მთავარი,სიახლეები

ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით

29.06.2026
ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით

გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს.

მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ.

სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები, „ოცნების“ მხარდამჭერები ან დეპუტატები, მათ შორის არის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიაც.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის შვილების კომპანია გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობს – ამ კომპანიას ეკუთვნის ე.წ. გონიოს წვერი – „დაკვირვების წერტილი“, ბათუმისა და მისი შემოგარენის ხედით, როგორც მას ახასიათებენ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი საქართველოში. 

 

ეს ადგილი ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის საკუთრებაშია

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის შვილების – მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების კომპანია, შპს „სმარტ კაპიტალ გრუპი“ გონიოს მთაზე 24,4 ჰექტრამდე ფართობს ფლობს. სამივე ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი აქვს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

სამი საკადასტრო ერთეული – ჯამში 244 991 კვადრატული მეტრი კომპანიას 2022 წელს დაურეგისტრირებია, ერთი ნაკვეთი გონიოშია დარეგისტრირებული, ორი კი ამ ნაკვეთის გაგრძელებაზეა, თუმცა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ჭარნალის მთაზე გადადის. ამ მიწის ნაკვეთებს სამანქანე გზა ყოფს.

წითელი ფერით მონიშნულია ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის მიწის ნაკვეთები, ხოლო მწვანე ფერით მონიშნული 8 ჰექტარი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოში დარეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის. მფლობელის გარკვევა რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვანო ჩხარტიშვილთან იყოს დაკავშირებული ეს კომპანიაც. 

ადგილი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიას ეკუთვნის, გონიოს მთიდან იწყება და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გადადის. ამ ადგილიდან ერთ მხარეს მთისა და ზღვის პანორამული ხედები იშლება, მეორე მხარეს კი მთისა და მწვანეში ჩაფლული ხეობის ხედები. აქედან კარგად ჩანს ქალაქი ბათუმი, სარფის მთა, გონიოს სანაპირო და ჭოროხის დელტა.

 

ჭოროხის დელტისა და ქალაქის ხედი

მათი დახასიათებით, ვინც ამ ადგილს ხშირად სტუმრობს, გამწვანებული მთებით გარშემორტყმულ სივრცეს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ზაფხულში გრილი ჰაერი და ირგვლივ გაშენებული ციტრუსის სურნელი. აქ არ აღწევს ქალაქის ხმაური. შეიძლება ითქვას, რომ ვანო ჩხარტიშვილის შვილების საკუთრებაშია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი გონიოს მთაზე.

ორივე მიწის ნაკვეთი 2022 წელს შპს „აჭარა რეალ ისთეითმა“ იყიდა, ამ კომპანიის ასივე პროცენტი ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიას „სმარტ კაპიტალ გრუპს“ ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ დირექტორია თინათინ ზოიძე, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მთავრობაში ადმინისტრაციის უფროსი იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერიაში კონკრეტული პროექტი შესული არ არის. თუმცა შესულია განაცხადი, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანაზე შეთანხმებას ცდილობენ, კონკრეტული პროექტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ჯერ სამშენებლო ღობეც კი არ არის, თუმცა ერთ-ერთ მისადგომთან რკინის ჭიშკარია მინიშნებით, რომ ტერიტორია ვიდეოთვალით კონტროლდება.

„აჭარა რეალ ისთეითის“ საკუთრება

ამ ორი ნაკვეთის მომიჯნავედ, ძალიან ახლოს 8 ჰექტარს [81 722 კვ.მეტრი] ფლობს შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“ – ეს კომპანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოშია დარეგისტრირებულ. მისი მფლობელის დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს კომპანიაც ვანო ჩხარტიშვილთან იყოს კავშირში. ყველასთვის ცნობილია, რომ ვანო ჩხარტიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გამჭვირვალე არ არის და ობშორებშია დამალული.

ამ შემთხვევაში, მისი შვილების კომპანიას ექნება არა 24, არამედ 32 ჰექტრის განკარგვის შესაძლებლობა.

შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში ინფორმაცია 2008 წლიდან იძებნება. ამ წელს იგივე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა კომპანიამ, რომელიც არაბთა საამიროებშია დაფუძნებული – შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“. – ამ კომპანიის მფლობელები აფრიკის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

მიწის ნაკვეთის ამ კომპანიაზე დარეგისტრირების მოთხოვნით რეესტრს მიმართა შალვა ელიზბაღაშვილმა.

რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, მოთხოვნილი იყო „საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ განკარგულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე. დოკუმენტებში არ ჩანს, ეყრდნობოდა თუ არა გადაწყვეტილება მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2017 წელს, იგივე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა შპს „პრომეტკო ჯორჯიამ“, ამჯერად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ეს კომპანია ეკუთვნის შპს „სონატა ალიანს ჯორჯიას“, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

შპს „აჭარა რეალ ისთეითი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მის ასივე პროცენტს შპს „სმარტ კაპიტალ გრუპი“ ფლობს. შპს „სმარტ კაპირალ გრუპი“ 2013 წელს ვანო ჩხარტიშვილის შვილმა, მიხეილ ჩხარტიშვილმა დააფუძნა და ერთპიროვნულად ფლობდა, კომპანიას მაშინ შპს „სმარტ კაპიტალ ჯორჯია“ ერქვა.

2020 წელს კომპანიის მეწილეები გახდნენ ივანე ჩხარტიშვილი – 51%, ნათია ჩხარტიშვილი 24.5%, მიხეილ ჩხარტიშვილს დარჩა 24.5%, 2022 წლიდან კი კომპანიის წილებს მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები თანაბრად ინაწილებენ.

ვანო ჩხარტიშვილის შვილების მიწის ნაკვეთზე ამ დროსთვის რაიმე სამშენებლო პროექტი შეთანხმებული არ არის. 2021 წელს ამ ადგილზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხის მშენებლობის ნებართვა მოუთხოვიათ, თუმცა დაიწყეს თუ არა სამუშაოები ადგილზე ვერ გავარკვიეთ.

შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ მიწის ნაკვეთი გონიოს მთაზე ბათუმიდან 9 კილომეტრშია – ამ ნაკვეთთან მისვლამდე გაივლით სოფელ ავგიას, გზა სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის.

გონიოს სანაპიროს ხედი ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის მიწის ნაკვეთიდან

  • „ოცნების“ დეპუტატმა მშენებელი კომპანია გონიოს მთაზე, 2 ჰექტარზე მშენებარე პროექტით, 100 000 ლარად გაყიდა 

„ოცნების“ დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ გონიოს მთაზე, სოფელ ავგიას ტერიტორიაზე, 2 ჰექტარზე მეტ [25 773 კვ.მეტრი] ტერიტორიას ფლობს. აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასაწყებად ტერიტორია უკვე მომზადებული აქვს.

შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსის“ საპროექტო ტერიტორია ახალსოფლის დასახლებაში, შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება

პირველი პროექტის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას შეათანხმა, კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებდა. ის ამ ფართობზე ტერასულად უნდა განლაგებულიყო. მისი დამტკიცებიდან მოკლე ხანში კომპანიამ ცვლილება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კოტეჯებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით ჩაანაცვლებენ – მაქსიმალური სიმაღლე 56,4 მეტრი. ამ პროექტზე ბათუმელები ადრეც წერდა.

რენდერი

რენდერი

საჯარო რეესტრის მიხედვით, „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ 2023 წელს დააფუძნა დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ და 2025 წლის სექტემბრამდე ერთპიროვნულად ფლობდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მან გასულ წელს კომპანიის 100 პროცენტიანი წილი გაასხვისა, მყიდველი ბიზნესმენი ზურაბ ნასყიდაშვილია.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საჯარო რეესტრში ატვირთული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ასი პროცენტი, რომელიც გონიოს მთაზე ზღვისა და მთის ხედებით 2 ჰექტარ ფართობს და ამ ფართობზე მშენებარე კომპლექსს ფლობს, „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ 100 000 ლარად გაყიდა.

ახალმა მყიდველმა გადაიბარა ის ვალდებულებები, რაც დეპუტატის კომპანიას მიწის ნაკვეთების მფლობელებთან აქვს აღებული. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ კომპანიის მფლობელობაშია, თიბისი ბანკშია იპოთეკით დატვირთული და ვალის გადახდის ვალდებულება უკვე ახალ მფლობელს აქვს. 

  • შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ – საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ 2500 კვ.მეტრზე კარგად გამწვანებულ მომაღლო ადგილზე სანაპიროს ხედით ვილებს აშენებს.

მამუკა კაკაბაძემ სამშენებლო ბიზნესი ახლახან გადაუფორმა ძმას – ამ თემაზე ვრცლად წაიკითხე აქ: საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა“

პროექტის რენდერი

  • შპს „ბათუმი ინვესტმენტ“ – რუსეთის მოქალაქეების კომპანია

გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მის 45 პროცენტს რუსეთის მოქალაქეები – დმიტრი სოლოვიხი და ოლეგ ემელიანოვი ფლობენ. კომპანიის 55 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, როინ ზოიძეს ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის 2026 წლის 30 მარტის ამონაწერით, აქ ვილებს უკვე ყიდიან, მყიდველები კი უმეტესად რუსეთი მოქალაქეები არიან.

მშენებარე პროექტი

მშენებლობის ადგილი

ამ პროექტთან ახლოს – 4 590 კვ მეტრზე ვილებს აშენებს შპს „ჯეო პანორამაც“. პროექტი გათვალისწინებულია სამსართულიანი შენობის აშენება, სადაც განთავსდება 29 იდენტური და ინდივიდუალური საცხოვრებელი ერთეული.

რენდერი

  • „ევროპიან ვილაჯი“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „გონიოს წვერზე“ გეგმავს

„ევროპიან ვილაჯის“ შვილობილი კომპანია, შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ გონიოში 8 397 კვ.მეტრზე სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლოდ კერძო ტერიტორია და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მცირე ზომის მიწის ნაკვეთი გამოისყიდა. სამშენებლო მიწის ნაკვეთები გონიოს სანაპიროსთან ახლოს მაღლობზეა, მთას ვერ ვუწოდებთ.

პროექტი მოიწონა და დაამტკიცა ბათუმის საკრებულომ.

მონიშნულია სამშენებლო ადგილი – მარცხნივ პროექტის რენდერი

მშენებლობის ადგილი, მარჯვნივ რენდერი.

პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოს ცენტრიდან წმინდა ნინოს პირველი ჩიხით, უკავშირდება ქალაქის სატრანსპორტო ქსელს.

ამავე გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის ხარჯზე დაგეგმილია ახალი გზის გაყვანა 6 მეტრი სავალი ნაწილით და 2,6 მ სიგანის ტროტუარებით, რომელსაც შეუერთდება კომპლექსის შიდა სატრანსპორტო გზები.

გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა სასტუმრო კომპლექსის მიწისქვეშა სივრცეში, სადაც განთავსდება 101 ერთეული ავტომობილი და მოეწყობა 14 მიწისზედა ავტოსადგომი. ჯამში 115 საპარკინგე ადგილი. ავტოსადგომების რაოდენობა დაზუსტდება სასტუმრო კომპლექსის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების შედეგად.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი 16-სართულიანი იქნება.

შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ შპს „ევროპიან ვილაჯის“ შვილობილი კომპანიაა, ისევე როგორც შპს „აჭარა ლენდ ინვესტი“, „ეუროპიან ვილაჯი-აქვა“, შპს ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ და სხვა კომპანია გონიოში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის აპარტოტელის ტიპის სასტუმრო, ვილები.

შპს „ეუროპიან ვილაჯი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 49 პროცენტს ისრაელში დაფუძნებული კომპანია „კარმელ ჯგუფი“ ფლობს, 51 პროცენტი კი უკრაინის მოქალაქეებს – ანდრიი მოზოლევსკის [25%] და ჰალინა დიმაროვსკას [26%] ეკუთვნით.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: