დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი.
პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად.
„ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. მოსალოდნელი მძიმე სასჯელის შიშით პროკურორს სურს ბრალდებულები დაითანხმოს საპროცესოზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს ბრალის აღიარებას, მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ბრალდებულების ოჯახის ახლობლებმა კი, „ბათუმელებს“ გასაუბრების დროს უთხრეს: ვიღაცებს უნდათ საპროცესო, ამას აპირებენ კიდეც, მაგრამ დანაშაულს ვიღაც აღიარებს, ვიღაც – არა. ასე არ გამოვა, აქ ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართო.
- საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს.
შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.
დღევანდელი პროცესის გადადება პროკურორმა თემურ გურამიშვილმა ითხოვა. მისი თქმით, საპროცესო მოლაპარაკებები გრძელდება და ამიტომაც, პროცესზე მოწმეები არ წარმოუდგენია.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხარეებს გადახედა და განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, ამით ხელი არ უნდა შეეშალოს სასამართლოში საქმის განხილვას. მოსამართლემ სხდომა 10 ივლისამდე იმ პირობით გადადო, რომ თუ ამ დრომდე საპროცესო ვერ შედგება, მოწმეების დაკითხვა დაიწყება.
საპროცესო შეთანხმების აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა. ამ დროს სასამართლო კანონიერად გაფორმებულ შეთანხმებას ადასტურებს და საქმის არსებითი განხილვა წყდება. პროკურატურა საპროცესოს სთავაზობს ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებსაც, რომელთა საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს.
როგორც „ბათუმელებს“ ადვოკატებმა უთხრეს, პროკურატურა სთავაზობს 3.6 წლიან რეალურ სასჯელს და 3.6 წლიან პირობით მსჯავრს იმ ბრალდებულებს, რომლებსაც გამოძიება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავება.
„ქურდული სამყაროს“ წევრებს პროკურატურა სთავაზობს, რომ 3.6 წლით ჩასვამს ციხეში და ამდენივე ვადით პირობითს გაუფორმებს. თუ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, მაშინ ის პატიმრობაში 4 წელი დარჩება. „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებისთვის კი, 6 თვეა რეალური სასჯელი, 1 წელი – პირობითი მსჯავრი.
როგორც სხდომაზე გაირკვა, ბრალდებულების ნაწილმა საპროცესოზე თანხმობა განაცხადა, თუმცა პროკურორს საბოლოო ოქმებზე ხელი არ მოუწერეს.
„შემდეგ პროცესზე მოგცემთ კომენტარს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – გვითხრა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
რატომ არ მიმართა პროკურორმა შუამდგომლობით მოსამართლეს, გაფორმებულიყო ერთი ბრალდებულის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება, რომელმაც შეთანხმების ოქმს ხელი უკვე მოაწერა? – პროკურორმა ჩვენთან განმარტა, რომ ბრალდებულს ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ოქმზე ხელმოწერის შემდეგაც შეიძლება უთხრას მოსამართლეს, რომ აღარ სურს საპროცესო.
დღევანდელ პროცესზე ასევე იმსჯელეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე: ამ ეტაპზე 15 ბრალდებული პატიმრობაში რჩება. პროკურორის თქმით, არ არსებობს ახალი გარემოება, რის გამოც შეიძლება პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს, ადვოკატებმა კი, ცალ-ცალკე მოსამართლეს მიმართეს, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობა უნდა გაუქმდეს, ან ბრალდებულები გირაოთი უნდა გათავისუფლდნენ.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. „ახალი ფაქტი არ მომისმენია,“ – თქვა მან და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.






