ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

23.06.2024
გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს.

პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] მოცემული ინფორმაციით ამ პროექტიდან ბიზნესმენმა 18 მილიონი ლარი უნდა მოიგოს.

რენდერი

საპროექტო ტერიტორია ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალსოფლის დასახლებაში მდებარეობს

განაშენიანების დეტალური გეგმისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მიხედვით მრავალბინიანი კორპუსების ორ სართულზე პარკინგს მოაწყობენ, ერთ სართულზე ჰოლი და სავაჭრო სივრცეები განლაგდება, დარჩენილ 12 სართულზე კი საცხოვრებელი ბინები.

ორივე კორპუსში ჯამში 520 ბინა განთავსდება. 1300 კვ.მეტრი კი კომერციულ ფართობებს დაეთმობა. პროექტის მიხედვით კორპუსებს მიწისქვეშა პარკინგი ექნება, ჯამში 88 ავტომობილზე გათვლილი. ინდივიდუალური პარკინგის ადგილები ექნებათ დაბალ სახლებსაც.

ბათუმი, ახალისოფელი / ტერიტორიას მშენებლობისთვის უკვე ამზადებენ / 21.06.2024

შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ „ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს, გია ჭყონიას ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის სამშენებლო ტერიტორია, რომელიც ტერასულ ფერდობზე, ზღვისა და მთის ხედებით ორ-ნახევარ ჰექტარს მოიცავს. ეს ახალი კომპანია ბიზნესმენს, რომელიც საერთო ჯამში 20-მდე კომპანიის მფლობელია, 2023 წლის მარტში დაუფუძნებია.

გია ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და ამ პარტიის მსხვილი შემწირველია. ის ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც 2022 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანასეს.

გიორგი ჭყონიას კომპანიები: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღეს 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ბიზნესმენის საქმიანობაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პირადად გიორგი ჭყონიამ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 400 000 ლარზე მეტი შეწირა. 

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

„გონიო ლაქშერი რეზიდენსის“ პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში, პროექტის ეკონომიკური გათვლაც არის მოცემული, რომლის მიხედვითაც მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 55 მილიონი ლარია, ხოლო სავარაუდო შემოსავალი 82 მილიონამდე ლარი. მოგება გადასახადების გამოკლებით კი, 18 მილიონი ლარი უნდა იყოს.

ამონარიდი განაშენიანების დეტალური გეგმიდან

მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა პროექტი ახალი შიდა გზების მოწყობასაც ითვალისწინებს. ამ გეგმით, საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 6 მეტრი სიგანის შიდა გზების და საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა.

რენდერი

ახალსოფლის ცენტრიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთამდე მანძილი დაახლოებით 650 მეტრია. კომპლექსი რელიეფურად გორაკიან ადგილზე შენდება და ახალსოფლის დასახლების ცენტრიდან სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელად ავგიის ქუჩისა და ავგიის პირველი ჩიხის საავტომობილო გზის გამოყენება იქნება საჭირო. ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობაა, თუმცა ის საკმაოდ ვიწრო გზაა იმისთვის, რომ აქტიურად მოძრავი ავტომობილები შეუფერხებლად გაატაროს.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერენ, რომ ობიექტის ეზოში სამოძრაო არეალი საშუალებას იძლევა ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილებისათვის თითოეული ბლოკის მიმართულებით და „წარმოდგენილი სქემა ხელსაყრელია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ბრიგადების შეუფერხებელი გადაადგილებისათვის,“ თუმცა, იგივე დოკუმენტში ვკითხულობთ:

„დღევანდელი მოცემულობით როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში, ავტომანქანების რაოდენობის მატების ტენდენცია კვლავ გრძელდება, შესაბამისად მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პირობებში აუცილებელია ავტომფლობელი მაცხოვრებლებისათვის და ასევე ვიზიტორებისათვის გათვალისწინებული იქნეს საპარკინგე სივრცის მოწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ავტომანქანების სიმრავლემ, საკვლევი ობიექტის მიმდებარე ქუჩებზე გამოიწვიოს ავტომანქანების ნაკადების მოძრაობის შეფერხება. აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს საკვლევ ობიექტს გააჩნდეს ინდივიდუალური მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოპარკინგები.“

ხედი საპროექტო ტერიტორიიდან [ფოტოს უკანა ფონზე ჩანს ზღვა, გონიოს ყოფილი პოლიგონი, ჭოროხის დელტა და ბათუმი] / 21.06.2024

დოკუმენტების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა საცხოვრებელი ბლოკების შესაბამისად. მაგალითად: A ბლოკში 225 ბინაზე გათვალისწინებულია ორ დონეზე ავტომობილების 36 მიწისქვეშა სადგომი. B ბლოკში 295 ბინაზე, ასევე ორ დონეზე – 52 ავტოსადგომი. ინდივიდუალური კოტეჯების მაცხოვრებლებისათვის – მიწისზედა 38 ავტოსადგომი.

ასევე ობიექტის შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა 50 ერთეული მიწისზედა ავტოსადგომი. სულ ჯამში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შეადგენს 176 ერთეულს, რაც კომპანიის ინფორმაციით „სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს“.

ანუ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ 176 ავტომანქანის ადგილი „სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს“ 520 ბინისთვის.

დოკუმენტებში წერენ ასევე, რომ სამშენებლო ტერიტორიის სატრანსპორტო პროექტით საცხოვრებელი კომპლექსისა და უბნისათვის დამატებითი შესავლელები და გამოსასვლელები გათვალისწინებულია ავგიის პირველი ჩიხიდან და მეფე მირიანის პირველი ჩიხიდან. გარდა ამისა, გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიის მხარეს საპროექტო მიწის ნაკვეთების გასწვრივ, დაგეგმილია გზის გაფართოება 6 მეტრ სიგანემდე.

„კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილი გზები ქმნიან ერთიან საგზაო ინფრასტრუქტურას არსებულ გზებთან, რითაც დამატებით ფაქტორი იქმნება და ჩიხური მონაკვეთი გადაიქცევა სრულყოფილ გზად. რაც არსებითად აუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას“ – წერენ დოკუმენტში.

რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევას, განაშენიანების დეტალურ გეგმაში მოცემული ინფორმაციით „სამშენებლო ტერიტორია მდგარადია და არ შედის სტიქიური პროცესების საშიშროების ზონაში; ასევე საკვლევ ტერიტორიაზე მცირეწყლიანი ღელე ჩაედინება“.

ამ ღელის კალაპოტი ერთ ადგილზე დღეს გამოთხრილი მიწითაა ნაწილობრივ ამოვსებული:

ღელე და გამოთხრილი მიწა საპროექტო ტერიტორიაზე

გდგ-ში ვკითხულობთ იმასაც, რომ კომპანიამ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობაც გამოჰკითხა, სულ 47 ადამიანი და მერიას აცნობა, რომ უმეტესობა მიესალმება პროექტის განხორციელებას.

კომპანიამ მერიას წარუდგინა ასვე ფოტომასალაც, რომლითაც აცნობა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე საინფორმაციო დაფა ჰქონდა გამოკრული.

ამ ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხადი ხდება, რამდენად აინტერესებს კომპანიას მიმდებარედ მცხოვრებთა მოსაზრებები, ან მერიას, რომელმაც საინფორმაციო დაფის ასე განთავსება მიზანშეწონილად მიიჩინა. ამაზე კითხვა არც საკრებულოში გასჩენიათ, მათ დოკუმენტი უპრობლემოდ დაამტკიცეს.

საინფორმაციო დაფა გდგ-ს შემუშავების თაობაზე

სამშენებლო ტერიტორიის ხედები გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მხრიდან / 21.06.2024

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.