სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს.
„ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, ასევე ტაძრის ფიზიკური კონსერვაცია-რესტავრაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას“ – წერს სააგენტო.
გამარტივებული წესით შესყიდვების განხორციელების ნებართვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი განაცხადით უკვე მიმართა.
პირველი განაცხადის მიხედვით: „ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ტაძრის ფიზიკური მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, არსებული და პოტენციური რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ისტორიულ-საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური, მასალათმცოდნეობითი და სხვა კვლევების ჩატარება, ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა მართვის საშუალებების მომზადება/უზრუნველყოფა“.
ამ სამუშაოებისთვის მაქსიმუმ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მეორე განაცხადის მიხედვით: „იგეგმება ტაძარზე გადაუდებელი და ეტაპობრივი ფიზიკური ჩარევები, მათ შორის: ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაცია; წყლის მართვისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა; სამშენებლო უბნის მომზადება, ხარაჩოებისა და დროებითი დამცავი კონსტრუქციების მოწყობა და სხვა“.
ამ სამუშაოებისთვის კი 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„2026-2027 წლების პერიოდისა და შესყიდვის ღირებულებად ჯამურად არაუმეტეს 5 000 000 ლარის განსაზღვრა განპირობებულია არა ერთჯერადად თანხის გამოყოფის ან სრული მოცულობით დაუყოვნებელი ვალდებულების აღების საჭიროებით, არამედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალწლიანი, ეტაპობრივი და კვლევაზე დამოკიდებული ხასიათით.
აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესყიდვების სავარაუდო ჯამურ ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებში კონკრეტული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამისი საჭიროების დადგომისას, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
განსახორციელებელი ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად შესყიდვას. პროცესი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპებს…“ – წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა.
მაშინ სააგენტო აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე… ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია დაიწყოს სვეტიცხოვლის ტაძრის სრული, კომპლექსური რეაბილიტაცია.“
იმავე წელს „ოცნების“ მთავრობა დათანხმდა მომზადებულიყო სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეესყიდა.
ამ თემაზე ვრცლად:
სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა – „ოცნების“ მთავრობა დროებით გადახურვაზე თანახმაა






