მთავარი,სიახლეები

ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

02.07.2026
ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

მოსახლეობა წუხს, რომ ბათუმთან ახლოს, ავგიას დასახლების გზას არაფერი ეშველა – დაიწყეს და ვერ დაასრულეს.

ამ უბნიდან ქალი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვისაყვედურა: „როდის გაგრძელდება ჩვენი გზის მოწესრიგება, ეს მაინც მოგვიკითხეთ, ჟურნალისტები ხომ ხართო“.

მოვიკითხეთ, შევისწავლეთ დოკუმენტები და გავარკვიეთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს სამუშაოები შეისყიდა, თუმცა გზები არ გაუკეთებიათ, მხოლოდ საყრდენი ხელოვნური ნაგებობები მოაწყვეს, რაშიც 944 ათასი ლარი დაიხარჯა.

2024 წელს, სამუშაოების დაწყების შემდეგ გამოარკვიეს, რომ აქ ბათუმის მერიის სამსახური – „ბათუმის წყალი“ მიწისქვეშა სამუშაოს შესრულებას გეგმავდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის ამოყრა გარდაუვალი იყო. ამ მიზეზით ჯერ სამუშაოები შეაჩერეს, 2026 წლის მარტში კი გადაწყვიტეს, რომ შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტონ.

მილიონობით ლარი იხარჯება ყოველ წელს ბათუმის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტიც, ყოველ ახალ წელს, სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. თუმცა ავგიას დასახლებაში ამბობენ, რომ წლებია მათი გზა ამ პრიორიტეტებში არ მოხვდა. სინამდვილეში ტენდერიც კი იყო გამოცხადებული, მაგრამ, როგორც ბევრ სხვა პროექტს, თავი ვერც ამას მოაბეს.

ავგიას გზის სარეაბილიტაციო დოკუმენტების შესწავლით შეიძლება დაასკვნა – სახელმწიფო უწყებამ ისე დაგეგმა და დაიწყო სამუშაოები, რომ ადგილზე ვითარება სრულყოფილად არ შეუსწავლია.

აქ მცხოვრებლებმა არც ის იციან, რომ ამ ამბის გაჭიანურება მხოლოდ „ბათუმის წყალს“ არ დაჰბრალებია და აქ მათი, მოსახლეობის როლიც გამოკვეთეს. 

ამ ამბის შესწავლის შემდეგ ის მაინც უნდა გახდეს გასაგები, რომ სავალდებულოა ორმა სახელმწიფო უწყებამ ინფომაცია გაცვალოს, ერთმა უწყებამ კონკრეტულ გზაზე ასფალტის დაგება, მეორემ კი იმავე გზაზე ისეთი სამუშაო რომ არ დაგეგმოს, რომელიც ახალდაგებული ასფალტის დაზიანების გარეშე ვერ შესრულდება.

ავგიას დასახლება იურიდიულად ბათუმს ეკუთვნის, თუმცა იმის გამო, რომ ადრე სოფლის სტატუსი ჰქონდა, ადგილობრივები დასახლებას ისევ სოფლად მოიხსენიებენ:

„დიახ, ქალაქს ვექვემდებარებით. ამოდი და შეხედე, რა არის აქ ქალაქის – ჩვენი გზა რა დღეშია, მარტო სახელის დარქმევა შველის? კანალიზაციაც კი არ გვაქვს“, – გვითხრა ქალმა სატელეფონო საუბარში, რომელმაც ამ უბნის პრობლემების გაშუქება გვთხოვა, უფრო სწორად მოგვთხოვა.

კიდევ ერთმა მოქალაქემ კი შეგვატყობინა, ავგიას დანგრეული გზა წვიმის დროს როგორი გაუვალია და ამის დასტურად ვიდეო კადრები გამოგვიგზავნა.

„ადგილზე სამუშაოები წლების წინ დაიწყეს, სანიაღვრეები გააფუჭეს და წავიდნენ, აღარ გამოჩენილან“, – თქვა ქალმა.

ადგილზე მართლაც რთული ვითარება დაგვხვდა.

გზები უსწორმასწოროა, ძველი ასფალტის კვალს ვერსად ნახავთ, მანქანებს გადაადგილება უჭირთ

სანიაღვრე არხები ისეა დაზიანებული, რომ ფაქტობრივად არ მუშაობს

ავგია სოფლის ტიპის დასახლებაა პატარა სახლებით და გამწვანებული ეზოებით, ისევე როგორც ეზოებიდან, სამანქანე გზიდან ჩანს ქალაქისა და ზღვის ხედები, ამ გზით ხშირად სარგებლობენ ტურისტებიც, ვისაც გონიოს მთიდან სურს ქალაქის ხედების ნახვა და სამშენებლო კომპანიებიც, რომლებსაც მთაზე, ნაკლებად დასახლებულ ადგილზე ახალი პროექტები აქვთ დაწყებული.

ქალაქის ხედი ავგიას დასახლებიდან

ბათუმის მერიას ვკითხეთ, რატომ არ დასრულდა ავგიას გზაზე დაწყებული სამუშაოები, გვიპასუხეს, რომ ამ გზის რეაბილიტაციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობდა, შემდეგ კი მერიას გადააბარეს. მერია ავგიას გზის მოსაწესრიგებლად შესაბამისი მომსახურების შესყიდვას  წელს გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ავგიაში ახალი გზა 2026 წელს არ ექნებათ და შესაძლოა არც მომავალ წელს ჰქონდეთ, რადგან შესყიდვის პროცედურას თავისი ვადები აქვს.

  • რატომ ვერ დაასრულა გზების დეპარტამენტმა დაწყებული სამუშაო – რა მოხდა?

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავგიას გზაზე ასფალტ-ბეტონის დასაგებად 2023 წელს გააფორმეს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება შეწყვიტეს:

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალისოფელი-ავგიას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. კომპანიამ, ხელშეკრულების ფარგლებში, 2023-2024 წლებში, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

სამუშაოების დასრულების ვადად, ხელშეკრულების შესაბამისად, 2024 წელი განისაზღვრა. სამშენებლო სამუშაოების პროცესში, ტერიტორიაზე, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ სასმელი წყლის, მოგვიანებით კი ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოების დაგეგმვის თანახმად, კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, გაფორმებული ხელშეკრულება შეჩერდა და შეწყდა. ამ ეტაპზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები გადაცემულია ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. მერიის მიერ მიმდინარეობს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის და საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტირება“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აჭარის გზების დეპარტამენტს ავგიას გზის მოსაწყობად 2 მილიონ 944 890 ლარი უნდა დაეხარჯა. ტენდერი შპს „ზიმო 7“-მა მოიგო 2023 წელს.

2026 წლის მარტამდე ხელშეკრულება 13-ჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 26 მარტს კი, ავგიას გზასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

ოქმის მიხედვით, გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი შესყიდვების კომისიას უყვება, რომ ავგიას გზის მოწესრიგების პროექტი ჯერ „ბათუმის წყლის“ განხორციელებული სამუშაოების გამო შეფერხდა. გარდა ამისა, სამუშაოების პროცესში აღმოაჩინეს, რომ გზას მიჰყვება კანალიზაციის ქსელი, რომელიც ეკუთვნის სასტუმრო შპს „ბათუმი პანორამას“, სადაც საკანალიზაციო ჭები და შესაბამისად მილები მოწყობილია გზის ზედაპირიდან 30-35 სმ-ის სიღრმეზე და დაზიანებულია.

„აღნიშნულის გამო, 2025 წელს შესასრულებელი მე-4 ეტაპის სამუშაოები, 1 მილიონ 747 376 ლარის ღირებულებით, გახდა გარდამავალი და მისი შესრულება შპს „ზიმო 7“-ს დაევალა 2026 წელს პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ პერიოდში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბათუმის წყალს“ თავისი გეგმა 2025 წელს უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც „ზიმო 7“ გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. თუმცა სხვა პრობლემებიც გამოჩნდა. 

გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, „ახალისოფელი-ავგიას“ საავტომობილო გზის გვერდულზე და გზის სავალ ნაწილზე შპს „ბათუმი პანორამამ“ კანალიზაციის მილი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად არასტანდარტულად მოაწყო.

„არასტანდარტულად არის მოწყობილი კანალიზაციის მილები და საკანალიზაციო ჭები. საკანალიზაციო ქსელი დაზიანებულია ბევრ ლოკაციაზე და ამორტიზებულია, მათ შორის, დაზიანებულია ცენტრალური მილიც. ასევე, არასტანდარტულად არის მოწყობილი საკანალიზაციო ჭები, რომლებზეც ადგილობრივ მოსახლეობას დაერთებული აქვთ კანალიზაციის მილები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაზიანებულია და გზის სავალ ნაწილზე იღვრება საკანალიზაციო მასა, ბინძურდება გარემო. დეპარტამენტის არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, შპს „ბათუმი პანორამა“ აღნიშნულზე არ რეაგირებს და პრობლემა რჩება მოუგვარებელი.“

„პანორამა ბათუმი“ და მასთან მისასვლელი გზა

„ბათუმის წყლის“ გარდა პროექტის შეფერხებაში მოსახლეობის წვლილსაც გაუსვეს ხაზი:

„მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთგზის მოსახლეობასთან შეხვედრისა, კატეგორიული წინააღმდეგი არიან მათ მიერ საკანალიზაციოებზე დაერთებული მილების დემონტაჟზე, რამაც ასევე შექმნა დამატებით პრობლემა გზის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების განახლებაზე.“

პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა დაასკვნა, რომ პრობლემის მოგვარება დეპარტამენტის ძალებს აღემატება, რადგან ე.წ. საკანალიზაციო მილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი გზის მთელს სიგრძეზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხით შეუძლებელი იქნებოდა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ საქმეს ბათუმის მერია გადაიბარებს:

„ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ადგილზე შესაბამისი კომუნიკაციების და გზის სავალი ნაწილის და თანმდევი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, კერძო საცხოვრებელი ზონის უფრო მეტად განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის და რაც მთავარია, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებითო“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილში, რომელიც 2026 წლის 18 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის და ბათუმის მერიისთვის გაუგზავნია.

ამ წერილების მიხედვით, „ახალისოფელი-ავგიას“ საავტომობილო გზაზე ცენტრალიზებული საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს, ხოლო კერძოდ მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის ექსპლუატაცია ვერ ხერხდება:

„გზის მიმდებარედ მიმდინარეობს ინტენსიური განაშენიანება, ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ტიპის დასახლებას და პერსპექტივაში აქვს ურბანული განვითარების პოტენციალი, რისთვისაც საჭიროა ადგილზე მოეწყოს საქალაქო ინფრასტრუქტურის შესაბამისი კომუნიკაციები, მათ შორის აუცილებლობას წარმოადგენს საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის გამართვა.“

ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ გაფუჭებულის გასწორება მერიამ საკუთარ თავზე აიღო, ეს მერმა გიორგი ცინცაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილობით დაუდასტურა. როგორ გამოასწორებს, ამ პროცესს „ბათუმელები“ დააკვირდება.

ამონარიდი ბათუმის მერის წეილიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: