მთავარი,სიახლეები

4 გმირის ამბავი 1921 წლიდან – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე“

26.02.2026
4 გმირის ამბავი 1921 წლიდან – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე“

„ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ…“ – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 1921 წლის იმ დღეს იხსენებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, როცა თბილისში ჯერ არ ფრიალებდა წითელი დროშა. ამ დროს ქართველები საკუთარი სიცოცხლის ფასად ტაბახმელასთან ცდილობდნენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას.

იმ დღეს ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა შალვა ერისთავი. მისი ბოლო სიტყვები ასეთი ყოფილა: „დადექ, ვინ ხარ?“

ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა ამ შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების ისტორიებს მალავდა, აყალბებდა, ანადგურებდა… დღემდე უცნობია, რამდენი ადამიანი, ან კონკრეტულად ვინ ემსხვერპლა 105 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს ბრძოლას საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

დიმიტრი სილაქაძე

1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის დროს დაღუპული ოთხი ქართველი გმირების შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვესაუბრება, ისტორიის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელებთან“ მის მიერ მოთხრობილი ეს ისტორიები საარქივო ცნობებს ეფუძნება.

  • იუნკერი შალვა ერისთავი

როდესაც თბილისს მოუახლოვდა მოწინააღმდეგე, თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელიც ფრონტის ხაზზე გავიდა. იუნკრებს შორის ერთ-ერთი იყო შალვა ერისთავი. ყოფილი ფეხბურთელი ამ დროს სავარაუდოდ 22-23 წლის იყო. იგი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა ტაბახმელასთან.

რა ხდებოდა ამ დროს ბრძოლის ველზე?

ტაბახმელაში ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის იყო სიმაღლე 1046, რომლის აღება საკმაოდ რთული იყო მოწინააღმდეგისთვის. ეს სამზოლიანი სანგარი იყო და სანგრის უკან იყო ასევე განთავსებული იყო საარტილერიო ნახევარბატარეა ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის მეთაურობით. სრული ბატარეა იქ არ იყო.

ამ სიმაღლის აღებას 24 თებერვალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: თუ სრულად დაეუფლებოდნენ, ფაქტობრივად, ეს იყო ერთგვარი გასაღები ფრონტის ამ სექტორში. თუ სრულად დაეუფლებოდნენ სიმაღლეს, იქიდან არტილერიით თბილისის ნებისმიერ წერტილს დაბომბავდნენ.

შალვა ერისთავი

24 თებერვალს ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ – ნისლი რომ არ ყოფილიყო, სიმაღლიდან მოწინააღმდეგის შეტევა კარგად ჩანდა და საკმაოდ მარტივი დასაცავი იყო. ამ ადგილებში ისეთი ნისლი იცის, დაახლოებით ერთი-ორი მეტრის იქით არაფერი არ ჩანს, ზოგჯერ.

ამით ისარგებლეს და აიღეს სანგრის პირველი ზოლი, შემდეგ მეორე და მესამე ზოლი, გაიჭრნენ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეაზე, სადაც არტილერისტები უკვე ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ.

ამ დროს იუნკერთა სამი ოცეული დაიძრა კონტრშეტევაზე კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით, რომ დაებრუნებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე. რუსული არმიის ნაწილმა, რომელმაც აიღო ეს სიმაღლე, უკან დახევა დაიწყო, თუმცა სანგარი ჯერ ისევ მათ ხელში იყო. ის ადგილი, რაც ჰქონდათ დაკავებული, მოშიშვლებული ველია, ოდნავი სიმაღლეა მეორე მხრიდან – გადმოდგეს ტყვიამფრქვევი და ფაქტობრივად, ქართველებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ამის მიუხედავად, ქართველები მაინც გადავიდნენ კონტრშეტევაზე. შალვა ერისთავი ყოფილი ფეხბურთელი იყო და, როგორც ჩანს, ყველაზე მუხლმარდი, მოშიშვლებულ მინდორზე მან გაასწრო ყველას და მიეჭრა ტყვიამფრქვევის დამმიზნებელ ოფიცერთან, ხანჯალი ჩაარტყა, თვითონ, ფაქტობრივად, სხეულით გადაეფარა ამ ტყვიამფრქვევს საკუთარი სიცოცხლის ფასად.

კონტრშეტევაზე ვინც წავიდა, ფაქტობრივად, ყველანი გაცნობიერებულ სიკვდილზე წავიდნენ – მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის გარდა, მოწინააღმდეგეც ესროდა სანგრიდან, ხომ?! ყველანი წავიდნენ გაცნობიერებულ სიკვდილზე და შალვა ერისთავი წავიდა ყველაზე წინ – ყველას გაასწრო, ტყვიამფრქვევის ოფიცერი ხანჯლით მოკლა და თავადაც, ერთგვარად, სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს. ამით მან მისცა საშუალება სხვებს, კონტრშეტევა გაეგრძელებინათ.

ქართველებმა მოახერხეს სანგარ ნომერი ოთხის დაბრუნება.

პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, რომელიც მოგვიანებით პოლონური არმიის ბრიგადის გენერალი გახდა, იხსენებდა – მითხრეს, რომ სიკვდილის პირას მყოფი შალვა ერისთავის ბოლო სიტყვები იყო: „დადექ, ვინ ხარ?“

მოგვიანებით ალექსანდრე ჩხეიძე წერდა, რომ ამ ბრძოლებში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სიმამაცის სამარადისო, სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი.

მთლიანობაში, ამ კონტრშეტევის დროს სამი იუნკერი დაიღუპა: შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15-მდე იუნკერი.

შალვა ერისთავმა 1920 წლის შემოდგომაზე ჩააბარა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1919 წელს გაიხსნა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით. რუსული სამხედრო სასწავლებელი მანამდე 50 წლით ადრე გაიხსნა. ეს იყო ქართული, საოფიცრო სკოლის დაფუძნების მცდელობა.

მაშინ ფეხბურთს სამოყვარულო ხასიათი ჰქონდა და შალვა ერისთავი, ვიდრე იუნკერთა სკოლის კურსანტი გახდებოდა, თამაშობდა თბილისის ერთ-ერთ გუნდში.

1918 წელს გახსნილი სამხედრო სკოლა ერთ წელიწადში ძალიან პოპულარული გახდა ქართველ ახალგაზრდებში, ვისაც საოფიცრო კარიერა სურდა და სამშობლოს დაცვაში მონაწილეობის მიღება. როგორც ჩანს ეს იყო შალვა ერისთავისთვისაც მთავარი მოტივაცია.

  • იოსებ ჯანდიერი – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული“

იოსებ ჯანდიერიც იუნკერი იყო და იმ კონკრეტული კონტრშეტევის დროს დაიღუპა, სადაც დაიღუპა შალვა ერისთავი.

კიდევ ერთმა იუნკერმა, ალექსანდრე ხიმშიაშვილმა თავისი მოგონებებით შემოგვინახა იოსებ ჯანდიერის ბრძოლის წინა დღეს არსებული წინათგრძნობა. ის წერს ასეთ რამეს, რომ 23-24 თებერვლის ღამეს იოსებ ჯანდიერს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, მანამდე მსგავსი რამ არ განეცადაო. ცხადია, ისინი თანამებრძოლების გარდა, მეგობრებიც იყვნენ, ერთმანეთს თავის განცდებსაც უზიარებდნენ.

ალექსანდრე ხიმშიაშვილი წერს:

„4 თებერვლის ღამით მითხრა, თუ გადარჩი ცოცხალი, შეიძლება ნახო დედაჩემი და ჩემი პატარა ძმა, უთხარი, რომ დავეცი ბრძოლის ველზე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული, ეს ჯვარი მომხსენი და გადაეცი დედაჩემს, რომ ჩემ პატარა ძმას ჩამოჰკიდოს, ეს იყოს მისთვის მომავლის ერთგვარ სიმბოლოო…“

იოსებ ჯანდიერი

კონტრშეტევის დროს ხელჩართული ბრძოლა იყო. მხოლოდ ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფით არ დამთავრებულა ის კონტრშეტევა, როდესაც შალვა ერისთავი დაიღუპა.

ალექსანდრე ხიმშიაშვილი ასეთ რამეს იხსენებს, რომ რუს ჯარისკაცს ხანჯალი გავუყარეო და მეც ძირს დავეციო, შემდეგ ვიღაც დამეცა კიდე თავზეო და გავითიშეო. რამდენიმე წუთში გონზე მოვედი და ფეხზე წამოვდექი, ჩემგან ორ ნაბიჯში დავინახეო იოსებ ჯანდიერის სისხლში მცურავი სხეული – გახელილი უძრავი თვალებითო. მის ირგვლივ ორი რუსი ჯარისკაცის სხეული ეგდო, სავარაუდოდ, ორივე ჯანდიერმა მოკლაო, ერთს თავი ჰქონდაო გაჩეხილი და მეორეს შუა კისერში ჰქონდა ხანჯალი გაყრილიო.

სავარაუდოდ, იოსებ ჯანდიერმა მოკლა ორივე კონტრშეტევის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონაც ერთ-ერთისგან ან სხვა ჯარისკაცისგან დაზიანდა და დაიღუპა ბოლო კონტრშეტევის დროს.

ალექსანდრე ხიმშიაშვილმა პატარა მემუარები ბრძოლის შესახებ ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა. ამ მემუარებში ის ასევე იხსენებს, როგორ გაჰყავდათ მეტეხის ციხიდან 1923 წლის მაისში ქართველი გენერლები და ოფიცრები დასახვრეტად.

  • სტეფანე ახმეტელაშვილი, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი გენერალი

გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი 1877 წელსაა დაბადებული. მან ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არმიაში დაამთავრა კადეტთა კორპუსი, სწავლობდა სუმის [უკრაინა] სამხედრო სასწავლებელში. მეორე ვერსიით, მან თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. სტეფანე ახმეტელაშვილი რუსეთ-იაპონიის ომში, ასევე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ომის ბოლო პერიოდში იყო პოლკის მეთაური, მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.

სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გახდა გენერალი. მისი ძმა, სიმონ ახმეტელაშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

1921 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი მეთაურობდა კახეთის მიმართულებას. მას ახასიათებდნენ, როგორ მამაც და კეთილ კაცს.

კახეთის მიმართულებაზე დიდი ჯარები ქართველებს არ ჰყავდათ. ეს იყო რეგულარული არმიის ერთი ბატალიონი, გვარდიის ერთი ბატალიონი. ამას ემატებოდა სიღნაღის სანაპირო რაზმი.

კახეთის მიმართულებიდან შემოიჭრა რუსული მე-18 ცხენოსანი დივიზია და კიდევ ორი პოლკი. ამ დაჯგუფებას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი, რომ კახეთის მცირერიცხოვანი ქართული დაჯგუფება დაემარცხებინა და რუსული დაჯგუფების მთავარი ძალა, რომელიც იყო მე-18 ცხენოსანი დივიზია, წამოსულიყო თბილისისკენ. ამ დივიზიამ თბილისის დაცემის პროცესში საკვანძო როლი ითამაშა. მოწინააღმდეგემ პრინციპში მოახერხა ის, რაც სურდა: 17 თებერვალს ლაგოდეხი დაიკავა, 18 თებერვალს – დედოფლისწყარო, თუმცა დედოფლისწყაროზე შეტევის დროს დაიღუპა ამ დაჯგუფების მეთაური, რუსეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – პეტრე კურიშკო.

ერთ-ერთი ვერსიით კურიშკო არა დედოფლისწყაროს დაკავებისას, არამედ მისი აღების შემდეგ მოკლა ადგილობრივმა, როცა იგი ქუჩაში ცხენით მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში ეს მეთაური რუსებმა დაკარგეს. საბჭოთა პერიოდში ამ კურიშკოს ძეგლი იდგა დედოფლისწყაროში, პროპაგანდა დიდ პატივს მიაგებდა მას.

სტეფანე ახმეტელაშვილი

19 თებერვალს რუსმა სამხედროებმა უკვე სიღნაღი დაიკავეს და მე-18 ცხენოსანი დივიზია თბილისისკენ წამოვიდა. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან ქართულ ნაწილებს, მათ თელავისკენ დაიხიეს და გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდნენ მოწინააღმდეგის ორ პოლკს. თელავის დაცვის რესურსი რომ აღარ იყო, სტეფანე ახმეტელაშვილმა გადაწყვიტა, თიანეთის და არაგვის ხეობის გავლით უკან დაეხიათ თბილისისკენ.

მართლაც, დაიწყეს უკან დახევა. არაგვის ხეობაში როცა გავიდნენ, ეს ის დროა, როცა თბილისი დაცემულია და არაგვის ხეობა უკვე მოწინააღმდეგეს უკავია. ამ დროს მცირერიცხოვანი ქართული დაჯგუფება ტყვედ ჩავარდა. გენერალმა ახმეტელაშვილმა იარაღი ამოიღო და შუბლთან მიიდო. როგორც ჩანს, თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ ოფიცრები ეცნენ, არ მისცეს ამის საშუალება. ამ დაჯგუფებაში სტეფანე ახმეტელაშვილის ძმისშვილიც იყო. მან უთხრა გენერალს: ვალდებული ხარ ჩვენი ბედი გაიზიაროო. ტყვედ ჩავარდა გენერალი და ოფიცრებთან ერთად გაგზავნეს რუსეთში ტყვეობაში.

ტყვეების ძირითადი ნაწილი მალე გამოუშვეს – რიგითი ჯარისკაცები. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ თითქოს ქართველების გასათავისუფლებლად მოდიოდნენ და ამ პროპაგანდისტული ნარატივის შემდეგ, ცხადია, ტყვეებთან ძალიან ცუდი მოქცევა მათივე ლოგიკას არღვევდა. რაც შეეხება ოფიცრებს, მათი ნაწილი რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებში და ციხეებში იყვნენ ზოგი – თვეების განმავლობაში, ზოგი – ერთი წლის განმავლობაში.

სტეფანე ახმეტელაშვილი კი რიაზანის სამხედრო ბანაკში გააგზავნეს, სადაც ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არის ტიფი. თუმცა არაოფიციალურად არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთგვარი შურისძიება, ამ შემთხვევაში, კურიშკოს მკვლელობის გამო.

  • ავქსენტი ქურციკიძე – ოფიცერი, რომელიც წარმატებული კონტრშეტევის დროს დაიღუპა 

ჭიათურის მუშათა რაზმის მეთაური იყო ოფიცერი ავქსენტი ქურციკიძე.

ქართველი სოციალ-დემოკრატი და გვარდიის წევრი ვალიკო ჩუბინიძე იხსენებს ბრძოლას კოჯრის მისადგომებთან, როცა ქართველები მოწინააღმდეგეს ტყვიამფრქვევის სროლით პასუხობდნენ.

ეს 2021 წლის 22 თებერვალს ხდებოდა.

ერთ-ერთ მომენტში შეწყდა სროლა და ამ დროს სანგრიდან ამოვარდნილა ვალიკო ჯუღელი – ქართული გვარდიის მეთაური, ამოვარდა და ქანდაკებასავით დადგა, თავდამსხმელებს დაუყვირა: „ქართველი მუშები და გლეხები თავისუფალ სამშობლოს არ გაგანადგურებინებთო“. მერე უცებ მოტრიალდა სწრაფად, მოგვიწოდა იერიშზე გადასასვლელად. სიტყვა როგორც დაასრულა, თოფი გავარდა და ის დაეცაო.

ჩავთვალეთ, რომ მოკვდაო, მივირბინეთ და ვნახეთ, რომ სინამდვილეში მის ფეხქვეშ თოვლი ჩამოშლილაო. ვალიკოს არაფერი არ დამართნია და ჩვენ გადავედითო შეტევაზეო.

საკმაოდ დიდ შეტაკებას აღწერს ვალიკო ჩუბინიძე, სადაც გაიმარჯვეს, ასევე, გარკვეული რაოდენობის ტყვეები აიყვანეს და ტყვიამფრქვევებიც ჩაიგდეს ხელში.

