კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
„ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე შემთხვევაში კი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა ქრთამის სახით აიღო 600 ლარი:
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






