მთავარი,სიახლეები

შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“

02.07.2026
შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“

მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო.

მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის.

ჩემი აქ ყოფნა სანერვიულო არ არის, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია, რომელიც უკვე დიდი საფრთხის წინაშეა ქოცნახირის ხელში. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა ვიყოთ თანამონაწილეები ამ დანაშაულის. უნდა ვესაუბროთ იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, არ აინტერესებთ და უპასუხისმგებლოდ უყურებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი შვილების მომავლის მკვლელობას.

ეს დანაშაულია, ეს სამარცხვინოა. მოვა დრო, როდესაც შერცხვება ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს ან უმოქმედობით თანამონაწილეობს.

ვინც იბრძვის და ეწინააღმდეგება ამ უსამართლობას, ყველას მადლობა. ყველა მიყვარხართ, ყველა ღირსეულები ხართ, ყველა სამაგალითოები ხართ. ყველას მადლობა, რომ გვკითხულობთ და არ გავიწყდებით. ყველა მოიკითხეთ ჩემგან, გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან # E-67 კამერა. თქვენი და ჩვენი ქვეყნის მონა მორჩილი მანუჩარ მიქელაძე, დაბადებული აჭარა, შუახევის რაიონის სოფელი ბუთურაული.

ერთი და მთავარი სურვილი მაქვს: ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე! ეს გამარჯვება იქნება ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარი, რითაც ყველა ვიამაყებთ, ვისაც წვლილი გვექნება ამ ყველაფერში.

დაგემშვიდობებით. დროებით ჩემო ღირსეულო და პატრიოტიზმით აღსავსე ქართველო გოგო-ბიჭებო. ჩემი თანასაკნელი სერგო ქიმერიძე გიცხადებთ სოლიდარობას და გკითხულობთ ყველას და გაძლევთ რჩევას – მთავარი ის არ არის ვინ და რა სიძლიერისაა მოწინააღმდეგე, მთავარია ვინ არის შენი თანამებრძოლი.

ამ და სხვა თემებზე ვრცლად შემდგომში მოგწერთ. თქვენგან ველი წერილებს თუ არ დაგეზარებათ.“

მანუჩარ მიქელაძე

მანუჩარ მიქელაძეს გამოძიება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს საქმე ჯერ არ განუხილავს სააპელაციო სასამართლოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: