ქუთაისის მერიის წინ, ამ წუთებში [1-ელი ივლისი, 15:00 საათი] სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მოკლული ირანელების სახელებს კითხულობს.
სამოქალაქო აქტივისტს ფეისბუქ ლაივი აქვს ჩართული და ამ ფორმით აპროტესტებს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, წავიდეს ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე.
„მე მწამს, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს, ეს არ ნიშნავს მტერს მეგობარი დავარქვათ. საქართველოს პრეზიდენტი ირანის ყოფილი დიქტატორის ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება, მისი გადაწყვეტილებით მოკლულია სულ მცირე 12,881 უდანაშაულო ირანელი. მინდა ხმამაღლა ვთქვა ეს სახელები, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ. მომდევნო 5 საათი წავიკითხავ მოკლული ირანელის სახელებსა და გვარებს ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების შენობის წინ უწყვეტი Facebook Live-ით.
თუ გაავრცელებთ აქციას, გთხოვთ გამოიყენოთ ჰაშთაგი #FiveHoursForTheVictims #FreedomForIran #FreedomForGeorgia“, – დაწერა ლაივში გასვლამდე აკაკი საღინაძემ.
ფეისბუქ ლაივისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ აქ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 ივნისს დაადასტურა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 2026 წლის 28 თებერვალს დაიღუპა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს. ის 86 წლის იყო.


