„…რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ იქ რესტორანში წავედი და იხვის ტოლმა ვჭამე, ეს გამოხატავს „იხტიბარს რომ არ გაიტეხს“ ადამიანი, თორემ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. ამიტომაც გაიქცა რუხაძე ჩასაძირად განწირული გემიდან სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ,“ – ამბობს იურისტი ალექსანდრე ბარამიძე.
დღეს, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები – „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.
როგორ აისახება ბრიტანეთის სანქციები პროპაგანდისტული ტელევიზიების თანამშრომლებზე? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ალექსანდრე ბარამიძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, რა ელით ბრიტანეთისგან დასანქცირებული ტელევიზიების თანამშრომლებს?
თანამშრომლებზე, პირველ რიგში, აისახება იმდენად, რამდენადაც ეს თანამშრომლები ბანკებისგან იღებენ ხელფასს [მაინცდამაინც ქეშით თუ არ სარგებლობენ. ალბათ ბანკებისგან იღებენ ხელფასს]. ბანკებისთვის დიდი პრობლემა იქნება მათთვის მომსახურების გაწევა – „იმედის“ მომსახურება, იმიტომ რომ „იმედი“ სანქცირებულია.
როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ორ წამყვან ბანკზე, რომელთა აქციებიც იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამ ბანკებისთვის, უბრალოდ, გამორიცხულია „იმედს“ მოემსახურონ.
- ეს საქართველოში მოქმედი ბანკების ვალდებულებაა, თუ უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ?
ეს სანქციები უკრძალავს ბრიტანულ კომპანიებს, რაიმე ტრანზაქციები განახორციელონ სანქცირებულ „იმედთან“ და „პოსტივისთან“. მართალია, ეს ბანკები ბრიტანული კომპანიები არ არის და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებია, ეს გასაგებია, მაგრამ მათი აქციები იყიდება საფონდო ბირჟაზე და როგორც მინიმუმ, ეს მათ რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გარკვეული ადმინისტრაციული ზომები შეიძლება იქნას მათ მიმართ გატარებული.
ამიტომაც, გამორიცხულია, რომ ბანკებმა მომსახურება გაუწიონ „იმედს“ ან „პოსტივის“ ამიერიდან. აქ იგულისხმება ნებისმიერი გადარიცხვა, ცხადია, მათ შორის, სახელფასო გადარიცხვები.
- სხვა ბანკში რომ გადავიდნენ, რომელიც არ არის წარმოდგენილი საფონდო ბირჟებზე?
მაგრამ ყველა ბანკი უფრთხილდება თავის რეპუტაციას. უფრთხილდება იმას, რომ ადრე თუ გვიან მასზე არ გავრცელდეს მეორადი სანქციები.
მართალია, „ქოცპროპაგანდისტებს“ და „ქოცებს“ ბრიტანეთი სასაცილოდაც არ ჰყოფნით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანაზე დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში. ლონდონი არის, იყო და კვლავაც იქნება დიდი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში.
რამდენიც არ უნდა სხვანაირად ილაპარაკონ გორდულაძეებმა, თუ სხვა პროპაგანდისტებმა, ყველა ბანკი, რომელსაც უნდა, რომ გააგრძელოს საბანკო საქმიანობა – და საბანკო საქმიანობა თანამედროვე სამყაროში იზოლირებული ვერ იქნება – როდესაც ვლაპარაკობთ თუნდაც სავალუტო ოპერაციებზე და ასე შემდეგ, იგივე საკრედიტო ბარათებით მომსახურებაზე, რომელსაც მთლიანად დასავლეთის ქვეყნების ადმინისტრაციები აკონტროლებენ, არავის არ მოუნდება, შარში გაყოს თავი.
ჩემოდნებით თუ მიიტანენ „იმედში“ და „პოსტივიში“ ხელფასებს ქეშად დასარიგებლად – არ ვიცი, მაგრამ წესით საბანკო ოპერაციები ამიერიდან ძალიან უნდა გაუჭირდეთ.
- ეს შეეხება სხვა ფინანსურ მომსახურებასაც, მაგალითად, რეკლამის განთავსებას „იმედზე“?
რასაკვირველია. აქ ლაპარაკია ნებისმიერი სახის ტრანზაქციაზე. ამ შეზღუდვას ექვემდებარება სანქცირებული ტელევიზიების ქონება: მიკროფონიდან დაწყებული, შენობებით და ძვირადღირებული სატელევიზიო აპარატურით დამთავრებული. ყველა მოერიდება ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებას ამ ტელეკომპანიებთან, მათ შორის, რეკლამის განთავსებას, თუნდაც სერიალების ან სხვა პროდუქციის მიყიდვას.
ეს იქნება წმინდა სატელევიზიო პროდუქცია თუ სატელევიზიო აპლიკაციები, პროგრამული უზრუნველყოფა და ასე შემდეგ – ყველა ასეთი კომპანია დააყენებს თავს მეორადი სანქციის საფრთხის ქვეშ.
მეორადი სანქცია ნიშნავს იმას, რომ სანქცირებულ პირთან ახორციელებ გარკვეულ ბიზნეს ურთიერთობას და ამიტომაც, შეიძლება შენც დაგეკისროს სანქცია. არავინ არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ რეპუტაციას, მით უმეტეს, ბიზნესს ამათი გულისთვის.
ამიტომაც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ იქ რესტორანში წავედი და იხვის ტოლმა ვჭამე, ეს გამოხატავს „იხტიბარს რომ არ გაიტეხს“ ადამიანი, თორემ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ.
ეს მოსალოდნელი იყო. არავის არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ ეს პროპაგანდისტები წლებია ამართლებენ დემოკრატიის რღვევას ამ ქვეყანაში, ამართლებენ იმას, რომ საქართველოს გადაეკეტა ევროპისკენ გზა და კვლავ რუსულ ჭაობში უნდა დარჩეს.
- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ემიგრაციაში წავიდა „იმედის“ თანამშრომელი, ან სამოგზაუროდ მიდის ევროპაში?
სანქციები ეხება „იმედს“ და „პოსტივის“, როგორც იურიდიულ პირებს, ამ იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. რიგით თანამშრომლებს კი, რომლებიც აღარ იქნებიან დასაქმებულები ამ კომპანიებში, ეს არ შეეხება უშუალოდ. თუმცა რეპუტაციულად, თუ ცნობილი ადამიანები არიან და მათ შესახებ იციან საზღვარგარეთ, ცხადია, რომ ყველა მოერიდება მათთან ურთიერთობას.
- თუ საქმიანი ვიზიტი აქვს ევროპაში „იმედის“ თანამშრომელს?
„იმედის“ ჟურნალისტს რა საქმიანი ვიზიტი უნდა ჰქონდეს ევროპის ქვეყანაში, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ბრიტანელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის პირდაპირ აკრძალულია მათთან ურთიერთობა?
დასავლეთი ერთიანი სისტემაა. გარკვეული ძვრები ხდება იქაც, მაგრამ ერთმანეთის მაღალი პოლიტიკური ორგანოების გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ყოველ შემთხვევაში ევროპაში ნამდვილად და დარწმუნებული ვარ შეერთებულ შტატებშიც.
ამიტომაც, ბრიტანული სანქციების გვერდის ავლას მოერიდება ყველა დასავლეთის სამყაროში. ასე რომ, „იმედის“ ჟურნალისტებს შეუძლიათ დაივიწყონ თავიანთი საქმიანი ვიზიტები ევროპაში.
კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმის მესვეურებს სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ იხტიბარი არ გაიტეხონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს არაფერიც არ ხდება და ჩალის ფასი აქვს ამას ყველაფერს.
როგორი ჩალის ფასი აქვს ამ სანქციებს, ამის თაობაზე, სხვათა შორის, იგივე რუხაძემ ისაუბრა – „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა. მან სრულიად გულწრფელად ახსნა, რასაც ნიშნავს ეს სანქცია: შეხედეთ, ეგერ, რუსულ კომპანიებს და ნახავთ, რომ ეს არის სინამდვილეში დიდი პრობლემაო.
ზუსტად ამიტომაც გაიქცა რუხაძე ჩასაძირად განწირული გემიდან სულ რაღაც ორი კვირის წინ.