სწორედ ამ კონტრშეტევისას, შეტაკების დროს დაიღუპა უშუალოდ მათი მეთაური, ოფიცერი ავქსენტი ქურციკიძე.

მასთან ერთად დაიღუპნენ გვარდიელები: ლავრენტი მიქაბერიძე, სამსონ ცერცვაძე, პეტრე ხვედელიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დომენტი მაჭარაშვილი, ლევან შეყილაძე, მიხეილ კერესელიძე და სანდრო სარალიძე.

  • რა არის ცნობილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გენერლების შესახებ

„საკმაოდ კვალიფიციური გენერალიტეტი ჰყავდა საქართველოს,“ – ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, – „მაგალითად, უმაღლეს გენერალიტეტს თუ დავასახელებთ, ომის პირველ ეტაპზე ოდიშელიძე იყო მთავარსარდალი, შემდეგ კვინიტაძე, გენერალური შტაბის უფროსი იყო ალექსანდრე ზაქარიაძე, სამხედრო მინისტრის პირველი მოადგილე – ალექსანდრე გედევანიშვილი. რუსეთის იმპერიაში მათ ჰქონდათ მიღებული ყველაზე მაღალი დონის სამხედრო განათლება.

იმ პერიოდში ოფიცერი რომ გამხდარიყავი, საოფიცრო სამხედრო სკოლა, ან იუნკერთა სასწავლებელი უნდა დაგესრულებინა. ამას გარდა, არსებობდა გენერალური შტაბის აკადემია, რომელიც იყო სამხედრო განათლების მწვერვალი იმპერიაში. გენერალური შტაბის აკადემიაში ჩაბარებას, ასევე მის დამთავრებას, ძალიან ცოტა ვინმე თუ ახერხებდა. მე ვინც ჩამოვთვალე ჩვენი უმაღლესი სარდლობიდან, ოთხივეს ჰქონდა დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია.

გამოცდილებას რაც შეეხება, ამ ოთხეულიდან ყველაზე დიდი სამხედრო საბრძოლო სამეთაურო გამოცდილება ჰქონდათ ოდიშელიძეს და კვინიტაძეს, მაგრამ უშუალოდ რესპუბლიკის ჯარში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული იყო გიორგი კვინიტაძე, რომელსაც, გარდა განათლებისა, მთავარსარდლის ქარიზმა და ენერგია ჰქონდა.

სხვა ოფიცრები და გენერლებიც საკმაოდ კვალიფიციურნი იყვნენ პატარა ქართული ჯარის სამეთაუროდ და მის შესაქმნელად. ზოგმა მეტად გამოიჩინა თავი, მაგალითად, გენერალმა მაზნიაშვილმა, ან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, ზოგმა – ნაკლებად.

იყო შემთხვევები, როდესაც მაღალ თანამდებობებზე დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად შეეფერებოდნენ პოზიციას. ასეთი გამორჩეული შემთხვევა იყო იოსებ გედევანიშვილი, რომელიც ძალიან მალე დაწინაურდა სამხედრო წოდებაში და ამ ომის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტს მეთაურობდა. ეს ფრონტი ჩავარდა თავიდან ბოლომდე“.

  • რამდენი ადამიანი დაიღუპა 1921 წელს, რუსეთთან ანტისაოკუპაციო ბრძოლის დროს

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ 1921 წელს დაღუპულთა ერთიანი და დაზუსტებული სია არ არსებობს.

„შეჯამებული და ზუსტი მონაცემები, სამწუხაროდ, არ არსებობს. ვიკიპედიის სტატია რუსეთ-საქართველოს ომზე კონკრეტულ რიცხვებს ასახელებს იქითაც და აქეთაც, მაგრამ სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერს არ ეყრდნობა, საერთოდ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული ცნობები დაღუპულთა შესახებ.

ყველაზე უკეთ დოკუმენტირებული არის იუნკერთა რაოდენობა და მათი დანაკარგები: თბილისის დამცველთა დაახლოებით ერთ პროცენტს შეადგენდნენ იუნკრები. 183 იუნკერი იყო და მათგან 170-მდე იბრძოდა, დაიღუპა 9, ასევე 2 ოფიცერი, 43, ან 44 – დაიჭრა. კონკრეტულ ქვედანაყოფზე გვაქვს მონაცემები, მაგრამ სხვა ქვედანაყოფზე მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ გაბნეული ცნობები დაღუპულთა შესახებ,“ – ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

ისტორიკოსი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველო 105 წლის წინ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა, საბრძოლო რესურსების ნაკლებობა იყო. პრობლემა იყო აჭურვილობა და მატერიალური რესურსები.

საბჭოთა პროპაგანდის გზავნილი ამ კუთხით იყო ის, რომ ქართველებს არ უბრძოლიათ, ხოლო მთავრობა ქვეყნიდან გაიქცა:

„მთელი ომის განმავლობაში დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი იყო მობილიზებული სხვადასხვა ფრონტზე, მაგრამ ადამიანური რესურსი, რომელიც სამხედრო სამინისტროს აღრიცხული ჰყავდა, 150 ათას კაცს აჭარბებდა. ერთია ადამიანური რესურსი, მეორეა შენი ეკონომიკა. ასევე, შენს ხელთ არსებული იარაღი და საბრძოლო მასალები რამდენად იძლევა ამ ხალხის შეიარაღების საშუალებას. აი, ეს ბოლო ორი იყო კრიტიკულად პრობლემური ამბავი.

ამის გარდა, გარკვეული სამხედრო გათვლები ჩავარდა და მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ჯარებმა პირველი ხუთი დღის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, რომლის გამოსწორება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიის ფრონტის რუსული ჯარები არც იმდენად ძლიერი იყო. 100%-ით წინასწარვე გადაწყვეტილი არ იყო ის, რომ თებერვალ-მარტში  ისინი გაიმარჯვებდნენ,“ – აღნიშნა დიმიტრი სილაქაძემ „ბათუმელებთან“.

  • რას ამბობდა საბჭოთა პროპაგანდა 1921 წლის ოკუპაციაზე

„საბჭოთა პროპაგანდა საერთოდ გამორიცხავდა რუსეთ-საქართველოს ომის არსებობას, არ აღიარებდა ფაქტობრივ ანექსიას. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ თითქოსდა ისინი აჯანყებული ქართველი ხალხის დასახმარებლად შემოვიდნენ, რაც თავიდან ბოლომდე ფიქციაა.

აბსოლუტურად ყველაფერი დაიგეგმა, გადაწყდა და განხორციელდა ორ ადგილას: ერთი ადგილი ეს იყო მოსკოვი, კრემლი, სადაც ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში მსჯელობდნენ ამ საკითხების შესახებ, თუ როგორი საბრძოლო მოქმედებების წარმოება იქნებოდა, როგორი პოლიტიკური შეფუთვა იქნებოდა და ასე შემდეგ. მეორე ადგილი ეს იყო კავკასიის ფრონტის შტაბი, სადაც უშუალოდ განხორციელება ხდებოდა ამ ყველაფრის.

საქართველოში 1921 წლის თებერვალში არანაირი აჯანყება არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველი ბოლშევიკების ლიდერი ფილიპე მახარაძე ომიდან რამდენიმე თვეში მოსკოვში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში პირდაპირ ამბობდა იმას, რაც ფაქტი იყო – რომ საქართველოში არა თუ აჯანყება არ დაწყებულა, არამედ რუსული არმია როცა შემოიჭრა საქართველოში, ქართველმა ბოლშევიკებმაც კი, არაფერი არ იცოდნენ რა მოხდა.

საქართველოში არათუ აჯანყება არ ყოფილა და ამ აჯანყებას არ გამოხმაურებიან რუსები, არამედ ქართველმა ბოლშევიკებმა რუსული არმია რომ შემოიჭრა საქართველოში, რა ხდებოდა ვერ მიხვდნენ, საერთოდ.

ამას მე კი არ ვამბობ. თავად ფილიპე მახარაძე წერდა საიდუმლო მოხსენებაში,“ – გვიყვება ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

ამავე თემაზე:

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: