორმაციით, მთლიანობაში, გამოცდებზე 83 000-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.

___________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

მოსახლეობა წუხს, რომ ბათუმთან ახლოს, ავგიას დასახლების გზას არაფერი ეშველა – დაიწყეს და ვერ დაასრულეს.

ამ უბნიდან ქალი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვისაყვედურა: „როდის გაგრძელდება ჩვენი გზის მოწესრიგება, ეს მაინც მოგვიკითხეთ, ჟურნალისტები ხომ ხართო“.

მოვიკითხეთ, შევისწავლეთ დოკუმენტები და გავარკვიეთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს სამუშაოები შეისყიდა, თუმცა გზები არ გაუკეთებიათ, მხოლოდ საყრდენი ხელოვნური ნაგებობები მოაწყვეს, რაშიც 944 ათასი ლარი დაიხარჯა.

2024 წელს, სამუშაოების დაწყების შემდეგ გამოარკვიეს, რომ აქ ბათუმის მერიის სამსახური – „ბათუმის წყალი“ მიწისქვეშა სამუშაოს შესრულებას გეგმავდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის ამოყრა გარდაუვალი იყო. ამ მიზეზით ჯერ სამუშაოები შეაჩერეს, 2026 წლის მარტში კი გადაწყვიტეს, რომ შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტონ.

მილიონობით ლარი იხარჯება ყოველ წელს ბათუმის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტიც, ყოველ ახალ წელს, სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. თუმცა ავგიას დასახლებაში ამბობენ, რომ წლებია მათი გზა ამ პრიორიტეტებში არ მოხვდა. სინამდვილეში ტენდერიც კი იყო გამოცხადებული, მაგრამ, როგორც ბევრ სხვა პროექტს, თავი ვერც ამას მოაბეს.

ავგიას გზის სარეაბილიტაციო დოკუმენტების შესწავლით შეიძლება დაასკვნა – სახელმწიფო უწყებამ ისე დაგეგმა და დაიწყო სამუშაოები, რომ ადგილზე ვითარება სრულყოფილად არ შეუსწავლია.

აქ მცხოვრებლებმა არც ის იციან, რომ ამ ამბის გაჭიანურება მხოლოდ „ბათუმის წყალს“ არ დაჰბრალებია და აქ მათი, მოსახლეობის როლიც გამოკვეთეს. 

ამ ამბის შესწავლის შემდეგ ის მაინც უნდა გახდეს გასაგები, რომ სავალდებულოა ორმა სახელმწიფო უწყებამ ინფომაცია გაცვალოს, ერთმა უწყებამ კონკრეტულ გზაზე ასფალტის დაგება, მეორემ კი იმავე გზაზე ისეთი სამუშაო რომ არ დაგეგმოს, რომელიც ახალდაგებული ასფალტის დაზიანების გარეშე ვერ შესრულდება.

ავგიას დასახლება იურიდიულად ბათუმს ეკუთვნის, თუმცა იმის გამო, რომ ადრე სოფლის სტატუსი ჰქონდა, ადგილობრივები დასახლებას ისევ სოფლად მოიხსენიებენ:

„დიახ, ქალაქს ვექვემდებარებით. ამოდი და შეხედე, რა არის აქ ქალაქის – ჩვენი გზა რა დღეშია, მარტო სახელის დარქმევა შველის? კანალიზაციაც კი არ გვაქვს“, – გვითხრა ქალმა სატელეფონო საუბარში, რომელმაც ამ უბნის პრობლემების გაშუქება გვთხოვა, უფრო სწორად მოგვთხოვა.

ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

კიდევ ერთმა მოქალაქემ კი შეგვატყობინა, ავგიას დანგრეული გზა წვიმის დროს როგორი გაუვალია და ამის დასტურად ვიდეო კადრები გამოგვიგზავნა.

„ადგილზე სამუშაოები წლების წინ დაიწყეს, სანიაღვრეები გააფუჭეს და წავიდნენ, აღარ გამოჩენილან“, – თქვა ქალმა.

ადგილზე მართლაც რთული ვითარება დაგვხვდა.

გზები უსწორმასწოროა, ძველი ასფალტის კვალს ვერსად ნახავთ, მანქანებს გადაადგილება უჭირთ
სანიაღვრე არხები ისეა დაზიანებული, რომ ფაქტობრივად არ მუშაობს

ავგია სოფლის ტიპის დასახლებაა პატარა სახლებით და გამწვანებული ეზოებით, ისევე როგორც ეზოებიდან, სამანქანე გზიდან ჩანს ქალაქისა და ზღვის ხედები, ამ გზით ხშირად სარგებლობენ ტურისტებიც, ვისაც გონიოს მთიდან სურს ქალაქის ხედების ნახვა და სამშენებლო კომპანიებიც, რომლებსაც მთაზე, ნაკლებად დასახლებულ ადგილზე ახალი პროექტები აქვთ დაწყებული.

ქალაქის ხედი ავგიას დასახლებიდან

ბათუმის მერიას ვკითხეთ, რატომ არ დასრულდა ავგიას გზაზე დაწყებული სამუშაოები, გვიპასუხეს, რომ ამ გზის რეაბილიტაციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობდა, შემდეგ კი მერიას გადააბარეს. მერია ავგიას გზის მოსაწესრიგებლად შესაბამისი მომსახურების შესყიდვას  წელს გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ავგიაში ახალი გზა 2026 წელს არ ექნებათ და შესაძლოა არც მომავალ წელს ჰქონდეთ, რადგან შესყიდვის პროცედურას თავისი ვადები აქვს.

  • რატომ ვერ დაასრულა გზების დეპარტამენტმა დაწყებული სამუშაო – რა მოხდა?

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავგიას გზაზე ასფალტ-ბეტონის დასაგებად 2023 წელს გააფორმეს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება შეწყვიტეს:

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალისოფელი-ავგიას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. კომპანიამ, ხელშეკრულების ფარგლებში, 2023-2024 წლებში, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

სამუშაოების დასრულების ვადად, ხელშეკრულების შესაბამისად, 2024 წელი განისაზღვრა. სამშენებლო სამუშაოების პროცესში, ტერიტორიაზე, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ სასმელი წყლის, მოგვიანებით კი ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოების დაგეგმვის თანახმად, კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, გაფორმებული ხელშეკრულება შეჩერდა და შეწყდა. ამ ეტაპზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები გადაცემულია ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. მერიის მიერ მიმდინარეობს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის და საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტირება“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აჭარის გზების დეპარტამენტს ავგიას გზის მოსაწყობად 2 მილიონ 944 890 ლარი უნდა დაეხარჯა. ტენდერი შპს „ზიმო 7“-მა მოიგო 2023 წელს.

2026 წლის მარტამდე ხელშეკრულება 13-ჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 26 მარტს კი, ავგიას გზასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

ოქმის მიხედვით, გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი შესყიდვების კომისიას უყვება, რომ ავგიას გზის მოწესრიგების პროექტი ჯერ „ბათუმის წყლის“ განხორციელებული სამუშაოების გამო შეფერხდა. გარდა ამისა, სამუშაოების პროცესში აღმოაჩინეს, რომ გზას მიჰყვება კანალიზაციის ქსელი, რომელიც ეკუთვნის სასტუმრო შპს „ბათუმი პანორამას“, სადაც საკანალიზაციო ჭები და შესაბამისად მილები მოწყობილია გზის ზედაპირიდან 30-35 სმ-ის სიღრმეზე და დაზიანებულია.

„აღნიშნულის გამო, 2025 წელს შესასრულებელი მე-4 ეტაპის სამუშაოები, 1 მილიონ 747 376 ლარის ღირებულებით, გახდა გარდამავალი და მისი შესრულება შპს „ზიმო 7“-ს დაევალა 2026 წელს პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ პერიოდში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბათუმის წყალს“ თავისი გეგმა 2025 წელს უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც „ზიმო 7“ გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. თუმცა სხვა პრობლემებიც გამოჩნდა. 

გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, „ახალისოფელი-ავგიას“ საავტომობილო გზის გვერდულზე და გზის სავალ ნაწილზე შპს „ბათუმი პანორამამ“ კანალიზაციის მილი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად არასტანდარტულად მოაწყო.

„არასტანდარტულად არის მოწყობილი კანალიზაციის მილები და საკანალიზაციო ჭები. საკანალიზაციო ქსელი დაზიანებულია ბევრ ლოკაციაზე და ამორტიზებულია, მათ შორის, დაზიანებულია ცენტრალური მილიც. ასევე, არასტანდარტულად არის მოწყობილი საკანალიზაციო ჭები, რომლებზეც ადგილობრივ მოსახლეობას დაერთებული აქვთ კანალიზაციის მილები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაზიანებულია და გზის სავალ ნაწილზე იღვრება საკანალიზაციო მასა, ბინძურდება გარემო. დეპარტამენტის არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, შპს „ბათუმი პანორამა“ აღნიშნულზე არ რეაგირებს და პრობლემა რჩება მოუგვარებელი.“

„პანორამა ბათუმი“ და მასთან მისასვლელი გზა

„ბათუმის წყლის“ გარდა პროექტის შეფერხებაში მოსახლეობის წვლილსაც გაუსვეს ხაზი:

„მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთგზის მოსახლეობასთან შეხვედრისა, კატეგორიული წინააღმდეგი არიან მათ მიერ საკანალიზაციოებზე დაერთებული მილების დემონტაჟზე, რამაც ასევე შექმნა დამატებით პრობლემა გზის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების განახლებაზე.“

პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა დაასკვნა, რომ პრობლემის მოგვარება დეპარტამენტის ძალებს აღემატება, რადგან ე.წ. საკანალიზაციო მილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი გზის მთელს სიგრძეზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხით შეუძლებელი იქნებოდა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ საქმეს ბათუმის მერია გადაიბარებს:

„ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ადგილზე შესაბამისი კომუნიკაციების და გზის სავალი ნაწილის და თანმდევი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, კერძო საცხოვრებელი ზონის უფრო მეტად განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის და რაც მთავარია, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებითო“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილში, რომელიც 2026 წლის 18 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის და ბათუმის მერიისთვის გაუგზავნია.

ამ წერილების მიხედვით, „ახალისოფელი-ავგიას“ საავტომობილო გზაზე ცენტრალიზებული საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს, ხოლო კერძოდ მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის ექსპლუატაცია ვერ ხერხდება:

„გზის მიმდებარედ მიმდინარეობს ინტენსიური განაშენიანება, ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ტიპის დასახლებას და პერსპექტივაში აქვს ურბანული განვითარების პოტენციალი, რისთვისაც საჭიროა ადგილზე მოეწყოს საქალაქო ინფრასტრუქტურის შესაბამისი კომუნიკაციები, მათ შორის აუცილებლობას წარმოადგენს საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის გამართვა.“

ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ გაფუჭებულის გასწორება მერიამ საკუთარ თავზე აიღო, ეს მერმა გიორგი ცინცაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილობით დაუდასტურა. როგორ გამოასწორებს, ამ პროცესს „ბათუმელები“ დააკვირდება.

ამონარიდი ბათუმის მერის წეილიდან

 

ბრალდებულები აჭარაში მოქალაქეებს მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ – თაღლითობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა – ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში.

„გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს.

ბრალდებულები აჭარის რეგიონში, მშენებლობა-რემონტით დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სამუშაოების შესრულებას მოტყუებით, ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით სთავაზობდნენ, დაზარალებულებისგან თანხებს წინასწარ იღებდნენ, თუმცა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 428 250 აშშ დოლარი, 10 100 ლარი და 400 000 სომხური დრამი.“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის შეტევა კიევზე – მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა, ნგრევა 30 ადგილას დაფიქსირდა

2 ივლისის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ასამდე პირი.

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა პირველ ივლისს, ღამით დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო კომბინირებული შეტევა დრონებითა და რაკეტებით.

2 ივლისის დილის 7:00 საათის მონაცემებით, რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევის ყველა რაიონში, 30-ზე მეტ ადგილას დაზიანება და ნგრევა დაფიქსირდა.

მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები ისევ გამოჰყავთ.

მედიის ცნობით, კიევზე შესაძლო შეტევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 1 ივლისს განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევს „შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის იარაღით“ დაარტყა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „ტერორისტული თავდასხმების“ საპასუხოდ.

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

დღეიდან, თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ.

საგანძურის მარათონისდასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია.

მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაამონაწილეების მიერ დაგროვილი მონეტები გავლენას ახდენს როგორც პირად შედეგებზე, ისე საკუთარი საგვარეულოს წარმატებაზე. საბოლოოდ, ფინალში მხოლოდ გამარჯვებული საგვარეულო გადავა და მისი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას 50 000 ლარისთვის.

მონეტების დაგროვება მონაწილეებს სხვადასხვა მისიის შესრულებით შეეძლებათ. ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიები მოიცავს მარტივ ფინანსურ აქტივობებს მობაილბანკშიმაგალითად, თანხის გადარიცხვას, ელ ფოსტის ვერიფიკაციას და სხვა ყოველდღიურ მოქმედებებს. მარათონის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მეგობრების მოწვევით დამატებითი მონეტები გამოიმუშაონ. გარდა ამისა, ყოველდღიურად მომხმარებლებს მინითამაში გაეხსნებათ, სადაც მონეტების დაგროვება იქნება შესაძლებელი.

საგანძურის მარათონშიგამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად და შესაბამისად, დაჯილდოვდებიან 100, 2000 ან 10 000 ლარით. თითოეულ საგვარეულოს ეყოლება ერთი ლიდერი გამარჯვებული; შესაბამისად, დღის, კვირისა და თვის პრიზებს ოთხი მონაწილე მიიღებს.

მარათონის დასრულების შემდეგ, ფინალში გადასული საგვარეულოს წევრებისთვის სპეციალური 24-საათიანი სპრინტ მარათონი გაიმართება. დასკვნით ეტაპზე, დამატებითი ინფორმაცია ფინალის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გამოცდილება მხოლოდ მარტივი და სწრაფი კი არა, სასიამოვნო და საინტერესო პროცესიც იყოს. სწორედ ამიტომ, საგანძურის მარათონითმობაილბანკში ახალი თავგადასავალი იწყებათამაში, რომელიც დაგეხმარება აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, გაიმარტივო ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება და მოიპოვო შანსი ფულადი პრიზების მოსაგებად.

გახადე ზაფხული უფრო საინტერესოგანაახლე თიბისის მობაილბანკი და შეუერთდისაგანძურის მარათონს“.

3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბათუმში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ.

კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში არასრულწლოვან შვილებს, ქუჩაში და კაფე-რესტორნებში მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„ბრალდებულები ყოველდღიურად უწესებდნენ არასრულწლოვანებს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე კი, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანით ვაჭრობა -ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: ორი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 405 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 069 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 861 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 45 168 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 910 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 459 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 385 190 ერთეული [+2 123]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 791 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 114 852 ერთეული [+353]
  • სპეცტექნიკა – 4 376 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 798 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის შეტევა კიევზე – მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა, ნგრევა 30 ადგილას დაფიქსირდა

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი მისთვის“ – ინტერვიუ რუსეთის კრიზისზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა უფრო დამღუპველია მისთვის“ – ინტერვიუ რუსეთში კრიზისზე

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ.

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ უფრო იკლებს:

„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა იყო ფრთოსანი რაკეტებით – „ფლამინგოებით“. დრონებით უტევენ ჯერ. აი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რომ მივა რიგი, ამას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი…

ამ დროს, სად აქვს რესურსი რუსეთს? რუსეთის რესურსი იწურება… ცოცხალ ფულს პრაქტიკულად რუსეთი ვეღარ იღებს შიდა ბაზარზე. გარეთ რუსეთს რომ არავინ კაპიკს არ მისცემს – არც დოლარს, არც ევროს და არც იუანს, ეს ძალიან კარგად ვიცით.

ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ცუდი გამოსავლებიდან არის მაინც ცეცხლის შეწყვეტა. პუტინის გადასახედიდან რომ შევხედოთ, ამ გზით დე ფაქტო მაინც დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ უკვე დაკავებული ტერიტორიები და ეს შეიძლება პუტინმა ძალიან სერიოზულად გაყიდოს. ეს რაღაც მანევრის საშუალებას კიდევ უტოვებს პუტინს, მაგრამ თუ მან ეს უაზრო, ბარბაროსული ომი გააგრძელა, რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა იქნება გაცილებით უფრო მძიმე, თუ კატასტროფული არა,“ – გვიყვება ვალერი ჩეჩელაშვილი.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში, პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:

  • ბატონო ვალერი, რას ნიშნავს ბენზინის დეფიციტი რუსეთისთვის, რომელსაც „დიდ ნავთობგასამართ სადგურს“ ეძახდნენ? დღეს როიტერსი წერდა, რომ ინდოეთიდან დაიწყო რუსეთმა ბენზინის შესყიდვა. 

ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი, ნავთობს საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებად ყიდის ინდოეთსა და ჩინეთში და იქიდან ძვირად უნდა შემოიტანოს ბენზინი. ეს ხდება იმიტომ, რომ შეიქმნა ბენზინის დეფიციტი უკრაინელების დარტყმების შედეგად.

უნდა ითქვას, რომ ამ დარტყმებამდე რუსეთის ფედერაცია 10 %-იანი მარაგით, ანუ 10 %-ით მეტ ბენზინს აწარმოებდა, ვიდრე მოიხმარდა ქვეყანაში. ბენზინის ექსპორტს რუსეთი, როგორც იცით, არ აწარმოებდა. ახლა კი, დაახლოებით ნახევარი წარმოება დაზიანებულია. შესაბამისად, შეიქმნა ძალიან სერიოზული დეფიციტი, პირველ რიგში, ყირიმში და არა მხოლოდ ყირიმში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, რადგან, ბუნებრივია, უკრაინელები ურტყამენ ევროპულ ნაწილს.

ვალერი ჩეჩელაშვილი

ეს რით მძაფრდება კიდევ? – იმით, რომ ეს ბენზინი ესაჭიროებათ სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის.

კილომეტრიანი რიგების გარდა, სერიოზული კომპონენტი ემატება ამას: ახლა არის მოსავლის აღების დრო. რუსები წუწუნებენ იმაზე, რომ არ აქვთ საწვავი და შეიძლება, ვერ აიღონ მოსავალი. ეს თავისთავად უქადის რუსეთს სერიოზულ პრობლემებს მომავალში სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

  • ეს ყველაფერი მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებია რუსეთისთვის, თუ თავისთავად აისახება პუტინის რეჟიმზე? 

თითქოსდა ეკონომიკური პრობლემებია, მაგრამ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის საზოგადოების განწყობებზე. პირველად გამოჩნდა გასაკვირი ციფრი: ბოლო კვლევებით, რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის 81 % არ იქნებოდა წინააღმდეგი, შეწყდეს სამხედრო სპეციალური ოპერაცია, მხოლოდ 14 % უჭერს მხარს მის გაგრძელებას.

ამ კრიზისს ჯერჯერობით არბილებს რუსეთში დიზელის წარმოება – დიზელის წარმოება არის 100 %-იანი მარაგით. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანების შემდეგ, რუსეთი დიზელის წარმოებით დღესაც კი აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს. ეს მეტ-ნაკლებად არბილებს საწვავის კრიზისს და სიმძაფრეს არ აძლევს მას, მაგრამ უკრაინელები ხომ არ გაჩერდებიან? უკრაინელები განაგრძობენ წარმოებების დაზიანებას, როგორც ბენზინის, ისე დიზელის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა იყო ფრთოსანი რაკეტებით – „ფლამინგოებით“. დრონებით უტევენ ჯერ. აი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რომ მივა რიგი, ამას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი.

ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა, როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში.

რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით ორნახევარი ტრილიონი დოლარია, ანუ შიდა ეროვნული პროდუქტი. ბენზინი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ეკონომიკური ეფექტი? შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ისე, რომ რუსეთში პენსია ვეღარ დარიგდეს? 

საწვავის დეფიციტი ურტყამს ბიზნესს და ბიზნესი თუ ვერ ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ის გადასახადებს ვერ გადაიხდის. თუ გადასახადები ვერ გადაიხადა ბიზნესმა, შესაბამისად, საპენსიო ფონდი ვერ შეივსება და შეიძლება, პენსიების გაცემის პრობლემები შეიქმნას.

სხვათა შორის, რუსებმა ასწიეს დღგ, მოგების გადასახადი, მაგრამ გადასახადების დავალიანება აღწევს უკვე ხუთ ტრილიონ დოლარს. გადასახადების გაზრდამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ამოიღონ გადასახადები იმდენი მაინც, რამდენიც თუნდაც გაზრდამდე იყო.

ამას ერთვის, მაგალითად, ინტერნეტის პრობლემები. დღევანდელ პირობებში ინტერნეტის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ბიზნესის განვითარება? ბიზნესის კონკრეტული დარგების ფუნქციონირება შეუძლებელიცაა ინტერნეტის გარეშე.

  • მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზარდეს დღეს ბაჟის გადასახადი. ამ გზითაც ცდილობენ რუსები დანაკლისის კომპენსირებას? 

ბაჟის გადასახადი თუ გაზარდეს, ესე იგი ელოდებიან ამის დეფიციტს და ამ დეფიციტის აღმოფხვრის მცდელობაა ბაჟის გაზრდა. ბენზინის და დიზელის ექსპორტი საერთოდ აკრძალეს პრინციპულად.

  • თქვენ აღნიშნეთ, ამ ეკონომიკური კრიზისით იცვლება რუსეთში საზოგადოების განწყობაო, მაგრამ რუსეთში ხომ დემოკრატია არ არის? რამდენად ანგარიშგასაწევი შეიძლება გახდეს ეს უკმაყოფილება პუტინის დიქტატურისთვის? 

საზოგადოების განწყობები ჯერ გადამწყვეტი არაა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დინამიკაზე. გახსოვთ, ადრე როგორი იყო განწყობა, მაგალითად, რუსეთის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში? – ეს ომი არის სადღაც შორს, ჩვენ არ შეგვეხება, არაფერ შუაში ვართ. ახლა ირკვევა, რომ ასე არაა – ომი მოვიდა ჩვენთან, ომი მოვიდა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში მოვიდა. ეს არ იყო იმ სოციალური კონტრაქტის ნაწილი, რომელიც პუტინმა დადო რუსეთის მოსახლეობასთან და ბიზნესთან: თქვენ არ ჩაერიოთ პოლიტიკაში და მე თქვენ შეგიქმნით კომფორტს.

შესაბამისად, ეს სოციალური კონტრაქტი დაირღვა და ამით უკმაყოფილება იზრდება. მე არ მახსოვს, რომ ასე ღიად „Z-ბლოგერები“ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ „პუტინი შეცდომებს უშვებს“, „ის უნდა წავიდეს“. ძალიან აგრესიული ბლოგები იწერება რუსების მხრიდან იმ პირობებში, როდესაც ასეთი მკაცრი კონტროლია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ФСБ-ს, ФСО-ს მხრიდან.

  • უშვებთ, რომ პროტესტი რუსეთში შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ ამას ვეღარ მოერიოს პუტინის რეჟიმი, ვეღარ გააჩუმოს?

სოციალური პროტესტის სერიოზულ, მზარდ ნიშნებს ვხედავთ რუსეთში.

სოციალური პროტესტის ზრდა რომ აღმოიფხვრას და ამის შეკავება მოახერხოს პუტინმა, მან მინიმუმ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემები. როგორ გადაწყვეტს, როდესაც ბენზინის წარმოება დანგრეულია? იმპორტით შემოტანა ძალიან ძვირია და ეს იქნება მხოლოდ შეზღუდული ხასიათის. პრინციპში, ერთადერთი საშუალება ამ პრობლემებს რომ მოევლოს, არის ცეცხლის შეწყვეტა.

  • მაგრამ ეს პოლიტიკურად წამგებიანია პუტინისთვის, შეიძლება დამღუპველიც კი იყოსო – პოლიტოლოგები ამბობენ.

კი ბატონო, მაგრამ მაშინ პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ.

ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას.

პუტინმა საკუთარი თავი თვითონ ჩააყენა ამ მდგომარეობაში. დაახლოებით 6-7 თვის წინ ტრამპი ამბობდა, რომ დიახ, მშვიდობაა საჭირო, მაგრამ ყველა უნდა წავიდეს დათმობებზე, მათ შორის, უკრაინასაც მოუწევს დათმობა, ტერიტორიების დათმობაც და სხვაგვარად არ გამოვაო. დაახლოებით ამას ამბობდა ტრამპი. დღეს კი, ტრამპმა მოაწერა ხელი „დიდი შვიდეულის“ დოკუმენტს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხელმომწერი ქვეყნები – 7 უძლიერესი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასე რომ, პუტინმა ხელიდან გაუშვა ყველაზე კარგი მომენტი საიმისოდ, რომ ეს ბარბაროსული ომი დაემთავრებინა.

ტრამპი ისე იყო განწყობილი, რომ მოახდენდა სერიოზულ ზეწოლას უკრაინაზე. ტრამპის ზეწოლის პირობებში და იმ პირობებში, რომ, მაგალითად, აღარ მიაწვდიდა იარაღს თუნდაც ევროპელების ნაყიდს და ასე შემდეგ, აი, ეს შანსი ჰქონდა პუტინს, რაც მან არ გამოიყენა. იფიქრა, რომ არა, მე ახლა უფრო მეტის გაკეთება შემეძლება, მაგრამ მან ვერ გათვალა ზელენსკის და უკრაინის მედეგობა, ვერც ის, რომ ახალ ტექნოლოგიებში უკრაინა აჯობებდა რუსეთს და შექმნიდა ახალ შესაძლებლობებს.

  • დასავლეთი ასევე ერთსულოვანია რუსეთის დასანქცირების პოლიტიკის მიმართ. რუსეთის იზოლირების გარდა, ესეც აძლიერებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს რუსეთში? 

რა თქმა უნდა, სანქციები არავის არ გაუუქმებია. ევროპა ყოველი ექვსი თვით აგრძელებდა სანქციებს პუტინის მიმართ, ამჯერად პირველად გააგრძელა ერთი წლის ვადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებს გაცილებით მეტად სჯერათ უკრაინის წარმატების ამ ომში და, შესაბამისად, უფრო მკაცრ პოზიციას იკავებენ რუსეთის მიმართ. მე აღარ ვამბობ ამ მილიარდების დამატებაზე და დახმარებაზე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიდან. ნატოს სამიტი იქნება რამდენიმე დღეში და იქაც არის ლაპარაკი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის ათეულობით მილიარდის დამატებაზე.

სხვათა შორის, ახლა მოხდა ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი: უკრაინამ პირველად ამ ომის მიმდინარეობისას ჯავშანტექნიკის რაღაც მანქანებზე, რომელსაც აწვდიდა დანია, უარი თქვა იმიტომ, რომ აღარ ესაჭიროება ეს მანქანები ფრონტის ხაზზე. შეიძლება, უკრაინას უკვე სხვა უკეთესი შესაძლებლობები აქვს და ჩათვალა რომ არ ესაჭიროება. წარმოიდგინეთ, ეს როგორი თვისებრივი მაჩვენებელია? უკრაინას ასარჩევად აქვს უკვე საქმე.

ამ დროს სად აქვს რესურსი რუსეთს? რუსეთის რესურსი იწურება იმიტომ, რომ ომს უნდა დაფინანსება, დაფინანსებას უნდა ახალი ვალები, ამ დროს არის საბიუჯეტო კრიზისი, გადასახადების აკრეფაში პრობლემებია, საბანკო კრიზისია – აღებულ კრედიტებს ვერ აბრუნებენ იურიდიული პირები. შესაბამისად, ბანკებს ექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემა.

ახალი სესხები რუსეთმა შეიძლება აიღოს მხოლოდ შიდა ბაზარზე, მაგრამ მისი შიდა ვალი უკვე აღწევს იმ დონეს, როდესაც მოზიდული სახსრები ძლივს ჰყოფნის ძველი ვალის მომსახურებას, ანუ ცოცხალ ფულს პრაქტიკულად რუსეთი ვეღარ იღებს შიდა ბაზარზე. გარეთ რუსეთს რომ არავინ კაპიკს არ მისცემს – არც დოლარს, არც ევროს და არც იუანს, ეს ძალიან კარგად ვიცით.

ეს ყოველივე ემატება ცუგცვანგის მდგომარეობას – ყოველი შემდეგი ნაბიჯი არის შექმნილი ვითარების გაუარესება. პუტინის თავში როგორ ჩაიხედავ, მაგრამ პრინციპში ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ცუდი გამოსავლებიდან მაინც ცეცხლის შეწყვეტაა. პუტინის გადასახედიდან რომ შევხედოთ, ამ გზით დე ფაქტო მაინც დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ უკვე დაკავებული ტერიტორიები და ეს შეიძლება პუტინმა ძალიან სერიოზულად გაყიდოს.

ეს კიდევ რაღაც მანევრის საშუალებას უტოვებს პუტინს, მაგრამ თუ მან ეს უაზრო, ბარბაროსული ომი გააგრძელა, რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა იქნება გაცილებით უფრო მძიმე, თუ კატასტროფული არა.

რატომ ანდობს ვივამედს „ოცნება“ პატიმრებს – სახიფათოა ელენე ხოშტარიასთვის ეს კლინიკა და მისი დირექტორი?

„სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს, მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… თან „რევოლუციონერობა“ უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ.

რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, ზმუილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,“ – ეს განცხადება კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ გააკეთა სატელევიზიო ეთერში, როცა გაიგო, რომ პოლიტიკური პატიმარი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, სამკურნალოდ მის კლინიკაში გადაჰყავდათ.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ვივამედი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა, ყველაზე დიდ დაკვეთებს იღებს სახელმწიფოსგან პატიმრების სამედიცინო მომსახურებაზე და იშვიათი გამონაკლისის გარდა, პატიმრებს სხვა კლინიკებში გადაყვანის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

რაზე მეტყველებს ნინო ნადირაძის სიძულვილის ენა და რამდენად სახიფათოა [ჯდება ის საერთაშორისო სტანდარტში], რომ პოლიტიკური პატიმარი სამკურნალოდ გადაიყვანო იმ კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელიც პატიმრის მიმართ მტრულად არის განწყობილი.

იქნება ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ უსაფრთხოდ? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ფსიქოთერაპევტს და სამოქალაქო კამპანია – „ერთი ხალხი, ერთი საქართველოს“ წარმომადგენელს, დავით ჯინჭარაძეს.

დავით ჯინჭარაძე
  • ბატონო დავით, რაზე მეტყველებს ნინო ნადირაძის განცხადებები, რა რისკებს ხედავთ ამაში?

პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი ყველა პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს „ვივამედის“ მომსახურებით. არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ყველა პატიმრის ოჯახის წევრი უნდა იყოს შეშფოთებული ნადირაძის ამ განცხადებით. თუმცა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ პატიმარზე აკეთებს განცხადებას.

როცა ადამიანს ვალდებულება აქვს აღებული პენიტენციურ სამსახურთან მუშაობის, მას აქვს ვალდებულება ყველა პატიმრის უფლება დაიცვას და უმკურნალოს. არავის ეგონოს, რომ ამ განცხადებით მარტო ელენე ხოშტარიას ან მხოლოდ სინდისის პატიმრებს ეხება ნინო ნადირაძე, ყველა პატიმრისთვის საგანგაშოა.

ქალმა თქვა, რომ თუ „რაღაცას აწყობ“, კენჭის გავლა არ უნდა გქონდესო. მისი თვალთახედვით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს კენჭის გავლა არ აქვთ? მხოლოდ ოპოზიციონერს ეკრძალება, რომ ავად გახდეს?

ყველა პატიმრის ოჯახის წევრმა უნდა დაუსვას კითხვა პენიტენციურ სისტემას, რომ პატიმართან უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ დაავადება პოლიტიკასთან არის კავშირში?

ხომ ამბობენ, რომ პოლიტიკას და სპორტს ერთმანეთში ნუ ვრევთო და ჯანმრთელობაში პოლიტიკის გარევა რა საჭიროა. თუ ადამიანი ავადაა, რა მნიშვნელობა აქვს ელენე ხოშტარიაა თუ სხვა პატიმარი, თუ რაღაცაში პოლიტიკა არ უნდა გავრიოთ, ეს არის ჯანდაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის საკითხები თავისთავად არის პოლიტიკა.

მაგალითად, როცა კახა კალაძეს ჰქონდა რაღაც პრობლემა, ელენე ხოშტარიამ მას უსურვა გამოჯანმრთელება. როცა „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ან პარტიის წევრზე იგებენ ადამიანები, რომ რაღაც ავადმყოფობა აქვთ, წყდება ხოლმე მის მიმართ კრიტიკული რიტორიკა, რიგით ადამიანებს უფრო მეტი ემპათია და კაცთმოყვარეობა აქვთ და რატომ არის რთული, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებიც შეთანხმდნენ საბაზისო ადამიანურ ღირებულებებზე.

არავინ სთხოვს ნინო ნადირაძეს, რომ ელენე ხოშტარია აღიაროს პოლიტპატიმრად და არც იმას, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი დაიჭიროს ხელში.

  • მედიცინაში არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი, რაც ექიმს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს პაციენტის გადასარჩენად, იმის მიუხედავად, მოსწონს პიროვნულად ეს პაციენტი თუ არა. ნადირაძის განცხადებები თუ მოდის წინააღმდეგობაში ამ ვალდებულებასთან?

ჩვენ გვსმენია არაერთი ისტორია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ან აგვისტოს ომშიც კი, ქართველები როცა დაინახავდნენ, რომ ადამიანი დაჭრილი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის მხარეს იბრძოდა, მაინც ცდილობდნენ მის გადარჩენას და გამოყვანას ბრძოლის ველიდან.

ომის ეთიკაც კი ამას გულისხმობს, რომ უკვე დაჭრილ და განიარაღებულ ადამიანს, შეიძლება უმკურნალო. ტერორისტსაც კი, რადგან ექიმის მოვალეობაა ადამიანის მკურნალობა. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და მათ შორის საქართველოში.

მით უმეტეს ელენე ხოშტარიას, რომელსაც არაფერი დაუშავებია, კალაძის საარჩევნო ბანერს რაღაც წააწერა ფლომასტერით.

  • იმ კლინიკის დირექტორი, სადაც პატიმარს უნდა უმკურნალონ, მტრულად ან ცინიკურად არის განწყობილი, პაციენტს ესმის სიძულვილი ენა, ქილიკი მის მიმართ, ხედავს გულგრილობას, რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთ კლინიკაში დაცული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. რა გარანტია არსებობს, რომ მას არ დააზიანებენ მკურნალობის ნაცვლად?

როგორც ვიცი, „ვივამედს“ აქვს მონოპოლია და მხოლოდ ის ემსახურება პენიტენციურ სისტემას. ყოველ შემთხვევაში, ძირითადი მიმწოდებელი ეს კლინიკაა და პატიმრის არჩევანია, რომ ან ციხეში გაუარესდეს მისი მდგომარეობა, ან იმკურნალოს ისეთ ადგილას, სადაც ის სძულთ.

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუციები ძლიერი რომ იყოს, პენიტენციურ სისტემას და სახალხო დამცველს უნდა ჰქონოდათ ნადირაძის განცხადებებზე რეაგირება – უნდა ეთქვათ, რომ ამ ადამიანს არ აქვს უფლება დაიკავოს ასეთი მაღალი სამედიცინო თანამდებობა. ასე მოხდებოდა ნებისმიერ დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებს უყვართ ხოლმე სიარული, მათ შორის თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. ასეთი განცხადებები იქნებოდა ნინო ნადირაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობა.

ამ შემთხვევაში ნინო ნადირაძე პირად შეხედულებებზე არ საუბრობდა, პოლიტიკური იყო მისი განცხადებები, რადგან პირადი შეხედულება არის, რომ „არ მომწონს ელენე ხოშტარია“, ან „დამნაშავეა ხოშტარია“ ვთქვათ, მაგრამ მას არ აქვს უფლება თქვას, „ელენე ჩემთან გადმოიყვანეს კლინიკაში და მას უფლება არ აქვს კენჭის გავლა ჰქონდეს და ზმუოდეს სახსარი მტკივა“ – ეს პროფესიული შეხედულებაა და ეს არ არის აზრის თავისუფლება.

ექიმი ამბობს ამას, ფსიქოლოგი თუ თერაპევტი, იქ მთავრდება უკვე გამოხატვის თავისუფლება და ცხადია, ირღვევა ექიმის ეთიკაც.

  • დირექტორის განცხადებები შეიძლება ერთგვარ მესიჯადაც აღიქვას მედპერსონალმა? გავლენას თუ მოახდენს მათზე?

ცხადია მოახდენს. მით უმეტეს საქართველოში, ყველამ იცის, როგორ მუშაობს სამედიცინო სისტემა. კოვიდის დროიდან გვახსოვს, თუ როგორი აგრესიულია ხოლმე გარკვეულ შემთხვევებში პაციენტის მიმართ პერსონალის დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები ამის ხელშემწყობია.

დასუსტებულ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა და ეს შეიძლება დაემართოს ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერსაც.

როცა ექიმი ამას ვერ ხვდება, ის ექიმი არ არის. გვსმენია, რომ ნაცისტურ გერმანიაში, ფაშისტურ რეჟიმებში, იმპერიალისტური პერიოდის იაპონიაში, მსგავს რამეებს ამბობდნენ ადამიანებზე და ვიცით შემდეგ რა გამოიწვია ამან, ხომ?

ზოგადად, როცა ადამიანი სწავლობს მედიცინაზე, ან გადის სამედიცინო კურსს სამედიცინო სპეციალობაზე, მთელი კლასი ეთმობა ეთიკას, სადაც ადამიანები ზუსტად ნაციზმის მაგალითზე დაყრდნობით სწავლობენ, როგორი არ უნდა იყოს ექიმი. ნინო ნადირაძეს ეტყობა არ გაუვლია ეს კურსი – დღეს მისი რიტორიკა გერმანელი ნაცისტი ექიმების რიტორიკას ერთი-ერთში ემთხვევა.

  • ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ელენე ხოშტარიას არ ჰქონდეს ამ კლინიკის მიმართ ნდობა?

ელენეს შემთხვევაში, მას საერთოდ არ აქვს არანაირი მოთხოვნა და სწორი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ პატიმრის, თუნდაც სინდისის პატიმრის ჯანმრთელობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ნორმალურ ქვეყანაში ნინო ნადირაძეს მოხსნიდნენ, ელენეს კი სხვა უკეთეს კლინიკაში გადაიყვანდნენ. ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ აეკრძალებოდა ასეთ ექიმს პოლიტიკური კომენტარების გაკეთება.

მით უმეტეს, პროპაგანდისტულ „იმედზე“ ყოფნა და რაღაც სიუჟეტებში ჭორაობის პოზიციიდან რაღაცების მოყოლა. სამწუხაროდ, ამ ადამიანს აქვს სამედიცინო განათლება და უამრავ პაციენტზე წვდომა. აქ მთავარი მესიჯი ის კი არ არის, რაც ელენე ხოშტარიაზე თქვა, მთავარი მესიჯია ის, რომ ადამიანი, რომელიც ერთ პაციენტს ექცევა ასე, ყველა პაციენტისთვის საფრთხეა.

გარდატეხა უკრაინაში: რატომ აგებს რუსეთი

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

  • „ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები უკრაინის დრონების წარმატებასა და რუსეთის სუსტ წერტილებზე

ვაშინგტონში, „ატლანტიკურმა საბჭომ“ (Atlantic Council) 18 ივნისს უმასპინძლა პანელურ დისკუსიას, რომელზეც განიხილეს ომის დინამიკის უკრაინის სასარგებლოდ ცვლილება, რაც დრონების ტექნოლოგიამ და რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა ღრმა დარტყმებმა გამოიწვია.

მომხსენებლებმა დასავლეთი თვითკმაყოფილების წინააღმდეგ გააფრთხილეს და ხაზი გაუსვეს ხანგრძლივ გეოპოლიტიკურ ბრძოლასა და აშშ-ისა და ნატოს სტრატეგიულ ხარვეზებს.

  • გენერალი (თად.) ბენ ჰოჯესი

ჰოჯესმა გამოხატა ძლიერი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნებოდა უკრაინის მკაფიო სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად და კრიტიკული რეგიონების იზოლაციისთვის:

„უკრაინელებმა მიაგნეს იმას, რაც, ჩემი აზრით, მათი გამარჯვების თეორიაა – ეს არის რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა რუსეთმა ვერ მოიპოვოს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსური რესურსები“.

მან აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების დაბალმა მორალმა და ზურგში ლოგისტიკურმა შეფერხებებმა შესაძლოა ქვედანაყოფების რღვევა გამოიწვიოს:

„ნაპოლეონმა თქვა, რომ მორალური ფაქტორი ფიზიკურთან შედარებით სამი ერთთან პროპორციით ფასობს. ასე რომ, ვფიქრობ… აქ არის სუსტი წერტილი…“

ჰოჯესმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ უკეთესი მომლაპარაკებლის პოზიციის მოსაპოვებლად:

„საჭიროა ბოლომდე მიწოლა, ყველაფრის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის საკუთარ საზღვრებში დასაბრუნებლად. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომა“.

თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი
  • გენერალი (თად.) ვესლი კლარკი

კლარკმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური უპირატესობები ბრძოლის ველზე სწრაფად იცვლებოდა და მუდმივ მდგრადობას მოითხოვდა:

„ტექნოლოგიური მიღწევები ამ ომში წარმავალია… ეს არის ტექნოლოგიური რბოლა“.

მან გააფრთხილა აუდიტორია, რომ ვლადიმერ პუტინი ძალებს ნატოს ჩრდილოეთ ფლანგის წინააღმდეგ აგროვებდა, უკრაინას კი ძალების ეკონომიის ჭრილში განიხილავდა:

„ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა. დასასრულამდე კიდევ შორია. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ყოველი კარგი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინა დგამს და უნდა გავაგრძელოთ მათი გაძლიერება“.

კლარკმა განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ამახინჯებდა სამხედრო იერარქია, სადაც ხელქვეითებს დამარცხების აღიარების ეშინოდათ:

„თუ პრობლემის შესახებ მოახსენებ, ეს შენი პრობლემა ხდება და შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიგცენ“.

თადარიგის გენერალი ვესლი კლარკი
  • ელჩი (თად.) დუგლას ლიუტი

ლიუტმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია ნატოზე რუსეთის მხრიდან ტრადიციული სახმელეთო თავდასხმის შესაძლებლობა და ამის ნაცვლად ჰიბრიდული კამპანიის ესკალაცია იწინასწარმეტყველა:

„…ეს არის ოქროს შესაძლებლობები, რომლებსაც პუტინს ვუქმნით, რათა გააღრმავოს ეს განხეთქილება და მიაღწიოს იმას, რაც რუსეთის მიზანია – ტრანსატლანტიკური კავშირის გაწყვეტა“.

ლიუტმა გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციები იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს სპეციალიზებული ოპერატორების ინტეგრირება უკრაინულ ძალებთან, რათა პირდაპირ ფრონტის ხაზის „ომის ლაბორატორიიდან“ მიეღოთ გამოცდილება:

„ამის ნაცვლად, აშშ-ის არმია ცდილობს უკრაინის ბრძოლის ველის გამეორებას… ძალიან მოკრძალებული და არაზუსტი გზით… მაგრამ ეს სიგიჟეა“.

დუგლას ლიუტი
  • დებრა კაგანი (ყოფილი დიპლომატი და თავდაცვის ექსპერტი)

კაგანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სისწრაფეს მიწოდების ჯაჭვის ზეწოლასთან ადაპტაციაში და მისი მოქნილი თავდაცვითი ინოვაციები რუსეთის მოუქნელ ბიუროკრატიას შეადარა:

„თქვენ გაქვთ ეს მოუქნელი ბიუროკრატია უკრაინის ამ მართლაც ძალიან მოხერხებული, მოქნილი და დინამიური სისტემის წინააღმდეგ“.

მან აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ს გაუსწრეს დრონების ინტეგრაციასა და წარმოების სწრაფ უკუკავშირში:

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია… რომელსაც შეუძლია მივიდეს ფრონტის ხაზზე, განათავსოს იარაღი და სამ დღეში სრულად შეცვალოს მისი კონფიგურაცია…“

კაგანმა რუსეთის ბირთვულ მუქარებს უწოდა ფუჭი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად დასავლური ხელმძღვანელობის მანიპულირებისთვის იყო შექმნილი:

„…ეს არის ფუჭი მუქარა მათთვის, ვინც მეზობლად ცხოვრობს და მნიშვნელოვანი მუქარა იმ გავლენის გამო, რაც მას აქვს ტრამპსა და მის გარემოცვაზე“.

დებრა კაგანი, ყოფილი დიპლომატი და თავდაცვის ექსპერტი

 

ბათუმში 130 ტონა სახიფათო ნარჩენებს უკანონოდ ანადგურებენ – რას ამბობენ დეპარტამენტში

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება.

სახიფათო ნარჩენების განადგურება, გარემოს ზედამხედველობის დასკვნით, კანონშეუსაბამოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინეს. 

თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, რა ზიანი ადგება გარემოს სახიფათო ნარჩენების განადგურებით. 

ობიექტს [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოს], სადაც სახიფათო ნარჩენებს ანადგურებენ, ექსპლუატაციას სწორედ შპს „სანდასუფთავება“ უწევს.

ობიექტი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წლის ოქტომბერში შეამოწმა. მაშინ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმიც, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.

ამ ოქმის მიხედვით, სახიფათო ნარჩენების განადგურების კუთხით „სანდასუფთავება“ სამართალდამრღვევად მიიჩნიეს საქმიანობისთვის, „რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება“, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის“ და ასევე „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობისთვის“.

პარალელურად, 2024 წლიდან, „სანდასუფთავებას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს სკრინინგის განცხადება – საჭიროებს თუ არა სახიფათო ნარჩენების განადგურების პროცესი [წარმადობის გაზრდა] გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ანუ გშს-ს ანგარიშის მომზადებას.

სკრინინგის განცხადების მიხედვით, ობიექტზე საკმაოდ გაიზარდა ნარჩენების რაოდენობა: 21,4 ტონიდან 132 ტონამდე წლის განმავლობაში. ამ რაოდენობის სახიფათო ნარჩენების განადგურებისთვის კი ობიექტი ჯამში 23,1 ტონა დიზელის საწვავს ხარჯავს.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება სკრინინგის განცხადებაზე, მისი სააგენტოში წარდგენიდან 2 წლის შემდეგ, 2026 წლის 29 ივნისს მიიღო და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს გზშ-ს ანგარიშის მომზადებას.

„ბათუმში შპს „სანდასუფთავება“-ს სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება [წარმადობის გაზრდა] გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას საჭიროებს“, – წერია სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.

ამ ობიექტზე „ხდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული 200-ზე მეტ სამედიცინო და კვლევით დაწესებულებაში წარმოქმნილი პათოგენური და სხვა [სხვადასხვა მავნეობის და სახიფათოობის] ნარჩენების თერმული გაუნებელყოფა [დაწვა] და წარმოქმნილი მცირე რაოდენობის ფერფლის დროებითი, აბსოლუტურად იზოლირებული დასაწყობება, სანამ საქართველოში აიგება და შევა ექსპლუატაციაში ასეთი ტიპის ცენტრალიზებული საცავი.“

სახიფათო ნარჩენების გასანადგურებელი ობიექტის ტერიტორია ბათუმში 2022 და 2026 წელს

სკრინინგის განცხადებაში წერია, რომ ობიექტზე „გარანტირებულია ნარჩენების დამუშავების აბსოლუტური იზოლირებულობა და უსაფრთხოება“, თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტო „სანდასუფთავებას“ მიუთითებს, რომ აუცილებელია შეფასდეს ამ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების ხარისხი.

სააგენტოს უფროსის ბრძანებაში აღნიშნულია:

  •  „სახიფათო ნარჩენების გასანადგურებლად ინგლისური ფირმის „Insiner 8 LTD-s Model P-16 Series OIL“ დანადგარს [ინსინერატორს] იყენებენ, რომლის მაქსიმალური წარმადობა 10 საათში 400 კილოგრამს შეადგენს და დიზელის საწვავზე მუშაობს.
  • ინსინერატორისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის 500-მეტრიან რადიუსში სხვადასხვა შენობა-ნაგებობები ფიქსირდება, რომელთა ფუნქციური დანიშნულების შესახებ ინფორმაცია სკრინინგის განცხადებაში მოცემული არ არის.
  • სკრინინგის განცხადებაში წყალმომარაგებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურისა და წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის, რაც სათანადო შესწავლას და შეფასებას საჭიროებს.
  • ვინაიდან ინსინერატორის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საწვავის რაოდენობის გაზრდასთანაც, ეს მოითხოვს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედების დეტალურ შესწავლას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას.
  • მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში ძირითადად განხილულია ადლიის ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ხოლო უშუალოდ კუმულაციური [მათ შორის ობიექტის მიერ] ზემოქმედების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია მოცემული არ არის.
  • შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედება დეტალურ შესწავლას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას მოითხოვს.
  • ვინაიდან ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების რიგი დარღვევები, რაც გარემოსდაცვითი რისკების არასათანადო მართვაზე მიუთითებს, ხოლო სკრინინგის განცხადება არ შეიცავს საკმარის და სრულყოფილ ინფორმაციას საქმიანობის მასშტაბის ზრდით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებისთვის, ამიტომ შეუძლებელია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების სათანადო იდენტიფიცირება, აგრეთვე ეფექტიანი პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა.
  • აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით საგულისხმოა იმ პირობებში, როდესაც ინსინერატორის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, არსებითად ზრდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების, კუმულაციური ზემოქმედების, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რისკებს.“

რამდენიმე დეტალი უშუალოდ სკრინინგის განცხადებიდან:

  • „ბათუმის მერიის სამედიცინო-ბიოლოგიური მავნე ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმო განთავსებულია უშუალოდ ბათუმის, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელ პოლიგონზე.
  • მოქმედი ნაგავსაყრელი პოლიგონის ფართობი შეადგენს 25 ჰა-ს, რომელიც გადავსებულია.
  • ნაგავსაყრელიდან გაბატონებული ქარების ზემოქმედებით ემისიების გაბნევა ხდება ზღვისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით, სადაც დამსვენებლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ექმნებათ დისკომფორტი დასვენებისა და ცხოვრების ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის…
  • ნაგავსაყრელს არა აქვს წყალგაუმტარი ფენის დამცავი სისტემა, ასევე არ გააჩნია ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გამწმენდი ნაგებობა. არ გააჩნია აირგამყვანი სისტემები. განთავსებული ნარჩენების სიმაღლე ცალკეულ ადგილზე 12-15 მეტრზე მეტს აღწევს.
  • ვიზუალური შეფასებით 1965 წლიდან 2022 წლამდე ნაგავსაყრელ პოლიგონზე ტრანსპორტირებული ნარჩენების რაოდენობა დაახლოებით 4-4,5 მილიონ ტონაზე მეტია…“

სკრინინგის განცხადებაში „სანდასუფთავება“ აქცენტს აკეთებს ბათუმის ნაგავსაყარზე იმ კუთხით, რომ ის კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და გადაწყვეტილია მისი დახურვა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იგეგმება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე საერთაშორისო სტანდარტების თერმული დამუშავების ობიექტის [დანადგარ-მოწყობილობის შეძენა] მოწყობა“.

სახიფათო ნარჩენების განადგურება / ფოტო გადაღებულია 2022 წელს

„სანდასუფთავება“ მართალია, „კანონმდებლობასთან შეუსაბამო“ ნაგავსაყარ პოლიგონზე წერს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სახიფათო ნარჩენების განადგურების ობიექტს თავადაც „კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ“ ამუშავებს. თუმცა, ამ ობიექტის ფუნქციონირებას შემდეგი არგუმენტით ამართლებს:

„ალტერნატიული სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის ობიექტი, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს, ხოლო ცალკეული დაწესებულებების საქმიანობების შედეგად, წარმოქმნილი, დაგროვილი სამედიცინო [სახიფათო] ნარჩენები საკმაოდ დიდი მოცულობით გროვდება და დიდი რისკია მისი არსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე გატანის, თუ არსებული ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერება მოხდება.

გამომდინარე აქედან საჭიროა მისი ოპერირება მანამ, ვიდრე არ მოხდება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა.“ – წერს „სანდასუფთავება“.

აღსანიშნავია, რომ ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ამუშავებულა. ბათუმის [ადლიის] მოქმედი ნაგავსაყარის დახურვა კი უშუალოდ დაკავშირებულია ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებასთან. კონკრეტულად როდის ამუშავდება ნაგავსაყარი ცეცხლაურში ამ დრომდე უცნობია.

ისევ ინსინერატორს რომ დავუბრუნდეთ, გარემოს ეროვნული სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებაში წერს, რომ „ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული საიტის [GE0000054 – „ჭოროხის დელტა“] საზღვრებში, საჭიროა ბიომრავალფეროვნება და მასზე მოსალოდნელი ზემოქმედება შეფასდეს არამხოლოდ ინსინერატორისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, არამედ საქმიანობის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების გავრცელების არეალშიც, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის დამტკიცებულ საიტზე, კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით“.

„გარდა ამისა, ზურმუხტის ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების ანგარიშში ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის სტანდარტულ მონაცემთა ფორმაში მოცემული მონაცემები ბიომრავალფეროვნების კომპონენტების ზემოქმედებისადმი სენსიტიურობასთან, ამ ზემოქმედების ალბათობასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით დასაბუთებას საჭიროებს.

ამასთან, დგინდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და შესაბამისი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმების საჭიროება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ცხოველებზე და მათი არსებობისთვის მნიშვნელოვან ადგილებზე, აგრეთვე, ფრინველთა გადაფრენის მარშრუტებზე, მათ საბუდარ, საკვებ და დასასვენებელ ადგილებზე ზემოქმედებაზე.“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2026 წლის 29 ივნისის ბრძანებაში.

მწვანე ფერით მონიშნულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული საიტი – GE0000054 – „ჭოროხის დელტა“ / ინსინერატორი, ნაგავსაყარი და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია მთლიანად ამ ზურმუხტის ქსელის საზღვრებშია მოქცეული

ვიდრე გზშ მომზადდება, ბათუმში, თანაც ზურმუხტის ქსელის საზღვრებში მუშაობას აგრძელებს ინსინერატორი, რომლის შედეგად რა ზიანი ადგება გარემოს, არავინ იცის.

„ზურმუხტის ქსელთან“ დაკავშირებით კი ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

 

 

 

 

რუსეთის მოქალაქეების კომპანია გონიოში 4000 კვ.მეტრზე ვილებს აშენებს

სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ „ოცნების“ მხარდამჭერები [შემწირველები] ან დეპუტატები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები.

გონიოში არაერთი მშენებელი უცხოეთის მოქალაქეა, მაგალითად ოკუპანტი რუსეთის, ან უკრაინის თუ ისრაელის.

მაგალითად, გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს.

კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მის 45 პროცენტს რუსეთის მოქალაქეები – დმიტრი სოლოვიხი და ოლეგ ემელიანოვი ფლობენ.

კომპანიის 55 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, როინ ზოიძეს ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის 2026 წლის 30 მარტის ამონაწერით, აქ ვილებს უკვე ყიდიან, მყიდველები კი უმეტესად რუსეთი მოქალაქეები არიან.

მიწის ნაკვეთი კომპანიამ, სავარაუდოდ, კერძო პირებისგან შეისყიდა.

ამავე თემაზე:

ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით

ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის დასწრებას ირანში დახოცილი ხალხის სახელების წაკითხვით აპროტესტებენ

ქუთაისის მერიის წინ, ამ წუთებში [1-ელი ივლისი, 15:00 საათი] სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მოკლული ირანელების სახელებს კითხულობს.

სამოქალაქო აქტივისტს ფეისბუქ ლაივი აქვს ჩართული და ამ ფორმით აპროტესტებს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, წავიდეს ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე.

„მე მწამს, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს, ეს არ ნიშნავს მტერს მეგობარი დავარქვათ. საქართველოს პრეზიდენტი ირანის ყოფილი დიქტატორის ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება, მისი გადაწყვეტილებით მოკლულია სულ მცირე 12,881  უდანაშაულო ირანელი. მინდა ხმამაღლა ვთქვა ეს სახელები, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ. მომდევნო 5 საათი წავიკითხავ მოკლული ირანელის სახელებსა და გვარებს ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების შენობის წინ უწყვეტი Facebook Live-ით.

თუ გაავრცელებთ აქციას, გთხოვთ გამოიყენოთ ჰაშთაგი #FiveHoursForTheVictims #FreedomForIran     #FreedomForGeorgia“, – დაწერა ლაივში გასვლამდე აკაკი საღინაძემ.

ფეისბუქ ლაივისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ აქ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 ივნისს დაადასტურა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 2026 წლის 28 თებერვალს დაიღუპა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს. ის 86 წლის იყო.

 

უკრაინამ პენზაში „როსკოსმოსის“ საწარმოზე მიიტანა იერიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთში, პენზის რეგიონში მდებარე „ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე“, საწარმოზე, რომელიც რუსეთის კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციაში [„როსკოსმოსი“] შედის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტია, რომელიც დაკავებულია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების კომპონენტების შემუშავებითა და წარმოებით.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.

ტელეგრამზე გავრცელებულ ფოტო/ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქალაქში საწარმოს თავზე დაკვამლიანებაა.

ზარალის მასშტაბები დგინდება.

თავდასხმა დაადასტურა რუსულმა მხარემ.

კერძოდ, პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ პენზაზე დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა და ტელეგრამზე დაწერა, რომ დაზიანებულ ობიექტზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მისი თქმით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევებმა „დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და დაუმთავრებელ შენობაზე დაეცა“.

პირველ ივლისს, ღამით, პენზის ოლქში განგაშის რეჟიმი გამოცხადდა, ხოლო საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა კვლავ დაბომბეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ უფაში. ზელენსკიმ დაადასტურა თავდასხმა და დასძინა, რომ ეს ქარხანა ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

 

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4 და 5 ივლისს რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს.

ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, ათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის მარათონის მონაწილე.

მონაწილეობის წესები მარტივიამოდი Open Air-ზე თიბისის სივრცეში, თიბისის მობაილბანკში გაიარე სპეციალური გამანაწილებელი ქვიზი და გაიგე რომელ საგვარეულოს მიეკუთვნები, შემდეგ შეასრულე მარათონის დღის მისია, დაატრიალე ბორბალი და მიიღე საჩუქრად მაისური, მარაო, ჩანთა ან სხვა ბრენდირებული ნივთი. გაითვალისწინე, რომ სასაჩუქრე ნივთების რაოდენობა ლიმიტირებულია

ტრადიციულად, ფესტივალის განმავლობაში განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ თიბისის მომხმარებლებს: Tbilisi Open Air-ის ტერიტორიაზე მდებარე ბარებსა და კვების ობიექტებში მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 40 ლარი) ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ფესტივალის დაარსების დღიდან, თიბისი Tbilisi Open Air-ის მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად აქტიურად უწყობს ხელს ქართული მუსიკალური სცენის განვითარებას, მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერას.

„ქიმიის წიგნს ყდაზე დავახატავთ ღვინის დაწურვის პროცესს“ – მიქანაძე სკოლის სახელმძღვანელოებზე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე „ეროვნული სიმბოლოები“ იქნება გამოსახული.

„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.

ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.

სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს“, – ამბობს მიქანაძე.

მისი თქმით, „პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე -10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.

მიქანაძის თქმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე „ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები იქნება“.

___________________

ამ თემაზე:

„კანონსაც არღვევენ და პრინციპსაც“ – მასწავლებელი სახელმძღვანელოების შექმნის დახურულ პროცესზე

ტურისტული კომპანიის დირექტორს 8 წელი მიუსაჯეს 1 მლნ ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

ტურისტული კომპანიის დირექტორი და კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება.

კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზება დაუკვეთეს, რაც ორმხრივი ავიაბილეთების, ტრანსფერის, სასტუმროში განთავსების, სამოგზაურო დაზღვევის, ბარგის და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების უზრუნველყოფას მოიცავდა.

ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს მითითებული მომსახურების განხორციელება და მოტყუებით დაეუფლნენ 200-მდე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით, ჯამში – 1 008 013 ლარს“ – წერს პროკურატურა.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) ჰქონდათ წარდგენილი.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და კომპანიის დირექტორს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა.

მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი ამჟამად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ვარჯიშობს.

2 ივლისს მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონზე ამერიკელ ეშლინ კრიუგერს შეხვდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 404 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 069 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 856 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 45 111 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 903 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 459 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 383 067 ერთეული [+1 891]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 782 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 114 499 ერთეული [+395]
  • სპეცტექნიკა – 4 369 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 797 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ქოცები ვნახე გადაშენებული ყველა ერთად“ – გამოკითხვა ბათუმში წყევლის გამო დაჯარიმებაზე

„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.

„ქოცები ვნახე გადაშენებული ყველა ერთად“ - გამოკითხვა ბათუმში წყევლის გამო დაჯარიმებაზე

 

ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“

ბათუმის ღამის კლუბებიდან ხშირად ისმის რუსული ხმები. tkt.ge-სა და biletebi.ge-ს თუ გადახედავთ, ნათლად დაინახავთ, რომ მთელი ტურისტული სეზონი გასართობ ცენტრებს, ფაქტობრივად, რუს მომღერლებზე აქვთ აგებული.

მათ შორის არიან პუტინის მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მაგალითად, ანი ლორაკი, რომლის კონცერტიც ბათუმის კორტებზე 14 აგვისტოს არის დაგეგმილი. რუსი მომღერლების კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს.

კონცერტების დიდი ნაწილი იმართება TEATRO NIGHT CLUB-ში და ბათუმის კორტებზე, რომლის მფლობელიც საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეცაა.

კორტების მფლობელის წარმომადგენელს, დიმიტრი ბლიაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ვინ არის რუსი მომღერლების ბათუმში ჩამოყვანის ორგანიზატორი.

მისი თქმით, კორტებს ამ ეტაპზე ორი მოიჯარე ჰყავს.

„ერთი ჯაზ-ფესტივალი იმართება და მათთან გვაქვს ხელშეკრულება და მეორე მოიჯარე „რითმი 2018“-ია. თბილისური კომპანიაა“, – გვეუბნება დიმიტრი ბლიაძე.

რეესტრში ორი ეს კომპანია იძებნება. ერთ-ერთს წარმოადგენს მარი ბუბაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, არიან თუ არა რუსული კონცერტების ორგანიზატორები და რატომ ჩამოჰყავთ მომღერლები ოკუპანტი ქვეყნიდან.

მარი ბუბაშვილი ამბობს, რომ რუსულ კონცერტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. „არ ვარ ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – გვითხრა მან, თუმცა მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ არ იცის, ზუსტად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან შემსრულებლები.

„ზოგი საიდან ჩამოდის და ზოგი საიდან, მაგრამ ძირითადად არიან DJ-ები. ვერ მივხვდი, რატომ მკითხეთ რუსებზე. ეს რა შუაშია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, 3 DJ-ი ეწვევა ბათუმს აგვისტოს თვეში და აქედან რუსი არცერთი არ არის.

biletebi.ge-ზე, კორტებზე დაგეგმილი კონცერტების ერთ-ერთ ორგანიზატორად, Batumi Live-ი მითითებულია. სწორედ მათ ჩამოჰყავთ რუსი შემსრულებელი ანი ლორაკი და კიდევ ერთი რუსული ჯგუფი – t.A.t.u. ივენთის ორგანიზატორად მითითებულია Batumi Live-ი, რომლის მფლობელიც რეესტრის თანახმად მამუკა მამულაძეა. მასთან არაერთხელ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მითითებულ ნომერზე არავინ გვიპასუხა. ამ ნომერზე არც ჩვენს ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხეს.

„ბათუმელების“ ზარებს არც TEATRO-ში პასუხობენ, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაშია კონცერტებია ჩანიშნული. მათ ივნისის თვეშიც გამართეს არაერთი რუსი შემსრულებლის კონცერტი. მაგალითად, პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის Воровайки-ს კონცერტი, რომელიც მოქალაქეების პროტესტის ფონზე წარიმართა. ეს ჯგუფი პირველად წელს ჩამოიყვანეს ბათუმში.

ასევე დაგეგმილია ძარაკოვის, „განვესტის“ და UncleFlexxx-ის კონცერტები ივლისსა და აგვისტოში. დაანონსებულია სხვა მომღერლების ჩამოყვანაც.

თაკო სურმანიძე საქართველოს იმ მოქალაქეებს შორისაა, რომლებმაც ბათუმში, პუტინის მხარდამჭერი მომღერლების კონცერტი გააპროტესტეს.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, რადგან ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზეც კი, ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც აქვთ რუსული კულტურის მიმღებლობა.

„დოზებსაც გააჩნია, ხომ? მინიმალურად რომ იყვნენ წარმოდგენილი კიდევ მესმის, მაგრამ იმდენად დიდია უკვე რუსული ბიზნესის წილი ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩემი აზრით, საგანგაშოა. აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ მოსახლეობა.

წინა ხელისუფლების დროს მეტ-ნაკლებად შემუშავებული ჰქონდა სახელმწიფოს პოლიტიკა – ოკუპანტს ერქვა თავისი სახელი და მეგობარს – მეგობარი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა: მოგვიწოდებენ კიდეც, რომ ოკუპანტი არ ჩავთვალოთ მტრად და რუსეთი მეგობარ ქვეყნად შემოგვაპარონ.

წლების წინ ასეთი განგაშის მომენტი არ მქონდა, მაგრამ ახლა ვცდილობ, რუსებს არ დაველაპარაკო მათ ენაზე საქართველოში. თუ ასე გაგრძელდება, ეს მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. გარუსდება ქვეყანა“, – ამბობს თაკო სურმანიძე.

ასე გააპროტესტეს მოქალაქეებმა ბათუმში რუსი მომღერლების კონცერტი 27 ივნისს.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ღვინის გასაყიდად ან რომელიმე სხვა ბიზნესისთვის მტერს მისსავე ენაზე ელაპარაკო.

„გამოსავალი არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა რამ. დასაწყისშივე უნდა განსაზღვროს მთავრობამ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსების შემოსვლას ქვეყანაში, თუნდაც სამომხმარებლო სექტორში რუსული ენის ამ დოზით გამოყენებას.

მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეს საკითხი არ აქვს დღის წესრიგში დაყენებული.

როცა ჩვენ ვიდექით კლუბის წინ და რუსების კონცერტს ვაპროტესტებდით, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ირონიული ღიმილი ჰქონდათ ამ ყველაფერზე. ამის უკან იკითხება ის პროპაგანდისტული მესიჯები, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება ავრცელებს.

ზუსტად იგივე ფრაზები გვესმოდა: „დაფინანსებულები“, „ვინ დაგავალათ“, „ვისგან ხართ გამოგზავნილები“. იმის გააზრება, რომ მტერს არ უნდა უმღერო და უცეკვო, ნაკლებად ხდება.

ზოგიერთის პოზიციაა: „კონცერტი და პოლიტიკა რა შუაშია“, „სად არის პუტინი, ხედავთ აქ სადმე“ და ა.შ., მაგრამ პირდაპირ კავშირშია კონცერტი და პოლიტიკა ხშირად.

ისედაც დიდი რაოდენობით არიან შემოსული და ცდილობენ აქ დამკვიდრებას.

მე, ერთ რიგით მოქალაქეს შემტკივა ამ ქვეყნის მომავალზე გული, ამიტომ მიმაჩნია, რომ სპორტიც, ხელოვნებაც და კონცერტიც, ყველაფერი პოლიტიკაა და ერთმანეთთან კავშირშია.

ნებისმიერ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სწორედ გართობის ნაწილს იყენებენ პროპაგანდისთვის და ეს არ არის პოლიტიკისგან განყენებული თემა“, – ამბობს თაკო სურმანიძე.

„4 წლის სანდრო ექიმთან ისევ მისაყვანია“ – მარტოხელა დედას ამისთვის 5000 ლარი სჭირდება

„მათ გადამირჩინეს შვილი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კიდევ სჭირდება სანდროს მკურნალობა. რამდენიმე თვის წინ ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე. საჭიროა ანალიზები, გადაღება და კვლევები, რაც არ გვიფინანსდება“, –  გვიყვება 4 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია.

როცა ამბობს „სანდრო მათ გადამირჩინესო“ – გულისხმობს მოქალაქეების დახმარებას, მაკა ორ შვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვების მამა პატიმარია.

სანდროს შეიძლება „ბათუმელების“ მკითხველის ბენეფიციარიც ვუწოდოთ. სხვადასხვა დროს, როცა სანდროსთვის სამედიცინო დახმარების საჭიროება დღის წესრიგში მწვავედ დადგა, სანდროს დედა გვწერდა, რომ რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და ისევ ხალხისთვის უნდა ეთხოვა დახმარება.

სანდროს საჭიროებებზე პირველად 2022 წელს, შემდეგ 2024 წელს გამოვაქვეყნეთ, მის ამბავს ყოველ ჯერზე გულისხმიერად ეკიდებოდა „ბათუმელების“ მკითხველი.

„ახლა ისევ ვწვალობთ. რამდენიმე თვის უკან ვიყავით კონსულტაციებზე. ანალიზები, გადაღება, ბევრი რამე გავაკეთეთ. ახლა კიდევ გვიწევს ნეიროქირურგთან, ნევროლოგთან, ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია, პედიატრი გვჭირდება – ეს ყველაფერი ფასიანია. სანდრო შშმ პირია, მაგრამ ამერიკულ ჰოსპიტალში სჭირდება თავზე გადაღება. აქვს ეპილეფსია, წამლებზე არ ვართ, ჯერ კონტროლირებადია და პერიოდულად უღებენ ელექტროენცეფალოგრამას“, – გვიყვება მაკა.

დედის ნაამბობით, სანდრო უკვე დადის და ლაპარაკსაც ცდილობს: „მართალია გამართულად ვერა, მაგრამ გვახვედრებს“.

მაკა გვიყვება, რომ ამ წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ფასები გაიზარდა:

„რაც წინა წელს 90 ლარი ღირდა, ახლა 100 ლარია, პედიატრის კონსულტაცია 130 ლარი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი – 150, უროლოგიც დაგვჭირდა ოპერაცია გავუკეთეთ შარდის ბუშტზე, ყოველ მეხუთე თვეს ამოწმებს, როგორ მიდის პროცესი. 570 ლარი გვიჯდება ელექტროენცეფალოგრამა დაძინებით.

მაკას უფროსი შვილიც ჰყავს, გოგონა 11 წლის არის, ჯანმრთელია, თუმცა მოსწავლეა და მასაც აქვს მთელი რიგი საჭიროებები.

სანდროს სახელმწიფოსგან დახმარების სახით, თვეში, მხოლოდ 470 ლარი აქვს, სხვა დახმარებას ოჯახი ვერ იღებს.

მაკას მშობლები ეხმარებოდნენ, როცა ბავშვი კარგად იყო მშობლებს უტოვებდა და მუშაობდა. ის სტილისტია და როგორც თავად გვიყვება, სამსახურის ძებნა არ სჭირდება, როგორც კი შეძლებს ნებისმიერ დროს ელოდებიან მეგობრები სამსახურში.

მაკა ვერ მუშაობს, რადგან სანდროს ვერ ტოვებს, გასულ წელს მამა გარდაეცვალა, დედა ავადმყოფობს, ბავშვის მოვლა არ შეუძლია.

მაკას კიდევ რამდენიმე გამოწვევა აქვს, რომლებიც უნდა დაძლიოს, რომ სანდრო კარგად იყოს. ის თბილისში ქირით ცხოვრობს, მისი სახლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია, სადაც ვერ იცხოვრებს, რადგან სანდროსთვის აუცილებელია ამერიკულ კლინიკასთან ახლოს იყოს: „მისი მდგომარეობის გამო, ეს აუცილებელია.“

გარდა ამისა, სანდროს სპეციფიკური კვება სჭირდება, ბავშვს ყველაფერს ვერ აჭმევენ, რადგან საავადმყოფოში ყოფნის დროს მას ზონდით აწვდიან საკვებს, რაც დღეში 30 ლარი ღირს. გარდა ამისა, სანდროს ექიმმა ვიტამინები გამოუწერა დანამატის სახით, ესეც აუცილებლად სჭირდება.

თუ მაკას და სანდროს დახმარებას გადაწყვეტთ:

საქართველოს ბანკი #GE44BG0000000365994986

ლიბერთი #GE29LB0711154613074000

მიმღები დედა, მაკა ზარანდია.

თიბისი ბანკი GE66TB7249745064300044 მიმღები,  სალომე შენგელია – სანდროს დეიდა.

როგორ აფინანსებს ხალხი ოპოზიციონერს – პოლიტიკოსი ქალი ოფისისა და პარტიის გარეშე

„ყველა ხელფასზე დაგერიცხება. მცირედია, მაგრამ გულით მოძღვნილი შეიწირების“, –  ეს მესიჯი დამოუკიდებელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალს, თეონა ჭალიძეს მოქალაქემ მისწერა.

„მცირედი“, რომელიც მოქალაქემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გაიღო, 5 ლარია.

პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე 6 თვეა, რაც საკუთარი საქმიანობის დაფინანსებას ხალხს სთხოვს. ამ დროის განმავლობაში მან 50-55 სტაბილური მხარდამჭერის გაჩენა შეძლო.

ყველაზე მცირე შენატანი, რაც მოქალაქეებმა მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაიღეს, 2 ლარია, ყველაზე დიდი თანხა კი – 250 ლარი.

ჯამურად თვეში 1500 ლარი უგროვდება – ეს საკმარისი არ არის, ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც თვის მანძილზე სწევს, მაგრამ ამბობს, რომ ცდილობს, „ბიუჯეტს ეყოს“.

ის ყოველი თვის ბოლოს, საკუთარ აუდიტორიას, მხარდამჭერებს და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს დეტალურ ანგარიშს წარუდგენს ხოლმე, სადაც აღწერს რა გააკეთა თვის განმავლობაში და რაში დახარჯა თანხა, რომელიც მას მოქალაქეებმა შესწირეს.

38 წლის თეონა ჭალიძეს ორი შვილი ჰყავს, ბაღის და სკოლის მოსწავლეები. ორივე საჯარო ბაღსა და სკოლაში დაჰყავს.

17 წლიდან აქტივიზმშია. თითქმის 10 წელი ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში. იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.

ყველა საფეხური მაქვს გავლილი პარტიულ პოლიტიკაშიო – ამბობს თეონა ჭალიძე.

„ვიყავი რიგითი კოორდინატორი, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელიც ვყოფილვარ. 2021 წელს ისანში ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი. 2 778 ადამიანმა, რომელიც არჩევნებზე მივიდა იმ წელს, თავის მაჟორიტარად თეონა ჭელიძე შემოხაზა.

ჩემი საქმიანობის განმავლობაში არასოდეს პოლიტიკური ნიშნით არ გამირჩევია რიგითი მოქალაქეები – ვისაც აქვს ამბიცია, რომ ქვეყანაში რაიმე საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავოს, ან რომელიმე უწყებას ხელმძღვანელობდეს, უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ამიტომ ხელისუფალი უნდა იყოს ყველას ხელისუფალი,“ – ასეთია ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალის ხედვა.

თეონა ჭალიძე პარტიულ პოლიტიკას წელიწად-ნახევრის წინ ჩამოშორდა და დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო.  ბევრი იფიქრა, როგორ დაეფინანსებინა საკუთარი საქმიანობა, რადგან არც იძულებით ემიგრაციაში უნდოდა წასვლა და არც პოლიტიკისგან სრულიად განსხვავებული საქმის კეთება თავის სარჩენად.

თვლის, რომ პოლიტიკის კეთების პარალელურად სხვა საქმის კეთება არ გამოდის, რადგან რომელიმე ერთს აკლდება.

„თუკი პოლიტიკოსი დილიდან საღამომდე სხვა საქმეზეა ორიენტირებული, სხვა საქმეს აკეთებს, მას ფიზიკურად დრო აღარ რჩება, რომ პოლიტიკა აკეთოს, ადამიანების გვერდში იდგეს, რეგიონებში წავიდეს, ციხესთან აქცია მოაწყოს, პატიმრების მშობლებთან ერთად იაროს აქეთ-იქით და ამგვარი აქტივიზმითაც იყოს დაკავებული.

ამიტომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ 24/7-ზე მთელი ჩემი დრო, ენერგია, რესურსი, გამოცდილება მომეხმარებინა იმ საქმისთვის, რომელიც ჩემთვის ორგანულია, რომელიც მიყვარს და სადაც მგონია, რომ ძალიან ღირებულ საქმეს ვაკეთებ. ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რამ – საქართველოში ნაკლებ პოპულარული, სხვათა შორის, ევროპაში ბევრად აპრობირებული და დავიწყე შემოწირულებების შეგროვება, ეგრეთ წოდებული ფანდრაიზინგი,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძე პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ პრობლემებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე.

„ჩემი მხარდამჭერები, ძირითადად, არიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეები, პენსიონერები, საშუალო და უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები. ვმუშაობ მათთან, ვისი ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის.

ყველაზე მეტად ვინც იჩაგრება ამ ქვეყანაში, მათ პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობ. ვცდილობ, ჩემი რესურსი სწორედ ამ ადამიანების პრობლემების გაჟღერებას მოვახმარო,“ – ამბობს თეონა.

დამოუკიდებელ პოლიტიკოსს არ აქვს ოფისი. მუშაობს იქ, სადაც სამუშაო სივრცეს იპოვის. არ უყვარს მეტროთი მგზავრობა, რადგან ამ დროს ტელეფონი არ იჭერს.

„მირჩევნია სულ ავტობუსით ვიმგზავრო, რადგან ავტობუსიდანაც ვმუშაობ ხოლმე. ლეპტოპი სულ მაქვს, გზაში ვმუშაობ, ვპასუხობ შეტყობინებებს, ვწერ სხვადასხვა ტექსტს, ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობას და ამ აქტივობებისთვის საჭირო ბროშურებსაც თავად ვამზადებ,“ – ამბობს თეონა.

თეონა ჭალიძემ პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად ბოლო ერთ წელში 40-მდე ქალაქი მოიარა: იყვნენ ამ ქალაქების ბაზრებში, ავტოსადგურებში, ქუჩებში – არიგებდნენ სპეციალურ გაზეთებს, სადაც პოლიტპატიმრების ისტორიები იყო მოთხრობილი და ამ გზით მოქალაქეებს აგებინებდნენ იმ უსამართლობის შესახებ, რაც ამ პოლიტპატიმართა თავს დატრიალდა.

„ჩვენი ამ სიარულით სულ მცირე 100 000-მდე ადამიანს მისწვდა პოლიტპატიმრების ხმა. ვარიგებდით გაზეთს „თავისუფლების ხმა ციხიდან“, რომელიც ოთხმა ქალმა პოლიტიკოსმა ერთად გავაკეთეთ: მე, თეა მეტრეველმა, ბარბარე ჯიმელი-სულაშვილმა და ანა გოგოლაძემ.

რეგიონებში გასვლების ორგანიზება ჩემზე იყო. მასშტაბური კამპანია გამოვიდა. ისევ ვაპირებთ გავაგრძელოთ“, – ამბობთ თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძის თქმით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს 40 ქალაქი მოიარა

თეონა ჭალიძე თავის საქმიანობაში ძირითად აქცენტს სოციალურ თემებსა და სოციალურ პოლიტიკაზე აკეთებს.

მისი თქმით, ახლა არანაირი სივრცე აღარ არის დარჩენილი ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის.

„სიღარიბეს იყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს მოქალაქეები ან ვისაც წასასვლელი აქვს, გააქციოს ამ ქვეყნიდან. ვინც დარჩება იმდენად მოწყვლადი, იმდენად დამოკიდებული უნდა იყოს სოციალურ გასაცემელზე, რომ მათზე ზეგავლენა მარტივად მოახდინოს.

ერთადერთ გამოსავლია, რაც შეიძლება მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულ ადამიანთან. ამ ნიჰილიზმის და უიმედობის მიუხედავად, უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ სწორედ მათი ერთი ხმა არის გადამწყვეტი.

მათ ჰგონიათ, რომ მაინც ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ვიღაცას უნდა, რომ მათ ერთ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მათთვის მაინც არავინ არ არის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში… აი, ეს განწყობები თუ შევცვალეთ, მომდევნო არჩევნებზე სწორედ ამ ადამიანების ხმა იქნება გადამწყვეტი.

დაკარგული ნდობა, რომელიც არის პოლიტიკოსებს, პოლიტიკასა და უბრალო ადამიანებს შორის, ხელახლა არის ასაშენებელი. ამ პროცესში ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი. ამ ცვლილებებს ვუყურებ, როგორც ერთ დიდ ფაზლს და ამ ფაზლის ერთი ნაწილი შეიძლება ვიყოთ ყველა ჩვენგანი,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას და სოციალური საკითხების მოგვარებას აყენებს.

ის თვლის სამ საკითხს, რომელსაც დაუყოვნებლივ მოაგვარებდა, მანდატი და შესაბამისი ძალაუფლება რომ ჰქონდეს:

„ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა იმ დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, ვინც წლებია რიგში დგას. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს სირცხვილია, როცა ამდენი წლის მერეც დევნილები სახლებს ელოდებიან.

მეორე ეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებს. ხარვეზები, რომელიც ამ პროგრამაშია, უნდა აღმოიფხვრას – სანამ მოქალაქეებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა უნდა მიიღონ.

რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეკონომიკური ზრდა იყოს, ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ სანამ მოქალაქეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მყისიერი საჭიროება აქვს, მას უნდა ეგულებოდეს ზურგად სწორედ სახელმწიფო.

მესამე საკითხი, რასაც სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დავნერგავდი, არის უფასო კვება სკოლაში,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

მაშინ, როცა ქართველ ამომრჩეველს ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი, როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, როგორ უნდა დაიბრუნონ პოლიტიკოსებმა ხალხის ნდობა? – ვკითხეთ მას.

„მოქალაქეებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუ ამომრჩეველი, მოქალაქე იქნება უფრო მომთხოვნი, უფრო მეტი პრეტენზია ექნება პოლიტიკოსის მიმართ, მეტად მოითხოვს მისგან ანგარიშს – რას აკეთებს, როგორ აკეთებს, მერე იმის კულტურაც ჩამოყალიბდება, რომ მხარში დაუდგეს იმ პოლიტიკოსს, რომლის საქმიანობაც უფრო მეტად მოსწონს.

ეს გაზრდის ჯანსაღ კონკურენციას და ის პოლიტიკოსები უფრო მეტად წარმოჩინდებიან, ვინც მეტად არის საქმეზე ორიენტირებული და არა მხოლოდ სკანდალურ განცხადებებზე. აი, ასე ვხედავ მე ორმაგ როლს მოქალაქისას,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძის აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან ანგარიშვალდებული ხალხთა და ამასთან, უნდა შეეძლოთ დაშვებული შეცდომის აღიარება.

„ვფიქრობ, ძალიან ღირებულია, როდესაც პოლიტიკოსს შეუძლია თავისი შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა საჯაროდ, მყისიერად და ამისთვის არ სჭირდება დღეები და თვეები ფიქრი.

პოლიტიკოსმა შეიძლება შეცდომებიც დაუშვას. სასურველია, რომ არ დაუშვას, მაგრამ უშეცდომო რადგან არავინ არ არის, შეიძლება რაღაც კარგის თქმა გინდოდეს, მაგრამ ისეთი რაღაც გამოვიდეს, ან ვინმემ ისე აღიქვას შენი ნათქვამი, სიტყვა ან ტერმინი, რაიმე ჟესტი, რომ ვიღაცას ტკივილი მიაყენო. თუ ესე მოხდება, დაინახავ, რომ შენი ერთი სიტყვით ვიღაცას გული ატკინე, ან აწყენინე, უნდა მოიხადო ბოდიში.

ბოდიშის მოხდის უნარი – ჩემთვის იმის ნიშანია, ამა თუ იმ პოლიტიკოსისგან გამოვა თუ არა სახალხო პოლიტიკოსი.

საბედნიეროდ, ჩემი საჯარო განცხადებებიდან, აქამდე რაც გამიკეთებია, არასოდეს მქონია მსგავსი პრეცედენტი, რომ დამჭირვებოდა ბოდიშის მოხდა. მომავალში თუ დავუშვებ ასეთ შეცდომას, აუცილებლად მყისიერად ვაღიარებ და მოვიხდი ბოდიშს,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

საწვავის დეფიციტი რუსეთში – მესამე რეგიონში გამოაცხადეს საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი

პენზის ოლქი რუსეთის მესამე რეგიონია, სადაც საწვავის დეფიციტის გამო საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადეს.

პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ სამშაბათს, 30 ივნისს, გადაწყვეტილება აუცილებლობად ახსნა „საწვავისა და ენერგეტიკის შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის“.

23 ივნისიდან პენზაში უკვე მოქმედებს საწვავის გაყიდვის შეზღუდვები – ერთ ავტომობილზე 30 ლიტრამდე ბენზინი, ფიზიკურ პირებზე.

რუსული გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ყველაზე მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს ზაბაიკალკის მხარეში, სადაც, 25 ივლისიდან ერთ ავტომობილზე 15 ლიტრი ბენზინის ლიმიტია დაწესებული.

„მედუზა“ ასევე წერს, რომ საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, ხმის მიცემის გადადების საშუალებას იძლევა და გამოცემის წყაროების თანახმად, უსაფრთხოების ძალები ცდილობენ პუტინი დაარწმუნონ, გადადოს სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნები რუსეთში.

რუსეთში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში, საწვავის კრიზისი გამოიწვია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე სისტემატურმა დარტყმებმა. კრიზისი მკვეთრად გამწვავდა მაისის ბოლოს, როცა მოსკოვის კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დედაქალაქის საწვავის დაახლოებით 40%-ს ამარაგებს, ერთ კვირაში ორი დარტყმის შედეგად დაზიანდა და 2026 წლის ბოლომდე ან 2027 წლის დასაწყისამდე არ იმუშავებს.

ბენზინის დეფიციტის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ევრო-2, ევრო-3 და ევრო-4 ბენზინისა და დიზელის საწვავის შიდა ბაზარზე წარმოებისა და გაყიდვის დაშვების შესაძლებლობას 2027 წლის ივლისამდე.

“ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს

„ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არის ოცდათვრამეტი ბაღი. 2025 წელს სწავლა არ მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს ოცდათვრამეტიდან თორმეტი ბაღი. ფაქტობრივად, ბაღების მესამედი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი.

როცა ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

დღეს, 30 ივნისს გამართული ბათუმის საკრებულოს სხდომის არცერთი საკითხი არ ეხებოდა ბაღების მშენებლობას.

დეპუტატმა საკითხის წამოსაჭრელად კომენტარისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენა.

ვაჟა დარჩიამ საკუთარ სიტყვაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქალაქში 38-ვე ბაღი მუშაობდა, თუმცა ადგილი მაინც არ იყო საკმარისი ბავშვებისთვის.

„როცა ოცდათვრამეტივე მუშაობდა, ასობით ბავშვი ისე ხდებოდა 6 წლის, რომ ბაღში მისვლას ვერ ახერხებდა, სკოლის ასაკი უწევდა.

ასობით ბავშვია ახლა რიგში და თორმეტი ბაღი ვერ გავხსენით ორი წლის განმავლობაში.

კორუფცია აღმოვფხვერითო, რომ ამბობთ, კორუფციაა ამ ბაღების ვერ გარემონტების და ვერ გაკეთების მთავარი სიმბოლო.

იმიტომ რომ, მაგალითად 24-ე ბაღი ბენზეში, რომელიც 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით ჩვენმა თავმჯდომარემ და ყოფილმა მერმა გახსნეს, დღეს არის ავარიულ მდგომარეობაში. მაშინ როცა ნახევარი ბათუმი მართლა ხრუშჩოვკებში, საბჭოთა დროინდელ სახლებში ცხოვრობს.

ბავშვებისთვის აშენებული უახლესი ბაღი ხუთ წელში რანაირად უნდა დანგრეულიყო?

მეორე, მესამე, მეექვსე, მეცხრე, მეათე, მეთორმეტე, მეთექვსმეტე, მეთვრამეტე, მეოცე, ოცდამეექვსე ბაღები… ოცდამეცხრე ბაღი გონიოში…

სამი წელია გონიოში 29-ე ბაღთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ მოახერხეთ. მოსახლეობამ ამასწინათ დამიძახა და მითხრა – რა ხდება ამ ბაღთან ერთი გაგვირკვიეო,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

მანვე იკითხა, სად იყვნენ ის კომპანიები, ან მათი წარმომადგენლები, ვინც ის ახალი ბაღები ააშენა, რომელიც ახლა ავარიულია.

დადგა თუ არა ამ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი და რა რეაგირება აქვს ამაზე ქალაქის ხელისუფლებას.

„ეს კომპანიები სად არიან? პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ვინმე დავიჭირეთ?

ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, იმაზე რომ ქალაქში ბაგა-ბაღები არ არის და რა ბაღებიც არის იქიდან თორმეტი მიუწვდომელია ბავშვებისთვის,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ.

"38 ბაღიდან გასულ წელს 12 ბაღი არ ფუნქციონირებდა ბათუმში"

ვაჟა დარჩიას მიერ წამოჭრილ საკითხს გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.

„ჩვენს წევრთან ერთად დავდივართ, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების მოსანახულებლად.  ერთ-ერთი [გასვლის დროს] ასეთი ბაღები მოვინახულეთ.

მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მუსხელიშვილის, მესხის და ხალვაშის ქუჩაზეა ახალი [ბაღი]. ბევრი [ბაღი] რეაბილიტაციის პროცესშია. ძალიან მალე გვექნება თანამედროვე სტანდარტების ბაღები.

გეთანხმებით, აუცილებელია და მუშაობს მერიის  შესაბამისი სამსახურები. ძალიან მალე   გვექნება კარგი, მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების ბაღები და ჩვენი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვები მიიღებენ ამ სერვისს აუცილებლად მაღალი დონით,“ – დადო პირობა საკრებულოს სხდომაზე ივანე მაისურაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გონიოში მშენებარე ბაღთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მამუკა კაკაბაძემ.

მისი თქმით, გონიოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია როცა დაიწყო, შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ბაღი რემონტს აღარ ექვემდებარებოდა.

„გონიოს ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ მიმდინარეობს, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

რეაბილიტაციის პროცესში სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შენობას ძალიან დაძველებული კედლები ჰქონდა და შესაბამისად, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა. სასურველია არსებულის დემონტაჟი და ახალი ბაღის მშენებლობა.

ამჟამად მუნიციპალიტეტი ეძებს ახალ ლოკაციას, რადგან აღნიშნულ ადგილზე ფართომასშტაბიანი ბაღი ვერ აშენდება. ახალ ლოკაციასთან დაკავშირებით გაგზავნილია წერილები აჭარის მთავრობასთან, ელოდება მუნიციპალიტეტი პასუხს. შესაბამისად, ძალიან მალე ამ საკითხს ჩვენ უკვე ქალაქის ბიუჯეტში ვიხილავთ.

რაც შეეხება ზოგადად ბაღების თემას, ახალი 9 ბაღი აშენდა. ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება 11 საბავშვო ბაღს,“ – თქვა მამუკა კაკაბაძემ.

კონკრეტულად რა მისამართზე შენდება ახალი 9 ბაღი, მამუკა კაკაბაძეს არ დაუსახელებია.

ფოტოზე: ივანე მაისურაძე და ვაჟა დარჩია. 

ამავე თემაზე:

440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა

კორუფციულ ფაქტებზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს – საგამოძიებო

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.

„ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეორე შემთხვევაში კი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა ქრთამის სახით აიღო 600 ლარი:

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 403 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 067 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 851 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 45 040 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 901 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 455 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 381 176 ერთეული [+1 952]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 777 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 114 104 ერთეული [+492]
  • სპეცტექნიკა – 4 368 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 797 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით

გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს.

მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ.

სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები, „ოცნების“ მხარდამჭერები ან დეპუტატები, მათ შორის არის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიაც.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის შვილების კომპანია გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობს – ამ კომპანიას ეკუთვნის ე.წ. გონიოს წვერი – „დაკვირვების წერტილი“, ბათუმისა და მისი შემოგარენის ხედით, როგორც მას ახასიათებენ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი საქართველოში. 

 

ეს ადგილი ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის საკუთრებაშია

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის შვილების – მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების კომპანია, შპს „სმარტ კაპიტალ გრუპი“ გონიოს მთაზე 24,4 ჰექტრამდე ფართობს ფლობს. სამივე ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი აქვს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

სამი საკადასტრო ერთეული – ჯამში 244 991 კვადრატული მეტრი კომპანიას 2022 წელს დაურეგისტრირებია, ერთი ნაკვეთი გონიოშია დარეგისტრირებული, ორი კი ამ ნაკვეთის გაგრძელებაზეა, თუმცა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ჭარნალის მთაზე გადადის. ამ მიწის ნაკვეთებს სამანქანე გზა ყოფს.

წითელი ფერით მონიშნულია ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის მიწის ნაკვეთები, ხოლო მწვანე ფერით მონიშნული 8 ჰექტარი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოში დარეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის. მფლობელის გარკვევა რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვანო ჩხარტიშვილთან იყოს დაკავშირებული ეს კომპანიაც. 

ადგილი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიას ეკუთვნის, გონიოს მთიდან იწყება და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გადადის. ამ ადგილიდან ერთ მხარეს მთისა და ზღვის პანორამული ხედები იშლება, მეორე მხარეს კი მთისა და მწვანეში ჩაფლული ხეობის ხედები. აქედან კარგად ჩანს ქალაქი ბათუმი, სარფის მთა, გონიოს სანაპირო და ჭოროხის დელტა.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის შვილების კომპანია გონიოს მთაზე 24,4 ჰექტარს ფლობს.

 

ჭოროხის დელტისა და ქალაქის ხედი

მათი დახასიათებით, ვინც ამ ადგილს ხშირად სტუმრობს, გამწვანებული მთებით გარშემორტყმულ სივრცეს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ზაფხულში გრილი ჰაერი და ირგვლივ გაშენებული ციტრუსის სურნელი. აქ არ აღწევს ქალაქის ხმაური. შეიძლება ითქვას, რომ ვანო ჩხარტიშვილის შვილების საკუთრებაშია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი გონიოს მთაზე.

ორივე მიწის ნაკვეთი 2022 წელს შპს „აჭარა რეალ ისთეითმა“ იყიდა, ამ კომპანიის ასივე პროცენტი ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიას „სმარტ კაპიტალ გრუპს“ ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ დირექტორია თინათინ ზოიძე, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მთავრობაში ადმინისტრაციის უფროსი იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერიაში კონკრეტული პროექტი შესული არ არის. თუმცა შესულია განაცხადი, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანაზე შეთანხმებას ცდილობენ, კონკრეტული პროექტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ჯერ სამშენებლო ღობეც კი არ არის, თუმცა ერთ-ერთ მისადგომთან რკინის ჭიშკარია მინიშნებით, რომ ტერიტორია ვიდეოთვალით კონტროლდება.

„აჭარა რეალ ისთეითის“ საკუთრება

ამ ორი ნაკვეთის მომიჯნავედ, ძალიან ახლოს 8 ჰექტარს [81 722 კვ.მეტრი] ფლობს შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“ – ეს კომპანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოშია დარეგისტრირებულ. მისი მფლობელის დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს კომპანიაც ვანო ჩხარტიშვილთან იყოს კავშირში. ყველასთვის ცნობილია, რომ ვანო ჩხარტიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გამჭვირვალე არ არის და ობშორებშია დამალული.

ამ შემთხვევაში, მისი შვილების კომპანიას ექნება არა 24, არამედ 32 ჰექტრის განკარგვის შესაძლებლობა.

შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში ინფორმაცია 2008 წლიდან იძებნება. ამ წელს იგივე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა კომპანიამ, რომელიც არაბთა საამიროებშია დაფუძნებული – შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“. – ამ კომპანიის მფლობელები აფრიკის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

მიწის ნაკვეთის ამ კომპანიაზე დარეგისტრირების მოთხოვნით რეესტრს მიმართა შალვა ელიზბაღაშვილმა.

რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, მოთხოვნილი იყო „საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ განკარგულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე. დოკუმენტებში არ ჩანს, ეყრდნობოდა თუ არა გადაწყვეტილება მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2017 წელს, იგივე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა შპს „პრომეტკო ჯორჯიამ“, ამჯერად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ეს კომპანია ეკუთვნის შპს „სონატა ალიანს ჯორჯიას“, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

შპს „აჭარა რეალ ისთეითი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მის ასივე პროცენტს შპს „სმარტ კაპიტალ გრუპი“ ფლობს. შპს „სმარტ კაპირალ გრუპი“ 2013 წელს ვანო ჩხარტიშვილის შვილმა, მიხეილ ჩხარტიშვილმა დააფუძნა და ერთპიროვნულად ფლობდა, კომპანიას მაშინ შპს „სმარტ კაპიტალ ჯორჯია“ ერქვა.

2020 წელს კომპანიის მეწილეები გახდნენ ივანე ჩხარტიშვილი – 51%, ნათია ჩხარტიშვილი 24.5%, მიხეილ ჩხარტიშვილს დარჩა 24.5%, 2022 წლიდან კი კომპანიის წილებს მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები თანაბრად ინაწილებენ.

ვანო ჩხარტიშვილის შვილების მიწის ნაკვეთზე ამ დროსთვის რაიმე სამშენებლო პროექტი შეთანხმებული არ არის. 2021 წელს ამ ადგილზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხის მშენებლობის ნებართვა მოუთხოვიათ, თუმცა დაიწყეს თუ არა სამუშაოები ადგილზე ვერ გავარკვიეთ.

შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ მიწის ნაკვეთი გონიოს მთაზე ბათუმიდან 9 კილომეტრშია – ამ ნაკვეთთან მისვლამდე გაივლით სოფელ ავგიას, გზა სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის.

გონიოს სანაპიროს ხედი ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის მიწის ნაკვეთიდან
  • „ოცნების“ დეპუტატმა მშენებელი კომპანია გონიოს მთაზე, 2 ჰექტარზე მშენებარე პროექტით, 100 000 ლარად გაყიდა 

„ოცნების“ დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ გონიოს მთაზე, სოფელ ავგიას ტერიტორიაზე, 2 ჰექტარზე მეტ [25 773 კვ.მეტრი] ტერიტორიას ფლობს. აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასაწყებად ტერიტორია უკვე მომზადებული აქვს.

შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსის“ საპროექტო ტერიტორია ახალსოფლის დასახლებაში, შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება

პირველი პროექტის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას შეათანხმა, კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებდა. ის ამ ფართობზე ტერასულად უნდა განლაგებულიყო. მისი დამტკიცებიდან მოკლე ხანში კომპანიამ ცვლილება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კოტეჯებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით ჩაანაცვლებენ – მაქსიმალური სიმაღლე 56,4 მეტრი. ამ პროექტზე ბათუმელები ადრეც წერდა.

რენდერი
რენდერი

საჯარო რეესტრის მიხედვით, „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ 2023 წელს დააფუძნა დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ და 2025 წლის სექტემბრამდე ერთპიროვნულად ფლობდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მან გასულ წელს კომპანიის 100 პროცენტიანი წილი გაასხვისა, მყიდველი ბიზნესმენი ზურაბ ნასყიდაშვილია.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საჯარო რეესტრში ატვირთული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ასი პროცენტი, რომელიც გონიოს მთაზე ზღვისა და მთის ხედებით 2 ჰექტარ ფართობს და ამ ფართობზე მშენებარე კომპლექსს ფლობს, „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ 100 000 ლარად გაყიდა.

ახალმა მყიდველმა გადაიბარა ის ვალდებულებები, რაც დეპუტატის კომპანიას მიწის ნაკვეთების მფლობელებთან აქვს აღებული. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ კომპანიის მფლობელობაშია, თიბისი ბანკშია იპოთეკით დატვირთული და ვალის გადახდის ვალდებულება უკვე ახალ მფლობელს აქვს. 

  • შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ – საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ 2500 კვ.მეტრზე კარგად გამწვანებულ მომაღლო ადგილზე სანაპიროს ხედით ვილებს აშენებს.

მამუკა კაკაბაძემ სამშენებლო ბიზნესი ახლახან გადაუფორმა ძმას – ამ თემაზე ვრცლად წაიკითხე აქ: საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა“

პროექტის რენდერი
  • შპს „ბათუმი ინვესტმენტ“ – რუსეთის მოქალაქეების კომპანია

გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მის 45 პროცენტს რუსეთის მოქალაქეები – დმიტრი სოლოვიხი და ოლეგ ემელიანოვი ფლობენ. კომპანიის 55 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, როინ ზოიძეს ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის 2026 წლის 30 მარტის ამონაწერით, აქ ვილებს უკვე ყიდიან, მყიდველები კი უმეტესად რუსეთი მოქალაქეები არიან.

მშენებარე პროექტი
მშენებლობის ადგილი

ამ პროექტთან ახლოს – 4 590 კვ მეტრზე ვილებს აშენებს შპს „ჯეო პანორამაც“. პროექტი გათვალისწინებულია სამსართულიანი შენობის აშენება, სადაც განთავსდება 29 იდენტური და ინდივიდუალური საცხოვრებელი ერთეული.

რენდერი
  • „ევროპიან ვილაჯი“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „გონიოს წვერზე“ გეგმავს

„ევროპიან ვილაჯის“ შვილობილი კომპანია, შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ გონიოში 8 397 კვ.მეტრზე სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლოდ კერძო ტერიტორია და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მცირე ზომის მიწის ნაკვეთი გამოისყიდა. სამშენებლო მიწის ნაკვეთები გონიოს სანაპიროსთან ახლოს მაღლობზეა, მთას ვერ ვუწოდებთ.

პროექტი მოიწონა და დაამტკიცა ბათუმის საკრებულომ.

მონიშნულია სამშენებლო ადგილი – მარცხნივ პროექტის რენდერი
მშენებლობის ადგილი, მარჯვნივ რენდერი.

პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოს ცენტრიდან წმინდა ნინოს პირველი ჩიხით, უკავშირდება ქალაქის სატრანსპორტო ქსელს.

ამავე გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის ხარჯზე დაგეგმილია ახალი გზის გაყვანა 6 მეტრი სავალი ნაწილით და 2,6 მ სიგანის ტროტუარებით, რომელსაც შეუერთდება კომპლექსის შიდა სატრანსპორტო გზები.

გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა სასტუმრო კომპლექსის მიწისქვეშა სივრცეში, სადაც განთავსდება 101 ერთეული ავტომობილი და მოეწყობა 14 მიწისზედა ავტოსადგომი. ჯამში 115 საპარკინგე ადგილი. ავტოსადგომების რაოდენობა დაზუსტდება სასტუმრო კომპლექსის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების შედეგად.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი 16-სართულიანი იქნება.

შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ შპს „ევროპიან ვილაჯის“ შვილობილი კომპანიაა, ისევე როგორც შპს „აჭარა ლენდ ინვესტი“, „ეუროპიან ვილაჯი-აქვა“, შპს ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ და სხვა კომპანია გონიოში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის აპარტოტელის ტიპის სასტუმრო, ვილები.

შპს „ეუროპიან ვილაჯი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 49 პროცენტს ისრაელში დაფუძნებული კომპანია „კარმელ ჯგუფი“ ფლობს, 51 პროცენტი კი უკრაინის მოქალაქეებს – ანდრიი მოზოლევსკის [25%] და ჰალინა დიმაროვსკას [26%] ეკუთვნით.

 

 

Exit mobile version