მთავარი,სიახლეები

ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“

30.06.2026
ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“

ბათუმის ღამის კლუბებიდან ხშირად ისმის რუსული ხმები. tkt.ge-სა და biletebi.ge-ს თუ გადახედავთ, ნათლად დაინახავთ, რომ მთელი ტურისტული სეზონი გასართობ ცენტრებს, ფაქტობრივად, რუს მომღერლებზე აქვთ აგებული.

მათ შორის არიან პუტინის მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მაგალითად, ანი ლორაკი, რომლის კონცერტიც ბათუმის კორტებზე 14 აგვისტოს არის დაგეგმილი. რუსი მომღერლების კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს.

კონცერტების დიდი ნაწილი იმართება TEATRO NIGHT CLUB-ში და ბათუმის კორტებზე, რომლის მფლობელიც საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეცაა.

კორტების მფლობელის წარმომადგენელს, დიმიტრი ბლიაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ვინ არის რუსი მომღერლების ბათუმში ჩამოყვანის ორგანიზატორი.

მისი თქმით, კორტებს ამ ეტაპზე ორი მოიჯარე ჰყავს.

„ერთი ჯაზ-ფესტივალი იმართება და მათთან გვაქვს ხელშეკრულება და მეორე მოიჯარე „რითმი 2018“-ია. თბილისური კომპანიაა“, – გვეუბნება დიმიტრი ბლიაძე.

რეესტრში ორი ეს კომპანია იძებნება. ერთ-ერთს წარმოადგენს მარი ბუბაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, არიან თუ არა რუსული კონცერტების ორგანიზატორები და რატომ ჩამოჰყავთ მომღერლები ოკუპანტი ქვეყნიდან.

მარი ბუბაშვილი ამბობს, რომ რუსულ კონცერტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. „არ ვარ ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – გვითხრა მან, თუმცა მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ არ იცის, ზუსტად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან შემსრულებლები.

„ზოგი საიდან ჩამოდის და ზოგი საიდან, მაგრამ ძირითადად არიან DJ-ები. ვერ მივხვდი, რატომ მკითხეთ რუსებზე. ეს რა შუაშია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, 3 DJ-ი ეწვევა ბათუმს აგვისტოს თვეში და აქედან რუსი არცერთი არ არის.

biletebi.ge-ზე, კორტებზე დაგეგმილი კონცერტების ერთ-ერთ ორგანიზატორად, Batumi Live-ი მითითებულია. სწორედ მათ ჩამოჰყავთ რუსი შემსრულებელი ანი ლორაკი და კიდევ ერთი რუსული ჯგუფი – t.A.t.u. ივენთის ორგანიზატორად მითითებულია Batumi Live-ი, რომლის მფლობელიც რეესტრის თანახმად მამუკა მამულაძეა. მასთან არაერთხელ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მითითებულ ნომერზე არავინ გვიპასუხა. ამ ნომერზე არც ჩვენს ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხეს.

„ბათუმელების“ ზარებს არც TEATRO-ში პასუხობენ, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაშია კონცერტებია ჩანიშნული. მათ ივნისის თვეშიც გამართეს არაერთი რუსი შემსრულებლის კონცერტი. მაგალითად, პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის Воровайки-ს კონცერტი, რომელიც მოქალაქეების პროტესტის ფონზე წარიმართა. ეს ჯგუფი პირველად წელს ჩამოიყვანეს ბათუმში.

ასევე დაგეგმილია ძარაკოვის, „განვესტის“ და UncleFlexxx-ის კონცერტები ივლისსა და აგვისტოში. დაანონსებულია სხვა მომღერლების ჩამოყვანაც.

თაკო სურმანიძე საქართველოს იმ მოქალაქეებს შორისაა, რომლებმაც ბათუმში, პუტინის მხარდამჭერი მომღერლების კონცერტი გააპროტესტეს.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, რადგან ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზეც კი, ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც აქვთ რუსული კულტურის მიმღებლობა.

„დოზებსაც გააჩნია, ხომ? მინიმალურად რომ იყვნენ წარმოდგენილი კიდევ მესმის, მაგრამ იმდენად დიდია უკვე რუსული ბიზნესის წილი ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩემი აზრით, საგანგაშოა. აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ მოსახლეობა.

წინა ხელისუფლების დროს მეტ-ნაკლებად შემუშავებული ჰქონდა სახელმწიფოს პოლიტიკა – ოკუპანტს ერქვა თავისი სახელი და მეგობარს – მეგობარი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა: მოგვიწოდებენ კიდეც, რომ ოკუპანტი არ ჩავთვალოთ მტრად და რუსეთი მეგობარ ქვეყნად შემოგვაპარონ.

წლების წინ ასეთი განგაშის მომენტი არ მქონდა, მაგრამ ახლა ვცდილობ, რუსებს არ დაველაპარაკო მათ ენაზე საქართველოში. თუ ასე გაგრძელდება, ეს მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. გარუსდება ქვეყანა“, – ამბობს თაკო სურმანიძე.

ასე გააპროტესტეს მოქალაქეებმა ბათუმში რუსი მომღერლების კონცერტი 27 ივნისს.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ღვინის გასაყიდად ან რომელიმე სხვა ბიზნესისთვის მტერს მისსავე ენაზე ელაპარაკო.

„გამოსავალი არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა რამ. დასაწყისშივე უნდა განსაზღვროს მთავრობამ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსების შემოსვლას ქვეყანაში, თუნდაც სამომხმარებლო სექტორში რუსული ენის ამ დოზით გამოყენებას.

მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეს საკითხი არ აქვს დღის წესრიგში დაყენებული.

როცა ჩვენ ვიდექით კლუბის წინ და რუსების კონცერტს ვაპროტესტებდით, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ირონიული ღიმილი ჰქონდათ ამ ყველაფერზე. ამის უკან იკითხება ის პროპაგანდისტული მესიჯები, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება ავრცელებს.

ზუსტად იგივე ფრაზები გვესმოდა: „დაფინანსებულები“, „ვინ დაგავალათ“, „ვისგან ხართ გამოგზავნილები“. იმის გააზრება, რომ მტერს არ უნდა უმღერო და უცეკვო, ნაკლებად ხდება.

ზოგიერთის პოზიციაა: „კონცერტი და პოლიტიკა რა შუაშია“, „სად არის პუტინი, ხედავთ აქ სადმე“ და ა.შ., მაგრამ პირდაპირ კავშირშია კონცერტი და პოლიტიკა ხშირად.

ისედაც დიდი რაოდენობით არიან შემოსული და ცდილობენ აქ დამკვიდრებას.

მე, ერთ რიგით მოქალაქეს შემტკივა ამ ქვეყნის მომავალზე გული, ამიტომ მიმაჩნია, რომ სპორტიც, ხელოვნებაც და კონცერტიც, ყველაფერი პოლიტიკაა და ერთმანეთთან კავშირშია.

ნებისმიერ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სწორედ გართობის ნაწილს იყენებენ პროპაგანდისთვის და ეს არ არის პოლიტიკისგან განყენებული თემა“, – ამბობს თაკო სურმანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: