მთავარი,სიახლეები

ტურისტული კომპანიის დირექტორს 8 წელი მიუსაჯეს 1 მლნ ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

01.07.2026
ტურისტული კომპანიის დირექტორს 8 წელი მიუსაჯეს 1 მლნ ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

ტურისტული კომპანიის დირექტორი და კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება.

კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზება დაუკვეთეს, რაც ორმხრივი ავიაბილეთების, ტრანსფერის, სასტუმროში განთავსების, სამოგზაურო დაზღვევის, ბარგის და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების უზრუნველყოფას მოიცავდა.

ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს მითითებული მომსახურების განხორციელება და მოტყუებით დაეუფლნენ 200-მდე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით, ჯამში – 1 008 013 ლარს“ – წერს პროკურატურა.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) ჰქონდათ წარდგენილი.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და კომპანიის დირექტორს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: