მთავარი,სიახლეები

„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

03.12.2025 •
„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში?

4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზი.

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 64 პირია ბრალდებული. პროკურატურამ ეს შემთხვევა 5 საქმედ დაყო, თუმცა ამ დრომდე არავის გამოუძიებია, გვქონდა თუ არა საქმე დანაშაულის პროვოცირებასთან თავად „ოცნების“ მთავრობის მხრიდან.

  • ლაშა ივანაძის საქმე – „დღეს შევხვდი ლაშას ციხეში… მითხრა, რომ სჯიან იმისთვის, რომ უყვარს საქართველო“

ლაშა ივანაძე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაპატიმრებამდე ლაშა მშობლებთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში. იგი ავტოსამრეცხაოზე მუშაობით ირჩენდა თავს:

„მე რასაც ვუყურე კადრებს, არც კი დახრილა ძირს, რომ ქვა აეღო ხელში, ან რამე, რა ჯგუფური ძალადობა?“ – კითხვას სვამს ლაშა ივანაძის და, რუსუდან ივანაძე.

ლაშა ივანაძე შვილებთან ერთად

„იმ დღეს ჩემთან იყო სტუმრად, როცა მოვიდნენ და დააკავეს. მედგრად იყო, მხოლოდ ეს მითხრა, ბავშვებს მიმიხედეო…. ლაშა გაშორებულია ცოლს, ბავშვები ხან დედასთან არიან, ხან – მამასთან. ბავშვები 6 და 8 წლის არიან, ლაშას დაპატიმრების შემდეგ კი, ისევ დედასთან არიან პერიოდულად, ხან – ბებია-ბაბუასთან.

ლაშა ამბობდა, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, არ მინდა, ჩემმა შვილებმა ასეთ ქვეყანაში იცხოვრონ, გარუსებულშიო.

ხშირად გვირეკავს ციხიდან. ამბობს, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, გვამშვიდებს, ყველაფერი კარგად იქნებაო, ვარჯიში დავიწყე, სიგარეტს თავი დავანებე და წიგნებს ვკითხულობო.

გასული წლის დარბევებში ლაშაც მოყვა – სულ სველი იყო წყლის ჭავლისგან. სამჯერ გადასხმა დასჭირდა შარშან დარბევის შემდეგ. გაზის კაფსულის ბრალი ეგონა და თურმე რის ბრალი ყოფილა, გამოჩნდა ყველაფერი: როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ ერს.

ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. შვილები პატარები მყავს, თორემ მეც გამოვიდოდი აქციაზე,“ – ამბობს რუსუდან ივანაძე.

ლაშა ივანაძეს ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით [სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად] და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით [ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა] წარედგინა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რამდენიმე დღის წინ ლაშა ივანაძეს ციხიდან ადვოკატისთვის თავისი შესრულებული ეს ნახატი გამოუტანებია.

ლაშა ივანაძის ნახატი ციხიდან

„დღეს შევხვდი ლაშას, მითხრა, რომ სჯიან იმისთვის, რომ უყვარს საქართველო. ამბობს, რომ მასში ვერასდროს მოკლავენ საქართველოს სიყვარულს და ბოლომდე იბრძოლებს სამშობლოსთვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ბენიძემ, ლაშა ივანაძის ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ლაშა ივანაძის საქმეში მხოლოდ ტელევიზიით გავრცელებული კადრია, რომლის მიხედვითაც ლაშა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.

„არაფერი ძალადობრივი იქ არ ჩანს. ასევე, წამიერად ჩანს ლაშა ივანაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში – შევიდა და გამოვიდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა ივანაძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ის 4 ოქტომბერს იყო ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი თემურ ბენიძე.

  • ავთანდილ სურმანიძის საქმე – ჯარისკაცი რუსეთ-უკრაინის ომიდან 

„უკრაინაში ომი რომ დაიწყო, თავდაპირველად ავთანდილი ჩუმად იყო, ერთ დღეს კი, გვითხრა, ომში უნდა წავიდეო,“ – გვიყვება ამირან სურმანიძე, „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული ავთანდილ სურმანიძის ძმა.

ავთანდილ სურმანიძეც აჭარიდანაა, ის ხულოში ცხოვრობს. რუსეთ-უკრაინის ომში წასული ავთანდილ სურმანიძე 2022 წელს დაჭრეს.

„ჩემმა მშობლებმა უთხრეს, რატომ მიდიხარ ომში, რა ვალდებული ხარო. ვალდებული არ ვარ, მაგრამ უსამართლობა არისო. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია, მივხვდი, რომ ტიპიური ჯარისკაცია,“ – განაგრძობს თხრობას ამირან სურმანიძე, – „წავიდა ომში და აქედან არც გაუშვეს – თურქეთში გადავიდა და პოლონეთის გავლით შევიდა უკრაინაში.

4 თვე იყო დაწყებული ომი, სოფელი ალყაში მოაქციეს და დაჭრეს… გერმანიაში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა ისევ უკრაინაში და დაახლოებით 5 თვეა, რაც ჩამოსულია საქართველოში. ავთანდილს ბარგი ჩალაგებული ჰქონდა – ისევ აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას. მე ბათუმში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები – ხულოში. ავთანდილი ხულოში იყო ძირითადად და მშობლებს ეხმარებოდა საშემოდგომო საქმეებში.

ავთანდილ სურმანიძე

ფეხი ისე აქვს დაზიანებული, მუდმივი რეაბილიტაცია სჭირდება – ცხოვრების ბოლომდე. ახლაც უნდა მისულიყო თბილისში ექიმთან, რადგან პერიოდულად ძლიერი ტკივილი ჰქონდა. ციხეში რა ხდება არ ვიცი, ვინ მიხედავს.

დღეს დამირეკა, ვიდრე თქვენ დამირეკავდით: თბილი ტანსაცმელი მჭირდება და წიგნებიო. ეტყობა, ცივა კიდეც ციხეში. ასევე ითხოვა, სასამართლოზე ჩამოსვლას მირჩევნია პაემანზე ჩამოხვიდეთ, გნახავთ მაინცო.

სასამართლოზე რა გითხრათ: შორიდან ვუყურებ და ესაა, ახლოსაც არ მიგაკარებენ. 40 ტომი წარმოადგინეს პროკურორებმა და ერთი მტკიცებულებაც ვერ გვაჩვენეს, სადაც ჩანს, რომ ჩემი ძმა რამეში დამნაშავეა. ვიდეოში მარტო ის ჩანს, წყლის ჭავლის დროს როგორ იცავს თავს ქურთუკით ჩემი ძმა.

14 ბრალდებულია ამ საქმეში. ყველას განხილვაზე დავრჩი.

ავთანდილი თავის ნათქვამს არ გადავა. ვეუბნებოდი, რომ ოპოზიცია გაყიდულია, არ ინდობა-მეთქი. არ არსებობს, შანსი არ არისო. ბოლოს დარწმუნდა, რომ ბევრი მართლა გაიყიდა ფულზე. მაინც არ აპირებს უკან დახევას. მთელი ცხოვრება ასე იქნება, აზრს არ შეიცვლის.

თქვენ წარმოიდგინეთ, გირაოს თანხაც ვერ შევუგროვეთ, დავიარეთ ყველა ორგანიზაცია და პარტია. გირაოთი რომ გამოუშვან, თანხა იქნება საჭირო. თანხა დასჭირდა ექსპერტიზასაც, რომ მისი ჯანმრთელობის სტატუსი განისაზღვროს. უკრაინიდან გამოვითხოვეთ და მივიღეთ უკვე ყველა დოკუმენტაცია.

მე მგონია, რომ სიტუაციას სწორად შეფასება სჭირდება – უნდა დაელოდო მომენტს. ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როცა გაქვს ჭკვიანური გეგმა,“- ამბობს ამირან სურმანიძე.

„ზოგადად, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის ციხე და სასჯელი არაფერს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. ბრალდებულის სკამზე ვზივარ, მაგრამ უფრო დაზარალებული ვარ. ჩემი საქციელი იყო უსამართლობის წინააღმდეგ. აქ მყოფ სამართალდამცველებთან მაქვს ასეთი შეკითხვა: მაშინ როცა მოქალაქე თავის უფლებას იყენებს – მშვიდობიან აქციაზე მშვიდობიანად დგას და მის წინააღმდეგ ირღვევა კანონი – რეზინის ტყვიაა თუ წყლის ჭავლია – როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?” – განაცხადა 27 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ავთანდილ სურმანიძემ.

ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით [ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ სურმანიძის ინტერესებს ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი იცავს:

„ბრალდებას აქვს ამგვარი ფორმულირება, რომ ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რომლის მიზანი იყო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. მნიშვნელოვანია, რომ არსად ჩანს ჯგუფთან დაკავშირებული რაიმე მოქმედება, მაგალითად, რაიმე კავშირი სხვა დაკავებულ პირებთან დადგენილი არ არის. მათი ნაცნობობაც კი, არ არის დადგენილი.

პროკურატურის ლოგიკით გამოდის, რომ 120 ათასი ადამიანი, როელებიც 4 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდნენ, ამ ჯგუფის წევრია. ფიზიკურად აქციაზე ყოფნის გარდა, დაკავებულებს ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ, რამაც შეიძლება ჯგუფის შემადგენლობა მოგვცეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახლოსაც კი არ მისულა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობესთან, არც ტერიტორიაზე არ გადაუდგამს ნაბიჯი. საერთოდ სიახლოვეზეც არ არის მისული… მას შემდეგ, რაც მას ჭავლის მანქანა წყალს შეასხამს, ქურთუკს იფარებს სახეზე, შემდეგ ინსტინქტურად დაბლა იხრება, იქვე რაღაცას აიღებს, რომელიც იმდენად მცირე ზომის არის, რომ რა არის – ქვა არის თუ კენჭია ბრალდებაც ვერ ამბობს და ხელს გაიქნევს”,- ამბობს ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი.

  • მანუჩარ მიქელაძის საქმე – „ასეა საჭირო ევროპული მომავლისთვის, შვილებისთვისო…“

„მანუჩარი დააკავეს ბათუმში, როცა ის დედის სანახავად იყო ჩამოსული, დედა ავადმყოფობს,“ – უყვება „ბათუმელებს“ „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული მანუჩარ მიქელაძის ძმა, მარად მიქელაძე.

მანუჩარ მიქელაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეშია ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ მანუჩარ მიქელაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე გადადის. ადვოკატი ამ ვიდეოს ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ადვოკატი გურანდა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ვიდეოს გარდა, პროკურატურას არ წარმოუდენია სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში საერთოდ არაა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ჯგუფურ ძალადობაში მანუჩარ მიქელაძის მონაწილეობას.

მანუჩარ მიქელაძე

„ჩვენ შუახევიდან ვართ, 2003 წელს გადავედით წალკაში ეკოლოგიური პრობლემების გამო, მე მშობლებთან ერთად ბათუმში ვცხოვრობ, წლების წინ მანუჩარი თბილისში გადავიდა. ის ახლაც ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს,“ – გვიყვება მარად მიქელაძე.

„მანუჩარს ლიზინგით მინივენი აქვს აღებული და მგზავრების, ტურისტების გადაყვანაზე მუშაობდა, ეს იყო მისი შემოსავალი. ბავშვები პატარები არიან: 3 და 10 წლის. მანუჩარის მეუღლეც ვერ მუშაობს, როცა მეორე შვილი გაუჩნდათ.

ახლობლებმა და მეგობრებმა მოუგროვეს თანხა ერთჯერადად, ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

მანუჩარი გვირეკავს ციხიდან და ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო…. სხვა თემებზე საუბრის დრო არ გვრჩება, ან 2 წუთში რა უნდა მოასწრო.

მანუჩარი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ბოლო რამდენიმე წელია გახდა. სულ ამბობდა, ასეა საჭირო ევროპული მომავლისთვის, შვილებისთვისო…“ – აღნიშნა მარადი მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია.

  • ვლადიმერ გველესიანის საქმე -„არასდროს არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე ციხეში ზის… არა, იბრძოლეთ!“

27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ვლადიმერ გველესიანმა პროკურატურას მოსთხოვა განმარტება იმაზე, თუ რას ეძახიან ისინი ჯგუფურ ძალადობას და წარმოადგინონ, თუ აქვთ მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის ერთი ფაქტი მაინც.

ვლადიმერ გველესიანი უარყოფს ყოველგვარ ძალადობაში მონაწილეობას.

„ჩემო ხალხო, არასდროს არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე ციხეში ზის… არა, იბრძოლეთ! გიყვარდეთ თქვენი სამშობლო. ყველას გამძლეობა მოგვცეს ღმერთმა… ჩვენ ამას გადავლახავთ, გადავიტანთ.

ახლა უფრო დიდი დრო მომეცა საკანში, რომ ბევრი რაღაცები გავიაზრო, ვიფიქრო. მე აქ ვზივარ ჩემი ქვეყნისთვის და ვუთხარი ჩემს შვილებს, რომ თავი ასწიონ, უყვარდეთ მათი სამშობლო, რომელსაც საქართველო ჰქვია და არა „გრუზია“, – თქვა სასამართლო სხდომაზე ვლადიმერ გველესიანმა.

„მისი ეს სიტყვა იმდენად ემოციური იყო, რომ ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება ეს სიტყვა. არც ეს სასამართლო პროცესი დამავიწყდება არასდროს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვლადიმერ გველესიანის მეგობარი.

ვლადიმერ გველესიანს პროკურატურა სსკ-ის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გველესიანი

რეზო ხარაზი ემოციურად იხსენებს გასაუბრებას ვლადიმერ გველესიანის დაპატიმრებამდეც:

„უჭირდა ფინანსურად და ბოლოს თბილისში მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. ვუთხარი, იქნებ ემიგრაციაში წახვიდე-მეთქი და გამიბრაზდა: მოხუცი დედა ვის დავუტოვო და მერე კიდევ, ყველა თუ წავედით, ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანასო.

პოლიტიკაში იყო ჩართული მუდამ, მაგრამ პარტიული არასდროს ყოფილა. მე ის სტუდენტობის დროს გავიცანი, „ვარდების რევოლუციის“ დროს. მაშინაც აქტიური იყო ვლადიმერ გველესიანი.

ახლა სულ აქციებზე დადიოდა, როგორც კი დროს ნახავდა. იმ დღესაც გავიდა აქციაზე და პაატა ბურჭულაძის გვერდით აღმოჩნდა. როცა პაატა ბურჭულაძეს უნდა მოხვედროდა წყლის ჭავლი, ეს ეფარება, ატრიალებს, უკვე გარღვეულ ჯებირზე გადადის და გამოჰყავს ეზოდან პაატა ბურჭულაძე… იყო თუ არა რამე შეთანხმება პაატა ბურჭულაძეს და მას შორის, არ ვიცი, ალბათ თავად იტყვიან სასამართლო სხდომაზე.

ორი შვილი ჰყავს ლადოს, ცოლთან განქორწინებულია, დედასთან ერთად ცხოვრობს,“ – გვითხრა რეზო ხარაზმა.

  • ზურაბ ჭავჭანიძე: „მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე…“

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან დაკავებულია ასევე ზურაბ ჭავჭანიძე. მას იცნობენ, როგორც ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეს. ზურაბ ჭავჭანიძე აფხაზეთიდან დევნილია და ბათუმში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

ზურაბ ჭავჭანიძე

ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.

საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.

აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ“ – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ბათუმელმა მედროშემ მოსამართლეს მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი [საუბარია ქართველ მებრძოლებზე] დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს…

ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ამ თემაზე:

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: