„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე „ეროვნული სიმბოლოები“ იქნება გამოსახული.
„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს“, – ამბობს მიქანაძე.
მისი თქმით, „პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე -10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.
მიქანაძის თქმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე „ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები იქნება“.
___________________
ამ თემაზე:
„კანონსაც არღვევენ და პრინციპსაც“ – მასწავლებელი სახელმძღვანელოების შექმნის დახურულ პროცესზე






