მთავარი,სიახლეები

“ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს

30.06.2026
“ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს

„ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არის ოცდათვრამეტი ბაღი. 2025 წელს სწავლა არ მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს ოცდათვრამეტიდან თორმეტი ბაღი. ფაქტობრივად, ბაღების მესამედი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი.

როცა ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

დღეს, 30 ივნისს გამართული ბათუმის საკრებულოს სხდომის არცერთი საკითხი არ ეხებოდა ბაღების მშენებლობას.

დეპუტატმა საკითხის წამოსაჭრელად კომენტარისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენა.

ვაჟა დარჩიამ საკუთარ სიტყვაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქალაქში 38-ვე ბაღი მუშაობდა, თუმცა ადგილი მაინც არ იყო საკმარისი ბავშვებისთვის.

„როცა ოცდათვრამეტივე მუშაობდა, ასობით ბავშვი ისე ხდებოდა 6 წლის, რომ ბაღში მისვლას ვერ ახერხებდა, სკოლის ასაკი უწევდა.

ასობით ბავშვია ახლა რიგში და თორმეტი ბაღი ვერ გავხსენით ორი წლის განმავლობაში.

კორუფცია აღმოვფხვერითო, რომ ამბობთ, კორუფციაა ამ ბაღების ვერ გარემონტების და ვერ გაკეთების მთავარი სიმბოლო.

იმიტომ რომ, მაგალითად 24-ე ბაღი ბენზეში, რომელიც 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით ჩვენმა თავმჯდომარემ და ყოფილმა მერმა გახსნეს, დღეს არის ავარიულ მდგომარეობაში. მაშინ როცა ნახევარი ბათუმი მართლა ხრუშჩოვკებში, საბჭოთა დროინდელ სახლებში ცხოვრობს.

ბავშვებისთვის აშენებული უახლესი ბაღი ხუთ წელში რანაირად უნდა დანგრეულიყო?

მეორე, მესამე, მეექვსე, მეცხრე, მეათე, მეთორმეტე, მეთექვსმეტე, მეთვრამეტე, მეოცე, ოცდამეექვსე ბაღები… ოცდამეცხრე ბაღი გონიოში…

სამი წელია გონიოში 29-ე ბაღთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ მოახერხეთ. მოსახლეობამ ამასწინათ დამიძახა და მითხრა – რა ხდება ამ ბაღთან ერთი გაგვირკვიეო,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

მანვე იკითხა, სად იყვნენ ის კომპანიები, ან მათი წარმომადგენლები, ვინც ის ახალი ბაღები ააშენა, რომელიც ახლა ავარიულია.

დადგა თუ არა ამ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი და რა რეაგირება აქვს ამაზე ქალაქის ხელისუფლებას.

„ეს კომპანიები სად არიან? პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ვინმე დავიჭირეთ?

ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, იმაზე რომ ქალაქში ბაგა-ბაღები არ არის და რა ბაღებიც არის იქიდან თორმეტი მიუწვდომელია ბავშვებისთვის,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ.

ვაჟა დარჩიას მიერ წამოჭრილ საკითხს გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.

„ჩვენს წევრთან ერთად დავდივართ, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების მოსანახულებლად.  ერთ-ერთი [გასვლის დროს] ასეთი ბაღები მოვინახულეთ.

მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მუსხელიშვილის, მესხის და ხალვაშის ქუჩაზეა ახალი [ბაღი]. ბევრი [ბაღი] რეაბილიტაციის პროცესშია. ძალიან მალე გვექნება თანამედროვე სტანდარტების ბაღები.

გეთანხმებით, აუცილებელია და მუშაობს მერიის  შესაბამისი სამსახურები. ძალიან მალე   გვექნება კარგი, მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების ბაღები და ჩვენი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვები მიიღებენ ამ სერვისს აუცილებლად მაღალი დონით,“ – დადო პირობა საკრებულოს სხდომაზე ივანე მაისურაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გონიოში მშენებარე ბაღთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მამუკა კაკაბაძემ.

მისი თქმით, გონიოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია როცა დაიწყო, შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ბაღი რემონტს აღარ ექვემდებარებოდა.

„გონიოს ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ მიმდინარეობს, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

რეაბილიტაციის პროცესში სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შენობას ძალიან დაძველებული კედლები ჰქონდა და შესაბამისად, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა. სასურველია არსებულის დემონტაჟი და ახალი ბაღის მშენებლობა.

ამჟამად მუნიციპალიტეტი ეძებს ახალ ლოკაციას, რადგან აღნიშნულ ადგილზე ფართომასშტაბიანი ბაღი ვერ აშენდება. ახალ ლოკაციასთან დაკავშირებით გაგზავნილია წერილები აჭარის მთავრობასთან, ელოდება მუნიციპალიტეტი პასუხს. შესაბამისად, ძალიან მალე ამ საკითხს ჩვენ უკვე ქალაქის ბიუჯეტში ვიხილავთ.

რაც შეეხება ზოგადად ბაღების თემას, ახალი 9 ბაღი აშენდა. ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება 11 საბავშვო ბაღს,“ – თქვა მამუკა კაკაბაძემ.

კონკრეტულად რა მისამართზე შენდება ახალი 9 ბაღი, მამუკა კაკაბაძეს არ დაუსახელებია.

ფოტოზე: ივანე მაისურაძე და ვაჟა დარჩია. 

ამავე თემაზე:

440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: