ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე“-ში დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან გენერალური დირექტორის პასუხს, რომელიც მათ ამ დილით შეხვდა.
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი შეუმცირდათ და სამუშაო პირობები გაუარესდა. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი, შემცირდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინ, 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობა მთელი დღით შეაჩერეს.
„დღეს დილითაც იყო პროტესტი, თანამშრომლებს შეხვდა გენერალური დირექტორი, რომელმაც თქვა, რომ მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ უნდა დაელაპარაკოს თავის პარტნიორებს. გენდირექტორმა თანამშრომლებს მოუწოდა, დაჰბრუნებოდნენ სამუშაოს დღის ბოლომდე, ვიდრე ის კომპანიის პოზიციას გააცნობს დასაქმებულებს. ამ პირობით განახლდა მუშაობა,“ – ამბობს ორგანიზაციის – „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. ის სამკერვალო ფაბრიკაში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინვე მიმართეს შრომის ინსპექციას, თუმცა თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ამ დრომდე ინსპექცია პრობლემით არ დაინტერესებულა.
„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა შრომის ინსპექციას, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 1-2 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 706 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 097 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 37 631 ერთეული [+17]
MLRS – 1 659 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 305 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 148 021 ერთეული [+883]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+37]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 80 180 ერთეული [+116]
სპეცტექნიკა – 4 075 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ეს ადგილი ჩვენი იყო კომუნისტების დროიდან, მეთევზეთა კავშირს ეკუთვნოდა. გვაქვს ძველი დოკუმენტები, ამიტომაც, მერიას ვერ ექნება იგივე მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, რაც გვერდით მშენებარე რესტორნის მიმართ“, – ამბობს ბათუმის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, „ლურჯი ტალღის“ მესაკუთრე, იორდან ბიკოვი.
ბათუმში მისი რესტორანი ე.წ. თევზის ბაზრობის უკან, სანაპიროზე, გამჭვირვალე შუშის შენობაში სტუმრებს უკვე მასპინძლობს. მართალია ჯერ, „საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, რესტორანში ხალხმრავლობა არ არის, მაგრამ სტუმრები მაინც არიან.
იმავეს ამბობს „ბათუმელებთან“ რესტორან „ზღვის ვარსკვლავის“ მესაკუთრე ამირან ბერიძე.
„აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ადგილად. გავასუფთავეთ, მოვაწყვეთ, დავასაქმეთ ადამიანები, ფაქტობრივად ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენს ამბავს ბულვარის მოიჯარეების ამბავს ნუ შეადარებთ, იქ სხვა ვითარება იყო“, – გვითხრა მან.
კითხვაზე, თუ არსებობს დოკუმენტები, რაც საკუთრებას ადასტურებს, ასევე, რატომ არ იზრუნეს რესტორნების მესაკუთრეებმა, რომ მფლობელობა ოფიციალურად დაედასტურებინათ და რესტორნების საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექციათ, იორდან ბიკოვი გვპასუხობს, რომ ეს მათ არ შეუძლიათ და დახმარებას სწორედ მერიისგან ელიან: „ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ამას მოვაგვარებთ“.
იორდან ბიკოვის და ამირან ბერიძის ნაამბობით, წლების წინ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში, აქ მეთევზეების შენობა დაიწვა, მასთან ერთად განადგურდა დოკუმენტების ნაწილიც: „გადარჩა მხოლოდ ისინი, რომლებიც მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა წაღებული“.
იორდან ბიკოვმა გვაჩვენა მეთევზეების ძველი ჩანაწერების ჟურნალი და არქივიდან ამოღებული დოკუმენტი, რომელიც 1980 წლით თარიღდება. მისი ვერსიით, ეს ერთ-ერთია იმ დოკუმენტებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ადგილი „მეთევზეთა კავშირს“ ეკუთვნის.
ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის სანაპიროზე უკანონო რესტორნების ამბავი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამ რესტორნების გვერდით მშენებარე რესტორანი ბათუმის მერიამ დაშალა.
უკანონოდ მშენებლობის დაწყება, დასრულება, სართულების დაშენება, ამ შენობებში რესტორნების გახსნა, უკანონოდ აშენებული ფართობების გასხვისება პრობლემების გარეშე, ბათუმში წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა. მართალია, ამას ყველა ვერ ახერხებს, მაგრამ ბევრს კარგად გამოსდის. „ბათუმელები“ არაერთ ასეთ შემთხვევაზე წერდა გასულ წლებში.
ერთ-ერთ უკანონო რესტორანზე 25 თებერვალს, საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია საუბრობდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. მან რესტორანი „რუსთაველი“ ახსენა, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე უკანონოდ ააშენეს და დღესაც უპრობლემოდ მუშაობს.
ფაქტია, წლების დამკვიდრებულმა პრატიკამ ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ თავადაც „შემდგომში შეძლებენ მოგვარებას“.
სანაპიროზე უკანონოდ მშენებარე რესტორნის ნგრევას, გვერდით მდებარე რესტორნებში დასაქმებულები ადევნებდნენ თვალს, მათ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სამსახურის დაკარგვის ვერ დაუშვებენ.
„არის ხალხი, ვინც აქ 10 წელზე მეტ ხანს მუშაობს, მთლიანობაში ამ რესტორნებში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, – გვითხრა იორდან ბიკოვმა.
„ჩვენ აქ ინვესტიცია განვახორციელეთ, ცნობილ ადგილად ვაქციეთ“, – ამბობს ამირან ბერიძე.
აქ, სანაპიროზე, რესტორნები რკინა-ბეტონის მცირე ზომის შენობებით, დიდი შუშის დარბაზებითა და ზღვაში გამავალი პირსებით, უკვე წლებია მუშაობს და თანდათან გაფართოვდნენ კიდეც. მიწის ნაკვეთები, სადაც ეს რესტორნები ფუნქციონირებს, სახელმწიფოს საკუთრებაშია.
არაოფიციალური საუბრისას უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ ისინი, ვისაც პლაჟზე ან პლაჟთან ახლოს საქმიანობისთვის საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით სოლიდური გადასახადი აქვთ დაკისრებული და გარკვეული პირობების შესრულებაც ევალება.
„ჩვენ ვართ კანონიერად, საიჯარო გადასახადს ვიხდით, ვცდილობთ არ გავჩერდეთ, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, გამოწვევის წინაშე ვართ. სხვები გაფრთოვდნენ და საიჯარო გადასახადებსაც არ იხდიან. ეს სწორია?!“ – გულდაწყვეტით გვეკითხება ერთ-ერთი ობიექტის მესაკუთრე.
2020 წელს ამ რესტორნებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მერიას უმოქმედობაში დასდო ბრალი.
აუდიტორი წერდა, რომ მერიამ დროულად არ გამოავლინა და არ აღკვეთა უნებართვო მშენებლობები, არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება მშენებლობის შეჩერების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული 2 და 3-სართულიანი შენობების დემონტაჟის შესახებ, რის შედეგადაც ქალაქში გაჩნდა რვა შენობა „სივრცითი დაგეგმარების, კონსტრუქციული განაშენიანების, არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის გარეშე, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაძლო შეუსაბამო“.
აუდიტორის დასკვნაში დასახელებული რესტორნები: „ზღვის ვარსკვლავი“ , „ფიშლანდია“ , „ლურჯი ტალღა“ და „პონტო“, რომელსაც შემდეგ „ნეპტუნი“ დაარქვეს, დღესაც ფუნქციონირებს. აქედან ორ მათგანში სტუმრები დახვდა, სხვები კი საკურორტო სეზონის დაწყებამდე გაჩერებულია.
ფოტო: „ბათუმელები“„ზღვის ვარსკვლავი“
როცა გარემოზე მიდგება საუბარი, რესტორნების მესაკუთრეები იხსენებენ, რა ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ზღვის სანაპიროს ეს კონკრეტული მონაკვეთი სარესტორნო ადგილებად ექციათ:
„ეს ადგილი ჩვენ გავხადეთ პოპულარული. აქედან მანქანებით გავზიდეთ ნაგავი, შემდეგ რეკონსტრუქცია გავუკეთეთ პირსს და მოვაწყვეთ. ვინ არ დადის აქ, უცხოეთიდანაც ჩამოდიან. გიდებს ჩამონათვალში უწერიათ, რომ სხვა ადგილებთან ერთად ჩვენი რესტორნებიც უნდა აჩვენონ ტურისტებს. ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – ამბობს იორდან ბიკოვი.
„არა მგონია ჩვენ აქ მუშაობით ვინმეს ხელს ვუშლიდეთ“, – აგრძელებს ამირან ბერიძე.
რესტორნების ირგვლივ დანაგვიანებულ ტერიტორიას ახლაც ნახავთ.
ირგვლივ სანაპირო დასუფთავებული ნამდვილად არ არისფოტო: „ბათუმელები“
აუდიტის 2020 წლის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ მერიამ რესტორნების მესაკუთრეებს ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კანონის შესაბამისად ორჯერ დააჯარიმა და სააღსრულებო ფურცელიც გამოსცა.
ეს გადაწყვეტილება რესტორნების მფლობელებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. დასრულდა თუ არა პროცესი და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ამის შესახებ ვკითხეთ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და მერიასაც, თუმცა ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ.
რესტორნების მფლობელების პოზიციას იზიარებს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე, რომან ჯიქიაც.
ის ამბობს, რომ ადგილი და ბალაგანები ფაქტობრივად მეთევზეების ტრადიციული საკუთრებაა:
„აქედან გადიან ნავები თევზჭერისთვის დღესაც. გარდა ამისა, ჩვენ იქ გვაქვს აფროსნობის კლუბი. ყოველთვის გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად დარეგულირებულიყო, არაერთხელ მივმართეთ ბათუმის მერიას, როგორც ზეპირად, ისე – წერილობით.
რომ ვერ მივიღეთ პასუხები, მივმართეთ აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომ დაწყებულიყო ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ პასუხებს დღემდე ველოდებით. მე პირადადაც არაერთხელ მივმართე და კოლექტიური წერილებიც შევიტანეთ, მაგრამ არაფერი. პასუხი არ მიგვიღია“, – გვითხრა მან.
სტუმრებისთვის ამ რესტორნების მთავარი ხიბლი ზღვაზე გასასვლელი პირსებიაფოტო: „ბათუმელები“
რატომ არ განიხილეს რესტორნების მფლობელების განცხადებები წლების განმავლობაში და რატომ არ შესთავაზეს მათ წინადადება პრობლემის გადასაწყვეტად? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა ბათუმის მერიამ უპასუხოდ დატოვა.
ამავე დროს, ფაქტია, რომ ამ რესტორნების ფუნქციონირებას წლებია ხელი არ შეშლია, გარკვეული შეთანხმების შემთხვევაში კი, შესაძლებელი იყო, მერიას ადგილზე გაცილებით ორგანიზებული, მოწესრიგებული და კანონს დაქვემდებარებული გარემო მიეღო, თუმცა ასე არ მოხდა.
აუდიტორი თავის დასკვნაში ამტკიცებდა, რომ მერიამ უნებართვოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაიწყო, 2019 წელს. ანგარიშში წერდნენ იმასაც, რომ აქ მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წელს დაიწყეს.
Google Earth-ის ეს ფოტო, რომელი 2018 წელს არის გადაღებული, გვაჩვენებს, რა ვითარება იყო აქ 2018 წელსიგივე ადგილი 2024 წელს
აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეექვსე წელს, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. რა ბედი ელის რესტორნებს თევზის ბაზართან, აქ არ იციან.
როგორი იყო სანაპირო 2014 წელს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ…“ – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 1921 წლის იმ დღეს იხსენებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, როცა თბილისში ჯერ არ ფრიალებდა წითელი დროშა. ამ დროს ქართველები საკუთარი სიცოცხლის ფასად ტაბახმელასთან ცდილობდნენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას.
იმ დღეს ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა შალვა ერისთავი. მისი ბოლო სიტყვები ასეთი ყოფილა: „დადექ, ვინ ხარ?“
ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა ამ შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების ისტორიებს მალავდა, აყალბებდა, ანადგურებდა… დღემდე უცნობია, რამდენი ადამიანი, ან კონკრეტულად ვინ ემსხვერპლა 105 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს ბრძოლას საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
დიმიტრი სილაქაძე
1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის დროს დაღუპული ოთხი ქართველი გმირების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვესაუბრება, ისტორიის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელებთან“ მის მიერ მოთხრობილი ეს ისტორიები საარქივო ცნობებს ეფუძნება.
იუნკერი შალვა ერისთავი
როდესაც თბილისს მოუახლოვდა მოწინააღმდეგე, თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელიც ფრონტის ხაზზე გავიდა. იუნკრებს შორის ერთ-ერთი იყო შალვა ერისთავი. ყოფილი ფეხბურთელი ამ დროს სავარაუდოდ 22-23 წლის იყო. იგი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა ტაბახმელასთან.
რა ხდებოდა ამ დროს ბრძოლის ველზე?
ტაბახმელაში ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის იყო სიმაღლე 1046, რომლის აღება საკმაოდ რთული იყო მოწინააღმდეგისთვის. ეს სამზოლიანი სანგარი იყო და სანგრის უკან იყო ასევე განთავსებული იყო საარტილერიო ნახევარბატარეა ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის მეთაურობით. სრული ბატარეა იქ არ იყო.
ამ სიმაღლის აღებას 24 თებერვალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: თუ სრულად დაეუფლებოდნენ, ფაქტობრივად, ეს იყო ერთგვარი გასაღები ფრონტის ამ სექტორში. თუ სრულად დაეუფლებოდნენ სიმაღლეს, იქიდან არტილერიით თბილისის ნებისმიერ წერტილს დაბომბავდნენ.
შალვა ერისთავი
24 თებერვალს ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ – ნისლი რომ არ ყოფილიყო, სიმაღლიდან მოწინააღმდეგის შეტევა კარგად ჩანდა და საკმაოდ მარტივი დასაცავი იყო. ამ ადგილებში ისეთი ნისლი იცის, დაახლოებით ერთი-ორი მეტრის იქით არაფერი არ ჩანს, ზოგჯერ.
ამით ისარგებლეს და აიღეს სანგრის პირველი ზოლი, შემდეგ მეორე და მესამე ზოლი, გაიჭრნენ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეაზე, სადაც არტილერისტები უკვე ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ.
ამ დროს იუნკერთა სამი ოცეული დაიძრა კონტრშეტევაზე კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით, რომ დაებრუნებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე. რუსული არმიის ნაწილმა, რომელმაც აიღო ეს სიმაღლე, უკან დახევა დაიწყო, თუმცა სანგარი ჯერ ისევ მათ ხელში იყო. ის ადგილი, რაც ჰქონდათ დაკავებული, მოშიშვლებული ველია, ოდნავი სიმაღლეა მეორე მხრიდან – გადმოდგეს ტყვიამფრქვევი და ფაქტობრივად, ქართველებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ამის მიუხედავად, ქართველები მაინც გადავიდნენ კონტრშეტევაზე. შალვა ერისთავი ყოფილი ფეხბურთელი იყო და, როგორც ჩანს, ყველაზე მუხლმარდი, მოშიშვლებულ მინდორზე მან გაასწრო ყველას და მიეჭრა ტყვიამფრქვევის დამმიზნებელ ოფიცერთან, ხანჯალი ჩაარტყა, თვითონ, ფაქტობრივად, სხეულით გადაეფარა ამ ტყვიამფრქვევს საკუთარი სიცოცხლის ფასად.
კონტრშეტევაზე ვინც წავიდა, ფაქტობრივად, ყველანი გაცნობიერებულ სიკვდილზე წავიდნენ – მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის გარდა, მოწინააღმდეგეც ესროდა სანგრიდან, ხომ?! ყველანი წავიდნენ გაცნობიერებულ სიკვდილზე და შალვა ერისთავი წავიდა ყველაზე წინ – ყველას გაასწრო, ტყვიამფრქვევის ოფიცერი ხანჯლით მოკლა და თავადაც, ერთგვარად, სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს. ამით მან მისცა საშუალება სხვებს, კონტრშეტევა გაეგრძელებინათ.
ქართველებმა მოახერხეს სანგარ ნომერი ოთხის დაბრუნება.
პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, რომელიც მოგვიანებით პოლონური არმიის ბრიგადის გენერალი გახდა, იხსენებდა – მითხრეს, რომ სიკვდილის პირას მყოფი შალვა ერისთავის ბოლო სიტყვები იყო: „დადექ, ვინ ხარ?“
მოგვიანებით ალექსანდრე ჩხეიძე წერდა, რომ ამ ბრძოლებში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სიმამაცის სამარადისო, სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი.
მთლიანობაში, ამ კონტრშეტევის დროს სამი იუნკერი დაიღუპა: შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15-მდე იუნკერი.
შალვა ერისთავმა 1920 წლის შემოდგომაზე ჩააბარა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1919 წელს გაიხსნა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით. რუსული სამხედრო სასწავლებელი მანამდე 50 წლით ადრე გაიხსნა. ეს იყო ქართული, საოფიცრო სკოლის დაფუძნების მცდელობა.
მაშინ ფეხბურთს სამოყვარულო ხასიათი ჰქონდა და შალვა ერისთავი, ვიდრე იუნკერთა სკოლის კურსანტი გახდებოდა, თამაშობდა თბილისის ერთ-ერთ გუნდში.
1918 წელს გახსნილი სამხედრო სკოლა ერთ წელიწადში ძალიან პოპულარული გახდა ქართველ ახალგაზრდებში, ვისაც საოფიცრო კარიერა სურდა და სამშობლოს დაცვაში მონაწილეობის მიღება. როგორც ჩანს ეს იყო შალვა ერისთავისთვისაც მთავარი მოტივაცია.
იოსებ ჯანდიერი – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული“
იოსებ ჯანდიერიც იუნკერი იყო და იმ კონკრეტული კონტრშეტევის დროს დაიღუპა, სადაც დაიღუპა შალვა ერისთავი.
კიდევ ერთმა იუნკერმა, ალექსანდრე ხიმშიაშვილმა თავისი მოგონებებით შემოგვინახა იოსებ ჯანდიერის ბრძოლის წინა დღეს არსებული წინათგრძნობა. ის წერს ასეთ რამეს, რომ 23-24 თებერვლის ღამეს იოსებ ჯანდიერს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, მანამდე მსგავსი რამ არ განეცადაო. ცხადია, ისინი თანამებრძოლების გარდა, მეგობრებიც იყვნენ, ერთმანეთს თავის განცდებსაც უზიარებდნენ.
ალექსანდრე ხიმშიაშვილი წერს:
„4 თებერვლის ღამით მითხრა, თუ გადარჩი ცოცხალი, შეიძლება ნახო დედაჩემი და ჩემი პატარა ძმა, უთხარი, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული, ეს ჯვარი მომხსენი და გადაეცი დედაჩემს, რომ ჩემ პატარა ძმას ჩამოჰკიდოს, ეს იყოს მისთვის მომავლის ერთგვარ სიმბოლოო…“
იოსებ ჯანდიერი
კონტრშეტევის დროს ხელჩართული ბრძოლა იყო. მხოლოდ ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფით არ დამთავრებულა ის კონტრშეტევა, როდესაც შალვა ერისთავი დაიღუპა.
ალექსანდრე ხიმშიაშვილი ასეთ რამეს იხსენებს, რომ რუს ჯარისკაცს ხანჯალი გავუყარეო და მეც ძირს დავეციო, შემდეგ ვიღაც დამეცა კიდე თავზეო და გავითიშეო. რამდენიმე წუთში გონზე მოვედი და ფეხზე წამოვდექი, ჩემგან ორ ნაბიჯში დავინახეო იოსებ ჯანდიერის სისხლში მცურავი სხეული – გახელილი უძრავი თვალებითო. მის ირგვლივ ორი რუსი ჯარისკაცის სხეული ეგდო, სავარაუდოდ, ორივე ჯანდიერმა მოკლაო, ერთს თავი ჰქონდაო გაჩეხილი და მეორეს შუა კისერში ჰქონდა ხანჯალი გაყრილიო.
სავარაუდოდ, იოსებ ჯანდიერმა მოკლა ორივე კონტრშეტევის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონაც ერთ-ერთისგან ან სხვა ჯარისკაცისგან დაზიანდა და დაიღუპა ბოლო კონტრშეტევის დროს.
ალექსანდრე ხიმშიაშვილმა პატარა მემუარები ბრძოლის შესახებ ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა. ამ მემუარებში ის ასევე იხსენებს, როგორ გაჰყავდათ მეტეხის ციხიდან 1923 წლის მაისში ქართველი გენერლები და ოფიცრები დასახვრეტად.
სტეფანე ახმეტელაშვილი,ტყვედ ჩავარდნილი ქართველი გენერალი
გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი 1877 წელსაა დაბადებული. მან ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არმიაში დაამთავრა კადეტთა კორპუსი, სწავლობდა სუმის [უკრაინა] სამხედრო სასწავლებელში. მეორე ვერსიით, მან თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. სტეფანე ახმეტელაშვილი რუსეთ-იაპონიის ომში, ასევე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ომის ბოლო პერიოდში იყო პოლკის მეთაური, მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გახდა გენერალი. მისი ძმა, სიმონ ახმეტელაშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
1921 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი მეთაურობდა კახეთის მიმართულებას. მას ახასიათებდნენ, როგორ მამაც და კეთილ კაცს.
კახეთის მიმართულებაზე დიდი ჯარები ქართველებს არ ჰყავდათ. ეს იყო რეგულარული არმიის ერთი ბატალიონი, გვარდიის ერთი ბატალიონი. ამას ემატებოდა სიღნაღის სანაპირო რაზმი.
კახეთის მიმართულებიდან შემოიჭრა რუსული მე-18 ცხენოსანი დივიზია და კიდევ ორი პოლკი. ამ დაჯგუფებას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი, რომ კახეთის მცირერიცხოვანი ქართული დაჯგუფება დაემარცხებინა და რუსული დაჯგუფების მთავარი ძალა, რომელიც იყო მე-18 ცხენოსანი დივიზია, წამოსულიყო თბილისისკენ. ამ დივიზიამ თბილისის დაცემის პროცესში საკვანძო როლი ითამაშა. მოწინააღმდეგემ პრინციპში მოახერხა ის, რაც სურდა: 17 თებერვალს ლაგოდეხი დაიკავა, 18 თებერვალს – დედოფლისწყარო, თუმცა დედოფლისწყაროზე შეტევის დროს დაიღუპა ამ დაჯგუფების მეთაური, რუსეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – პეტრე კურიშკო.
ერთ-ერთი ვერსიით კურიშკო არა დედოფლისწყაროს დაკავებისას, არამედ მისი აღების შემდეგ მოკლა ადგილობრივმა, როცა იგი ქუჩაში ცხენით მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში ეს მეთაური რუსებმა დაკარგეს. საბჭოთა პერიოდში ამ კურიშკოს ძეგლი იდგა დედოფლისწყაროში, პროპაგანდა დიდ პატივს მიაგებდა მას.
სტეფანე ახმეტელაშვილი
19 თებერვალს რუსმა სამხედროებმა უკვე სიღნაღი დაიკავეს და მე-18 ცხენოსანი დივიზია თბილისისკენ წამოვიდა. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან ქართულ ნაწილებს, მათ თელავისკენ დაიხიეს და გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდნენ მოწინააღმდეგის ორ პოლკს. თელავის დაცვის რესურსი რომ აღარ იყო, სტეფანე ახმეტელაშვილმა გადაწყვიტა, თიანეთის და არაგვის ხეობის გავლით უკან დაეხიათ თბილისისკენ.
მართლაც, დაიწყეს უკან დახევა. არაგვის ხეობაში როცა გავიდნენ, ეს ის დროა, როცა თბილისი დაცემულია და არაგვის ხეობა უკვე მოწინააღმდეგეს უკავია. ამ დროს მცირერიცხოვანი ქართული დაჯგუფება ტყვედ ჩავარდა. გენერალმა ახმეტელაშვილმა იარაღი ამოიღო და შუბლთან მიიდო. როგორც ჩანს, თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ ოფიცრები ეცნენ, არ მისცეს ამის საშუალება. ამ დაჯგუფებაში სტეფანე ახმეტელაშვილის ძმისშვილიც იყო. მან უთხრა გენერალს: ვალდებული ხარ ჩვენი ბედი გაიზიაროო. ტყვედ ჩავარდა გენერალი და ოფიცრებთან ერთად გაგზავნეს რუსეთში ტყვეობაში.
ტყვეების ძირითადი ნაწილი მალე გამოუშვეს – რიგითი ჯარისკაცები. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ თითქოს ქართველების გასათავისუფლებლად მოდიოდნენ და ამ პროპაგანდისტული ნარატივის შემდეგ, ცხადია, ტყვეებთან ძალიან ცუდი მოქცევა მათივე ლოგიკას არღვევდა. რაც შეეხება ოფიცრებს, მათი ნაწილი რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებში და ციხეებში იყვნენ ზოგი – თვეების განმავლობაში, ზოგი – ერთი წლის განმავლობაში.
სტეფანე ახმეტელაშვილი კი რიაზანის სამხედრო ბანაკში გააგზავნეს, სადაც ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არის ტიფი. თუმცა არაოფიციალურად არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთგვარი შურისძიება, ამ შემთხვევაში, კურიშკოს მკვლელობის გამო.
ავქსენტი ქურციკიძე – ოფიცერი, რომელიც წარმატებული კონტრშეტევის დროს დაიღუპა
ჭიათურის მუშათა რაზმის მეთაური იყო ოფიცერი ავქსენტი ქურციკიძე.
ქართველი სოციალ-დემოკრატი და გვარდიის წევრი ვალიკო ჩუბინიძე იხსენებს ბრძოლას კოჯრის მისადგომებთან, როცა ქართველები მოწინააღმდეგეს ტყვიამფრქვევის სროლით პასუხობდნენ.
ეს 2021 წლის 22 თებერვალს ხდებოდა.
ერთ-ერთ მომენტში შეწყდა სროლა და ამ დროს სანგრიდან ამოვარდნილა ვალიკო ჯუღელი – ქართული გვარდიის მეთაური, ამოვარდა და ქანდაკებასავით დადგა, თავდამსხმელებს დაუყვირა: „ქართველი მუშები და გლეხები თავისუფალ სამშობლოს არ გაგანადგურებინებთო“. მერე უცებ მოტრიალდა სწრაფად, მოგვიწოდა იერიშზე გადასასვლელად. სიტყვა როგორც დაასრულა, თოფი გავარდა და ის დაეცაო.
ჩავთვალეთ, რომ მოკვდაო, მივირბინეთ და ვნახეთ, რომ სინამდვილეში მის ფეხქვეშ თოვლი ჩამოშლილაო. ვალიკოს არაფერი არ დამართნია და ჩვენ გადავედითო შეტევაზეო.
საკმაოდ დიდ შეტაკებას აღწერს ვალიკო ჩუბინიძე, სადაც გაიმარჯვეს, ასევე, გარკვეული რაოდენობის ტყვეები აიყვანეს და ტყვიამფრქვევებიც ჩაიგდეს ხელში.
სწორედ ამ კონტრშეტევისას, შეტაკების დროს დაიღუპა უშუალოდ მათი მეთაური, ოფიცერი ავქსენტი ქურციკიძე.
მასთან ერთად დაიღუპნენ გვარდიელები: ლავრენტი მიქაბერიძე, სამსონ ცერცვაძე, პეტრე ხვედელიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დომენტი მაჭარაშვილი, ლევან შეყილაძე, მიხეილ კერესელიძე და სანდრო სარალიძე.
რა არის ცნობილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გენერლების შესახებ
„საკმაოდ კვალიფიციური გენერალიტეტი ჰყავდა საქართველოს,“ – ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, – „მაგალითად, უმაღლეს გენერალიტეტს თუ დავასახელებთ, ომის პირველ ეტაპზე ოდიშელიძე იყო მთავარსარდალი, შემდეგ კვინიტაძე, გენერალური შტაბის უფროსი იყო ალექსანდრე ზაქარიაძე, სამხედრო მინისტრის პირველი მოადგილე – ალექსანდრე გედევანიშვილი. რუსეთის იმპერიაში მათ ჰქონდათ მიღებული ყველაზე მაღალი დონის სამხედრო განათლება.
იმ პერიოდში ოფიცერი რომ გამხდარიყავი, საოფიცრო სამხედრო სკოლა, ან იუნკერთა სასწავლებელი უნდა დაგესრულებინა. ამას გარდა, არსებობდა გენერალური შტაბის აკადემია, რომელიც იყო სამხედრო განათლების მწვერვალი იმპერიაში. გენერალური შტაბის აკადემიაში ჩაბარებას, ასევე მის დამთავრებას, ძალიან ცოტა ვინმე თუ ახერხებდა. მე ვინც ჩამოვთვალე ჩვენი უმაღლესი სარდლობიდან, ოთხივეს ჰქონდა დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია.
გამოცდილებას რაც შეეხება, ამ ოთხეულიდან ყველაზე დიდი სამხედრო საბრძოლო სამეთაურო გამოცდილება ჰქონდათ ოდიშელიძეს და კვინიტაძეს, მაგრამ უშუალოდ რესპუბლიკის ჯარში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული იყო გიორგი კვინიტაძე, რომელსაც, გარდა განათლებისა, მთავარსარდლის ქარიზმა და ენერგია ჰქონდა.
სხვა ოფიცრები და გენერლებიც საკმაოდ კვალიფიციურნი იყვნენ პატარა ქართული ჯარის სამეთაუროდ და მის შესაქმნელად. ზოგმა მეტად გამოიჩინა თავი, მაგალითად, გენერალმა მაზნიაშვილმა, ან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, ზოგმა – ნაკლებად.
იყო შემთხვევები, როდესაც მაღალ თანამდებობებზე დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად შეეფერებოდნენ პოზიციას. ასეთი გამორჩეული შემთხვევა იყო იოსებ გედევანიშვილი, რომელიც ძალიან მალე დაწინაურდა სამხედრო წოდებაში და ამ ომის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტს მეთაურობდა. ეს ფრონტი ჩავარდა თავიდან ბოლომდე“.
რამდენი ადამიანი დაიღუპა 1921 წელს, რუსეთთან ანტისაოკუპაციო ბრძოლის დროს
ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ 1921 წელს დაღუპულთა ერთიანი და დაზუსტებული სია არ არსებობს.
„შეჯამებული და ზუსტი მონაცემები, სამწუხაროდ, არ არსებობს. ვიკიპედიის სტატია რუსეთ-საქართველოს ომზე კონკრეტულ რიცხვებს ასახელებს იქითაც და აქეთაც, მაგრამ სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერს არ ეყრდნობა, საერთოდ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული ცნობები დაღუპულთა შესახებ.
ყველაზე უკეთ დოკუმენტირებული არის იუნკერთა რაოდენობა და მათი დანაკარგები: თბილისის დამცველთა დაახლოებით ერთ პროცენტს შეადგენდნენ იუნკრები. 183 იუნკერი იყო და მათგან 170-მდე იბრძოდა, დაიღუპა 9, ასევე 2 ოფიცერი, 43, ან 44 – დაიჭრა. კონკრეტულ ქვედანაყოფზე გვაქვს მონაცემები, მაგრამ სხვა ქვედანაყოფზე მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ გაბნეული ცნობები დაღუპულთა შესახებ,“ – ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
ისტორიკოსი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველო 105 წლის წინ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა, საბრძოლო რესურსების ნაკლებობა იყო. პრობლემა იყო აჭურვილობა და მატერიალური რესურსები.
საბჭოთა პროპაგანდის გზავნილი ამ კუთხით იყო ის, რომ ქართველებს არ უბრძოლიათ, ხოლო მთავრობა ქვეყნიდან გაიქცა:
„მთელი ომის განმავლობაში დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი იყო მობილიზებული სხვადასხვა ფრონტზე, მაგრამ ადამიანური რესურსი, რომელიც სამხედრო სამინისტროს აღრიცხული ჰყავდა, 150 ათას კაცს აჭარბებდა. ერთია ადამიანური რესურსი, მეორეა შენი ეკონომიკა. ასევე, შენს ხელთ არსებული იარაღი და საბრძოლო მასალები რამდენად იძლევა ამ ხალხის შეიარაღების საშუალებას. აი, ეს ბოლო ორი იყო კრიტიკულად პრობლემური ამბავი.
ამის გარდა, გარკვეული სამხედრო გათვლები ჩავარდა და მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ჯარებმა პირველი ხუთი დღის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, რომლის გამოსწორება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიის ფრონტის რუსული ჯარები არც იმდენად ძლიერი იყო. 100%-ით წინასწარვე გადაწყვეტილი არ იყო ის, რომ თებერვალ-მარტში ისინი გაიმარჯვებდნენ,“ – აღნიშნა დიმიტრი სილაქაძემ „ბათუმელებთან“.
რას ამბობდა საბჭოთა პროპაგანდა 1921 წლის ოკუპაციაზე
„საბჭოთა პროპაგანდა საერთოდ გამორიცხავდა რუსეთ-საქართველოს ომის არსებობას, არ აღიარებდა ფაქტობრივ ანექსიას. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ თითქოსდა ისინი აჯანყებული ქართველი ხალხის დასახმარებლად შემოვიდნენ, რაც თავიდან ბოლომდე ფიქციაა.
აბსოლუტურად ყველაფერი დაიგეგმა, გადაწყდა და განხორციელდა ორ ადგილას: ერთი ადგილი ეს იყო მოსკოვი, კრემლი, სადაც ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში მსჯელობდნენ ამ საკითხების შესახებ, თუ როგორი საბრძოლო მოქმედებების წარმოება იქნებოდა, როგორი პოლიტიკური შეფუთვა იქნებოდა და ასე შემდეგ. მეორე ადგილი ეს იყო კავკასიის ფრონტის შტაბი, სადაც უშუალოდ განხორციელება ხდებოდა ამ ყველაფრის.
საქართველოში 1921 წლის თებერვალში არანაირი აჯანყება არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველი ბოლშევიკების ლიდერი ფილიპე მახარაძე ომიდან რამდენიმე თვეში მოსკოვში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში პირდაპირ ამბობდა იმას, რაც ფაქტი იყო – რომ საქართველოში არა თუ აჯანყება არ დაწყებულა, არამედ რუსული არმია როცა შემოიჭრა საქართველოში, ქართველმა ბოლშევიკებმაც კი, არაფერი არ იცოდნენ რა მოხდა.
საქართველოში არათუ აჯანყება არ ყოფილა და ამ აჯანყებას არ გამოხმაურებიან რუსები, არამედ ქართველმა ბოლშევიკებმა რუსული არმია რომ შემოიჭრა საქართველოში, რა ხდებოდა ვერ მიხვდნენ, საერთოდ.
ამას მე კი არ ვამბობ. თავად ფილიპე მახარაძე წერდა საიდუმლო მოხსენებაში,“ – გვიყვება ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
„ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს“, – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირებაზე ვესაუბრეთ – რა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთის სანქციები?
„ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს საქართველოში,“ – ამბობს გიორგი ბადრიძე.
„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ბატონო გიორგი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი დღეს, 26 თებერვალს დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტ ტივის“ სანქცირების გამო. რას ნიშნავს ეს ამბავი?
გრაფიკულადაც, უკვე სურათებითაც ვემსგავსებით რუსეთს და სხვა, მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც რეგულარულად ნახავთ ამგვარ მომენტებს, როდესაც საგარეო უწყებაში იბარებენ ყურის ასაწევად დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებს.
ჩემი აზრით, არ უნდა უკვირდეს ამ რეჟიმს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართული, აგრესიული, ანტიდასავლური, მათ შორის, კონკრეტულად ანტიბრიტანული რიტორიკა, პოლიტიკის გატარება საჯარო სივრცეში, უშუალოდ ტელევიზიების – „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის მეშვეობით, იწვევს მსგავს გარკვეულ რეაქციას ბრიტანეთის მხრიდან. ეს იყო ძალიან მოზომილი, შეზღუდული და ცოტა არ იყოს, კიდევაც დაგვიანებული, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურად გადადგმული ნაბიჯი.
რას ნიშნავს პრაქტიკულად ბრიტანეთის სანქციები? როგორ მიიღება მსგავსი გადაწყვეტილება და როგორია მისი პოლიტიკური მნიშვნელობა?
უნდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან რთულად მიიღება მსგავსი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ბრიტანეთში, სადაც ყველაფერი განიხილება არამარტო პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში. მით უმეტეს განსაკუთრებულია ეს მიდგომა, როცა საქმე ეხება მედიასაშუალებებს, თუმცა ამ საშუალებებმა თავადვე დაარწმუნეს ყველა, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკის ინსტრუმენტს პროპაგანდის ფრონტზე, ერთ-ერთ ქვედანაყოფს ივანიშვილის რეჟიმის ხელში.
შესაბამისად, შედეგი ძალიან სერიოზულია.
სულ ორ ქვეყანას აქვს უნარი – სხვებზე მეტად ყოველ შემთხვევაში – მის სანქციებს ჰქონდეს ქმედითი შედეგები სანქციების ობიექტისთვის. ესაა შეერთებული შტატები და მეორე, ამ თვალსაზრისით, არის გაერთიანებული სამეფო.
შეერთებული შტატები იმიტომ, რომ როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ეს სანქციების ობიექტს უზღუდავს წვდომას მსოფლიოში ყველაზე დიდ ვალუტაზე – შეერთებული შტატების დოლარი არის მსოფლიო სავალუტო სარეზერვო ვალუტა. მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკა. ძალიან ძნელია, რომ უშუალო და მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს სანქციებმა, რომელსაც აწესებს შეერთებული შტატები. ასევე, მსოფლიო საბანკო სფეროში შეერთებულ შტატებს უკავია ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი.
მეორე ადგილზეა გაერთიანებულ სამეფო, იმიტომ, რომ ლონდონი წარმოადგენს მსოფლიოს მეორე უდიდეს ფინანსურ ცენტრს. მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი ლონდონში. გარდა იმისა, რომ ბრიტანული ეკონომიკაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ძალიან ძნელია წარმოიდგინოთ ბიზნესი საერთაშორისო ასპარეზზე ისე, რომ არ გადაიკვეთოს ბრიტანეთთან.
შესაბამისად, როდესაც გაერთიანებული სამეფო აწესებს სანქციებს, ბრიტანეთში რეგისტრირებულ, ან ბრიტანეთთან პირდაპირი და თუნდაც ირიბი ეკონომიკურ-ფინანსური ურთიერთობის მქონე სუბიექტები იძულებულები არიან შეწყვიტონ საქმიანობა სანქციების ობიექტთან.
უკვე ვიხილეთ, რომ ქართულმა ბანკებმაც კი, უკვე გააუქმეს – ყოველ შემთხვევაში იყო უკვე ცნობები – „იმედის“ ანგარიშები გაუქმებულია. ძალიან დიდი შეცდომა იქნება და მეეჭვება, რომ გააგრძელოს სხვადასხვა კომპანიამ „იმედში“ რეკლამის განთავსება – ეს ძალიან სერიოზულ რისკებს შეუქმნის მათ საქმიანობას.
მათაც შეიძლება შეეხოთ სანქციები მეორადი სანქციების სახით?
აუცილებლად შეეხებათ. ნებისმიერ ეკონომიკურ სუბიექტს, იურიდიულ პირებს, ეკრძალებათ სანქცირებულ ორგანიზაციებთან რაიმე სახის ურთიერთობა. არ ვიცი, რამდენად უღირს კომპანიას ამხელა რისკის გაწევა.
ერთ-ერთი პირველი, რასაც შეეცდება რეჟიმი, იქნება მცდელობები, გამონახონ ამ სანქციების გვერდის ასავლელად საშუალებები. ამაში ალბათ მათ რუსი კოლეგები გაუზიარებენ გარკვეულ გამოცდილებას, რომელიც მათ დაუგროვდათ საკმაოდ უხვად 2014 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი, 2022 წლის შემდეგ.
თავად რუსეთის ეკონომიკას თუ გადავხედავთ, არ მგონია, ვინმეს მიაჩნდეს, რომ რუსეთმა წარმატებით აუარა დასავლურ სანქციებს გვერდი. კი, მისი ეკონომიკა ბოლომდე არ ჩამოშლილა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად იზრდება რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი, იზრდება კატასტროფულად იმის გამო, რომ მცირდება შემოსავლები მისი მთავარი წყაროდან – ნავთობის, გაზის გაყიდვიდან, რაც არის მისივე ქმედებების შედეგი.
რაც პუტინმა გაუკეთა რუსეთს, ჩემი აზრით, ეს არის ისტორიული დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – რუსეთს ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე სტაბილური ბაზარი ევროპული ბაზრის სახით და მან ეს გადაჭრა თავისი იმპერიალისტური ფანტაზიის განხორციელების გამო.
საერთოდ, კონფლიქტში იშვიათია ხოლმე, როდესაც მარტო ერთი მხარეა მართალი და მეორე მხარე მთლიანად მტყუანი, თუმცა ეს დაპირისპირება „ოცნების“ რეჟიმსა და დასავლურ ქვეყნებს შორის, მართლად 100 პროცენტით „ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ინიციირებული.
მე ყველას შევახსენებ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას თავის დროზე აქტიურად მიესალმნენ დასავლური ხელისუფლებები, წლების განმავლობაში მხარდაჭერას უწევდნენ – პოლიტიკურს, გნებავთ ფინანსურს. აი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასობით მილიონობით ევრო და დოლარი იქნა, ასევე ფუნტი მათ შორის, გაცემული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან ხშირად უშუალოდ პირდაპირ ხელისუფლებისათვის.
როგორ უპასუხა ამას ივანიშვილმა?!
ამიტომაც, ეს არის ივანიშვილის არჩევანი. ეს არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა – დემოკრატიული რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისათვის, საფრთხეს შეუქმნიდა მის პირად კონტროლს ძალაუფლების შტოებზე. ივანიშვილმა მეთოდურად, წლების განმავლობაში დაამყარა და ჩამოაყალიბა რუსული ყაიდის ძალაუფლების ვერტიკალი.
თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტეს ბრიტანეთში დაესანქცირებიათ პროპაგანდისტული ტელევიზიები და არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი?
იმედი მაქვს, რომ არ არსებობს იმის შეგრძნება, რომ ცალკე ტელევიზიებზეა საუბარი – ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს ქვეყნის შიგნით და მიმართული არიან ქართული საზოგადოებისადმი, მათ გონებაზე ზემოქმედების მოხდენის თვალსაზრისით.
გარდა შიდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, მრავალი წელია მათი თავდასხმის პირდაპირი ობიექტი არის დასავლური დემოკრატიები. მათ მიერ არის აქტიურად კულტივირებული „დიპ სთეითი“, რომელსაც თავიანთ მრევლს ვერც კი უხსნიან, რა არის, „გლობალური ომის პარტია“ და ასე შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ამ დასანქცირების უშუალო მიზეზი იყო რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარის დაკავება. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „იმედს“ და „პოსტ TV“-ს, ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ არ ედავებიან იმას, რომ ისინი აწარმოებენ ზოგადად ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ კამპანიას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის მათი არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ – უკრაინის საწინააღმდეგოდ.
უნდა ველოდეთ, რომ მოხდება „ოცნების“ რეჟიმის სხვა წარმომადგენლების დასანქცირება ევროკავშირის მხრიდან, რასაც დიდი ხანია ითხოვენ პროევროპულ აქციაზე?
მოვლენების ლოგიკა თავისთავად ამისკენ მიდის. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სანქციები დაიწყო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებით და შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ოფიციალური სანქცია პირადად ბიძინა ივანიშვილს დაედო. ეს იყო ერთგვარი გამაფრთხილებელ გასროლასავით, რადგან ის სანქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირადად დაედო, არ ფარავდა მის ბიზნეს სუბიექტებს. მას თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა თავისი ქონების განკარგვა. ეს იყო უფრო სიმბოლური და გამაფრთხილებელი ქმედება შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში.
ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო სასტიკ რეპრესიებს ქვეყნის შიგნით. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას.
სანქციები უკვე აღარაა ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს?
შედეგი იქნება ძალიან კონკრეტული უშუალოდ „იმედისთვის“ და „პოსტ TV“-თვის.
დიდი ალბათობით, „იმედი“ და „პოსტ TV“ შეწყვეტს არსებობას იმ ფორმით, რაც აქამდე იყო და შეეცდებიან მათ გადალაგებას სტრუქტურულად. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, მათ შორის საქართველოში.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო, მისი მთავრობა არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე, მოგეხსენებათ, მოჰყვა „ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი გართულება, რაც საერთოდ ბოლო წლებში ჰქონიათ. ხალხს ასეთი რეაქცია, ასეთი პროტესტი არ ჰქონია მოპარულ არჩევნებზე, როგორიც ჰქონდა ამ განცხადების მოსმენის შემდეგ.
ამ განცხადების გაკეთებას არანაირი პრაქტიკული საჭიროება რეჟიმისთვის და ივანიშვილისთვის არ ჰქონდა, ამით გამოიწვია მხოლოდ მეტი თავის ტკივილი საკუთარი თავისთვის. ერთადერთი, ვინც ამით ალბათ იხეირა, არის რუსეთი, რომელმაც თავის პრაქტიკულად სატელიტ რეჟიმს საქართველოში განაცხადებინა მისი არჩევანი უფრო ღიად.
მანამდე ივანიშვილი უფრო აქტიურად ლავირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ისევე, როგორც ამას აკეთებდა წლების განმავლობაში ლუკაშენკო და შემდეგ ძალაუფლების სიხარბის გამო, როდესაც ლუკაშენკომ ძალით შეინარჩუნა წაგებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლება, ის სრულად დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთზე. დღეს რუსეთი იყენებს ბელარუსს თავის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მისი ტერიტორიიდან დაიწყო ეს ომი, რაც პირდაპირ აუქმებს, აბათილებს ბელარუსის სუვერენიტეტს.
ლუკაშენკომ თავის დროზე გადაცვალა პირადი ძალაუფლების შენარჩუნება ბელარუსის სუვერენიტეტში. დაახლოებით ამ გზას ადგას უკვე კარგა ხანია ივანიშვილის რეჟიმი – პირადი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მათ საქართველოს სუვერენიტეტი პრაქტიკულად დაიყვანეს მინიმუმზე, მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ერთ-ერთი მანტრაა, რომელსაც რეგულარულად გაიძახიან.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის სანქციებს „ოცნების“ რეჟიმისთვის, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ცდილობს?
შედეგები ამას, რა თქმა უნდა, ექნება, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს იმ წუთში გამოიწვევს რეჟიმის დაცემას.
მსოფლიოში იზოლირებული რეჟიმები არსებობენ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა რამდენი ათწლეული არსებობს.. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება საქართველო იყოს ჩრდილოეთ კორეის გზაზე, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად იზოლირებულია.
იზოლაციის მაგალითია ბელარუსი. სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი რამ ხდება ბელარუსსა და საქართველოში უკვე წლებია, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში სტაბილური, ხანგრძლივი დიქტატურის დამყარება გაცილებით უფრო ძნელი იქნება.
არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ბელარუსში, რამდენიმე მიზეზის გამო:
ბელარუსის ეკონომიკა ბევრად უფრო ღრმად და ყოვლისმომცველად არის ინტეგრირებული რუსულ ეკონომიკაში. მართალია, ამ მიმართულებით ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე წლებია ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე იყო მანამდე, მაგრამ ეს ჯერ არ აღწევს ბელარუსის დონეს.
მეორე – თავად ბელარუსის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო განვითარებულია, არსებობს ძლიერი სამრეწველო სექტორი, ბევრად უფრო განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორი. საქართველო კი, უფრო მეტად არის დამოკიდებული გარე სამყაროსთან – რუსეთის გარდა გარე სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ კლასიკური, ბელარუსის ტიპის დიქტატურის ხანგრძლივად ჩამოყალიბება ბევრად უფრო ძნელი იქნება საქართველოში.
ეს დამოკიდებულია, პირველ რიგში, მაინც ქართული საზოგადოების რეაქციაზე, მას შემდეგ, რაც დიდი ნაწილი გააცნობიერებს – რა მომავალს უქადის ეს ჩვენს ქვეყანას.
რამდენად შეიძლება გვქონდეს აშშ-ის გააქტიურების იმედი? ვხედავთ, რომ ტრამპს აქვს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში. უშვებთ, რომ შესაძლებელია ამ რეგიონის რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა საქართველოს გარეშე?
მე მგონია, რომ შეერთებულ შტატებში უკვე შეეგუენ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ ფლობს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოს მიმართ. ტრამპი თვლის, რომ სამხრეთ კავკასიის გამოყენება დერეფნის სახით სასურველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის უკვე აქტიურად მუშაობს ალტერნატიული დერეფნის მშენებლობაზე აზერბაიჯან-სომხეთის გავლით.
ეს ყველამ ვნახეთ და ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ არის საქართველო ამ პროცესის მონაწილე, არის ის, რომ შეერთებულ შტატებში არანაირი ნდობა ამ რეჟიმის მიმართ არ არსებობს. რამდენიც არ უნდა იფიცონ „დიპ სთეითის“ მზე „ოცნებაში“ და სხვა ბოდვები გაიმეორონ, რომლითაც ცდილობენ ასიამოვნონ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს არ ჭრის ეს არანაირად.
ფაქტია, რომ ივანიშვილს არ აქვს არაფერი, რის შეთავაზებაც შეუძლია ტრამპისთვის.
ტრამპი, ვაღიაროთ, რომ არ ხელმძღვანელობს დემოკრატიული სტანდარტებით სხვა ქვეყნებთან მიდგომაში. ამიტომაც, უნდა არსებობდეს რაღაც კონკრეტული ინტერესი. აღმოჩნდა, რომ მთავარი ვალუტა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფასეულობა, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა – მისი ადგილმდებარეობა, მისი უნარი დაეკავშირებინა კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან – თურმე შეუცვლელი არ არის.
ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღეს აზერბაიჯანი და სომხეთი აღარ განიხილავენ საქართველოს იმ სანდო პარტნიორად, რომლის მეშვეობითაც ისინი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან უკავშირდებოდნენ მათთვის სასიცოცხლო არეალს – აზერბაიჯანი თურქეთს და საერთაშორისო ბაზრებს, ხოლო სომხეთი – შავ ზღვას და რუსეთს.
ასე რომ, თეორიულად, კი ბატონო, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ საქართველო, რომელსაც საკვანძო ადგილი ეჭირა ყოველთვის სამხრეთ კავკასიაში, მოიქცევა ისე, როგორც იქცევა ივანიშვილის რეჟიმი, არსებობს ალტერნატივებიც და ჩვენ, აი, ამის მშენებლობის დასაწყისს ვუყურებთ უშუალოდ შეერთებული შტატების ჩართულობით.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია ახალი კანონპროექტი „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მოთხოვნის და სხვა მიზნებისთვის“. რას შეიძლება ველოდოთ?
საქართველოს მიმართ ინტერესი ბოლომდე გამქრალი არ არის, პირიქით, იყო მცდელობები შეერთებულ შტატებში „მეგობარი აქტის“ მიღებისა, რაც ამ ინტერესის გამომხატველია. მთავარ დამაბრკოლებელ ძალად იქცა ამ რეჟიმის ერთადერთი ლობისტი, „ფრონტერას“ წარმომადგენელი, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის წევრია.
არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ თუ ვინმეს სმენია „ფრონტერა“, იცის, რომ ათწლეულების განმავლობაში ის ჰპირდებოდა თავის აქციონერებს, რომ საქართველოში აღმოაჩენდა ნავთობის ოკეანეს და ასე შემდეგ. უკვე გაკოტრდა პრაქტიკულად უამრავი მოტყუებული აქციონერი ამის შედეგად, მაგრამ, აი, მათთან დაკავშირებულია ეს კონგრესმენი, რომელიც არის დღეს მთავარი შემაფერხებელი საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივებისა.
ევროკავშირის სანქციებიც ძირითადად იბლოკება პრორუსული მთავრობების მიერ.
არც თუ სახარბიელო მოკავშირეები ჰყავს „ოცნების“ რეჟიმს შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში.
აპრილში უნგრეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ძალიან დიდი ალბათობით, თუ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ ვიქტორ ორბანის დღეები დათვლილია. ასე რომ, ვნახოთ, ძალიან საინტერესო წელი გველის წინ.
რა როლს იკავებს დღეს საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში? ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასაც ითხოვს.
ესეც უცნაურად აღიზიანებს „ოცნების“ რეჟიმს.
დღე არ გავა, ევროკავშირს თავს არ დაესხნენ „ოცნების“ მოლაპარაკე თავები, მათ შორის, იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკავშირი მთლიანად აგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერას, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „ოცნებას“ უნდა, რომ ეს საკითხი ამოღებული იყოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
წლები დასჭირდა იმას, რომ ევროკავშირში მისულიყვნენ საბოლოო დასკვნამდე, რომ ევროპის ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ბედის ირონიაა, რომ დღეს საქართველოში აღმოჩნდა პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველანაირი ძალით აქტიურად ეწინააღმდეგება.
ვიღაცას რომ ეთქვა სულხან-საბა ორბელიანისთვის, ან ილია ჭავჭავაძისთვის, ან ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის მეოცე საუკუნეში, რომ საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, გახდეს ევროპის სრულფასოვანი, სუვერენული, დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება თბილისში არსებული უცნაური რეჟიმი, რუსეთიდან დესანტად გადმოსახლებული ძალა, ალბათ ძალიან გაუკვირდებოდათ და არ დაიჯერებდნენ ამას.
რეალობა ასეთია, რომ ევროკავშირი განიხილავს ევროპას, როგორც მთლიანს. როგორც იქნა, ამ მთლიან ევროპაში საქართველოც მოიაზრება და დღეს მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის რუსი ოლიგარქის კერძო ინტერესები.
ამ ვითარებაში რა მექანიზმები რჩება საიმისოდ, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? ევროპა გადართულია თავდაცვის გაძლიერებაზე აგრესორი რუსეთის პირისპირ, ტრამპს საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს, საქართველოში კი უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აპატიმრებენ ადამიანებს…
ქვეყნის გარედან დემოკრატიის დამყარება ან აღდგენა შეუძლებლად წარმომიდგენია.
ცხადია, სხვადასხვა ტიპის სანქციებს თავისი როლი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გადამწყვეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობა, ერთიანობა, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფებისა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით მაინცდამაინც ვერ ხედავს.
ასე რომ, მთავარი ფაქტორია ჩვენი შიდა, ეროვნული პროცესები, სადაც საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა.
4 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ვერ აღწევს ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? – ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, დავით სიხარულიძეს და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება?
„აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დამთავრება. მას რომ ეს სურდეს, მის ხელშია ბერკეტი და შეაჩერებდა. ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზია,“ – გვიყვება დავით სიხარულიძე. – „პირველი, ეს გახლავთ თვითონ შიდა ძალაუფლების თემა. პუტინმა შიდაპოლიტიკურად იმდენად შორს შეტოპა, იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ომს, ამდენი რესურსი, პრაქტიკულად ძალიან შორს არის წასული და ახლა ფიქრობს, რომ თუ ის ამ ომს შეწყვეტს, მის შიდა ძალაუფლებას და მას საფრთხე დაემუქრება.
დავით სიხარულიძე
პუტინს გააჩნია იმპერიალისტური ამბიციები, რაც დღევანდელ სამყაროში ძალიან არარელევანტურია. წარმატება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მან წამოიწყო აგრესია თავისი მეზობლების წინააღმდეგ – ის წარმატებები, რომელიც თავისუფალ ერებს შეუძლიათ მიაღწიონ: თავისუფალ უკრაინას შეეძლო მიეღწია, საქართველოს 2008 წელს სწორედ იმიტომ დაგვესხა თავს, რომ თავისუფალ საქართველოს შეეძლო წარმატებების მიღწევა.
მისთვის ეს საფრთხის მატარებელია. ის თვლის, რომ წარმატებული დემოკრატიები, თავისუფალი ქვეყნები მის საზღვრებთან, საფრთხეა კლეპტოკრატიული, საკუთარი ქვეყნის მძარცველი რეჟიმისთვის. ამიტომ მას სურს, რომ გარშემო ჰყავდეს საკუთარი ხალხის მძარცველი რეჟიმები, რომლებიც მას დაექვემდებარებიან,“ – ამბობს დავით სიხარულიძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხზე თორნიკე შარაშენიძეს:
„რუსეთმა დაამტკიცა ის, რომ არ დაიხევს უკან, თუ რამეა ძალას გამოიყენებს. ეს სიგნალია, ბუნებრივია, ყველასთვის. ძალის გამოყენებაზე, ომის დაწყებაზე მას არ აქვს პრობლემა და იომებს ყველა ძალით, უკიდურესად.
ყირიმზე გაჭრა, სახმელეთო გზა მარიუპოლის აღებით… ამ ეტაპზე აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს. დარჩა მისაღწევი ერთი საკითხი: ეს არის აიძულოს დასავლეთი და უკრაინა, რომ გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი, რაღაც უსაფრთხოების გარანტიებით. უკრაინა ითხოვს თავის მხრივ უსაფრთხოების გარანტიებს და ითხოვს, რომ უსაფრთხოების გარანტიები იყოს მის ტერიტორიაზე. ბრძოლა ახლა მიდის ამის გარშემო – რა უნდა იყოს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამიტომაც, სანამ ეს არ გაირკვევა, ომი გაგრძელდება, რა თქმა უნდა“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძის აზრით, რუსეთს ჩაუვარდა „ბლიც კრიგის“ გეგმა, ანუ უკრაინაზე სრული კონტროლი მიზანი, მაგრამ „რუსეთი სანამ არ მიაღწევს უკრაინის ნეიტრალიზაციას და განიარაღებას, ომს გააგრძელებს“:
„ფიქრობდნენ [რუსები], რომ გამოვიდოდა „ბლიც-კრიგი“, მაგრამ ეს ჩავარდა. ახლა ვინმე ფიქრობს, რომ მთელი უკრაინა უნდა გააკონტროლონ? – ეს გამორიცხულია. უნდათ, უკრაინის დაახლოებით 80 პროცენტი, რაც გადაურჩა ოკუპაციას, იყოს ნეიტრალური. ნდობა არის ნული რუსეთსა და უკრაინას შორის და არც ისე მაღალი ნდობაა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ძალიან რთულია ისეთი ვარიანტის მიღება, ყველას აწყობდეს… რუსეთს უნდა, რომ მიიღო დემილიტარიზებული უკრაინა, რომელიც არ შედის ნატოში. ჯერჯერობით ამ მიზანს ვერ აღწევენ“.
თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, არ არის გამორიცხული ხელახლა დაარტყას რუსეთმა უკრაინას.
„ცხადია, ესეც არ არის გამორიცხული. რახან ეგ ეჭვი არსებობს, ამიტომაც ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა,“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
„სიტყვა „ნეიტრალიტეტს“ და ამ კონცეფციას, რომელსაც რუსულ პროპაგანდაში ვხვდებით, ეს არაფერი სხვა არ არის, თუ არა რუსეთის სურვილი, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს მოკავშირეები – იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც მას სურს აგრესია მოამზადოს,“ – აცხადებს დავით სიხარულიძე. – „ავსტრიის და შვეიცარიის ნეიტრალიტეტი განპირობებულია იმით, რომ მას პირდაპირი და აშკარა საფრთხე საზღვრებთან არ ემუქრება და მისი სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე მისივე ზომის ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყნის. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს სამხედრო პოტენციალის შესუსტებას, პირიქით, გაზრდას ნიშნავს.
ამიტომაც, ნეიტრალიტეტზე როდესაც რუსეთი საუბრობს, ან მის მიერ მართული გარკვეული ძალები ამა თუ იმ ქვეყანაში სიტყვა „ნეიტრალიტეტით“ თამაშობენ, ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ, ეს ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით იზოლირებული იყოს, რომ რუსეთს როცა ექნება სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებლობა, იმ დროს დაესხას თავს.
რატომ არ დაესხა, ვთქვათ, ლატვიას? იმიტომ, რომ ის ნატოს წევრი იყო. მას სურს, რომ ეს „ნეიტრალიტეტი“ შეინარჩუნოს – უფლება, თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია და არ სურს, რომ ეს ქვეყნები იყვნენ კოლექტიურ თავდაცვის ორგანიზაციაში.
თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების მომავალი დაკავშირებულია კოლექტიური თავდაცვის კონცეფციასთან, რასაც თავის თავში ევროპაში განასახიერებს ნატო. თავისუფალ სამყაროში ქვეყნებს, თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებს, ნამდვილად არაკორუმპირებულ და არაავტორიტარულ ქვეყნებს, არავისთან არაფერი გასაყოფი არ აქვთ. ამიტომ მათთვის თავდაცვის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა არის კოლექტიური თავდაცვის სისტემა.
ვფიქრობ, ნეიტრალიტეტის პოლიტიკურად თამაში სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მცდელობა და რუსული პროპაგანდა, აიძულოს სხვა ქვეყნები, არ შევიდნენ ალიანსში. ჩემი აზრით, უმძიმესი შეცდომა იყო, მათ შორის გერმანიისაც, რომ არ დაუჭირეს მხარი საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – MAP-ის მიცემას 2008 წელს. ეს რომ მომხდარიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ევროპის კონტინენტზე ეს ომი,“ – მიიჩნევს დავით სიხარულიძე.
რა აჩვენა ოთხმა წელმა პოლიტიკურად, რამდენად შეცვალა სამყარო რუსეთ-უკრაინის ომმა?
„ჯერ კიდევ არ ვიცით, ომი რომ დამთავრდება, ამას რა შედეგი ექნება, ძალიან რთული სათქმელია. შეიძლება ამას ჰქონდეს ძალიან უარყოფითი შედეგები ევროკავშირისთვის, თუ ეს ომი ისე მორჩა, როგორც ეს რუსეთს სურს,“ – გვიყვება თორნიკე შარაშენიძე. -„თუ რუსეთმა გაიტანა თავისი მიზნების უმეტესობა. ევროკავშირში მოსახლეობის ნაწილი იკითხავს, რისთვის ვიომეთ, თუ მაინც მიაღწია თავის მიზანს? ამიტომაც არის ევროკავშირი ძალიან ფრთხილად და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ რუსეთს ომი არ მოაგებინონ, არ დაასრულებინონ ეს სწრაფად.
ევროპის და ამერიკის კონსოლიდაცია მოხდა თავდაპირველად ძალიან სერიოზული, ბაიდენის მთავრობის დროს. ტრამპის პირობებში პირიქით – მოხდა დაშორიშორება. დავინახეთ, რომ ამერიკის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. ომმა გამოავლინა განხეთქილება ევროკავშირის შიგნითაც და ეს არ არის მარტო უნგრეთის საკითხი – ჩეხეთის და სლოვაკეთის მაგალითზეც ვხედავთ ამას.
ნატო სამხედრო ალიანსია და მისი ლიდერი არის ამერიკა. ამერიკა თუ არ იქნება გადაბმული მჭიდროდ ევროპაზე, ის არ არის რუსეთის თვალში სერიოზული საფრთხე,“ – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ „ბათუმელებთან“.
დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩიო აშშ-ში:
„შეერთებული შტატების საკმაოდ დაჟინებული მოწოდებას, რომ თავდაცვის მიმართულებით ევროპამ დაიწყოს მეტის ხარჯვა. ეს მოწოდება დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ ტრამპის სტილია უფრო შემტევი და ხისტი. რას შეიძლება ამ მიმართულებით ველოდოთ? – ვფიქრობ, თავისუფალი სამყაროსთვის უკეთესი იქნება ეს, იმიტომ, რომ ევროპული ქვეყნები, ევროპული დემოკრატიები, ევროკავშირი ბრიტანეთთან ერთად [თუ ერთად დავთვლით ამ ეკონომიკას], ეს გახლავთ უფრო დიდი ეკონომიკა, ვიდრე შეერთებული შტატების ეკონომიკა.
მშპ-ს 4-5%-ზე თუ ავა თავდაცვის ხარჯები, ეს პრაქტიკულად ფუნდამენტურად თუ არა, გააორმაგებს თავისუფალი სამყაროს თავდაცვის პოტენციალს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემაკავებელი როლი ითამაშოს უფრო ეფექტურად თავისუფალმა სამყარომ და ევროპულმა თავდაცვის სისტემამ.
არ მჯერა და არ არის მოსალოდნელი, რომ შეერთებულმა შტატებმა ნაკლები რესურსი გამოყოს ევროპული თავდაცვის კომპონენტისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ევროპიდან შეერთებული შტატების გასვლას ან ტრანსატლანტიკური კავშირის შესუსტებას. ეს გამორიცხულია. ამაზე საუბარიც კი არ არის. ვფიქრობ, რომ ევროატლანტიკური კავშირი ისევე ძლიერია, როგორც ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით უთანხმოებები. უსაფრთხოების კომპონენტი მაინც მუდმივად იქნება. ამიტომ ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, რომ რამე საფრთხე იყოს,“ – გვითხრა დავით სიხარულიძემ.
რეალისტურია მოლოდინი, რომ რუსეთი შეიძლება ნატოს წევრ ქვეყანასაც თავს დაესხას?
„უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის სამხედრო პოტენციალი ფუნდამენტურად შესუსტებულია. რუსეთი თუ ასეთ რამეს გააკეთებს, ეს კიდევ უფრო კატასტროფულ შედეგს მოიტანს მისთვის. უკრაინელებმა უზარმაზარი როლი ითამაშეს იმაში, რომ რუსული სამხედრო პოტენციალი, რომელსაც ის მუდმივად აგრესიისთვის იყენებდა – მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს – მნიშვნელოვნად შეასუსტეს. თუ გახსოვთ ის ავადსახსენებელი 58-ე არმია, რომელიც საქართველოში შემოიჭრა – ერთხელ გაანადგურეს და მეორედაც ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კიდევ დასჭირდათ შევსება,“ – ამბობს დავით სიხარულიძე.
„პუტინის გარდა არავინ იცის, რას აპირებს რუსეთი. არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, რომ პუტინი ფიქრობდეს დაესხას თავს ევროპას? ნატოშია ევროპა. არ მგონია, რომ უკრაინის ომი დაასრულოს და მერე დაიწყოს კიდევ ახალი ომი, სადაც ნატოს წევრი ქვეყნებია.
ევროპა მიჩვეულია კარგ ცხოვრებას. ევროპა არის სამომხმარებლო საზოგადოება, რომელიც გადაეჩვია ომს. შენ რომ მთელი ევროპა გამოიყვანო შვებულებიდან, ეს გამორიცხული მგონია.
ევროპაში გრძნობენ საფრთხეს რუსეთისგან ბალტიისპირეთში, პოლონეთში, მაგრამ, აბა ჰკითხეთ იტალიელს, ესპანელს, საფრანგეთს – მოსახლეობას ვგულისხმობ და არა მთავრობას – ან პორტუგალიას. გრძნობენ რამე საფრთხეს რუსეთისგან? მათ არ იციან, რა ხდება, როგორ შეეხება საფრთხე მათ.
მთელი ევროპის მობილიზაცია, ერთიანი მუშტის შეკვრა, მიმაჩნია, რომ ძალიან გაზვიადებულია ეს პერსპექტივა. მით უმეტეს, ბევრი იქ ფიქრობს, რომ რუსეთი არ აპირებს დაესხას თავს ევროპას უკრაინის შემდეგ. მოსახლეობა კარგ ცხოვრებასაა მიჩვეული – უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, ჯარში გაწვევა მარტივი არ იქნება.
გარდა ამისა, ერთია, რომ გაქვს კარგი ჯარი, მაგრამ მეორეა, გაგაჩნია თუ არა ამ ჯარის სადმე გაგზავნის პოლიტიკური ნება. რამდენად აქვს ევროპას ეს ნება? კი, შეიძლება, გყავს კარგი ტანკები, მაგრამ არ გინდა ომი. არ გინდა შენი ჯარის გაშვება. ეს მეორე თემაა,“ – მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.
რის იმედი აქვს პუტინს, რა გამოდის?
„ის თვლის, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. რა აიმედებდა 1945 წელს ჰიტლერს, როცა აგრძელებდა წინააღმდეგობას? რატომ არ ნებდებოდა? ალბათ თვლის, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი, რომელიც მის ვითარებას გადაარჩენს. მაგრამ პრაქტიკულად წარმოუდგენელია იმ სტრატეგიული ამოცანების მიღწევა, რომელიც მან დასახა და რომელიც ასე პროპაგანდისტულად გაავრცელა,“ – გვიყვება დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.
„სხვათა შორის, საქართველოშიც მისი „ფან-კლუბი“ ამ სისულელეს იმეორებდა… ახლა ცოტა დაუკლეს, მაგრამ მაინც იმეორებდნენ, რომ ისეთი დიდი სტრატეგიული ამოცანები აქვს მას, რომელსაც მიაღწევს. პრაქტიკულად ვერანაირ იმ სტრატეგიულ ამოცანებს ის ვერ მიაღწევს. ჩემი აზრით, თავისუფალი სამყაროს მთავარი ამოცანაა, მოახერხოს ისე, რომ ამ ომის შემდეგ რუსეთს გამოაცალოს შესაძლებლობები, აწარმოოს დაპყრობითი ომები. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს იქნება არა მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ინტერესში, არამედ თვითონ რუსი ხალხის ინტერესშიც.
რუსეთი როდესაც ომში მარცხდებოდა, იქ ჩნდებოდა რეფორმებისკენ იმპულსი. ასე იყო ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ – ბატონყმობა დაასრულეს. ასე იყო სხვა ომებში დამარცხების შემდეგაც,“ – აღნიშნა დავით სიხარულიძემ „ბათუმელებთან“.
აჭარის „ოცნების“ მთავრობა 109 ათასი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას და რომელ შენობაში, ამას ასაიდუმლოებს. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობის აპარატმა საიდუმლო წესით სახელმწიფო შესყიდვაზე განცხადება გამოაქვეყნა.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხა და შესყიდვების განხორციელების წესი“ საქართველოს მთავრობას 2016 წელს აქვს დამტკიცებული.
„შენობის დასრულების სამუშაოებზე“ მთავრობის აპარატმა განცხადება [შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – GEO] შესყიდვების პორტალზე 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა. წინადადებების მიღება ამავე წლის 3 მარტს დაიწყება და ორ დღეში, 5 მარტს დასრულდება.
მთავრობის აპარატი შემდეგ სამუშაოებს შეისყიდის: „შენობის დასრულება, სადურგლო და სახუროო სამუშაოები, იატაკისა და კედლის საფარის დაგება, ღებვა და შემინვა, შენობის მოწყობის სხვა სამუშაოები“, რისთვისაც 109 300 ლარია გათვალისწინებული.
„პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს. მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს [რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით], პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება“ – აღნიშნულია მთავრობის აპარატის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, პრეტენდენტებმა, რომლებიც გამოხატავენ შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესს, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში [ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9], უნდა წარადგინონ ინტერესის გამოხატვის თაობაზე წერილი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვასთან ერთად.
„პრეტენდენტის მიერ ინტერესის გამოხატვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი სამუშაო დღისა, შემსყიდველი უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის შესყიდვის დოკუმენტაციის საიდუმლო წესით გადაცემას“ – წერია განცხადებაში.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება ბათუმის მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს.
ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაუშვას საჯარო მოხელეები. უმეტესობა, ვისაც რეორგანიზაცია ეხება, ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერია.
„რეორგანიზაციის პროცესი იწვევს სერიოზულ კითხვებს მის მიზნებთან და განხორციელების ფორმებთან დაკავშირებით.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომებზე დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხა და ბათუმის მერიაში დასაქმებული, ჩვენი პროფესიული კავშირის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ბათუმის მერიის რეორგანიზაციის საკითხს ბათუმის საკრებულომ თებერვალში ორი რიგგარეშე სხდომა მიუძღვნა. მეორე რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ გამოასწორა „შეცდომა“, ვინაიდან პირველ სხდომაზე დამტკიცებული საშტატო ნუსხით ერთი ხელმომწერი თანამშრომლის შტატის გაუქმება გამორჩა.
ფაქტია, რომ 36 გაუქმებული საშტატო ერთეული, სწორედ იმ თანამშრომლების პოზიციებს მოიცავს, რომლებიც ევროიტეგრაციის პროცესის შეჩერებას განცხადებით გაემიჯნენ ან ღიად გამოხატეს მმართველი პარტიისგან განსხვავებული მოსაზრება.
დღეს ამ თანამშრომელთა დასაქმების საკითხი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ცდილობს, მიმდინარე რეორგანიზაცია წარმოაჩინოს უწყების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებად, პროცესის მიმდინარეობა გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ აღნიშნული რეორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2024 წლის დეკემბერში დაწყებული რეპრესიების გაგრძელებას.
კიდევ ერთხელ, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს,“ – ნათქვამია „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებაში.
პროფკავშირი ბათუმის მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესს უწევს მონიტორინგს. პროფკავშირის განცხადებით, ისინი გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექნიზმს, რათა აღნიშნული რეორგანიზაცია კიდევ ერთხელ არ იქცეს საჯარო უყებებიდან კრიტიკული აზრის დევნის ინსტრუმენტად.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მზად არის თითოეულ დასაქმებულს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების შრომითი უფლებები დაიცვას სასამართლოში ან/და სხვა უწყებებში.
ამასთანავე, მოვუწოდებთ ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრებს, უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა, მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილებები და დაიცვან თითოეული საჯარო მოსამსახურის კონსტიტუციური და შრომითი უფლებები,“ – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 17 თებერვალს გამოსცა, რის მიხედვითაც მერიამ ღია და დახურული კონკურსები გამოაცხადა. მერიის თანამშრომლების თქმით, აუქმებენ იმ შტატებს, ვინც გასულ წელს ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს, 26 თებერვალს,ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები მოინახულა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
„სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა. გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს. ასევე მოინახულა დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.
საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
„ფიზიკური პირი პ. გ. და ინდმეწარმე დ. კ. (მის: ქ. ხაშური სოფ. ოსიაური) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით აწარმოებდნენ, ეგრეთ წოდებულ ყველს.
გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) რეგისტრაციისა და აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“ – წერს სააგენტო.
ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის – „ფასთ თრექ ტექსტილეს“ თანამშრომლებმა დღეს, 26 თებერვალს, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს, ფაბრიკის ეზოში აქცია გამართეს და მუშაობა ერთი დღით შეაჩერეს.
ფაბრიკის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
„ახალმა ადმინისტრაციამ სამუშაო პირობები შეგვიცვალა, ხელფასი გამოგვდის 800-900 ლარი… იძულებულს გვხდიან, რომ წავიდეთ, ამ ფორმით გვაიძულებენ, რომ დავტოვოთ სამსახური, კომპენსაციის გადახდა არ უნდათ,“ – უთხრეს აქციაზე გამოსულმა მოქალაქეებმა ადგილზე მისულ თამაზ ბაკურიძეს, ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს.
„დღეს 200-ზე მეტმა თანამშრომელმა დავტოვეთ ფაბრიკა იმ პირობით, რომ ხვალ დილით შეგვახვედრებენ გენერალურ დირექტორს. დირექტორი საქართველოში არაა, თურქეთიდან უნდა ჩამოვიდეს და დაგელაპარაკებათო. თუ პირობები არ შეიცვლება, მუშაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ.
სულ 300 თანამშრომელია დასაქმებული, დღეს რამდენიმე დარჩა სამსახურში, რადგან გამოუვალი მდგომარეობა აქვთ, ბანკის ვალები და ასე შემდეგ. ჩვენ ხვალ გვეცოდინება, გავაგრძელებთ თუ არა მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიგლა გიორგაძემ, სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელმა.
აქციაზე გამოსული სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების განმარტებით, ფაბრიკაში ახალმა ადმინისტრაციამ ბონუსის მიღების წესი რამდენიმე თვის წინ შეცვალა. ახალი წესების ამოქმედების შემდეგ კი, დასაქმებულებს საშუალოდ თვეში 800-900 ლარი გამოსდით ანაზღაურება, მანამდე კი – 1200 ლარი, ან უფრო მეტი გამოსდიოდათ.
ფაბრიკის თანამშრომლების თქმით, ფაბრიკაში დაცულია დამატებითი საათების ანაზღაურების წესი და დასაქმებულთა სხვა უფლებები.
აქციის მონაწილეებს დღეს ფაბრიკის ერთ-ერთი მენეჯერი, ნიკა დუმბაძე შეხვდა. იგი ფაბრიკის თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ გენერალური დირექტორი მათ ხვალ დაელაპარაკება.
დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოავარიას 2 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო და გარდაცვლილების ვინაობას აქვეყნებს.
“ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს დილით მოხდა. სატვირთო მანქანა თავდაცვის სამინისტროს ავტობუსს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა სამხედრო გარდაიცვალა, დაშავებული სატვირთოს მძღოლი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მთავარი ფოტო: ავარიის ამსახველი სქრინი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია დღეს, 26 თებერვალს მოხდა.
შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს. დაღუპულები ახალგაზრდა კაცები არიან.
ამ ეტაპზე შეზღუდულია შემოვლით გზაზე გადაადგილება. შსს-ს ინფორმაციით, შემოვლით გზაზე მოძრაობა სრულად მალე აღდგება.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
——-
ქობულეთის შემოვლით გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მოძრაობის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე რამდენიმე თვის წინ 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდე შეამცირეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 263 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 704 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 091 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 37 614 ერთეული [+25]
MLRS – 1 659 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 305 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 147 138 ერთეული [+681]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 80 064 ერთეული [+93]
სპეცტექნიკა – 4 075 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით და სვამენ შეკითხვას: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის?
„ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს,“ – უთხრა ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლე ნინო სახელაშვილს მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმემ ჯემალ ზანდარაძემ.
საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
ჯემალ ზანდარაძე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც დღეს დაკითხეს. მოწმემ საუბარი იმით დაიწყო, რომ იგი ამ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში – 2025 წლის 13 ივნისს გამოჰკითხეს აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც მას ბათუმის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, სხვა პოლიციელებთან ერთად სცემა.
„სამი პოლიციელი მირტყამდა“, – ამბობს ჯემალ ზანდარაძე. მოწმის თქმით, მას პოლიციელები პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
მოწმე ჯემალ ზანდარაძის თქმით, ამ ცემის შემდეგ მას თავში კისტა გაუჩნდა.
„თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერიც… მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და არ ამბობო.
ძალიან ცუდად ვიყავი. ეპილეფსია მაქვს… რამდენიმე დღეში მივედი საავადმყოფოში და გადამიღეს თავზე, კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, მარცხენა მხარეს გაქვს 4 მილიმეტრი და ახალია, ძველი არ არისო.
დეკემბერში როცა შევხვდი პროკურორს, მას მოვუყევი ამ ძალადობის შესახებ,“ – პროკურორზე მიანიშნა მოწმე ჯემალ ზანდარაძემ იმ დროს, როდესაც მას ადვოკატი რამინ პაპიძე უსვამდა შეკითხვებს.
„მანამდე რატომ არ განაცხადეთ მომხდარზე?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
„ვერ ვხედავდი სამართალს… სამართალს ვერ ვიპოვიდი. ის [ირაკლი დგებუაძე] თანამდებობის პირი იყო და სიმართლეს ვერ ვიპოვიდი,“ – ნერვიულობა დაეტყო მოწმეს.
მოწმემ „ბათუმელებისთვის“ კომენტარის მიცემაზე სხდომის დასრულების შემდეგ უარი თქვა. „მზიას რა უქნეს და მე ვინ დამიცავს?“ – მხოლოდ ეს გვითხრა ჯემალ ზანდარაძემ.
მკვლელობის საქმის მოწმე ჯემალ ზანდარაძე
საკუთარი მოწმის ჩვენება არც პროკურორ გიორგი მუჯირს მოეწონა:
„თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული? თქვენც ხომ ესწრებოდით მის დაკითხვას – ძალიან ბევრი ტყუილი თქვა ჯემალ ზანდარაძემ,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მან დაგვიდასტურა ის, რომ პოლიციის სამმართველოს შენობაში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით, ჩადენილი ძალადობით.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლით დაიწყო გამოძიება და ერთდროულად რამდენიმე საქმეში ირაკლი დგებუაძე ფიგურირებს – შს მოქმედი მაღალჩინოსანი და ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი. 2023 წლიდან „ბათუმელები“ სხვადასხვა ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შესახებ წერდა, სადაც დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ისინი ირაკლი დგებუაძემ სცემა.
ირაკლი დგებუაძე ის პოლიციელია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზე დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელის თქმით, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ამ შემთხვევაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა არავინ დასჯილა – პირიქით, ირაკლი დგებუაძე „ოცნების“ მთავრობამ დააწინაურა.
რატომ არ მიეცა პასუხისგებაში ირაკლი დგებუაძე? – ვკითხეთ პროკურორ გიორგი მუჯირს.
„რეაგირება გახლავთ ის, რომ დღეს ეს საკითხი არის გამოძიების საგანი“, – გვიპასუხა პროკურორმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ივნისიდან დეკემბრამდე ჯემალ ზანდარაძეს ამ ფაქტის დადგენა არ უთხოვია.
დაიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე, რა გაარკვია პროკურატურამ სავარაუდოდ ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი მორიგი ძალადობის საქმეზე? – გიორგი მუჯირმა გვიპასუხა, რომ ის ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი არ არის და სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე.
„ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი ამბობს, რომ შვედურ ფონდთან „კვინა ტილ კვინა“ (Kvinna till Kvinna), ორწლიანი კონტრაქტი 2025 წლის 25 იანვარს გააფორმა, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ გრანტების კანონში შეტანილი ბოლო ცვლილების შემდეგ, დონორმა კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.
„მანამდე ეს ორგანიზაცია სამი წელი გვაფინანსებდა და გვეხმარებოდა შშმ ქალების მხარდაჭერაში. როგორიცაა მაგალითად, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების უზრუნველყოფა. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში შევძელით უამრავი აქტივობის განხორციელება. მაგალითად, მთაში ექიმების ჩაყვანა, ქალების დასაქმების ხელშეწყობა. მარტო შარშან, 15 შშმ ქალი დავასაქმეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში არა მხოლოდ აჭარაში, არამედ თბილისშიც.
მომსახურების სექტორში დავასაქმეთ სმენადაქვეითებული პირები და შევძელით ჟესტური ენის კურსები დაგვეფინანსებინა, რომ ამ ადამიანებს სამომავლოდ დასაქმება შესძლებოდათ. ამან კარგი შედეგი გამოიღო იმის გამო, რომ სამმა ადამიანმა იდეალურად იმუშავა. 11 ადამიანი თბილისში დასაქმდა და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ სხვადასხვა ფილიალში.
ეს ორწლიანი კონტრაქტი კი კანონში შესული ცვლილებების გამო გაგვიუქმეს, რადგან დონორი ორგანიზაციის თანამშრომლებს ექმნებოდათ რისკი, „კვინა ტილ კვინას“ დირექტორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საზღვარზეც კი არ შემოუშვა. ამიტომ დონორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროზე ადრე მოეშალა კონტრაქტი.
საერთოდ გააუქმა თბილისში ოფისი, რომელიც 20 წელზე მეტი არსებობდა და უამრავ ქალს დახმარებია, მათ შორის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარს აფინანსებდა და ასე შემდეგ“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, 2025 წლის აგვისტოს მერე, მოხალისეობრივად მუშაობენ, რადგან არცერთი პროექტი აღარ აქვთ.
„შვედების გარდა ბრიტანული დონორი ორგანიზაცია „ზინკ ნეთვორქი“ (Zinc Network) გავიდა, რომელიც ქმნიდა ანტიგენდერული დეზინფორმაციის ალიანსს საქართველო-სომხეთში და პოლონეთში. მათაც დროზე ადრე გადაწყვიტეს საქართველო დატოვება.
ხუთი თანამშრომელი დარჩა უხელფასოდ, მათ შორის, სამი შშმ პირი და ერთი შშმ პირის მშობელი. ასევე კონტრაქტით გვყავდა ჟესტური ენის მასწავლებელი დაქირავებული, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლიდა ენას და ძალიან პოპულარული იყო ეს კურსები. 40-მდე ადამიანი გვყავდა მომლოდინეთა სიაში, მაგრამ ვეღარ ვახერხებთ პროგრამის გაგრძელებას, რადგან ფიზიკურად არ აქვს ორგანიზაციას არანაირი რესურსი.
მე „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ ვარ ასევე დასაქმებული და იქაც ფაქტობრივად 80%-ით შემცირდა შემოსავალი“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, რუსული კანონების ნეგატიური ეფექტი უკვე აისახა შშმ თემზე, რადგან უკვე პრობლემაა იურიდიული სერვისის მიღება შშმ პირებისთვის. „ჩვენი იურისტი, ჯერჯერობით მოხალისეობრივად მუშაობს, რადგან ვერ დავტოვებთ ადამიანებს სრულიად დაუცველად. განსაკუთრებით რეგიონებში დარჩნენ ადამიანები იურიდიული სერვისის გარეშე, ფსიქოლოგის დახმარებაზე კი საერთოდ ლაპარაკიც არ არის.
ჩვენი ორგანიზაცია ახალ პროგრამებს ნერგავდა, ადვოკატირებას უწევდა სხვადასხვა საკითხს და ამიტომ იყო, რომ აჭარაში შედარებით კარგი პროგრამებია დანერგილი. მაგალითად, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რომელიც მხოლოდ აჭარაში ფინანსდება.
პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ შშმ მშობლები 2000 ლარის მხარდაჭერას იღებენ სახელმწიფოსგან და ეს იყო მნიშვნელოვანი სტიმული შშმ პირებისთვის, რომ ოჯახი შეექმნათ და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ ნაბიჯი გადაედგათ“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მათთვის მიუღებელია „ოცნების“ ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აყენებს ზიანს.
„ასეთი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.
ის ორგანიზაციები, რომლებსაც ბიუჯეტიდან მისცეს გრანტი და თითქოს შშმ საკითხებზე მუშაობენ, არც კი ვიცით ვინ არიან. მხოლოდ ერთ ორგანიზაციაზე გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ ორგანიზაციებზე წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან, რა გაუკეთებიათ ან რას გააკეთებენ. შინაარსობრივადაც რომ შევხედოთ, ისეთი დაბალი დონის პროექტებია, ვერცერთი დონორისგან ვერ მიიღებდნენ ალბათ დაფინანსებას.
„ინვალიდ-დიაბეტიანთა ორგანიზაციას“ რომ აძლევ გრანტს, წესით უნდა ხვდებოდე, როგორ იმუშავებს ეს ორგანიზაცია შშმ პირების უფლებებზე.
წლებია დისკრიმინაციული ტერმინების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ და ესენი ახლა იყენებენ ტერმინს, რომელიც შშმ პირს უსარგებლოდ მოიხსენიებს. ამ დასახელებით უკვე ყველაფერი ნათქვამია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
დეას თქმით, „ოცნება“ ცდილობს ყველაფერი მოიმოქმედოს ამ ქვეყანაში თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების დასაზიანებლად, თუმცა შშმ პირების უფლებადამცველებიც გააგრძელებენ საკუთარი უფლებების ბრძოლას, „რადგან ეს ჩვენი ცხოვრებაა და არა მხოლოდ სამსახური“.
თიბისი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წარმოგიდგენთ ინოვაციურ კამპანიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური აქტივობა რეალურ ინვესტიციად აქციოთ. კონკურსის ფარგლებში გაქვთ შანსი, გლობალური კოპანიის – The Coca-Cola Company – 1000 დოლარამდე აქციების მფლობელი გახდეთ.
წესები მარტივია: გამარჯვებულია ის, ვინც Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს და ლიდერბორდის ტოპ ხუთეულში მოხვდება. აქციები საჩუქრის სახით თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე დაირიცხება.
თიბისისა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 12-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივად განხორციელებული. ახალი ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე; ასევე, მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია, დაიწყოს ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, 1 დოლარიდან.
ლიდერბორდში მონაწილეობის მისაღებად, თიბისი მობაილბანკის საინვესტიციო ანგარიში და Coca-Cola Rewards Georgia აპლიკაცია დაგჭირდებათ: Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ კოკა-კოლას თავსახურზე მოთავსებული კოდი; შემდეგ კი, შეძლებთ, გაააქტიუროთ სიარულის რეჟიმი და გაიაროთ, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი.
გათამაშება 16 თებერვლიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 20 გამარჯვებულს გამოავლენს. ორ კვირაში ერთხელ, ტოპ 5 კონკურსანტი მიიღებს კოკა-კოლას აქციებს, 200-დან 1000 დოლარამდე.
თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა 1 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, გახდეთ აშშ-ის ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციების მფლობელი და დააგროვოთ ინვესტიცია.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს.
„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი თქვეს იურისტებთან კომუნიკაციაზე რაც, კომიტეტის შეფასებით, შესაძლოა, მიუთითებდეს მათზე განხორციელებულ არასათანადო ზეწოლასა და გარე გავლენაზე“.
ასევე, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა და ჯერ არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი და „ნინოწმინდის საქმე“
2024 წლის 24 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინდა, რომ ნინოწმინდის პანსიონში ირღვეოდა ბავშვების უფლებები და ისინი იყვნენ ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი, სახელმწიფომ კი არ დაიცვა ისინი.
კომიტეტმა გადაწყვეტილება წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, სხვა ვალდებულებებთან ერთად სახელმწიფოს ნინოწმინდის ყოფილი აღსაზრდელებისთვის ადეკვატური და დროული კომპენსაციის გაცემა დაევალა. კომპენსაციის მოთხოვნით ნინოწმინდის ყოფილმა აღსაზრდელებმა სასამართლოს PHR-ის დახმარებით მიმართეს, რომელიც ამ საქმეზე 2021 წლიდან მუშაობს.
რას ამბობს ანგარიში?
სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მსხვერპლი ბავშვების ეფექტიანი რეპარაცია, მათ შორის:
უზრუნველყოფოს ადეკვატური, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და რეაბილიტაცია განცდილი ძალადობისა და უფლებების დარღვევისთვის. რეპარაციის ზომები უნდა განისაზღვროს მსხვერპლ ბავშვებთან კოორდინაციით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით;
საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ბავშვებს;
კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში გადააფასოს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც კვლავ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან;
ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დროული გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები.
სახელმწიფოს ასევე, ეკისრება ვალდებულება მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მსგავსი დარღვევების საპრევენციოდ, ნებისმიერ კერძო ან საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ:
უზრუნველყოს ამ ცენტრების რეგულარული და დამოუკიდებელი მონიტორინგი;
უზრუნველყოს აღნიშნული ცენტრების დამოუკიდებელი მონიტორინგისთვის პასუხისმგებელი ორგანოს ეფექტიანობა, მათ შორის, ნებისმიერ დროს ადგილზე ვიზიტითა და იქ მცხოვრებ ბავშვებთან კონფიდენციალური გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობით;
უზრუნველყოს ყველა ტიპის ზრუნვის დაწესებულებაში ბავშვზე ორიენტირებული, ეფექტიანი, კონფიდენციალური, ხელმისაწვდომი, გენდერულად მგრძნობიარე და ბავშვისადმი მეგობრული საჩივრების მექანიზმის არსებობა;
უზრუნველყოს ბავშვებისთვის საჭირო იურიდიულ დახმარებასა და სათანადო სამართლებრივ წარმომადგენლობაზე წვდომა;
უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დარღვევის თითოეული ბრალდების სათანადო გამოძიება. ასევე, თუ დადგინდება, რომ ბავშვი დანაშაულის ან სამართალდარღვევის მსხვერპლია, უზრუნველყოს სათანადო პროცედურის განხორციელება.
სახელმწიფოს, ასევე, ევალება კომიტეტის მოსაზრებების გამოქვეყნება და მათი გავრცელება ოფიციალურ სახელმწიფო ენაზე.
როგორია სახელმწიფოს პასუხი?
PHR-ის ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში სახელმწიფო აცხადებს, რომ მიიღო საჭირო ზომები მსხვერპლი ბავშვების ეფექტიანი რეპარაციის უზრუნველსაყოფად და მსგავსი დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.
მზრუნველთა მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილებამ 2021 წლის 3 ივნისს დაიწყო.
2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით საქმე კვლავ აქტიურ საგამოძიებო ფაზაში იყო, სარწმუნო საგამოძიებო მიმართულებების შესასწავლად, საქმის გარემოებების დასადგენად და პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად.
სახელმწიფო მხარე განმარტავს, რომ მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია უზრუნველყოფილია სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოს სპეციალისტების უშუალო ჩართულობით, რომლებიც ბავშვებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. საჭიროების შემთხვევაში ბავშვები იღებენ დამატებით მომსახურებებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და სხვა აუცილებელ სერვისებს.
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 24 ბავშვი კვლავ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება, ხოლო რვა ბავშვი აგრძელებს პანსიონატში ცხოვრებას. კომიტეტის მოსაზრებების შესაბამისად, 2024 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სააგენტომ ჩაატარა გასაუბრებები და ხელახლა შეაფასა ბავშვების მდგომარეობა.
სახელმწიფომ საჯაროდ მოუხადა ბოდიში მსხვერპლ ბავშვებს და აღიარა თავისი პასუხისმგებლობა, კონვენციით გარანტირებული ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
2024 წლის 21-25 ნოემბერს, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ოთხი სარჩელი შევიდა. 2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, საქმეები კვლავ სასამართლო განხილვის ეტაპზე იყო, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებებიც ჯერ არ იყო მიღებული.
PHR-ის განმარტება
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2024 წლის 24 სექტემბერს PHR-ის იურისტებს მიეცათ წვდომა იმ ბავშვებთან, რომლებიც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა თავის მოსაზრებებში ოფიციალურად ცნო მძიმე უფლებადარღვევების მსხვერპლებად.
2024 წლის 9 ოქტომბერს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა იქ მცხოვრებ რვა ბავშვთან. ბავშვებს გააცნეს ორგანიზაციის დირექტორი და განუმარტეს მათი უფლებები.
2024 წლის 23 ოქტომბერს პანსიონში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. ოთხი ბავშვი სიტყვიერად დათანხმდა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მათი წარმომადგენელი PHR ყოფილიყო. თუმცა, თანხმობიდან რამდენიმე დღეში მათ თანხმობა ოფიციალურად გააუქმეს.
„PHR სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ერთდროულად რამდენიმე ბავშვის მიერ რამდენიმე დღეში, ყოველგვარი განმარტების გარეშე, თანხმობის გაუქმება მიუთითებს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და იძულებაზე. აღნიშნული გარემოება ქმნის მყარ ვარაუდს, რომ ბავშვები, შესაძლოა, დაექვემდებარნენ არასათანადო გავლენას ან თუნდაც მუქარას, რათა შეეჩერებინათ კომპენსაციისა და რეპარაციის მოთხოვნა.“
2024 წლის 18 ნოემბერს იურისტები კიდევ ერთხელ მივიდნენ ნინოწმინდის პანსიონში. აღნიშნული ვიზიტისას პანსიონში დარჩენილმა რვავე ბავშვმა უარი თქვა იურისტებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე.
ზრუნვისა და დახმარების სააგენტომ არ აღიარა და არ გამოიძია თანხმობის უეცარი და კოორდინირებული გაუქმების ფაქტი და განაცხადა, რომ იურისტებთან ურთიერთობაზე უარი ასახავდა ბავშვების თავისუფალ ნებას. აღიშნულის საპირისპიროდ, ყველა მსხვერპლი, რომელსაც გასაუბრების მომენტში უკვე დატოვებული ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონი (ერთი პირის გარდა), დათანხმდა რეპარაციის მოთხოვნას და აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის მოსაზრებების შესრულების პროცესში. PHR-ის იურისტები მათთან რეგულარულ კონტაქტში არიან და ოფიციალურად წარმოადგენენ კომიტეტის გადაწყვეტილებაში დასახელებულ 11 მსხვერპლს, რომლებმაც დაწესებულება დატოვეს“- ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 5 ივნისის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები რვა ბავშვიდან არცერთი მონაწილეობს კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულებაში და არცერთი მათგანი იღებს ეფექტიან რეპარაციას, მათ შორის კომპენსაციას, რეაბილიტაციას ან საჯარო ბოდიშს.
ამასთან, PHR-ში განმარტავენ, რომ 2021 წლის 3 ივნისს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული;
არცერთი დაზარალებულია აღიარებული „დაზარალებულად“ ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში;
და არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მიღებული გაცხადებული დარღვევების თაობაზე.
კომიტეტის გადაწყვეტილება
კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულია გარკვეული საწყისი ნაბიჯები კომიტეტის მოსაზრებების შესრულების მიმართულებით. თუმცა, ეს ზომები არასაკმარისია.
კომიტეტმა გადაწყვიტა, გააგრძელოს სახელმწიფოსთან დიალოგი ინდივიდუალური რეპარაციის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და სისხლის სამართლის გამოძიების საკითხებზე.
სახელმწიფოს ევალება წარადგინოს განახლებული და დეტალური ინფორმაცია მსხვერპლი ბავშვებისთვის კომპენსაციის უზრუნველყოფის პროცედურებისა და მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოების შესახებ, ასევე, რეაბილიტაციის ღონისძიებებზე.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი მოითხოვს, სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა.
კომიტეტი შეშფოთებულია გარემოებით, რომ ყველა ბავშვმა, რომელიც კვლავ პანსიონში იმყოფება, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა რეპარაციის მოთხოვნაზე, რამდენიმე დღეში კი ერთდროულად გააუქმა ეს თანხმობა, რაც შეიძლება მიუთითებდეს არასათანადო ზეწოლაზე ან შურისძიების საფრთხეზე.
კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ყველა არასრულწლოვანი მსხვერპლის რეპარაცია ეროვნულ დონეზე, მათზე ყოველგვარი ზეწოლის განხორციელების გარეშე, გადადგმული ნაბიჯების შესახებ კი დეტალურად ეცნობოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს“.
საერთაშორისო გამოცემამ – Euromoney, 2026 წლის ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თიბისიმ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო მოიპოვა. ამ კატეგორიაში ბანკმა ჯილდო უკვე მეექვსედ მიიღო.
Euromoney-ს ყოველწლიური კვლევა კორპორაციული კლიენტების შეფასებებს ეფუძნება და ასახავს მათს კმაყოფილებას სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით – მომსახურების ხარისხის, პროდუქტის შეთავაზებებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თიბისი კორპორაციული კლიენტებისთვის სანდო პარტნიორია და ბიზნესს მათს საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
“ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან გამოკითხვაში უშუალოდ ჩვენი მომხმარებლები მონაწილეობენ. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, პარტნიორების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგები კი ადასტურებს, რომ ჩვენი კლიენტები გვენდობიან და არამხოლოდ ფინანსურ მხარდამჭერად, არამედ, სანდო პარტნიორად მიგვიჩნევენ. ეს ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, სადაც 45%-ზე მეტი საბაზრო წილი გვიკავია, ხოლო ჩვენი პორტფელი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
უკვე თითქმის 30 წელია, Euromoney-ს ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვა ტარდება და ამ სექტორში მოქმედი მსოფლიო ბანკებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბენჩმარკინგ კვლევად მიიჩნევა. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,700-მა სპეციალისტმა და კორპორაციულმა ფინანსურმა მენეჯერმა 96 ქვეყნიდან, რომლებმაც 436 ფინანსური ინსტიტუტი შეაფასეს.
დღეს, 25 თებერვალს, სადავო პარლამენტში ფასების კომისიის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
შეხვედრაზე იმყოფებოდა სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ე.წ. ქეშბექის თემა დააყენა.
„პირველი საკითხი არის ქეშბექი.
სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ გაყიდულ პროდუქციაზე ქეშბექი დავუბრუნოთ რითეილს. ეს ქეშბექი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს, გარკვეულ სეგმენტზე.
პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შედარებით დაბალია და შოკოლადზე და ასეთ ნაწარმზე 50%-ზეც ადის. დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია თავის მარჟას დაამატოს ქეშბექის დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება,“ – თქვა სურსათის იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა ლევან პაპიაშვილმა
„რა არის ქეშბექი?“ – ჰკითხა ლევან პაპიაშვილს ფასების კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა.
„აი, მაგალითად არის 10-ლარიანი პროდუქცია. ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. ხელშეკრულებაში მე მიდევს პირობა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% ქეშბექის სახით უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც მას უკან უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, ანუ 10 ლარს. ანუ გამოვიდა 15 ლარი. 15 ლარიდან უკან დაბრუნებული 50% კიდევ უფრო მეტი გამოდის…“ – განმარტა ლევან პაპიაშვილმა ქეშბექის სქემა.
ლევან პაპიაშვილმა ისაუბრა იმ სხვა ფაქტორებზეც, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს პროდუქტის ფასზე.
„იქ არის შესვლის საფასური, მაღაზიის გახსნის საფასური… ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა მიწოდებული პროდუქციის ვადაგასვლაზე პასუხისმგებლობა ისევ ჩვენ გვეკისრება, ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ და ჩვენს ზიანზეა ეს.
ასევე, მცირევადიან პროდუქტს ვერ მივაწვდით. მაგალითად, როცა შენახვის ვადის 50% აქვს დარჩენილი პროდუქციას, ჩვენ მას ვერ მივაწვდით [ქსელურ მარკეტს] სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ მინიმუმ 50%-ზე მეტი ვადა უნდა იყოს დარჩენილი. ჩვენ მერე იძულებული ვართ, ეს ან ზარალზე გავყიდოთ, ან საბოლოოდ, თუ ვადა გაუვა, უნდა განადგურდეს,“ – თქვა ლევან პაპიაშვილმა.
სადავო პარლამენტში შექმნილია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია, რომლის მიზანია გამოიკვლიოს რატომ ღირს სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტი საქართველოში ძვირი.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.
საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას.
კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც 13 ივნისს გაიმართა, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში, შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.
„თუ არ იყო ეთიკური ყოფილი მოსწავლეებისგან ამ საჩუქრის მიღება, ხომ შეეძლო მაშინვე ეთქვა დირექტორს, რომ არ მიმეღო ეს საჩუქარი თუ ამით რაიმე ირღვეოდა, ეს ამბავი ხომ ბანკეტზე გაჟღერდა? ან გავეფრთხილებინე მაინც. რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური შვიდი თვის შემდეგ?
ამ ახალგაზრდებთან მე სამსახურებრივი ურთიერთობები აღარ მაკავშირებდა, რადგან უკვე ამორიცხულები იყვნენ სკოლიდან. შესაბამისად, მათი დამრიგებელიც აღარ ვიყავი და ეს საჩუქარი ვერანაირ გავლენას ვეღარ მოახდენდა ვერც მათ აკადემიურ მოსწრებაზე, ვერც ნიშნებზე ან ოქროს მედლებზე“- გვეუბნება ნატალია თურქაძე.
მისი თქმით, ამ საკითხზე სკოლის დისციპლინურმა საბჭომ დიდხანს იმსჯელა, თუმცა დარღვევა არ დაუდგენია.
„საერთოდ არ მინდოდა ამ ამბის აფიშირება, რადგან იმედი მქონდა, რომ სკოლის დირექტორი სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან სკოლის დისციპლინურმა საბჭომ გამოიტანა დასკვნა, რომ მასწავლებლის მხრიდან გადაცდომა არ ყოფილა.
მთელ სკოლას და მათ შორის მეც, მქონდა განცდა, რომ დირექტორი გაიზიარებდა დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე არ მოხდა“- ამბობს ნატალია თურქაძე.
მისი თქმით, 24 თებერვალს სკოლაში იყო და პირველი გაკვეთილიც ჩაატარა, როცა შემთხვევით გაიგო, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
„23 თებერვალს დაუწერია ბრძანება და მე არც კი ვიცოდი ამის შესახებ. დირექტორმა მითხრა eFlow-ში გამოგიგზავნე წერილიო, მაგრამ ამ სისტემას რომელი მასწავლებელი ხსნის სახლში?!
არც დაურეკავს და არც ფოსტაზე ყოფილა შეტყობინება“- ამბობს ნატალია თურქაძე.
ნატალია თურქაძე ქუთაისის 36-ე სკოლაში 2015 წლიდან მუშაობს მასწავლებლად და როგორც ამბობს, თავადაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული.
„ეს სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა, იქიდან მოყოლებული ვზრუნავ ამ სკოლის პრესტიჟზე. როგორც მასწავლებელს არაერთი წარმატებული პროექტი განმიხორციელებია სკოლაში და არცერთი წუთი არ ყოფილა, რომ სკოლის განვითარებაზე არ მეფიქრა.
ბრძანებაში მითითებული მუხლებით კი სკოლის იმიჯის შელახვას მედავება დირექტორი, რასაც არავინ არ დაეთანხმა.
ან რას ნიშნავს იმიჯის შელახვა? – ნაკლები მოსწავლე მოვიდა სკოლაში სექტემბერში, მოსწავლეების გადინება დაიწყო სკოლიდან, მშობლებს ჰქონდათ რაიმეზე პრეტენზია ან ვინმეს აღარ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა ამ ფაქტის შემდეგ? რით დაადგინა სკოლის დირექტორმა „იმიჯის შელახვა“?
მოვითხოვე კიდეც განმარტება და ალბათ მომაწვდის წერილობით, შვიდი დღე აქვს ვადა ამისთვის, თუმცა მანამდე სამართლებრივ დავის წამოწყებას ვაპირებ სასამართლოში“ – ამბობს მასწავლებელი.
რა ფუნქცია აქვს მაშინ დისციპლინურ საბჭოს, თუკი სკოლის დირექტორი მის გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს და მაინც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს? – კითხვას სვამს ნატალია თურქაძე.
მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას მისი კოლეგებიც გამოეხმაურნენ ფეისბუქზე და საშიშ პრეცედენტად აღიქვეს. მათი აზრით, შესაძლოა მსგავსი მეთოდები აქტიური და კრიტიკული მასწავლებლების წინააღმდეგ გამოიყენოს სისტემამ.
„მე არ ვიცი რა არის რეალური მოტივი, არ მაქვს ამაზე პასუხი.
თუ ყოფილ მოსწავლეებთან ურთიერთობა ან მათგან საჩუქრის მიღება დასჯადია, ეს უნდა ჩავწეროთ ნათლად სკოლის შინაგანაწესში, რომ მსგავსი პრეცედენტები თავიდან ავიცილოთ.
მე ვმეგობრობ ამ ბავშვებთან, მათ დაბადების დღეებზეც დავდივარ, ზოგიერთი უკვე ქორწილშიც მეპატიჟება და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ და ურთიერთობები გავწყვიტოთ ყოფილ მოსწავლეებთან? – ამბობს ნატალია თურქაძე.
ნატალია თურქაძის მხარდასაჭერად, დღეს 25 თებერვალს სკოლის წინ, მოსწავლეებმა აქციაც გამართეს, – „დაბრუნდეს ნატალია მასწავლებელი სკოლაში“- ამ პლაკატით და შეძახილებით იდგნენ მოსწავლეები სკოლის შესასვლელთან.
„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ეკატერინე დოლიძესაც დაუკავშირდა ტელეფონზე და სთხოვა განმარტება, თუ რატომ მიიღო მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მაშინ, როცა დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.
სკოლის დირექტორმა შეკითხვა მოისმინე, შემდეგ კი თქვა, რომ არ ესმოდა და ტელეფონი გათიშა. მას შეკითხვა წერილობითაც მივწერეთ და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, თუმცა დირექტორს ჩვენი ზარებისთვის აღარ უპასუხია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს.
კერძოდ, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.
ამავდროულად, მეწარმე ბიზნეს საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა – წერს სააგენტო.
შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა.
„გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა.
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრულიანი ამინდი, წვიმა, მაღალმთაში თოვა, ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ნისლი, ქარბუქი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 262 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 701 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 091 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 37 589 ერთეული [+29]
MLRS – 1 655 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 305 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 146 457 ერთეული [+886]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 347 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 79 971 ერთეული [+145]
სპეცტექნიკა – 4 075 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით და სვამენ შეკითხვას: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის?
„უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურია და აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან. ასევე, ბათუმი იყო ქალაქი, სადაც იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში,“ – 105 წლის ამბებს იხსენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ თბილისი დაიკავა, თუმცა მანამდე და მaს შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის დაცვას ცდილობდნენ.
„მითია, რასაც საბჭოთა პროპაგანდა უწყობდა ხელს, რომ თითქოს არავის არ უნდოდა საქართველოს დასაცავად ბრძოლა. მოტივაცია და ნაკადი მოხალისეებისა, ასევე ნაომარი და გამოცდილი ადამიანებისა, იყო ძალიან მაღალი, ოღონდ შეიარაღება იყო დეფიციტი. შიშველი ხელით ჯარისკაცი ვერ იბრძოლებდა,“ – გვიყვება ირაკლი ხვადაგიანი და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორ ერთი-ერთში ემთხვევა 105 წლის წინანდელი საბჭოთა რუსეთის საინფორმაციო კამპანიის მეთოდები დღევანდელი რუსეთის მიდგომებს, ისევ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ.
„ბათუმელებმა“ ისტორიკოსს ირაკლი ხვადაგიანთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო ირაკლი, 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან, დღესაც ოკუპაციის საფრთხის პირისპირ ვართ. რა შეიცვალა?
ფორმალურად, კარდინალურად არის შეცვლილი ის, რომ აღარ არსებობს ის სისტემა, რეჟიმი, იმპერია, საბჭოთა რუსეთი, რომელმაც დაიპყრო საქართველო 1921 წლის თებერვალ-მარტში და გაანადგურა დემოკრატიული თანამედროვე სახელმწიფო. შემდეგ კი, მთელი 70 წლის განმავლობაში დაუწერელი სისასტიკის ქვეშ მოაქცია.
ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის აღდგენა, სახელმწიფო გვქვია, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა და მიუხედავად პრორუსული რეჟიმისა, რომელიც გვყავს. მოქალაქეების დიდი ნაწილი არ აპირებს ამ ღირებულებაზე – დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე უარის თქმას.
გვქონდა შანსი, ფუნდამენტური ნაბიჯი გადაგვედგა წინ, გავთავისუფლებულიყავით ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობისგან, გავლენისაგან, შეგვესრულებინა მისია, რისკენაც იყო მომართული 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი და განადგურებული ჩვენი ქვეყანა – თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო. საქართველო, რომელიც არის ევროპული ერების და სახელმწიფოების ოჯახის სრულფასოვანი წევრი და არის დაცული მათთან ერთად გარე საფრთხეებისგან. ამის მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბევრი ფაქტორის გამო, გვიწევს იმავე გამოწვევებთან გამკლავება.
დღეს ქვეყანაში არალეგიტიმური რეჟიმია, არავის არ აურჩევია და მისაკუთრებული აქვს ძალაუფლება. ცხადად დამტკიცებულია ამ ძალაუფლების მისაკუთრება – მითვისების პროცესში გაცხადებულად ანტიდასავლური, პრორუსული და რუსული არათუ გავლენა, არამედ თანამონაწილეობაც. კონსტიტუცია არის ფაქტობრივად გაუქმებული. ამ დროს ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების, მათი შავი ფულის და ომში დახმარების ყველა ნიშანი სახეზეა, რომ ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია, დე ფაქტო მოსახლეობის უმრავლესობა არ ეგუება დამოუკიდებლობის ჩამორთმევის, სახელმწიფოს გაუქმების მცდელობას.
ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ რუსული რეჟიმი გვყავს და რეპრესიებით, ტერორით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნება-გამტკიცებას, რუსული გეგმის და დღის წესრიგის შესრულებაში მოყვანას. ეს იმას გულისხმობს, რომ დე ფაქტო დემოგრაფიულად და ეროვნულადაც მოხდეს კოლონიზაცია, ანუ მკვიდრი მოსახლეობა აიყაროს, გაქრეს და დასუსტდეს, ხოლო მისი ადგილი დაიკავოს რუსმა კოლონიზატორმა. ამით აისრულოს ის საუკუნოვანი ოცნება, რაც ჰქონდა რუსეთის იმპერიას. მისი მემკვიდრე საბჭოთა რუსეთიც აგრძელებდა ამ პოლიტიკას და თანამედროვე რუსეთიც ერთგულად მიჰყვება ამ გზას.
რამდენიმე დღის წინ თქვენ გააზიარეთ ფეისბუქგვერდზე 1921 წლის საბჭოთა პრესის ერთ-ერთი ჩანაწერი: „კომუნისტები ყოველ ცისმარე დღეს იმას გვისაყვედურებენ, რომ ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი ევროპის სახელმწიფოებთან, რომ ჩვენ მათთან დაახლოებას ვცდილობთ“. როგორ ემთხვევა „ოცნების“ მთავრობის დღევანდელი რიტორიკა 105 წლის წინანდელ პროპაგანდას?
ეს ამონარიდია 1921 წლის დამდეგ გამოცემული, დამოუკიდებელი საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთიდან.
ლოგიკა, მოცემულობა არის იგივე, იგივე პროცესის გაგრძელებაა. რუსეთის ამოცანები, რაც მაშინ იყო, ანალოგიურია დღესაც. მეთოდები, პროპაგანდა, რიტორიკა ფაქტობრივად უცვლელია, უბრალოდ ინსტრუმენტები იცვლება. დღეს უკვე 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებია, გლობალური მედიაა, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ.
მთავარი შეტყობინება რუსეთისგან არის იგივე: თქვენ უნდა იყოთ ჩვენი სივრცის ნაწილი, არ შეგიძლიათ დამოუკიდებლად იარსებოთ, დასავლეთი არის თქვენთვის უცხო და მიუღებელი, ბოროტი და დამპალი, მომაკვდავი, ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეთ; ყველანაირი გადაკვეთის წერტილი, არხი, თანამშრომლობის ქსელი და პოლიტიკა უნდა მოისპოს დასავლეთთან დამაკავშირებელი. ორგანულად ეს ქვეყანა, მისი ტერიტორია, მისი სივრცე უნდა იყოს რუსული მოწყობის და რუსეთთან ჰარმონიზებული. საბოლოო ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, ფორმალური ატრიბუტების ჩამორთმევაც: სახელი ქვეყნის, საზღვრები, დროშა, გერბი, ჰიმნი…
ამ რიტორიკის ნაწილი იყო ასევე მარო მაყაშვილზე „ოცნების“ პროპაგანდისტის, გია გაჩეჩილაძის განცხადება: „მაყაშვილი არა რუსეთმა, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოკლაო“!
დიახ, ესეც არის ზუსტად იგივე საინფორმაციო ომის სტრატეგიის ნაწილი, რასაც რუსეთი აწარმოებს და მისი მარიონეტები: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან, ამ იდეასთან და მის წარსულთან – გმირული მემკვიდრეობა, თავგანწირვა და ასე შემდეგ – ეს უნდა გაუფასურდეს, გამოცხადდეს, რომ ეს იყო უაზრობა, უშედეგო და სულელური, რაღაც სენტიმენტალური საქციელი და არა გაცნობიერებული, ღირებულებაზე დაფუძნებული მოქმედება. ამ სტრატეგიის ნაწილია, რომ გამოჩნდეს, ამ ადამიანების დაღუპვაში დამნაშავე არის არა რუსეთი, არამედ საქართველო თვითონ და მისი ხელისუფლება.
ეს იყო გენერალური ხაზი საბჭოთა რუსული პროპაგანდის დროსაც, რომ ომი არის საქართველოს ბრალი, საქართველომ აიძულა საბჭოთა რუსეთი, რომ მის წინააღმდეგ ზომები მიეღო… 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარშემოც იყო კამპანია, რომ აი, საქართველო არის ომის მაპროვოცირებელი და მისი ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე. ამ პროპაგანდას დაეფუძნა შემდეგ უკვე „ივანიშვილის პროექტი“.
დიდი წილი მისი წინასაარჩევნო კამპანიისა იყო ზუსტად ეს: დამოუკიდებელი საქართველოს არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების და მისი მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომში რუსეთთან.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში დაღუპული სახალხო გვარდიელები. თბილისი, 1921 წლის თებერვლის ბოლო. People’s
დღეს უკვე, ვინც მართლა სულით ხორცამდე არ არის რუსეთზე მიბმული და მიყიდული, ღიმილის მომგვრელია, რომ რუსეთთან საერთოდ ვინმე დამნაშავე იყოს ომსა და კონფლიქტში, მაგრამ სრული სერიოზულობით და დაჟინებით ამ კამპანიას ატარებენ. ხელისუფლების ხელში ჩაგდების მერეც მეთოდური გაგრძელება ჰქონდა ამ კამპანიას და ამ ტიპის პროპაგანდას.
ახლანდელ აკორდებსაც ვხედავთ – ე.წ. წულუკიანის კომისიაც ამ მიზანს ემსახურებოდა: მეხსიერება, ისტორია, გმირები რუსეთთან ბრძოლა – ეს აუცილებლად უნდა გადაიწეროს და შეფასდეს, როგორც რაღაც სამარცხვინო ნაწილი, მოქმედება, უნდა გამოცხადდეს, რომ ეს იყო ჩვენი, ანუ მსხვერპლის ბრალი.
105 წლის წინ მომხდარი საბჭოთა ოკუპაციაც ამ ჭრილში ისწავლება დღეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში?
რა თქმა უნდა, რეჟიმი და მისი პროპაგანდა, რუსული საინფორმაციო მანქანა არ არის ქრონოლოგიაში შეზღუდული. ყველაფერი, სადაც ფიგურირებს რუსეთი და რუსეთთან დაპირისპირება, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი თვითმყოფადობისთვის – უნდა ამოიშალოს.
ერთბაშად ამ ინფორმაციის ჩაკეტვა და წაშლა ვერ ხერხდება, მაგრამ მიმდინარეობს გეგმაზომიერი კამპანია დისკრედიტაციის, გაუფასურების, დაცინვის, რაღაცნაირად ისრების გადატანის, საკუთარი თავის დადანაშაულების, რომ აიმღვრეს, შეიბღალოს ეს პრიზმა. შემდეგ უკვე დადგება ფაზა – სრულიად ცხადი და ღიად რუსული ალტერნატივით ჩაანაცვლონ რეალობა. ამას აპირებენ ახლა უკვე ამ ყბადაღებული განათლების სფეროს ჩამოშლით – მათი შეფასებით რეფორმის, სინამდვილეში კი, დეფორმის და განადგურების კამპანიის ფარგლებში.
მოგვიყევით, რა ხდებოდა 105 წლის წინ, თებერვლის დღეებში საქართველოში? რა ძალისხმევა დასჭირდა მაშინ საბჭოთა რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის?
საბჭოთა რუსეთს დასჭირდა სრულმასშტაბიანი ომი. უკრაინასაც მთელი მასშტაბით 24 თებერვალს დაესხნენ თავს. ასე ემთხვევა ეს თარიღები. დღეს უკრაინაზე ვსაუბრობთ, ხვალ, 25 თებერვალს კი, საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოა.
საქართველოში შემოჭრის პირველი მცდელობა საბჭოთა რუსეთს ჰქონდა 1920 წლის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, ოღონდ ეს იყო შედარებით შეზღუდული კამპანია – ძირითადად მხოლოდ ერთი ფრონტი იყო და შემდეგ ზურგის მხრიდან პროვოკაციული ოპერაციები. მაშინ არ ეყო ძალები რუსეთს, ბევრი ფაქტორი იყო მის საწინააღმდეგოდ.
სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში ცხენოსან ნაწილთა მცირერიცხოვნებამ ქართულ არმიას დიდი პრობლემები შეუქმნა. თბილისი, 1919-1920 წლები.
ეს ხდებოდა უკვე ოკუპირებული აზერბაიჯანის მხრიდან მტკვრის ხეობის გასწვრივ, შეტევა იყო თბილისის მიმართულებით და ზურგში ჯავის მხრიდან. ასევე, საბჭოთა რუსეთის სამსახურში ჩამდგარი ეთნიკური ოსების რაზმებით დარტყმის მცდელობაც იყო და ბოლშევიკური იატაკქვეშეთიდან ცდილობდნენ, ზურგის მომარაგების ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ, ანუ დივერსიები მოეწყოთ.
ირაკლი ხვადაგიანი
მაშინ ეს ოპერაცია გაანეიტრალა საქართველოს რესპუბლიკამ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა. მოახერხა ქვეყანამ თავის დაცვა და ამ მომენტში იძულებული გახდა საბჭოთა რუსეთი, საზავო მოლაპარაკებაზე წამოსულიყო, დათმო ძალიან მნიშვნელოვანი რამ – აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ და დე იურედ. საქართველომაც აღიარა საპასუხოდ საბჭოთა რუსეთი.
თუმცა ყველამ იცოდა საქართველოში და რუსეთშიც, რომ ეს დროებითი უკანდახევა იყო. 1921 წლის 12 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჯახება-შეჭრა დაიწყო ყველა მიმართულებიდან: აფხაზეთი, შავიზღვისპირეთი, დარიალის ხეობა, ისევ ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან, რაჭის მიმართულება, ოკუპირებული სომხეთის მხრიდან ლორეს მიმართულება, ოკუპირებული აზერბაიჯანის მხრიდან იგივე მიმართულება, როგორც ერთი წლის წინ მოხდა. ეს უკვე არის ტოტალური ომი – დიდი მასშტაბის თავდასხმა. კავკასიის ფრონტზე რა ძალებიც ჰყავდათ თავმოყრილი, შემოიყვანეს. საბჭოთა რუსეთმა დომინოს პრინციპით ჯერ ჩრდილოეთ კავკასია დაიკავა წინა წლებში, შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი…. საქართველოში, რა თქმა უნდა, მათი რესურსი რიცხობრივად აღემატებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და რესურსებს.
საქართველოს მარცხი განაპირობა ორმა მთავარმა ფაქტორმა: ქვეყნის ტერიტორიაზე არ იყო წარმოდგენილი ძლიერი საგარეო მოკავშირის და პარტნიორის შეიარაღებული ძალები, რომ პრევენცია მომხდარიყო რუსული თავდასხმის აღსაკვეთად. სხვათა შორის, მუშაობა დაწყებული იყო და შეთანხმება იყო მიღწეული საფრანგეთთან, მაგრამ დრო, რაც სჭირდებოდა სამხედრო პარტნიორობის პრაქტიკაში ამუშავებას – ამას დაასწრო საბჭოთა რუსეთმა. ამ დროს ფრანგული შეიარაღებული ძალების ფლოტი უკვე იმყოფებოდა შავი ზღვის აკვატორიაში. საბრძოლო გემები ქართულ არმიასთან ერთად ჩაება ომში. ფრანგული სამხედრო გემები საარტილერიო მხარდაჭერას უწევდნენ ქართულ არმიას ზღვიდან და ასევე ტრანსპორტირების კუთხით აფხაზეთის მიმართულებაზე. რა რესურსიც ჰქონდათ, ის შეასრულეს.
ბათუმში იყო ძირითადად ბაზირებული ფრანგული სამხედრო გემები. როცა ომი დაიწყო, გავიდნენ გემები შავი ზღვის აკვატორიაში და აფხაზეთის მიმართულებაზე დაიწყეს მოქმედება ოღონდ საყრდენი პუნქტი, რა თქმა უნდა, ბათუმი და ფოთი იყო.
საქართველოს მარცხი განაპირობა ასევე მეორე მთავარმა ფაქტორმა – შეიარაღების დეფიციტი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, 1921 წლამდე ამბოხებებსა და ომებში, ასევე ლოკალური სტადიების დივერსიების მცდელობების აღკვეთაში ხარჯავდა სამხედრო რესურსებს… შევსება სჭირდებოდა ამ შეიარაღების, მწვავე დეფიციტი ჰქონდათ.
მითია, რასაც შემდეგ საბჭოთა პროპაგანდა უწყობდა ხელს, რომ თითქოს არავის არ უნდოდა საქართველოს დასაცავად ბრძოლა. მოტივაცია და ნაკადი მოხალისეებისა, ასევე ნაომარი და გამოცდილი ადამიანებისა, იყო ძალიან მაღალი, ოღონდ შეიარაღება იყო დეფიციტი. შიშველი ხელით ჯარისკაცი ვერ იბრძოლებდა.
ამის მიუხედავად, რამდენ დღეს გაგრძელდა ბრძოლა და სად იყო შეტაკებები?
თავდასხმა დაიწყო საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 12 თებერვალს და გაგრძელდა 1921 წლის 17 მარტამდე.
უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურიადა აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან, ასევე ბათუმში იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში.
ოღონდ აქ უკვე მეორე ფრონტიც გაიხსნა და ორ ფრონტზე მოუწია ბრძოლა საქართველოს რესპუბლიკას – ქემალისტური თურქეთის რესპუბლიკის ძალები ცდილობდნენ საიდუმლო შეთანხმებით საბჭოთა რუსეთთან გაეყოთ საქართველო და ეს სახელმწიფო, როგორც ბუფერი, გაექროთ. ქემალისტური არმიის ნაწილებმა სცადეს ბათუმის ოლქის ოკუპაცია, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაუწია წინააღმდეგობა.
ეს არის უკვე ბრძოლა ორ ფრონტზე. ბათუმში ტარდება დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელზედაც დამფუძნებელი კრება აკომპლექტებს მთავრობას შემცირებული შემადგენლობით და ავალებს მას, რომ წავიდეს ემიგრაციაში ევროპაში, იქ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოსი და იმუშაოს დეოკუპაციისთვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. პარალელურად, მთავრობას ქუთაისში ჰყავს გაგზავნილი დელეგატები სამშვიდობო საზავო ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მოლაპარაკებაზე საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებთან. როდესაც ეს შეთანხმება დგება ქუთაისში – ცეცხლის დროებითი შეწყვეტაზე, ქართული არმიის ნაწილები იხსნება გურიის ფრონტიდან და გადმოსროლა ხდება ბათუმში.
ამ დროს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და გადასულია ბათუმში რეიდზე მდგომ გემებზე. მთავრობა იბარებს საიდუმლოდ ქართული არმიის გენერალს, გიორგი მაზნიაშვილს და ავალებს, ბრძოლით განდევნოს ქემალისტური არმია ბათუმის ოლქიდან.
მთავრობა სარგებლობს იმ მომენტით, რომ ბათუმში, ციხეში მყოფმა ბოლშევიკებმა არ იციან და ვერ ასწრებენ გარკვევას სიტუაციაში, რა შეთანხმება არის, ასე ვთქვათ, ტერიტორიების გაყოფის შესახებ… ფორმალურად ისინი აცხადებენ, რომ არიან საბჭოთა რევკომი და ბათუმის მთავრობა, მაგრამ ქართული არმია მოქმედებს გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით. მაზნიაშვილს აქვს უკვე მკაფიო დავალება დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული – რამდენიმე დღის ბრძოლების შემდეგ ქართული არმიის ნაწილები მასირებული შეტევით წმენდენ ბათუმს და მის შემოგარენს, შემდეგ გადადიან შეტევაზე სარფის და ხოფას მიმართულებით იმ ხაზზე, რომელიც შემდეგ დაფიქსირდა, როგორც საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი.
ორ ფრონტზე ომი დასრულდა, ერთი მხრივ, მარცხით და სრული ოკუპაციით, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკანასკნელი დღეები ამ ომის იყო მეორე ფრონტზე გამარჯვება, რომ ბათუმი და აჭარის დიდი ნაწილი შეძლო ქართულმა არმიამ და შეინარჩუნა.
ამით ფაქტის წინაშე დადგა ორივე მხარე და შემდეგ უკვე გამართეს მოლაპარაკებები ყარსში. ამ მოცემულობის შეცვლა ძალიან რთული იქნებოდა და დამაზიანებელი განსაკუთრებით საბჭოთა რუსეთისათვის. ბოლო გმირული და წარმატებული ფურცელი მიემატა 1921 წლის ომის საერთო მარცხს და ოკუპაციას და იმ კატასტროფას, რომელიც დაიწყო ამ მომენტიდან.
ანუ ბათუმიდან ქემალისტური თურქეთის არმიის განდევნით დასრულდა იმ პერიოდის ანტისაოკუპაციო ბრძოლა?
ძირითადი ფაზა საბრძოლო მოქმედებებისა დამთავრდა. სრული რუსული საოკუპაციო რეჟიმი დადგა საქართველოში. შემდეგ უკვე ხდება ქართული გვარდიის და არმიის გაუქმება, არმიის ნაწილს ტოვებენ და მექანიკურად აცხადებენ, რომ ეს არის საბჭოთა საქართველოს წითელი არმია. რამდენიმე თვის შემდეგ შლიან ამ შენაერთებს და აქცევენ რუსეთის წითელი არმიაში, კავკასიის წითელდროშოვანი არმიის ტერიტორიულ პოლკებად ანაწილებენ და ფანტავენ, რომ დიდი დაჯგუფება აღარ იყოს. ამ გზით შეიარაღებული ძალები უქმდება საქართველოში. საბჭოთა სტრუქტურები იქმნება და ტოტალიტარული, საოკუპაციო ვერტიკალი ყალიბდება.
ქართული პარტიები გადადიან იატაკქვეშეთში და იწყებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს, არის სტიქიური ამბოხებები და შეიარაღებული შეტაკებები საოკუპაციო რეჟიმთან, მიდის მუშაობა დეოკუპაციის სტრატეგიაზე და გეგმაზე.
1924 წლის აგვისტოში არის მცდელობა ერთიანი შეიარაღებული ეროვნული აჯანყებისა დეოკუპაციისთვის, რომელიც მრავალი მიზეზის გამო წარუმატებელი გამოდგა. იგი სასტიკად ჩაახშო საოკუპაციო რეჟიმმა და სადღაც 5000-მდე ადამიანი დახვრიტა მთელ საქართველოში. ეს უკვე ახალი ეტაპია.
უშუალოდ 25 თებერვალს რა ხდება? რატომ მიიჩნევა 25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღედ?
25 თებერვალი არის დედაქალაქის დაცემის, თბილისის დაპყრობის დღე, თუმცა საზოგადოება 1921 წლიდან, ოკუპაციის შემდგომ წლებში, საპროტესტო და ანტისაბჭოთა საპროტესტო დემონსტრაციებისთვის ყოველთვის მობილიზდებოდა 12 თებერვალს, ანუ ომის დაწყების დღეს და არა 25 თებერვალს, როცა თბილისი დაიკავა საბჭოთა, რუსულმა არმიამ.
მობილიზებული ჯარისკაცები და სახალხო გვარდიელები ფრონტისკენ მიემგზავრებიან. თბილისი, 1921 წელი.
1922 წელს საოკუპაციო რეჟიმმა აკრძალა 26 მაისის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოხსენიება, გამოაცხადა, რომ 25 თებერვალი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ასე ჩანაცვლდა პროპაგანდისტული დღის წესრიგით 25 თებერვალი. იყო მითოლოგიზებაც – ორჯონიკიძის დეპეშის ფრაზა, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს და ასე შემდეგ.
რადგან რეჟიმმა დააწესა 25 თებერვალი გასაბჭოების დღედ, შესაბამისად, 25 თებერვალს არის კონცენტრირებული მეხსიერება ომის და ოკუპაციის, ტოტალიტარიზმის შესახებ.
რას აჩვენებს საბჭოთა ოკუპაციის ეს ისტორია? რა გვჭირდება ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს იმისთვის, რომ გადავურჩეთ ოკუპაციას?
გვჭირდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მობილიზაცია – ყველა აქტიური მოქალაქის, ორგანიზაციის, პოლიტიკური ორგანიზაციების, მწყობრი მეხსიერების პოლიტიკა და მეხსიერების შენარჩუნება, გვჭირდება მეტი კვლევა და მეტი განათლება ამ მიმართულებით. პირველ რიგში, წართმეული სახელმწიფოს და ინსტიტუტების დაბრუნება გვჭირდება.
საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს პრორუსული რეჟიმის მიერ წართმეული ძალაუფლება, შემდეგ უკვე გვჭირდება თანმიმდევრული სვლა და მწყობრი ნაბიჯები განათლების პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ვინ ვიყავით და რას ვცდილობდით 100 წლის წინ, იმის აღქმა და გაცნობიერება, თუ ვინ არის ჩვენი იდეების და ღირებულებების დამრღვევი – რუსეთი და რუსული იმპერიალიზმი.
ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი და გამართული, მწყობრი ეკონომიკის, მდიდარი და დიდი კულტურის მქონე ქვეყნებია აქტიური სამიზნე რუსული საინფორმაციო ომის, მათაც კი უჭირთ ამ უზარმაზარი ნაკადის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება.
მთავარია, მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. შემდეგ უფრო წარმატებულად გავუმკლავდებით ამ ზეწოლას.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 17 თებერვალს გამოსცა, რის მიხედვითაც მერიამ ღია და დახურული კონკურსები გამოაცხადა. მერიის თანამშრომლების თქმით, აუქმებენ იმ შტატებს, ვინც გასულ წელს ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე.
წესების თანახმად, დახურული კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოქმედ თანამშრომლებს შეუძლიათ, ღია კონკურსის შემთხვევაში კი განცხადების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლება.
დოკუმენტების მიხედვით, კონკურსი სამეტაპიანია: პირველ ეტაპზე კონკურსით გათვალისწინებულ დოკუმენტებს გადაარჩევენ. მეორე ეტაპი – ზეპირი დავალებაა, რომელსაც მერიის განმარტებით, საკონკურსო კომისია გაუძღვება, მესამე ეტაპი კი კომისიასთან გასაუბრება იქნება.
საინტერესოა, რომ კონკურსანტებს ზეპირი დავალებით გამოცდიან და არა წერით.
წერითი გამოცდის შემთხვევაში აპლიკანტს მისი გასაჩივრება შეუძლია, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ამტკიცოს, რომ კომპეტენტურია.
რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ რამდენიმე განყოფილება გააერთიანა. გარდა ამისა, შეცვალეს სპეციალისტების კატეგორიები. მაგალითად, თუ სამსახურში მუშაობდა მეორე კატეგორიის ორი სპეციალისტი, რიგ შემთხვევებში კატეგორია პირველამდე გაზარდეს. შედეგად მეორე კატეგორიის მოქმედი თანამშრომლების შტატი გაუქმდა.
რიგ შემთხვევებში დახურული კონკურსები გამოაცხადეს, ანუ კონკურსანტებს შეეძლებათ იგივე განყოფილებებში არსებული თანამდებობების დასაკავებლად იბრძოლონ. თუმცა აქ კიდევ სხვა პრობლემები ჩნდება, მაგალითად ის, რომ საკუთარ თანამშრომელს უპირისპირდები.
მერიის თანამშრომლები პირად საუბარში ვარაუდობენ, პეტიციის ხელმომწერ თანამშრომელთაგან ვინ შეიძლება გადაურჩეს სამსახურის დაკარგვას – ისინი, ვისაც 3 წლამდე შვილები ჰყავთ ან ახლა არიან დეკრეტულ შვებულებაში.
„მერიას რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის საქმე ისე მიჰყავს, მკაფიოდ რომ არ გამოჩნდეს – ჩვენ ხელმომწერებს რომ გვეხება ეს პროცესი. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ხელი არ მოუწერია, მაგრამ მათი განწყობა კრიტიკული იყო და ალბათ ეს დაინახეს. რეორგანიზაცია შეახეს მათაც“, – ამბობენ მერიის თანამშრომლები.
ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ამ დრომდე იმედს იტოვებდა, რომ მერია პეტიციის ხელმომწერებს მიზანში არ ამოიღებდა – „თუნდაც იმის გამო, რომ არავის ეთქვა, ეს ადამიანები ევროპას ირჩევენ და ამის გამო რომ დაისაჯესო. მაგრამ როცა მერიამ ერთი გაპარული შტატის გამო საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაანიშვნინა, დავრწმუნდი, რომ ამ გზით მიდიან. ალბათ დავალებაა.“
საქმე ისაა, რომ თებერვალში ბათუმის საკრებულომ ორი რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა. ასეთი სხდომის გამართვის შესაძლებლობა საკრებულოს მაშინ აქვს, თუ რომელიმე საკითხი სასწრაფოდ არის დასამტკიცებელი და რიგით სხდომამდე ვერ მოიცდის.
18 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. ამ ცვლილების მიხედვით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპორტის განყოფილებაში თანამდებობების გადანაწილება დააზუსტეს და ერთი სპეციალისტის ადგილი გააუქმეს.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, რომელიც ჯერ კიდევ მერიის თანამშრომელია, ეს ცვლილება პეტიციის ხელმომწერ თანამშრომელს შეახეს: „გაეპარათ და გაასწორეს.“
საინტერესო დეტალია იცის, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარების შემდეგ საკრებულომ კიდევ ერთი სხდომა ჩანიშნა, ამჯერადაც რიგგარეშე, სულ 2 საკითხით. რატომ არ ჩატარდა რიგითი სხდომა თებერვალში რეგლამენტის შესაბამისად და რატომ არის მეორე სხდომაც რიგგარეშე, რომელი საკითხი იყო სასწრაფოდ გადასაწყვეტი? – ამის შესახებ უფრო მეტი დეტალი საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.
ვინ დატოვებს სამსახურს და ვინ შეინარჩუნებს, გამართლდება თუ არა ვერსიები, რომლებიც ბათუმის მერიის თანამშრომლებს პეტიციასთან დაკავშირებით აქვთ? – მერიაში რეორგანიზაციის პროცესს „ბათუმელები“ დეტალურად დააკვირდება და გამოაქვეყნებს.
„…რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ იქ რესტორანში წავედი და იხვის ტოლმა ვჭამე, ეს გამოხატავს „იხტიბარს რომ არ გაიტეხს“ ადამიანი, თორემ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. ამიტომაც გაიქცა რუხაძე ჩასაძირად განწირული გემიდან სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ,“ – ამბობს იურისტი ალექსანდრე ბარამიძე.
დღეს, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები – „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.
როგორ აისახება ბრიტანეთის სანქციები პროპაგანდისტული ტელევიზიების თანამშრომლებზე? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ალექსანდრე ბარამიძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარს ესაუბრა.
ბატონო ალექსანდრე, რა ელით ბრიტანეთისგან დასანქცირებული ტელევიზიების თანამშრომლებს?
თანამშრომლებზე, პირველ რიგში, აისახება იმდენად, რამდენადაც ეს თანამშრომლები ბანკებისგან იღებენ ხელფასს [მაინცდამაინც ქეშით თუ არ სარგებლობენ. ალბათ ბანკებისგან იღებენ ხელფასს]. ბანკებისთვის დიდი პრობლემა იქნება მათთვის მომსახურების გაწევა – „იმედის“ მომსახურება, იმიტომ რომ „იმედი“ სანქცირებულია.
როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ორ წამყვან ბანკზე, რომელთა აქციებიც იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამ ბანკებისთვის, უბრალოდ, გამორიცხულია „იმედს“ მოემსახურონ.
ეს საქართველოში მოქმედი ბანკების ვალდებულებაა, თუ უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ?
ეს სანქციები უკრძალავს ბრიტანულ კომპანიებს, რაიმე ტრანზაქციები განახორციელონ სანქცირებულ „იმედთან“ და „პოსტივისთან“. მართალია, ეს ბანკები ბრიტანული კომპანიები არ არის და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებია, ეს გასაგებია, მაგრამ მათი აქციები იყიდება საფონდო ბირჟაზე და როგორც მინიმუმ, ეს მათ რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გარკვეული ადმინისტრაციული ზომები შეიძლება იქნას მათ მიმართ გატარებული.
ამიტომაც, გამორიცხულია, რომ ბანკებმა მომსახურება გაუწიონ „იმედს“ ან „პოსტივის“ ამიერიდან. აქ იგულისხმება ნებისმიერი გადარიცხვა, ცხადია, მათ შორის, სახელფასო გადარიცხვები.
სხვა ბანკში რომ გადავიდნენ, რომელიც არ არის წარმოდგენილი საფონდო ბირჟებზე?
მაგრამ ყველა ბანკი უფრთხილდება თავის რეპუტაციას. უფრთხილდება იმას, რომ ადრე თუ გვიან მასზე არ გავრცელდეს მეორადი სანქციები.
მართალია, „ქოცპროპაგანდისტებს“ და „ქოცებს“ ბრიტანეთი სასაცილოდაც არ ჰყოფნით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანაზე დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში. ლონდონი არის, იყო და კვლავაც იქნება დიდი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში.
რამდენიც არ უნდა სხვანაირად ილაპარაკონ გორდულაძეებმა, თუ სხვა პროპაგანდისტებმა, ყველა ბანკი, რომელსაც უნდა, რომ გააგრძელოს საბანკო საქმიანობა – და საბანკო საქმიანობა თანამედროვე სამყაროში იზოლირებული ვერ იქნება – როდესაც ვლაპარაკობთ თუნდაც სავალუტო ოპერაციებზე და ასე შემდეგ, იგივე საკრედიტო ბარათებით მომსახურებაზე, რომელსაც მთლიანად დასავლეთის ქვეყნების ადმინისტრაციები აკონტროლებენ, არავის არ მოუნდება, შარში გაყოს თავი.
ჩემოდნებით თუ მიიტანენ „იმედში“ და „პოსტივიში“ ხელფასებს ქეშად დასარიგებლად – არ ვიცი, მაგრამ წესით საბანკო ოპერაციები ამიერიდან ძალიან უნდა გაუჭირდეთ.
ეს შეეხება სხვა ფინანსურ მომსახურებასაც, მაგალითად, რეკლამის განთავსებას „იმედზე“?
რასაკვირველია. აქ ლაპარაკია ნებისმიერი სახის ტრანზაქციაზე. ამ შეზღუდვას ექვემდებარება სანქცირებული ტელევიზიების ქონება: მიკროფონიდან დაწყებული, შენობებით და ძვირადღირებული სატელევიზიო აპარატურით დამთავრებული. ყველა მოერიდება ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებას ამ ტელეკომპანიებთან, მათ შორის, რეკლამის განთავსებას, თუნდაც სერიალების ან სხვა პროდუქციის მიყიდვას.
ეს იქნება წმინდა სატელევიზიო პროდუქცია თუ სატელევიზიო აპლიკაციები, პროგრამული უზრუნველყოფა და ასე შემდეგ – ყველა ასეთი კომპანია დააყენებს თავს მეორადი სანქციის საფრთხის ქვეშ.
მეორადი სანქცია ნიშნავს იმას, რომ სანქცირებულ პირთან ახორციელებ გარკვეულ ბიზნეს ურთიერთობას და ამიტომაც, შეიძლება შენც დაგეკისროს სანქცია. არავინ არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ რეპუტაციას, მით უმეტეს, ბიზნესს ამათი გულისთვის.
ამიტომაც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ იქ რესტორანში წავედი და იხვის ტოლმა ვჭამე, ეს გამოხატავს „იხტიბარს რომ არ გაიტეხს“ ადამიანი, თორემ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ.
ეს მოსალოდნელი იყო. არავის არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ ეს პროპაგანდისტები წლებია ამართლებენ დემოკრატიის რღვევას ამ ქვეყანაში, ამართლებენ იმას, რომ საქართველოს გადაეკეტა ევროპისკენ გზა და კვლავ რუსულ ჭაობში უნდა დარჩეს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ემიგრაციაში წავიდა „იმედის“ თანამშრომელი, ან სამოგზაუროდ მიდის ევროპაში?
სანქციები ეხება „იმედს“ და „პოსტივის“, როგორც იურიდიულ პირებს, ამ იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. რიგით თანამშრომლებს კი, რომლებიც აღარ იქნებიან დასაქმებულები ამ კომპანიებში, ეს არ შეეხება უშუალოდ. თუმცა რეპუტაციულად, თუ ცნობილი ადამიანები არიან და მათ შესახებ იციან საზღვარგარეთ, ცხადია, რომ ყველა მოერიდება მათთან ურთიერთობას.
თუ საქმიანი ვიზიტი აქვს ევროპაში „იმედის“ თანამშრომელს?
„იმედის“ ჟურნალისტს რა საქმიანი ვიზიტი უნდა ჰქონდეს ევროპის ქვეყანაში, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ბრიტანელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის პირდაპირ აკრძალულია მათთან ურთიერთობა?
დასავლეთი ერთიანი სისტემაა. გარკვეული ძვრები ხდება იქაც, მაგრამ ერთმანეთის მაღალი პოლიტიკური ორგანოების გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ყოველ შემთხვევაში ევროპაში ნამდვილად და დარწმუნებული ვარ შეერთებულ შტატებშიც.
ამიტომაც, ბრიტანული სანქციების გვერდის ავლას მოერიდება ყველა დასავლეთის სამყაროში. ასე რომ, „იმედის“ ჟურნალისტებს შეუძლიათ დაივიწყონ თავიანთი საქმიანი ვიზიტები ევროპაში.
კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმის მესვეურებს სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ იხტიბარი არ გაიტეხონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს არაფერიც არ ხდება და ჩალის ფასი აქვს ამას ყველაფერს.
როგორი ჩალის ფასი აქვს ამ სანქციებს, ამის თაობაზე, სხვათა შორის, იგივე რუხაძემ ისაუბრა – „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა. მან სრულიად გულწრფელად ახსნა, რასაც ნიშნავს ეს სანქცია: შეხედეთ, ეგერ, რუსულ კომპანიებს და ნახავთ, რომ ეს არის სინამდვილეში დიდი პრობლემაო.
ზუსტად ამიტომაც გაიქცა რუხაძე ჩასაძირად განწირული გემიდან სულ რაღაც ორი კვირის წინ.
„გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ… ქორწინების მიმართ ინტერესი არის შემცირებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას, 2026 წლის 18 თებერვალს.
მან ქორწინების და შობადობის შემცირებაში ახალგაზრდები დაადანაშაულა და არ ისაუბრა „ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.
ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოში შობადობის შემცირება გამოწვეულია არა სოციალური პრობლემებით, არამედ „ადამიანების მსოფლმხედველობით“.
„არგუმენტად“ კი 90-იანი წლები მოიყვანა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას, თუმცა „ბევრად მაღალი იყო შობადობის კოეფიციენტი, ვიდრე დღეს“.
კობახიძის თქმით, 2014 წლიდან მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში მაჩვენებლები იზრდება, „თუმცა დრამატულად იკლებს პირველი და მეორე ბავშვის შობადობის მაჩვენებელი. აქედან ჩანს, რომ ამას სოციალური მიზეზი არ აქვს“, – იმეორებს კობახიძე და ქორწინების მიმართ ინტერესის შემცირებას ისევ „მსოფლმხედველობას“ აბრალებს.
რა ხდება სინამდვილეში და რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ საქართველოში შობადობა მკვეთრად მცირდება, ცოცხლად დაბადებულებს კი, გარდაცვლილთა რაოდენობა უსწრებს წინ, რატომ ინგრევა ოჯახები და რატომ უჭირთ წყვილებს ერთი ან ორი შვილის გაჩენა?
ქეთი მოლაშვილი 34 წლისაა, ქალაქ წნორში ცხოვრობს. განათლებით საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრია. აქვს „ცოდნის კაფე“ თავის პატარა ქალაქში და ახალგაზრდებს ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება.
ქეთი არ იზიარებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ ქართველ ახალგაზრდებს „მსოფლმხედველობის პრობლემა აქვთ“ და ამიტომ არ ქორწინდებიან ან არ აჩენენ შვილებს. მისი აზრით, დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევი მთავარი პრობლემა, სიღარიბე და უპერსპექტივობაა, რომელსაც ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ საშინაო და თუ საგარეო პოლიტიკა.
ქეთი მოლაშვილი
„მოდით ვისაუბროთ თუნდაც რეგიონებზე. იმდენად დაბალი ხელფასები აქვთ რეგიონებში გოგოებს, რომ ელემენტარულ, პირადი ჰიგიენის ნივთებსაც კი ვერ ყიდულობენ და რა დედობაზეა საერთოდ საუბარი.
სადმე სოფლის მაღაზიაში თუ დასაქმდი, 300 ლარი შეიძლება გქონდეს ხელფასი და როგორ გინდა ამით იცხოვრო, ოჯახის შექმნაზე და შვილის გაჩენაზე იფიქრო? „პამპერსი“ ძალიან ძვირია, ბავშვთა კვება ძალიან ძვირია, თუ ავად გაგიხდა ბავშვი, საავადმყოფოში ვიზიტიც ასევე ძვირია.
ჩემ გარშემო ბიჭებისა და გოგოების 70%-ი ვერ სწორედ ასეთი პრობლემების გამო ვერ ვქმნით ოჯახს. ვისაც ჰყავს ოჯახი, მეორე ბავშვს ვეღარ აჩენენ, რადგან ფიზიკურად ვეღარ სწვდებიან ამდენ საჭიროებებს, ისეთი ძვირია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – გვეუბნება ქეთი მოლაშვილი.
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საცხოვრებლის არქონაა.
„ქართულმა ოცნებამ“ სამშენებლო პოლიგონად აქცია მთელი ქვეყანა, თუმცა ბინები მაინც ისეთი ძვირია, ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ, რომ შეიძინონ და ოჯახები შექმნან. თუ შეიძენ, მთელი ცხოვრება იპოთეკური სესხი უნდა იხადონ და ამ ვალების მონად იქცნენ. როცა ვეღარ სწვდებიან ვალებს, მიდიან ემიგრაციაში. თუ დემოგრაფიული სურათის შეცვლა უნდათ, ბინებს დააკლონ ფასი, მედიკამენტებს და სურსათს“, – ამბობს ქეთი მოლაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ბავშვების ჯანმრთელობაზე კერძო ფონდები ზრუნავენ და არა სახელმწიფო, „დემოგრაფიულ კრიზისზე ხმას არ უნდა იღებდეს კობახიძე“.
„ვხედავთ, როგორი მაღალი მაჩვენებელია სიმსივნით დაავადების და სახელმწიფო არ ეხმარება არც ბავშვებს და არც ზრდასრულებს ხშირად. ვინც ეხმარება ამ ხალხს, იმ ფონდებს პრობლემებს უქმნიან. ახალგაზრდებს, რომლებიც უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძვიან, 5 000-ლარით აჯარიმებენ, იჭერენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ. ამიტომ მავნებლობა და ფარსია იმაზე საუბარი, რომ ახალგაზრდებს ოჯახების შექმნა და შვილების გაჩენა არ უნდათ თურმე და უნდათ ესეც ევროპას დააბრალონ.
შეხედეთ მათ ქონებრივ დეკლარაციებს – 7 ბინა, 10 ბინა, მიწები, აგარაკები, ძვირფასეულობა, ფულადი დანაზოგები და ეს ხალხი გველაპარაკება იმაზე, რომ სიღარიბე თურმე არაფერ შუაშია, როცა ლუკმაპურს ართმევენ ადამიანებს.
მათ დეპუტატებს 16 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, ახალგაზრდებმა კი 300 ლარად უნდათ, რომ იცხოვრონ, ოჯახები შექმნან და შვილები გაზარდონ?
16 წლის ბიჭს პოლიციელი მამის გაუპატიურებით რომ ემუქრება, ამაზე ილაპარაკონ. ბათუმში, ტბაში ჩამხრჩვალ ბავშვებზე, შადრევანში მოკლულ მარიტაზე – პასუხი არავინ აგო ამ დანაშაულებზე და არა იმაზე, რომ თურმე „მსოფლმხედველობა“ გვაქვს შესაცვლელი. უნდათ რკინის ფარდა ჩამოაფარონ ქვეყანას და დაგვაშორონ განვითარებულ სამყაროს. შენ კი უნდა აჩინო ბავშვები, რომელიც ხვალ პოლიციისგან გეყოლება დასაცავი“, – ამბობს ქეთი მოლაშვილი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში საქართველოდან ემიგრაცია გაიზარდა. მაგალითად, 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვიც, რომლებიც ემიგრაციაში უკვე შვილებთან ერთად მიდიან. მაგალითად, სახალხო დამცველის მონაცემებით, 2022 წელს 5 508 შემთხვევა იყო ასეთი.
მაგალითად, ანა ღვინიაშვილი ესტონეთში, ტალინში 2019 წელს წავიდა მეუღლესთან ერთად. ევროპაში წასვლის მოტივი თავდაპირველად განათლების მიღება იყო, შემდეგ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კომპანიაში და როგორც ამბობს, კარიერა საკუთარი შრომით აიწყო.
ანა ამბობს, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ყოველ წელს აპირებს დაბრუნებას, თუმცა შემდეგ, „რეალობა მწარედ მახსენებს თავს“.
ანა ღვინიაშვილი
„სად დავბრუნდე? – მტკივა იმის დანახვა, რომ ქვეყანა წინსვლის ნაცვლად უკან მიდის. ეს სტაგნაცია ხალხის სახეებზეც აისახება. მაღაზიაში თუ ტრანსპორტში ყველას ნერვები დაწყვეტაზე აქვს, რადგან საზოგადოება მუდმივად გადარჩენის რეჟიმშია.
ჩავდივარ რუსთავში და იქ სასმელი წყლის პრობლემა მხვდება, მაღალტექნოლოგიურ მიღწევებზე კი არა, წყალსა და ჰაერზეა საუბარი, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ბაზისური საჭიროებაა. ამიტომ, თუ ადამიანები ვერ ქმნიან ოჯახებს და ვერ აჩენენ შვილებს, ეს პირდაპირ კავშირშია სიღარიბესა და სოციალურ დაუცველობასთან.
გაუგონარ ეკონომიკურ წნეხში ცხოვრობენ ოჯახები, საბანკო სისტემა კრედიტებზე დამოკიდებულებას გიქმნის, ფასები ევროპულია, ხელფასები – არა. ადამიანი მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ ბანკის ვალი დაფაროს და საკვები იყიდოს, რაც ნორმალური ოჯახური ცხოვრებისთვის საჭირო სიმშვიდეს საერთოდ აქრობს.
ახლა დეკრეტში ვარ და ჩემს რეალობას ვადარებ ჩემი მეგობრისას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ბავშვის გაჩენიდან 4 თვეში სამსახურში დაბრუნება უწევს, მე კი წელიწად-ნახევარი შვებულება მაქვს და სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ვსარგებლობ. ეს არის სახელმწიფო, რომელიც მშობელს სიმშვიდესა და ბავშვთან ყოფნის საშუალებას აძლევს“, – გვეუბნება ანა ღვინიაშვილი.
მისი შვილი ახლა 10 თვისაა. ამბობს, რომ ორსულობიდან დღემდე, სამედიცინო ხარჯებში ერთხელ გადაიხადა 35 ევრო და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კერძო პალატა მოითხოვა. „სხვა ყველაფერი სახელმწიფო უზრუნველყო. აქ არ მეშინია, რომ დაბინძურებული ჰაერი ჩემ შვილს ჯანმრთელობას შეურყევს. ზუსტად ვიცი, რას ვაჭმევ და რომ ეს უსაფრთხოა.
პარკში სეირნობისთვის არ მიწევს საცობებთან, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და დაბინძურებულ გარემოსთან ბრძოლა. მაქვს სიმშვიდის განცდა, რომ ჩემი შვილი უსაფრთხო გარემოში იზრდება და სწორედ ამიტომ ვამჯობინებთ, ჯერჯერობით აქ დარჩენას“, – გვეუბნება ანა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა არც შემოსავალს ან იმას, ემიგრანტი ხარ თუ არა, „თუ ესტონეთში ცხოვრობ, სისტემა შენს გვერდითაა“, – გვეუბნება ის.
სოფო შუბითიძე მეოთხე წელია შვედეთში ცხოვრობს და საკუთარ დაკვირვებასაც გვიზიარებს ამ ქვეყნის სოციალურ სისტემაზე.
სოფო შუბითიძე
მისი შეფასებით, შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე ოჯახზე ორიენტირებული სახელმწიფოა. „აქ შესაძლებელია ოჯახის შექმნა ისე, რომ კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე უარის თქმა არ მოგიწიოთ, რადგან სახელმწიფო ცდილობს ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან შეთავსებადი გახადოს.
შვედეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართო დეკრეტული სისტემა მსოფლიოში, მშობლებს ეკუთვნით დაახლოებით 16 თვე ანაზღაურებადი შვებულება თითო ბავშვზე. ეს დრო ორივე მშობელს შეუძლია გაინაწილოს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვის აღზრდაში ორივე თანაბრად იყოს ჩართული. ბავშვების ბაღში მიყვანაც უკვე შესაძლებელია ერთი წლის ასაკიდან, რაც მშობლებს დამატებით თავისუფალ დროს აძლევს.
თითოეულ ბავშვზე ოჯახს ყოველთვიურად ეძლევა ფულადი დახმარება, რომელიც დამატებითი ხარჯების, ტანსაცმლის, ჰიგიენის, საკვების დასაფარად შეიძლება რომ გამოიყენო. ეს დახმარება უნივერსალურია და ოჯახის შემოსავალზე არ არის დამოკიდებული.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღების სისტემა გამართული და ხელმისაწვდომია, ხოლო ჯანდაცვა ფინანსურ ტვირთად არ აწვება მშობლებს.
მშობელს უნაზღაურდება ის დღეებიც, როცა ისინი ბავშვის ავადმყოფობის გამო ვერ მიდიან სამსახურში, ეს რეალურად დიდი პრაქტიკული მხარდაჭერაა“-ამბობს სოფო შუბითიძე.
მისი თქმით, შვედეთში ასევე არსებობს საცხოვრებლის დახმარებაც ბავშვიანი ოჯახებისთვის, რომელიც შემოსავალზეა დამოკიდებული. ეხმარებიან ბავშვიან ოჯახებს ქირის ან საცხოვრებლის ხარჯების დაფარვაში. თანხა დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე, ქირის ოდენობაზე, საცხოვრებლის ზომასა და ბავშვების რაოდენობაზე. ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.
საერთო ჯამში, შვედეთში ოჯახებისთვის არაერთი სოციალური მექანიზმი მოქმედებს, რაც ქმნის ისეთ გარემოს, რომ ბავშვის გაჩენა რისკს და შიშებს ნაკლებად უკავშირდება, საგრძნობია რომ სახელმწიფო და საზოგადოება მხარდ უჭერს ოჯახებს.
საქართველოს რაც შეეხება, მე პირადად თავს უფრო დაცულად შვედეთში ვგრძნობ, საქართველოში უკვე როცა ცოტა ხნით მაინც ჩამოვდივარ, განსაკუთრებული შიში მიპყრობს და სტრესი მიმძაფრდება. ქუჩაში გასვლის შემთხვევაშიც კი დიდ რისკებს ვაწყდები, ვხედავ რომ არავინ აგებს პასუხს ელემენტარულ უსაფრთხოებაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
არ ვსაუბრობ განათლების სისტემასა და ჯანდაცვის საჭიროებებზე. ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველოში ავად არ უნდა გახდე, რადგან ამ შემთხვევაში განწირული ხარ“- ამბობს სოფო.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტია და ეს სტატუსი გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, საქართველოსთან შედარებით იმაზე მეტი შესაძლებლობები და სარგებელი აქვს, ვიდრე საქართველოში მოქალაქედ ყოფნის შემთხვევაში ექნებოდა.
„ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები საქართველოდან გარბიან. უბრალოდ თავის დაღწევა სურთ ქვეყნიდან, სადაც ახლო პერსპექტივაში იმედის ნატამალსაც არ აჩენს. თითოეული ნაბიჯისათვის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა საჭირო და ელემენტარული უფლებების მოპოვებისთვის პირადი თავგანწირვა“- გვეუბნება სოფო შუბითიძე.
ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრება გადაწყვიტა ნათია სირაბიძემაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნესიც წამოიწყო და ცდილობდა სამშობლოში დამკვიდრებას. თუმცა „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა დატოვა და აშშ-ში ოჯახით წავიდა.
ნათია სირაბიძე
მისი თქმით, ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ამერიკაში არაერთი პროგრამა მოქმედებს, რომელიც ზრუნავს მომავალ დედა-შვილზე.
„ორსულობის მართვა და მშობიარობა უფასოა სახელმწიფო ჰოსპიტალში. Medicaid – სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაა, რომელიც ფარავს ორსულობისას ექიმის ვიზიტებს, ანალიზებს, ულტრაბგერით კვლევებს, მშობიარობის ხარჯებსა და მშობიარობის შემდგომ პერიოდს. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობის ათასობით დოლარის ღირებულების ხარჯი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ შერჩეული საავადმყოფოს და ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით.
თუ ოჯახი ვერ სარგებლობს სრული კერძო დაზღვევით, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას Children’s Health Insurance Program (CHIP) უზრუნველყოფს, რომელიც ფარავს პედიატრიულ ვიზიტებს, ვაქცინაციასა და გადაუდებელ დახმარებას“, – ამბობს ნათია, რომლის უმცროსი შვილი 4 წლის არის.
მისი თქმით, ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შექმნილია კვების დახმარების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ პროდუქტებს – რძეს, მარცვლეულს, კვერცხს, ჩვილის საკვებ რძის ფხვნილს, ასევე ვიტამინებსა და კვების კონსულტაციას. „პროგრამა მიზნად ისახავს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებას“.
„ოჯახებს ეხმარება საგადასახადო სისტემაც. მაგალითად, Child Tax Credit მშობლებს საშუალებას აძლევს მიიღონ წლიური საგადასახადო შეღავათი თითო ბავშვზე. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის დამატებითი შეღავათები მოქმედებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ერთი ან მეტი ბავშვია. თუ ოჯახის შემოსავალი საშუალო ზღვარზე არ არის, სახელმწიფო ოჯახებს გადასახადებს უბრუნებს. ვთქვათ წელიწადში 41 000 დოლარზე ნაკლები აქვს ოჯახს შემოსავალი, სახელმწიფო წლის ბოლოს ასეთ ოჯახებს 5-7000$ უკან უბრუნებს“, – ამბობს ნათია სირაბიძე.
მისი თქმით, ბავშვიან ოჯახებს შეღავათები აქვთ კომუნალურ გადასახადებშიც.
„სამუშაო სფეროში მოქმედებს Family and Medical Leave Act (FMLA), რომელიც უზრუნველყოფს 12 კვირიან დეკრეტულ შვებულებას სამსახურის შენარჩუნების მიზნით, ზოგიერთ შტატში ეს დეკრეტული ანაზღაურებადია და ზოგში – უფასო.
შტატების მიხედვით არის ისეთი პროგრამაც, რომელიც კერძო ბაღს უფინანსებს ოჯახს, იმისთვის, რომ მშობლებმა იმუშაონ“, – ამბობს ნათია სირაბიძე.
საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, 70 ათასამდე ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს, 600 ათასი ოჯახი სიღარიბის პროგრამაშია და იზრდება იმ პირთა რიცხვიც, ვინც სოციალური შემწეობის დანიშვნას ელის.
„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – ირწმუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
„როდესაც უმჯობესდება კეთილდღეობის დონე ამა თუ იმ საზოგადოებაში, ეს განაპირობებს ხოლმე დემოგრაფიული ტენდენციების გაუარესებას. სად არის ყველაზე კარგი დემოგრაფიული მაჩვენებლები? – ეს არის ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებგანვითარებული ქვეყნები. ლიდერები არიან აფრიკა და აზია, სადაც ყველაზე დაბალია კეთილდღეობის დონე“, – თქვა კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
მან ჯერ თქვა, რომ დემოგრაფიის წამახალისებელ ზომებზე იმსჯელებდნენ, შემდეგ კი დასძინა, რომ გადახედავენ სოციალურად დაუცველთა ბაზას, რომელიც „მდიდრებისგან“ უნდა გაწმინდონ.
„2020 წელს კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ გადამოწმებულა. ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი“,- განაცხადა კობახიძემ.
დადასტურებული ფაქტია, რომ განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების წინ, ამ ბაზებს მმართველი პარტია მოქალაქეებზე ზემოქმედების ბერკეტად იყენებდა და მათ ხმების მიცემას „ოცნების“ სასარგებლოდ აიძულებდა.
ის, რომ დემოგრაფია და შობადობის ზრდაზე საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთგვარი პროპაგანდის ინსტრუმენტია, კარგად გამოჩნდა მაგალითად 2013 წელს, როდესაც „ოცნების“ მაშინდელმა წევრებმა ე.წ. დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დააარსეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს, „ოჯახური სიწმინდის“ კონგრესები ჩაატარეს, თუმცა დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში ვერ მოაგვარეს. უფრო მეტიც, სწორედ მათი მმართველობის წლებში გაიზარდა როგორც სიღარიბე, ასევე ემიგრაცია და, შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემებიც.
კობახიძის პროპაგანდამ შობადობაზე, აზა გაბუნიას მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ გაახსენა, სადაც გამძაფრებული პატრიარქატი და ქალების ჩაგვრაა ასახული.
„სადაც ქალები, როგორც მონები ისე არიან წარმოჩენილი, რომელთა ფუნქცია მხოლოდ ბავშვების გაჩენაა. სხვა უფლება ჩამორთმეული აქვთ საზოგადოებაში და ეს სიგიჟე, იქაც რელიგიურ-პატრიოტული მოტივებითაა გამართლებული. რაღაც ასეთი სულისკვეთება უნდათ ჩვენს საზოგადოებაში დაამკვიდრონ“, – ამბობს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ წევრი.
აზა გაბუნია
მისი აზრით, ქვეყანაში, სადაც მილიონამდე შეჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და ათიათასობით ბავშვი შიმშილობს. ხელისუფლება შობადობის შემცირებაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
„იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ფიქრობდეს, როგორ შეუწყოს ხელი ახალდაქორწინებულებს, რომ სამსახური ჰქონდეთ, ბინადრობა შეძლონ, ჯანმრთელობის კარგი დაზღვევა ჰქონდეთ და უსაფრთხოება იყოს ქვეყანაში მაღალი, რომ სტიმული ჰქონდეთ ადამიანებს ჰყავდეთ შვილები, რაღაც აბსურდულ „მსოფლმხედველობაზე“ საუბრობს.
მეც კმაყოფილი ვიქნები თუ საქართველოში ბევრი ოჯახი შეიქმნება და ბევრი ბავშვი დაიბადება, მაგრამ ამისთვის რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და არა ის, რომ რეპრესიები გააძლიეროს. როგორც ახლა გვიუქმებენ განათლებას, უნივერსიტეტებს „ხარისხის გაზრდის“ სახელით, მალე ალბათ სიღარიბესაც მონათლავენ ისე, რომ ჩვენი „კეთილდღეობისთვის“, „სუვერენიტეტის დაცვისთვის“ და „ქვეყნის გადარჩენისთვის“ გვაღარიბებენ და იღებენ დისტოპიურ კანონებს.
დემაგოგიით, დეზინფორმაციით უნდათ, რომ კვებონ ადამიანები და ამისთვის უნდა გამოიყენონ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის და ასეთი ავტორიტარულ-დიქტატორული ქვეყნების გამოცდილება“, – ამბობს აზა გაბუნია.
ბავშვები, რომლებსაც ახლა და აქ სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება
ხუთი წელია მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებში კვების დანერგვას ითხოვენ, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ საკითხზე დუმს.
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედებს ღამეები რუსთაველზე და ჯანდაცვის სამინისტროს კარებთან ათენებინეს წვიმაში, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანას ითხოვდნენ.
აი, ახლაც, ჯანდაცვის სამინისტროს კარებთან ღამეებს ათევს შშმ შვილის დედა თამარ იარაჯული, შვილის გადასარჩენი მედიკამენტი რომ მიიღოს სახელმწიფოსგან. თუმცა ჯერჯერობით ამაოდ.
რამდენიმე დღეა ქუჩაში დგანან იმ ბავშვების მშობლები, რომლებსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ და სახელმწიფოს მათი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად წამლის შემოტანას სთხოვენ. „ოცნების“ ხელისუფლება კი სასოწარკვეთილ მშობლებს პასუხის ღირსადაც არ ხდის. ათობით მშობლის თხოვნა შემოგხვდება ფეისბუქზე, სადაც მშობლები შვილებისთვის წამალს და გამოკვლევებს ითხოვენ და გვწერენ, რომ სახელმწიფო მათ არ ეხმარება. ზოგი მშობელი საკვებს ან სხვა აუცილებელ საჭიროებებს ითხოვს მცირეწლოვანი შვილებისთვის.
„რეალობის გაუკუღმართება“
„ოცნება“, რომელიც დემოგრაფიულ კატასტროფაზე საუბრობს, ტროტუარზე დგომის გამო 9 შვილის დედას აკავებს. 5 000 ლარით აჯარიმებს ორსულ ქალს, მცირეწლოვანი შვილის დედას პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო, შემდეგ კი დემოგრაფიულ კრიზისს ახალგაზრდების ცნობიერებას აბრალებს.
თამთა მიქელაძე
„ირაკლი კობახიძის განცხადება რეალობას არის აცდენილი“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე „ბათუმელებთან“. მისი აზრით, კობახიძის მხრიდან იმის თქმა, რომ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აღარ არსებობს, ოჯახები კეთილდღეობაში ცხოვრობენ და მხოლოდ იდეოლოგია და გლობალიზაცია ახდენს გავლენას შობადობაზე, რეალობის გაუკუღმართებაა.
„ძალიან აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს თვითონ ილაპარაკოს პროაქტიულად დემოგრაფიის პრობლემაზე, ფასების ზრდაზე, რადგან ნათელია ფართო სოციალურ ჯგუფებში გაჩენილი უკმაყოფილება. ეს არის სრულიად ყალბი პოლიტიკა, რადგან კობახიძე არ საუბრობს არც საგადასახადო შეღავათებზე, არც სოციალურ მხარდაჭერაზე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, არც დეკრეტულ შვებულებაზე, რეალურ დაზღვევაზე, უმუშევრობის დაზღვევაზე, არც საბინაო შეღავათებზე, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე.
ამიტომ, როცა ამდენი პრობლემაა და ამ დროს შენ დემოგრაფიულ პრობლემებს იდეოლოგიას აბრალებ, უბრალოდ, თამაშობ საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილზე და არა ის, რომ რეალურად გინდა ამ პრობლემების მოგვარება“, – ამბობს თამთა.
მისი თქმით, მზარდი მიგრაციაც, რომელიც უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უკავშირდება. „ადამიანები მხოლოდ სიღარიბის გამო აღარ მიდიან ქვეყნიდან – საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავენ აქ. ძალიან ბევრი ქალი მიდის ევროპაში და ზრუნვის შრომაშია ჩართული წლობით და ამის გამოც ინგრევა ხშირად ოჯახები, რადგან უკან ვეღარ ბრუნდებიან. არ არსებობს ინტეგრაციის თუ სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. ოჯახები ინგრევა სიღატაკის, უპერსპექტივობის გამო. რეგიონები იცლება ადამიანებისგან. ამიტომ რეალობის გაუკუღმართებაა ის, რომ ამაშიც იდეოლოგიური მტრები დაინახო და ესეც დასავლეთს, ფემინიზმს და კულტურას დააბრალო“, – ამბობს თამთა.
მისი თქმით, ზუსტად ანტიგენდერული რიტორიკის და პოლიტიკის გაგრძელებაა კობახიძის განცხადება შობადობასა და ქორწინებაზე.
„ჩვენი ყოველდღიურობაა – სიღარიბე, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, რეგიონული უთანასწორობა, რადგან ბუნებრივი რესურსების მიტაცება ხდება მდიდრებისთვის და გვაკლდება მწვანე საფარი და რესურსები. მეორე მხრივ, კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნებია იმ კომპანიებთან, რომლებიც კორპუსებს აშენებენ და მათი ეკონომიკური ინტერესები რუსეთთან არის კავშირში. გვაინტერესებს რეკრეაციული საკითხები და ე.წ. მდიდრული უბნების შექმნის საკითხი დიდ ქალაქებში, ეკონომიკური და კორუფციული გარიგებები“.
თამთას თქმით, იმ ქვეყნებზე მიბაძვა, სადაც სიღარიბეა დემოგრაფიის ზრდის კარგ მაგალითად არის წარმოჩენილი, ასევე დემაგოგიაა.
„სოციოლოგიის და სოციალური პოლიტიკის ანაბანაა, რომ იმ ქვეყნებში და იმ საზოგადოებებში, სადაც სიღარიბეა, ძალიან ხშირად ქალებს არ მიუწვდებათ ხელი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არ აქვთ სათანადო განათლება და ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობა. ეს განაპირობებს მაღალ შობადობას. სადაც ხშირია ადრეული ქორწინებები.
ზოგადად, ავტოკრატიებს ახასიათებთ ის, რომ ისინი იწყებენ ბრძოლას არარსებულ მტრებთან – გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ მტრებთან და სწორედ იდეოლოგიური კონფლიქტების გამოგონებით ცდილობენ ადამიანების რეალური სოციალური წუხილების და საჭიროებების გადაფარვას. ამ პროპაგანდისტული იდეოლოგიური თამაშებით ქმნიან ისინი ყალბ რეალობას.
იმ ფონზე, როცა მათ გაანადგურეს საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო წინ წავიდნენ ამის ნგრევაში და კიდევ უფრო ანტიგენდერული და ანტიფემინისტური ინიციატივებით გამოვიდნენ. იქნება ეს აბორტის საკითხი თუ სხვა ტიპის საკანონმდებლო რეგულაციები. ეს არის ხელწერა ასეთი ტიპის ავტოკრატიების“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, ქალი, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში შვილი გააჩინა, დაკავებულია.
მათივე ინფორმაციით, ქალს ბრალი დღეს, 24 თებერვალს წარუდგინეს.
„საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – წერს პროკურატურა.
კლინიკის ინფორმაციით, ახალშობილს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
23 თებერვალს კლინიკის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ჰქონდათ კონსილიუმი სპეციალისტებთან, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვილის გადასარჩენად.
მისი თქმით, ახალშობილს რამდენიმე სახის ოპერაცია სჭირდება.
დიდმა ბრიტანეთმა 50 ნავთობტანკერი დაასანქცირა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.
გემს მაშინ KAYSERI ერქვა, პანამის დროშის ქვეშ ცურავდა და საქართველოში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა.
ნავთობტანკერის მიერ შემოტანილ ტვირთზე შემოსავლების სამსახურმა 21 ოქტომბერს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც საერთაშორისო სააგენტო როიტერსმა დაწერა, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა.
„ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი“, – განმარტა 2025 წლის 21 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა.
მიმართვის მიუხედავად, უწყებამ დამატებითი ინფორმაცია არ გასცა და არ განმარტა, სად წავიდა რუსეთიდან შემოტანილი ტვირთი. შემოსავლების სამსახურმა ეს „საგადასახადო საიდუმლოებით“ ახსნა.
ნავთობტანკერის ყულევში ყოფნა დაადასტურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც, თუმცა განმარტა, რომ იმ დროისათვის გემი არ იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებდა არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში.
დღეს, 24 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სხვა 50 გემთან ერთად დაასანქცირა კაისერი, რომელსაც სახელი აქვს გადარქმეული, ახლა ALTURA ჰქვია და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს.
„გვაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ALTURA – IMO 9292199 იყო ან შესაძლოა ჩართული იყოს საქმიანობაში, რომლის მიზანი ან შედეგია უკრაინის დესტაბილიზაცია ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის შერყევა ან მათთვის საფრთხის შექმნა, ან რუსეთის მთავრობისთვის სარგებლის მოპოვება ან მისი მხარდაჭერა. კერძოდ, ALTURA ჩართულია რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსეთში წარმოებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში,“ – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დასაბუთებაში, თუ რატომ დაედო კონკრეტულ გემს სანქცია.
დასანქცირებულ გემს ეკრძალება გაერთიანებული სამეფოს პორტში წვდომის მიღება, მისი კაპიტნის ან ლოცმანის მიერ პორტში შესვლა. შესაძლებელია გემის რეგისტრაციის გაუქმება გაერთიანებული სამეფოს გემების რეესტრში.
დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოხვედრამდე, ALTURA – იგივე KAYSER ევროკავშირმა დაასანქცირა.
KAYSER – IMO 9292199 მონიშნეს, როგორც ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი, რომელიც მონაწილეობდა რუსული ნავთობის ყიდვა-გაყიდვასა და ტრანსპორტირებაში.
ევროკავშირის სანქციების დადების შემდეგ გემმა შეიცვალა სახელწოდება, დროშა და კომპანია. სახელწოდების და დროშის შეცვლა სანქციებისგან თავის არიდების გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა ამის მიუხედავად, IMO 9292199 ბრიტანული სანქციების ქვეშ მაინც მოხვდა.
დიდმა ბრიტანეთმა დაწესებული სანქციების შესახებ დღეს, 24 თებერვალს განაცხადა.
დღესვე გამოქვეყნდა დასანქცირებული გემების, კერძო კომპანიების და ინდივიდუალური პირების ჩამონათვალიც.
მთავარი ფოტო: ALTURA – IMO 9292199-ის სახელის ქვეშ მცურავი გემი, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. ნავთობტანკერს 2005 წელს ერქვა – BESIKTAS DARDANELLES და ცურავდა თურქეთის დროშის ქვეშ, 2024 წელს დაირქვა Kayseri და ცურავდა პანამის დროშის ქვეშ, 2025 წელს, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა დაასანქცირა, დაირქვა ALTURA და ცურავს სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ.
თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინიციატივა საქართველოს ყველა რეგიონიდან 9-12 კლასის მოსწავლეებს აერთიანებს და მათ ტექნოლოგიურ სფეროში პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.
თიბისი ტექსკოლის განახლებულ პროგრამას, გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრების პარალელურად, ორი ახალი მიმართულება ემატება: „თიბისი ტექსკოლის ელჩები“ და ხელოვნური ინტელექტის სპეციალური კურსი.
„თიბისი ტექსკოლის ელჩები“ ტექსკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები და რთული ტექნოლოგიური საკითხები თანატოლებისთვის, პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში გადაიტანონ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
2026 წლის კიდევ ერთი სიახლე ხელოვნური ინტელექტის კურსია, რომელიც უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარს და AI, იდეის შექმნიდან, მის ტექნიკურ განხორციელებამდე გამოიყენონ. კურსი პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და ვებ მენეჯმენტის, გრაფიკული დიზაინისა თუ AI პროგრამირების მიმართულებით მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლე კურსს რეალური ციფრული პროდუქტის შექმნით დაასრულებს.
თიბისი ტექსკოლის სამთვიან ონლაინ კურსებზე უფროსკლასელები პროფესიონალ ლექტორებთან ერთად შეისწავლიან – პროგრამირებას, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასა, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, სოციალურ მედია მარკეტინგსა და ხელოვნურ ინტელექტს. ტექსკოლაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. თიბისი ტექსკოლას უკვე 2000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. არ გამოგრჩეთ ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია, რომელიც 9 მარტს დაიწყება.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები, შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.
დღეს, 24 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრეს უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა.
კობახიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტებმა რეალურად 14 400 სტუდენტი უნდა მიიღონ წელიწადში, თუმცა გარკვეულ პროფესიებზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გამონაკლისს უშვებენ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის 21 300 ადგილზე გამოცხადდება მიღება.
კობახიძის თქმით, კვლევისთვის მთლიანობაში გამოიკითხა 12 000 საწარმო.
„აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო საწარმო, 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომელიც შეირჩა შემთხვევითი პრინციპით.
გამოკითხვის ჩატარებაში დაგვეხმარა საქსტატი, რომლის 153 ინტერვიუერი იყო ჩართული კვლევის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი – 0.49%-ია ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით“, – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და „ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია“.
„ცალკე განისაზღვრა სამეცნიერო სფეროზე მოთხოვნა და აქ იგულისხმება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად.
შესწავლილი იქნა შრომის ბაზარზე პროფესიული განაწილება სექტორების მიხედვით.
ასევე შევისწავლეთ ბაკალავრის პროგრამაზე ჩარიცხულთა ბოლო 5 წლის მონაცემები და შედეგები არის შემაშფოთებელი, იმთავითვე იკვეთება შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი ან მკვეთრი სიჭარბე“, – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს.
აქედან, 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის – საჯარო სექტორში.
პროფესიულ ჯგუფებში მოთხოვნადი სპეციალობები:
საშუალო სკოლის მასწავლებელი – 6 149
გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი – 4 761
ექთნის დამხარე სპეციალისტი – 2 781
ექიმი-სპეციალისტი – 2 701
მშენებლობის მენეჯერი – 1 710
კობახიძის თქმით, სპეციალობების სიჭარბე გამოვლინდა სამართლის მიმართულებაზე.
„გასული წლის განმავლობაში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა 3 598 სტუდენტი, კურსდამთავრებულთა რაოდენობა იყო 2 047 და ესეც შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რადგან ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი. დისბალანსი – ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920. ანუ ეს რაოდენობა განწირულია იმისთვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს პროფესიულ საქმიანობაში“, – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, შრომის ბაზარზე საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებზეა მოთხოვნა, „ეს ეხება მშენებლობას და გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე დღეს გვყავს, ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საექთნო-სამეანო საქმე, სოციალური საქმე, – ამ მიმართულებებზეც არის ნაკლებობა და მკვეთრი დეფიციტი.
სიჭარბეა, როგორც ვთქვი, სამართალზე და ეკონომიკაზე. ასევე, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებებს ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის ხუთჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე.
ამ კვლევის მიხედვით, 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. თუმცა საბოლოო ჯამში, როცა კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთვალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები.
მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება ამას ანგარიში არ გავუწიოთ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ 700-იან მაჩვენებელზე იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა. შესაბამისად, 3 600-იდან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ 1500-ზე და შემდეგ უკვე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი მონაცემების დაბალანსება“, – ამბობს კობახიძე.
კობახიძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წლებისთვის 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, „შესაბამისად, 50%-ით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა შრომის ბაზრის ანალიზმა.
დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ 60%-ს სჭირდება მხოლოდ დიპლომი სამუშაო ადგილზე, რეალურად, 40% საჭიროებს პროფესიულ განათლებას“, – ამბობს კობახიძე.
„წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს.
ამასთან, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კანონპროექტს „იურიდიული დახმარების შესახებ“, რომელსაც არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2026 წლის 18 თებერვალს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
თუ მოქმედი რედაქციით, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, ახლა იგი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
„იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, სამსახურის ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეების მიერ დამოუკიდებელი და ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებული ვარიანტი კვლავ უსვამს ხაზს სამსახურის დამოუკიდებლობას, იურიდიული დახმარების სამსახურის დაქვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ეწინააღმდეგება ზოგადად იურიდიული დახმარების ლოგიკასა და დაცვის უფლების განხორციელების პრინციპებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის გაწეული იურიდიული მომსახურება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებით არსებულ დავებს ეხება და დავის ორივე მხარის ერთი ხელისუფლების შტოს ქვეშ მოქცევა პირის დაცვის ლოგიკას ეწინააღმდეგება.
შედეგად, სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქცევა უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობასა და საქმიანობის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხორციელებაზე,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც სამსახურის პოლიტიკის განმსაზღვრელი და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კოლეგიური ორგანო. საბჭო იყო კოლეგიური ორგანო და იგი 9 წევრისგან შედგებოდა.
საბჭოს წევრებს ირჩევდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, სახალხო დამცველი, იურიდიული დახმარების ბიუროები, იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
იურიდიული დახმარების საბჭო განსაზღვრავდა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებდა სტრატეგიას და ახორციელებდა მისი შესრულების მონიტორინგს. ამასთანავე, საბჭო ირჩევდა სამსახურის დირექტორს.
„ინიციირებული ცვლილებებით, ფაქტობრივად, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს. მართალია, ფორმალურად საბჭოს უფლებამოსილებებს მთავრობა და სამსახურის დირექტორი ინაწილებს, თუმცა საბჭო, როგორც სხვადასხვა სუბიექტის მიერ დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტია იყო, უქმდება, რაც დელიბერაციული და კოლეგიალური მმართველობის სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ იურიდიული დახმარების ბიუროები მოქალაქეებს უწევენ საადვოკატო მომსახურებას:
„აუცილებელია იურიდიული დახმარების სისტემა განხილულ იქნას საადვოკატო საქმიანობის პრინციპებთან მიმართებით მნიშვნელოვანი უკუსვლაა, დახმარების მიმღების განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების იმ დირექტორის მიერ დადგენის უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშული პირია.
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობის პირობებში, ასეთი კრიტერიუმების განსაზღვრაც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმად შეიძლება იქცეს.
იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, სამსახურის ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეების მიერ დამოუკიდებელი და ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ლაგოდეხსა და ბოლნისში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები აღმოაჩინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
„ფიზიკური პირი ლ. მ. [ლაგოდეხი, სოფელი ქვემო ნაშოვარი] სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.
ინდმეწარმე დ.შ. [ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი დისველი] ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა რძის გადამუშავებას და ეგრეთ წოდებული „ყველის“ წარმოებას“ – ამბობს სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, „საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“.