მთავარი,სიახლეები

მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა

23.02.2026
მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა

ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება.

„უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში წამყვან სპეციალისტებთან, რამდენიმე სპეციალისტი ჩამოვა, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თერმოდინამიკას წამლებით ვიჭერთ“ – თქვა კლინიკა „მედინას“ დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ახალშობილს რამდენიმე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, ეტაპობრივად.

„ახლა გვქონდა კონსილიუმი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვცდილობთ, გამოვნახოთ ყველა გზა, რომ ახალშობილი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

მისი თქმით, ახალშობილის დედაც კლინიკაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად იმშობიარა ტუალეტში და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევის შესახებ გუშინ, 22 თებერვალს გახდა ცნობილი.

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ბავშვის დედა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე მუშაობდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის თანახმად, რაც ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: