მთავარი,სიახლეები

რატომ არის საშიში „ოცნებისთვის“ ბრიტანეთის სანქციები – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

26.02.2026
რატომ არის საშიში „ოცნებისთვის“ ბრიტანეთის სანქციები – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს“, – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირებაზე ვესაუბრეთ – რა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთის სანქციები?

„ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს საქართველოში,“ – ამბობს გიორგი ბადრიძე.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი დღეს, 26 თებერვალს დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტ ტივის“ სანქცირების გამო. რას ნიშნავს ეს ამბავი?

გრაფიკულადაც, უკვე სურათებითაც ვემსგავსებით რუსეთს და სხვა, მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც რეგულარულად ნახავთ ამგვარ მომენტებს, როდესაც საგარეო უწყებაში იბარებენ ყურის ასაწევად დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებს.

ჩემი აზრით, არ უნდა უკვირდეს ამ რეჟიმს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართული, აგრესიული, ანტიდასავლური, მათ შორის, კონკრეტულად ანტიბრიტანული რიტორიკა, პოლიტიკის გატარება საჯარო სივრცეში, უშუალოდ ტელევიზიების – „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის მეშვეობით, იწვევს მსგავს გარკვეულ რეაქციას ბრიტანეთის მხრიდან. ეს იყო ძალიან მოზომილი, შეზღუდული და ცოტა არ იყოს, კიდევაც დაგვიანებული, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურად გადადგმული ნაბიჯი.

  • რას ნიშნავს პრაქტიკულად ბრიტანეთის სანქციები? როგორ მიიღება მსგავსი გადაწყვეტილება და როგორია მისი პოლიტიკური მნიშვნელობა?

უნდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან რთულად მიიღება მსგავსი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ბრიტანეთში, სადაც ყველაფერი განიხილება არამარტო პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში. მით უმეტეს განსაკუთრებულია ეს მიდგომა, როცა საქმე ეხება მედიასაშუალებებს, თუმცა ამ საშუალებებმა თავადვე დაარწმუნეს ყველა, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკის ინსტრუმენტს პროპაგანდის ფრონტზე, ერთ-ერთ ქვედანაყოფს ივანიშვილის რეჟიმის ხელში.

შესაბამისად, შედეგი ძალიან სერიოზულია.

სულ ორ ქვეყანას აქვს უნარი – სხვებზე მეტად ყოველ შემთხვევაში – მის სანქციებს ჰქონდეს ქმედითი შედეგები სანქციების ობიექტისთვის. ესაა შეერთებული შტატები და მეორე, ამ თვალსაზრისით, არის გაერთიანებული სამეფო.

შეერთებული შტატები იმიტომ, რომ როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ეს სანქციების ობიექტს უზღუდავს წვდომას მსოფლიოში ყველაზე დიდ ვალუტაზე – შეერთებული შტატების დოლარი არის მსოფლიო სავალუტო სარეზერვო ვალუტა. მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკა. ძალიან ძნელია, რომ უშუალო და მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს სანქციებმა, რომელსაც აწესებს შეერთებული შტატები. ასევე, მსოფლიო საბანკო სფეროში შეერთებულ შტატებს უკავია ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი.

მეორე ადგილზეა გაერთიანებულ სამეფო, იმიტომ, რომ ლონდონი წარმოადგენს მსოფლიოს მეორე უდიდეს ფინანსურ ცენტრს. მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი ლონდონში. გარდა იმისა, რომ ბრიტანული ეკონომიკაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ძალიან ძნელია წარმოიდგინოთ ბიზნესი საერთაშორისო ასპარეზზე ისე, რომ არ გადაიკვეთოს ბრიტანეთთან.

შესაბამისად, როდესაც გაერთიანებული სამეფო აწესებს სანქციებს, ბრიტანეთში რეგისტრირებულ, ან ბრიტანეთთან პირდაპირი და თუნდაც ირიბი ეკონომიკურ-ფინანსური ურთიერთობის მქონე სუბიექტები იძულებულები არიან შეწყვიტონ საქმიანობა სანქციების ობიექტთან.

უკვე ვიხილეთ, რომ ქართულმა ბანკებმაც კი, უკვე გააუქმეს – ყოველ შემთხვევაში იყო უკვე ცნობები – „იმედის“ ანგარიშები გაუქმებულია. ძალიან დიდი შეცდომა იქნება და მეეჭვება, რომ გააგრძელოს სხვადასხვა კომპანიამ „იმედში“ რეკლამის განთავსება – ეს ძალიან სერიოზულ რისკებს შეუქმნის მათ საქმიანობას.

  • მათაც შეიძლება შეეხოთ სანქციები მეორადი სანქციების სახით? 

აუცილებლად შეეხებათ. ნებისმიერ ეკონომიკურ სუბიექტს, იურიდიულ პირებს, ეკრძალებათ სანქცირებულ ორგანიზაციებთან რაიმე სახის ურთიერთობა. არ ვიცი, რამდენად უღირს კომპანიას ამხელა რისკის გაწევა.

ერთ-ერთი პირველი, რასაც შეეცდება რეჟიმი, იქნება მცდელობები, გამონახონ ამ სანქციების გვერდის ასავლელად საშუალებები. ამაში ალბათ მათ რუსი კოლეგები გაუზიარებენ გარკვეულ გამოცდილებას, რომელიც მათ დაუგროვდათ საკმაოდ უხვად 2014 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი, 2022 წლის შემდეგ.

თავად რუსეთის ეკონომიკას თუ გადავხედავთ, არ მგონია, ვინმეს მიაჩნდეს, რომ რუსეთმა წარმატებით აუარა დასავლურ სანქციებს გვერდი. კი, მისი ეკონომიკა ბოლომდე არ ჩამოშლილა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად იზრდება რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი, იზრდება კატასტროფულად იმის გამო, რომ მცირდება შემოსავლები მისი მთავარი წყაროდან – ნავთობის, გაზის გაყიდვიდან, რაც არის მისივე ქმედებების შედეგი.

რაც პუტინმა გაუკეთა რუსეთს, ჩემი აზრით, ეს არის ისტორიული დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – რუსეთს ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე სტაბილური ბაზარი ევროპული ბაზრის სახით და მან ეს გადაჭრა თავისი იმპერიალისტური ფანტაზიის განხორციელების გამო.

საერთოდ, კონფლიქტში იშვიათია ხოლმე, როდესაც მარტო ერთი მხარეა მართალი და მეორე მხარე მთლიანად მტყუანი, თუმცა ეს დაპირისპირება „ოცნების“ რეჟიმსა და დასავლურ ქვეყნებს შორის, მართლად 100 პროცენტით „ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ინიციირებული.

მე ყველას შევახსენებ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას თავის დროზე აქტიურად მიესალმნენ დასავლური ხელისუფლებები, წლების განმავლობაში მხარდაჭერას უწევდნენ – პოლიტიკურს, გნებავთ ფინანსურს. აი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასობით მილიონობით ევრო და დოლარი იქნა, ასევე ფუნტი მათ შორის, გაცემული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან ხშირად უშუალოდ პირდაპირ ხელისუფლებისათვის.

როგორ უპასუხა ამას ივანიშვილმა?!

ამიტომაც, ეს არის ივანიშვილის არჩევანი. ეს არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა – დემოკრატიული რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისათვის, საფრთხეს შეუქმნიდა მის პირად კონტროლს ძალაუფლების შტოებზე. ივანიშვილმა მეთოდურად, წლების განმავლობაში დაამყარა და ჩამოაყალიბა რუსული ყაიდის ძალაუფლების ვერტიკალი.

  • თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტეს ბრიტანეთში დაესანქცირებიათ პროპაგანდისტული ტელევიზიები და არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი? 

იმედი მაქვს, რომ არ არსებობს იმის შეგრძნება, რომ ცალკე ტელევიზიებზეა საუბარი – ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს ქვეყნის შიგნით და მიმართული არიან ქართული საზოგადოებისადმი, მათ გონებაზე ზემოქმედების მოხდენის თვალსაზრისით.

გარდა შიდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, მრავალი წელია მათი თავდასხმის პირდაპირი ობიექტი არის დასავლური დემოკრატიები. მათ მიერ არის აქტიურად კულტივირებული „დიპ სთეითი“, რომელსაც თავიანთ მრევლს ვერც კი უხსნიან, რა არის, „გლობალური ომის პარტია“ და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ამ დასანქცირების უშუალო მიზეზი იყო რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარის დაკავება. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „იმედს“ და „პოსტ TV“-ს, ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ არ ედავებიან იმას, რომ ისინი აწარმოებენ ზოგადად ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ კამპანიას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის მათი არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ – უკრაინის საწინააღმდეგოდ.

  • უნდა ველოდეთ, რომ მოხდება „ოცნების“ რეჟიმის სხვა წარმომადგენლების დასანქცირება ევროკავშირის მხრიდან, რასაც დიდი ხანია ითხოვენ პროევროპულ აქციაზე? 

მოვლენების ლოგიკა თავისთავად ამისკენ მიდის. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სანქციები დაიწყო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებით და შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ოფიციალური სანქცია პირადად ბიძინა ივანიშვილს დაედო. ეს იყო ერთგვარი გამაფრთხილებელ გასროლასავით, რადგან ის სანქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირადად დაედო, არ ფარავდა მის ბიზნეს სუბიექტებს. მას თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა თავისი ქონების განკარგვა. ეს იყო უფრო სიმბოლური და გამაფრთხილებელი ქმედება შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო სასტიკ რეპრესიებს ქვეყნის შიგნით. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას.

  • სანქციები უკვე აღარაა ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს?

შედეგი იქნება ძალიან კონკრეტული უშუალოდ „იმედისთვის“ და „პოსტ TV“-თვის.

დიდი ალბათობით, „იმედი“ და „პოსტ TV“ შეწყვეტს არსებობას იმ ფორმით, რაც აქამდე იყო და შეეცდებიან მათ გადალაგებას სტრუქტურულად. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, მათ შორის საქართველოში.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო, მისი მთავრობა არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე, მოგეხსენებათ, მოჰყვა „ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი გართულება, რაც საერთოდ ბოლო წლებში ჰქონიათ. ხალხს ასეთი რეაქცია, ასეთი პროტესტი არ ჰქონია მოპარულ არჩევნებზე, როგორიც ჰქონდა ამ განცხადების მოსმენის შემდეგ.

ამ განცხადების გაკეთებას არანაირი პრაქტიკული საჭიროება რეჟიმისთვის და ივანიშვილისთვის არ ჰქონდა, ამით გამოიწვია მხოლოდ მეტი თავის ტკივილი საკუთარი თავისთვის. ერთადერთი, ვინც ამით ალბათ იხეირა, არის რუსეთი, რომელმაც თავის პრაქტიკულად სატელიტ რეჟიმს საქართველოში განაცხადებინა მისი არჩევანი უფრო ღიად.

მანამდე ივანიშვილი უფრო აქტიურად ლავირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ისევე, როგორც ამას აკეთებდა წლების განმავლობაში ლუკაშენკო და შემდეგ ძალაუფლების სიხარბის გამო, როდესაც ლუკაშენკომ ძალით შეინარჩუნა წაგებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლება, ის სრულად დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთზე. დღეს რუსეთი იყენებს ბელარუსს თავის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მისი ტერიტორიიდან დაიწყო ეს ომი, რაც პირდაპირ აუქმებს, აბათილებს ბელარუსის სუვერენიტეტს.

ლუკაშენკომ თავის დროზე გადაცვალა პირადი ძალაუფლების შენარჩუნება ბელარუსის სუვერენიტეტში. დაახლოებით ამ გზას ადგას უკვე კარგა ხანია ივანიშვილის რეჟიმი – პირადი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მათ საქართველოს სუვერენიტეტი პრაქტიკულად დაიყვანეს მინიმუმზე, მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ერთ-ერთი მანტრაა, რომელსაც რეგულარულად გაიძახიან.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის სანქციებს „ოცნების“ რეჟიმისთვის, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ცდილობს? 

შედეგები ამას, რა თქმა უნდა, ექნება, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს იმ წუთში გამოიწვევს რეჟიმის დაცემას.

მსოფლიოში იზოლირებული რეჟიმები არსებობენ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა რამდენი ათწლეული არსებობს.. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება საქართველო იყოს ჩრდილოეთ კორეის გზაზე, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად იზოლირებულია.

იზოლაციის მაგალითია ბელარუსი. სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი რამ ხდება ბელარუსსა და საქართველოში უკვე წლებია, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში სტაბილური, ხანგრძლივი დიქტატურის დამყარება გაცილებით უფრო ძნელი იქნება.

არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ბელარუსში, რამდენიმე მიზეზის გამო:

ბელარუსის ეკონომიკა ბევრად უფრო ღრმად და ყოვლისმომცველად არის ინტეგრირებული რუსულ ეკონომიკაში. მართალია, ამ მიმართულებით ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე წლებია ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე იყო მანამდე, მაგრამ ეს ჯერ არ აღწევს ბელარუსის დონეს.

მეორე – თავად ბელარუსის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო განვითარებულია, არსებობს ძლიერი სამრეწველო სექტორი, ბევრად უფრო განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორი. საქართველო კი, უფრო მეტად არის დამოკიდებული გარე სამყაროსთან – რუსეთის გარდა გარე სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ კლასიკური, ბელარუსის ტიპის დიქტატურის ხანგრძლივად ჩამოყალიბება ბევრად უფრო ძნელი იქნება საქართველოში.

ეს დამოკიდებულია, პირველ რიგში, მაინც ქართული საზოგადოების რეაქციაზე, მას შემდეგ, რაც დიდი ნაწილი გააცნობიერებს – რა მომავალს უქადის ეს ჩვენს ქვეყანას.

  • რამდენად შეიძლება გვქონდეს აშშ-ის გააქტიურების იმედი? ვხედავთ, რომ ტრამპს აქვს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში. უშვებთ, რომ შესაძლებელია ამ რეგიონის რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა საქართველოს გარეშე?

მე მგონია, რომ შეერთებულ შტატებში უკვე შეეგუენ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ ფლობს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოს მიმართ. ტრამპი თვლის, რომ სამხრეთ კავკასიის გამოყენება დერეფნის სახით სასურველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის უკვე აქტიურად მუშაობს ალტერნატიული დერეფნის მშენებლობაზე აზერბაიჯან-სომხეთის გავლით.

ეს ყველამ ვნახეთ და ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ არის საქართველო ამ პროცესის მონაწილე, არის ის, რომ შეერთებულ შტატებში არანაირი ნდობა ამ რეჟიმის მიმართ არ არსებობს. რამდენიც არ უნდა იფიცონ „დიპ სთეითის“ მზე „ოცნებაში“ და სხვა ბოდვები გაიმეორონ, რომლითაც ცდილობენ ასიამოვნონ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს არ ჭრის ეს არანაირად.

ფაქტია, რომ ივანიშვილს არ აქვს არაფერი, რის შეთავაზებაც შეუძლია ტრამპისთვის.

ტრამპი, ვაღიაროთ, რომ არ ხელმძღვანელობს დემოკრატიული სტანდარტებით სხვა ქვეყნებთან მიდგომაში. ამიტომაც, უნდა არსებობდეს რაღაც კონკრეტული ინტერესი. აღმოჩნდა, რომ მთავარი ვალუტა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფასეულობა, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა – მისი ადგილმდებარეობა, მისი უნარი დაეკავშირებინა კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან – თურმე შეუცვლელი არ არის.

ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღეს აზერბაიჯანი და სომხეთი აღარ განიხილავენ საქართველოს იმ სანდო პარტნიორად, რომლის მეშვეობითაც ისინი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან უკავშირდებოდნენ მათთვის სასიცოცხლო არეალს – აზერბაიჯანი თურქეთს და საერთაშორისო ბაზრებს, ხოლო სომხეთი – შავ ზღვას და რუსეთს.

ასე რომ, თეორიულად, კი ბატონო, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ საქართველო, რომელსაც საკვანძო ადგილი ეჭირა ყოველთვის სამხრეთ კავკასიაში, მოიქცევა ისე, როგორც იქცევა ივანიშვილის რეჟიმი, არსებობს ალტერნატივებიც და ჩვენ, აი, ამის მშენებლობის დასაწყისს ვუყურებთ უშუალოდ შეერთებული შტატების ჩართულობით.

  • აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია ახალი კანონპროექტი „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მოთხოვნის და სხვა მიზნებისთვის“. რას შეიძლება ველოდოთ? 

საქართველოს მიმართ ინტერესი ბოლომდე გამქრალი არ არის, პირიქით, იყო მცდელობები შეერთებულ შტატებში „მეგობარი აქტის“ მიღებისა, რაც ამ ინტერესის გამომხატველია. მთავარ დამაბრკოლებელ ძალად იქცა ამ რეჟიმის ერთადერთი ლობისტი, „ფრონტერას“ წარმომადგენელი, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის წევრია.

არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ თუ ვინმეს სმენია „ფრონტერა“, იცის, რომ ათწლეულების განმავლობაში ის ჰპირდებოდა თავის აქციონერებს, რომ საქართველოში აღმოაჩენდა ნავთობის ოკეანეს და ასე შემდეგ. უკვე გაკოტრდა პრაქტიკულად უამრავი მოტყუებული აქციონერი ამის შედეგად, მაგრამ, აი, მათთან დაკავშირებულია ეს კონგრესმენი, რომელიც არის დღეს მთავარი შემაფერხებელი საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივებისა.

ევროკავშირის სანქციებიც ძირითადად იბლოკება პრორუსული მთავრობების მიერ.

არც თუ სახარბიელო მოკავშირეები ჰყავს „ოცნების“ რეჟიმს შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში.

აპრილში უნგრეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ძალიან დიდი ალბათობით, თუ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ ვიქტორ ორბანის დღეები დათვლილია. ასე რომ, ვნახოთ, ძალიან საინტერესო წელი გველის წინ.

  • რა როლს იკავებს დღეს საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში? ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასაც ითხოვს.

ესეც უცნაურად აღიზიანებს „ოცნების“ რეჟიმს.

დღე არ გავა, ევროკავშირს თავს არ დაესხნენ „ოცნების“ მოლაპარაკე თავები, მათ შორის, იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკავშირი მთლიანად აგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერას, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „ოცნებას“ უნდა, რომ ეს საკითხი ამოღებული იყოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

წლები დასჭირდა იმას, რომ ევროკავშირში მისულიყვნენ საბოლოო დასკვნამდე, რომ ევროპის ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ბედის ირონიაა, რომ დღეს საქართველოში აღმოჩნდა პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველანაირი ძალით აქტიურად ეწინააღმდეგება.

ვიღაცას რომ ეთქვა სულხან-საბა ორბელიანისთვის, ან ილია ჭავჭავაძისთვის, ან ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის მეოცე საუკუნეში, რომ საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, გახდეს ევროპის სრულფასოვანი, სუვერენული, დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება თბილისში არსებული უცნაური რეჟიმი, რუსეთიდან დესანტად გადმოსახლებული ძალა, ალბათ ძალიან გაუკვირდებოდათ და არ დაიჯერებდნენ ამას.

რეალობა ასეთია, რომ ევროკავშირი განიხილავს ევროპას, როგორც მთლიანს. როგორც იქნა, ამ მთლიან ევროპაში საქართველოც მოიაზრება და დღეს მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის რუსი ოლიგარქის კერძო ინტერესები.

  • ამ ვითარებაში რა მექანიზმები რჩება საიმისოდ, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? ევროპა გადართულია თავდაცვის გაძლიერებაზე აგრესორი რუსეთის პირისპირ, ტრამპს საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს, საქართველოში კი უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აპატიმრებენ ადამიანებს…

ქვეყნის გარედან დემოკრატიის დამყარება ან აღდგენა შეუძლებლად წარმომიდგენია.

ცხადია, სხვადასხვა ტიპის სანქციებს თავისი როლი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გადამწყვეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობა, ერთიანობა, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფებისა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით მაინცდამაინც ვერ ხედავს.

ასე რომ, მთავარი ფაქტორია ჩვენი შიდა, ეროვნული პროცესები, სადაც საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: