მთავარი,სიახლეები

ბათუმში 130 ტონა სახიფათო ნარჩენებს უკანონოდ ანადგურებენ – რას ამბობენ დეპარტამენტში

01.07.2026
ბათუმში 130 ტონა სახიფათო ნარჩენებს უკანონოდ ანადგურებენ – რას ამბობენ დეპარტამენტში

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება.

სახიფათო ნარჩენების განადგურება, გარემოს ზედამხედველობის დასკვნით, კანონშეუსაბამოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინეს. 

თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, რა ზიანი ადგება გარემოს სახიფათო ნარჩენების განადგურებით. 

ობიექტს [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოს], სადაც სახიფათო ნარჩენებს ანადგურებენ, ექსპლუატაციას სწორედ შპს „სანდასუფთავება“ უწევს.

ობიექტი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წლის ოქტომბერში შეამოწმა. მაშინ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმიც, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.

ამ ოქმის მიხედვით, სახიფათო ნარჩენების განადგურების კუთხით „სანდასუფთავება“ სამართალდამრღვევად მიიჩნიეს საქმიანობისთვის, „რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება“, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის“ და ასევე „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობისთვის“.

პარალელურად, 2024 წლიდან, „სანდასუფთავებას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს სკრინინგის განცხადება – საჭიროებს თუ არა სახიფათო ნარჩენების განადგურების პროცესი [წარმადობის გაზრდა] გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ანუ გშს-ს ანგარიშის მომზადებას.

სკრინინგის განცხადების მიხედვით, ობიექტზე საკმაოდ გაიზარდა ნარჩენების რაოდენობა: 21,4 ტონიდან 132 ტონამდე წლის განმავლობაში. ამ რაოდენობის სახიფათო ნარჩენების განადგურებისთვის კი ობიექტი ჯამში 23,1 ტონა დიზელის საწვავს ხარჯავს.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება სკრინინგის განცხადებაზე, მისი სააგენტოში წარდგენიდან 2 წლის შემდეგ, 2026 წლის 29 ივნისს მიიღო და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს გზშ-ს ანგარიშის მომზადებას.

„ბათუმში შპს „სანდასუფთავება“-ს სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება [წარმადობის გაზრდა] გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას საჭიროებს“, – წერია სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.

ამ ობიექტზე „ხდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული 200-ზე მეტ სამედიცინო და კვლევით დაწესებულებაში წარმოქმნილი პათოგენური და სხვა [სხვადასხვა მავნეობის და სახიფათოობის] ნარჩენების თერმული გაუნებელყოფა [დაწვა] და წარმოქმნილი მცირე რაოდენობის ფერფლის დროებითი, აბსოლუტურად იზოლირებული დასაწყობება, სანამ საქართველოში აიგება და შევა ექსპლუატაციაში ასეთი ტიპის ცენტრალიზებული საცავი.“

სახიფათო ნარჩენების გასანადგურებელი ობიექტის ტერიტორია ბათუმში 2022 და 2026 წელს

სკრინინგის განცხადებაში წერია, რომ ობიექტზე „გარანტირებულია ნარჩენების დამუშავების აბსოლუტური იზოლირებულობა და უსაფრთხოება“, თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტო „სანდასუფთავებას“ მიუთითებს, რომ აუცილებელია შეფასდეს ამ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების ხარისხი.

სააგენტოს უფროსის ბრძანებაში აღნიშნულია:

  •  „სახიფათო ნარჩენების გასანადგურებლად ინგლისური ფირმის „Insiner 8 LTD-s Model P-16 Series OIL“ დანადგარს [ინსინერატორს] იყენებენ, რომლის მაქსიმალური წარმადობა 10 საათში 400 კილოგრამს შეადგენს და დიზელის საწვავზე მუშაობს.
  • ინსინერატორისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის 500-მეტრიან რადიუსში სხვადასხვა შენობა-ნაგებობები ფიქსირდება, რომელთა ფუნქციური დანიშნულების შესახებ ინფორმაცია სკრინინგის განცხადებაში მოცემული არ არის.
  • სკრინინგის განცხადებაში წყალმომარაგებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურისა და წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის, რაც სათანადო შესწავლას და შეფასებას საჭიროებს.
  • ვინაიდან ინსინერატორის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საწვავის რაოდენობის გაზრდასთანაც, ეს მოითხოვს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედების დეტალურ შესწავლას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას.
  • მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში ძირითადად განხილულია ადლიის ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ხოლო უშუალოდ კუმულაციური [მათ შორის ობიექტის მიერ] ზემოქმედების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია მოცემული არ არის.
  • შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედება დეტალურ შესწავლას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას მოითხოვს.
  • ვინაიდან ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების რიგი დარღვევები, რაც გარემოსდაცვითი რისკების არასათანადო მართვაზე მიუთითებს, ხოლო სკრინინგის განცხადება არ შეიცავს საკმარის და სრულყოფილ ინფორმაციას საქმიანობის მასშტაბის ზრდით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებისთვის, ამიტომ შეუძლებელია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების სათანადო იდენტიფიცირება, აგრეთვე ეფექტიანი პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა.
  • აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით საგულისხმოა იმ პირობებში, როდესაც ინსინერატორის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, არსებითად ზრდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების, კუმულაციური ზემოქმედების, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რისკებს.“

რამდენიმე დეტალი უშუალოდ სკრინინგის განცხადებიდან:

  • „ბათუმის მერიის სამედიცინო-ბიოლოგიური მავნე ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმო განთავსებულია უშუალოდ ბათუმის, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელ პოლიგონზე.
  • მოქმედი ნაგავსაყრელი პოლიგონის ფართობი შეადგენს 25 ჰა-ს, რომელიც გადავსებულია.
  • ნაგავსაყრელიდან გაბატონებული ქარების ზემოქმედებით ემისიების გაბნევა ხდება ზღვისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით, სადაც დამსვენებლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ექმნებათ დისკომფორტი დასვენებისა და ცხოვრების ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის…
  • ნაგავსაყრელს არა აქვს წყალგაუმტარი ფენის დამცავი სისტემა, ასევე არ გააჩნია ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გამწმენდი ნაგებობა. არ გააჩნია აირგამყვანი სისტემები. განთავსებული ნარჩენების სიმაღლე ცალკეულ ადგილზე 12-15 მეტრზე მეტს აღწევს.
  • ვიზუალური შეფასებით 1965 წლიდან 2022 წლამდე ნაგავსაყრელ პოლიგონზე ტრანსპორტირებული ნარჩენების რაოდენობა დაახლოებით 4-4,5 მილიონ ტონაზე მეტია…“

სკრინინგის განცხადებაში „სანდასუფთავება“ აქცენტს აკეთებს ბათუმის ნაგავსაყარზე იმ კუთხით, რომ ის კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და გადაწყვეტილია მისი დახურვა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იგეგმება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე საერთაშორისო სტანდარტების თერმული დამუშავების ობიექტის [დანადგარ-მოწყობილობის შეძენა] მოწყობა“.

სახიფათო ნარჩენების განადგურება / ფოტო გადაღებულია 2022 წელს

„სანდასუფთავება“ მართალია, „კანონმდებლობასთან შეუსაბამო“ ნაგავსაყარ პოლიგონზე წერს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სახიფათო ნარჩენების განადგურების ობიექტს თავადაც „კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ“ ამუშავებს. თუმცა, ამ ობიექტის ფუნქციონირებას შემდეგი არგუმენტით ამართლებს:

„ალტერნატიული სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის ობიექტი, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს, ხოლო ცალკეული დაწესებულებების საქმიანობების შედეგად, წარმოქმნილი, დაგროვილი სამედიცინო [სახიფათო] ნარჩენები საკმაოდ დიდი მოცულობით გროვდება და დიდი რისკია მისი არსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე გატანის, თუ არსებული ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერება მოხდება.

გამომდინარე აქედან საჭიროა მისი ოპერირება მანამ, ვიდრე არ მოხდება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა.“ – წერს „სანდასუფთავება“.

აღსანიშნავია, რომ ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ამუშავებულა. ბათუმის [ადლიის] მოქმედი ნაგავსაყარის დახურვა კი უშუალოდ დაკავშირებულია ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებასთან. კონკრეტულად როდის ამუშავდება ნაგავსაყარი ცეცხლაურში ამ დრომდე უცნობია.

ისევ ინსინერატორს რომ დავუბრუნდეთ, გარემოს ეროვნული სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებაში წერს, რომ „ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული საიტის [GE0000054 – „ჭოროხის დელტა“] საზღვრებში, საჭიროა ბიომრავალფეროვნება და მასზე მოსალოდნელი ზემოქმედება შეფასდეს არამხოლოდ ინსინერატორისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, არამედ საქმიანობის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების გავრცელების არეალშიც, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის დამტკიცებულ საიტზე, კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით“.

„გარდა ამისა, ზურმუხტის ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების ანგარიშში ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის სტანდარტულ მონაცემთა ფორმაში მოცემული მონაცემები ბიომრავალფეროვნების კომპონენტების ზემოქმედებისადმი სენსიტიურობასთან, ამ ზემოქმედების ალბათობასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით დასაბუთებას საჭიროებს.

ამასთან, დგინდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და შესაბამისი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმების საჭიროება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ცხოველებზე და მათი არსებობისთვის მნიშვნელოვან ადგილებზე, აგრეთვე, ფრინველთა გადაფრენის მარშრუტებზე, მათ საბუდარ, საკვებ და დასასვენებელ ადგილებზე ზემოქმედებაზე.“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2026 წლის 29 ივნისის ბრძანებაში.

მწვანე ფერით მონიშნულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული საიტი – GE0000054 – „ჭოროხის დელტა“ / ინსინერატორი, ნაგავსაყარი და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია მთლიანად ამ ზურმუხტის ქსელის საზღვრებშია მოქცეული

ვიდრე გზშ მომზადდება, ბათუმში, თანაც ზურმუხტის ქსელის საზღვრებში მუშაობას აგრძელებს ინსინერატორი, რომლის შედეგად რა ზიანი ადგება გარემოს, არავინ იცის.

„ზურმუხტის ქსელთან“ დაკავშირებით კი ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: