„დანაშაული რა გვაქვს? ადგეს პროკურორი და თქვას,“ – „ქურდული სამყაროს საქმეზე“ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასე მიმართა მოსამართლეს მას შემდეგ, როცა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.
დღეს, 24 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულებს ინდივიდუალურად სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას.
იმ შემთხვევაში თუკი პროკურატურა და ბრალდებულები შეთანხმებიან, მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს და საქმის არსებითი განხილვაც შეწყდება – საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა დანაშაულის აღიარებაა.
- საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს.
შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.
დაშავებული ქალის შვილმა, ლაშა მიქელაძემ დღეს, 24 ივნისს „ბათუმელებს” უთხრა, რომ თამარ მიქელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის სამკურნალოდ თურქეთში, კლინიკაში გადაიყვანეს.
„ექიმი რენტგენის გადაღებით და სხვა კვლევებით ადასტურებს, რომ დედაჩემს ფეხში მოხვდა ტყვიის ანასხლეტი… მალე ეს დოკუმენტები გვექნება. აქ ექსპერტიზის დასკვნას განზრახ არ დებენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, საქმე წინ არ მიდის, დედაჩემს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს,“- გვითხრა ლაშა მიქელაძემ.

„ქურდული სამყაროს საქმის“ განხილვაზე დასწრების მსურველი ბევრია. მათი ნაწილი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს. ხალხით გადაჭედილ დარბაზში მანდატური ცდილობს ყველას გააგებინოს, რომ თითოეული ბრალდებულის ოჯახიდან მხოლოდ 3-3 წევრი შეძლებს სხდომათა დარბაზში შესვლას. დღევანდელ პროცესზე ერთდროულად განიხილება 15 ბრალდებულის საქმე.
„ტყუილად ჰყავთ ეს ბავშვები დაჭერილი, გამოუშვით,“ – ხმამაღლა ამბობს ქალი უკვე სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, როცა იქაურობა ბრალდებულების ახლობლებით გაივსო და მოსამართლე შემოვიდა. ბადრაგის სამსახურს ბრალდებულები შემოჰყავთ. სავსე დარბაზი აწეული ხელებით და შეძახილებით ხვდებიან ბრალდებულებს. მოსამართლე დარბაზის ემოციების შეკავებას უშედეგოდ ცდილობს.
„არ ვაღიარებთ არცერთი“, – ხმამაღლა ნათქვამი გამოუვიდა ერთ-ერთ ბრალდებულს, როცა პროკურორი საუბრობდა, რომელი მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევაზე შეუთანხმდა უკვე ადვოკატებს. მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულ მოწმეებს მოსამართლე სასამართლოში ვეღარ დაკითხავს.
„ეს მიემართება ჩხრეკას და დაკავებას,“ – ფეხზე წამოდგა ადვოკატი ირაკლი ფაღავა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფს მიუბრუნდა.
პროცედურამ მთელი პროცესი წაიღო: მოსამართლემ სათითაოდ მოინიშნა, რომელ მტკიცებულებებს ვეღარ შეეხება შემდეგ სხდომებზე, თუ არსებითი განხილვა გაგრძელდება და მხარეები საპროცესოზე ვერ შეთანხმდებიან.
მაგრამ დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ ის ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. იმ მოტივით, რომ ადვოკატებმა ბრალდებულებს ცალ-ცალკე უნდა აუხსნან საპროცესო შეთანხმების არსი და პირობები, სხდომის გადადება ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ მოითხოვა. მას სხვა ადვოკატებიც დაეთანხმნენ. მოსამართლემ ბრალდებულებს გადახედა.
„როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ, აზრი მაინც არ აქვს,“ – წამოიძახა ერთმა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„ყველამ იცით, სიმართლე რაც არის, ეს არის მხოლოდ ფორმალობა,“ – თქვა მეორემ.
„რა ჩავიდინე დანაშაული? ერთი დანაშაული მითხარით“, – პროკურორს მიმართა კიდევ ერთმა.
„მე უკვე ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მისთვის მიუღებელია საპროცესო,“ – მოსამართლეს უთხრა ადვოკატმა სიმონ ასათიანმა.
„ეს არის თქვენი ნება: ვისაც არ უნდა – არ უნდა, ვისაც უნდა – უნდა, მე ამას ხელი არ უნდა შევუშალო,“ – ორივე მხარეს გადახედა მოსამართლემ და განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მოლაპარაკებები მართლაც არის სხდომის გადადების საფუძველი.
„საპროცესო შეთანხმება პროკურატურას სურს იმიტომ, რომ ნაწილი მაინც გატყდეს, შემდეგ კი, აღიარებითი ჩვენებებით მაინც გაამყარონ საქმე, ამას გამოიყენებენ,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ. მისი დაცვის ქვე მყოფ რამაზ მ.-ს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.
ადვოკატების განმარტებით, ამ საქმეზე ბრალდებულებს პროკურორი სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას ასეთი პირობებით: ვისაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან, ანუ სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა ერთი მუხლით [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე], ის რეალურად 3.6 წელს დარჩება ციხეში, 3.6 წელი კი, მსჯავრდებულს პირობითად ჩაეთვლება.
ვისაც ედავებიან „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა ორი ნაწილი [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე], ის რეალურად ციხეში იქნება 1.6 წელი. სავარაუდოდ იგივე პერიოდი მსჯავრდებულს პირობითად ჩაეთვლება.
მესამე კატეგორიაა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა – სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა ოთხი ნაწილი [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 7 წლამდე], ის მხოლოდ 6 თვე იქნება ციხეში, გარკვეული პერიოდი კი, რაც შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მას პირობითი მსჯავრი დაედება.
„ასეთ მასობრივ და დიდ საქმეებში მტკიცებულებების კვლევას დიდი დრო სჭირდება, საპროცესო შეთანხმების გზით, პროკურატურა მარტივად დაასრულებს საქმეს. პროკურატურას არ აქვს მყარი მტკიცებულებები. ვიღაც ვიღაცას რომ ურეკავს და ეკითხება, როგორ ხარო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრია. თუ ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზაზა პაპიძე.
მას „ბათუმელებმა“ ჰკითხა: რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება?

ადვოკატი ზაზა პაპიძე
„პროკურატურას აქვს არაერთგვაროვანი, არასამართლიანი დამოკიდებულება. მაგალითად, სხვა შემთხვევაში ასევე „ქურდულ სამყაროს საქმეზე“ ვიცავდი 65 წლის კაცს, ექსპერტიზის დასკვნით იყო დადგენილი ჯანმრთელობის საფრთხე, რომ სავალალო შედეგი ნებისმიერ დღეს შეიძლება დამდგარიყო. ვითხოვდი, რომ 6 თვეზე მაინც გაეფორმებინათ საპროცესო და ეს არ გააკეთეს. აქ უჭირთ მტკიცებულებები და 6 თვეზეც აკეთებენ საპროცესოს…
ამ შემთხვევაში მტკიცებულება არის მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები: მესამე პირები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობს „ქურდულ გარჩევაში“. ვიღაცამ რომ იგივე ჩემზე თქვას, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართალია? პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, მისთვის არასასურველი პირები მისცეს პასუხისგებაში…,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

„ქურდული სამყაროს საქმის“ არსებითი განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ პროკურატურა ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს
ამ თემაზე:






