უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთში, პენზის რეგიონში მდებარე „ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე“, საწარმოზე, რომელიც რუსეთის კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციაში [„როსკოსმოსი“] შედის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტია, რომელიც დაკავებულია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების კომპონენტების შემუშავებითა და წარმოებით.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამზე გავრცელებულ ფოტო/ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქალაქში საწარმოს თავზე დაკვამლიანებაა.
ზარალის მასშტაბები დგინდება.
თავდასხმა დაადასტურა რუსულმა მხარემ.
კერძოდ, პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ პენზაზე დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა და ტელეგრამზე დაწერა, რომ დაზიანებულ ობიექტზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მისი თქმით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევებმა „დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და დაუმთავრებელ შენობაზე დაეცა“.
პირველ ივლისს, ღამით, პენზის ოლქში განგაშის რეჟიმი გამოცხადდა, ხოლო საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა კვლავ დაბომბეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ უფაში. ზელენსკიმ დაადასტურა თავდასხმა და დასძინა, რომ ეს ქარხანა ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.






