მთავარი,სიახლეები

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

24.02.2026
„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

„გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ… ქორწინების მიმართ ინტერესი არის შემცირებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას, 2026 წლის 18 თებერვალს.

მან ქორწინების და შობადობის შემცირებაში ახალგაზრდები დაადანაშაულა და არ ისაუბრა „ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოში შობადობის შემცირება გამოწვეულია არა სოციალური პრობლემებით, არამედ „ადამიანების მსოფლმხედველობით“.

„არგუმენტად“ კი 90-იანი წლები მოიყვანა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას, თუმცა „ბევრად მაღალი იყო შობადობის კოეფიციენტი, ვიდრე დღეს“.

კობახიძის თქმით, 2014 წლიდან მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში მაჩვენებლები იზრდება, „თუმცა დრამატულად იკლებს პირველი და მეორე ბავშვის შობადობის მაჩვენებელი. აქედან ჩანს, რომ ამას სოციალური მიზეზი არ აქვს“, – იმეორებს კობახიძე და ქორწინების მიმართ ინტერესის შემცირებას ისევ „მსოფლმხედველობას“ აბრალებს.

რა ხდება სინამდვილეში და რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ საქართველოში შობადობა მკვეთრად მცირდება, ცოცხლად დაბადებულებს კი, გარდაცვლილთა რაოდენობა უსწრებს წინ, რატომ ინგრევა ოჯახები და რატომ უჭირთ წყვილებს ერთი ან ორი შვილის გაჩენა?

ქეთი მოლაშვილი 34 წლისაა, ქალაქ წნორში ცხოვრობს. განათლებით საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრია. აქვს „ცოდნის კაფე“ თავის პატარა ქალაქში და ახალგაზრდებს ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება.

ქეთი არ იზიარებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ ქართველ ახალგაზრდებს „მსოფლმხედველობის პრობლემა აქვთ“ და ამიტომ არ ქორწინდებიან ან არ აჩენენ შვილებს. მისი აზრით, დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევი მთავარი პრობლემა, სიღარიბე და უპერსპექტივობაა, რომელსაც ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ საშინაო და თუ საგარეო პოლიტიკა.

ქეთი მოლაშვილი

„მოდით ვისაუბროთ თუნდაც რეგიონებზე. იმდენად დაბალი ხელფასები აქვთ რეგიონებში გოგოებს, რომ ელემენტარულ, პირადი ჰიგიენის ნივთებსაც კი ვერ ყიდულობენ და რა დედობაზეა საერთოდ საუბარი.

სადმე სოფლის მაღაზიაში თუ დასაქმდი, 300 ლარი შეიძლება გქონდეს ხელფასი და როგორ გინდა ამით იცხოვრო, ოჯახის შექმნაზე და შვილის გაჩენაზე იფიქრო? „პამპერსი“ ძალიან ძვირია, ბავშვთა კვება ძალიან ძვირია, თუ ავად გაგიხდა ბავშვი, საავადმყოფოში ვიზიტიც ასევე ძვირია.

ჩემ გარშემო ბიჭებისა და გოგოების 70%-ი ვერ სწორედ ასეთი პრობლემების გამო ვერ ვქმნით ოჯახს. ვისაც ჰყავს ოჯახი, მეორე ბავშვს ვეღარ აჩენენ, რადგან ფიზიკურად ვეღარ სწვდებიან ამდენ საჭიროებებს, ისეთი ძვირია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – გვეუბნება ქეთი მოლაშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საცხოვრებლის არქონაა.

„ქართულმა ოცნებამ“ სამშენებლო პოლიგონად აქცია მთელი ქვეყანა, თუმცა ბინები მაინც ისეთი ძვირია, ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ, რომ შეიძინონ და ოჯახები შექმნან. თუ შეიძენ, მთელი ცხოვრება იპოთეკური სესხი უნდა იხადონ და ამ ვალების მონად იქცნენ. როცა ვეღარ სწვდებიან ვალებს, მიდიან ემიგრაციაში. თუ დემოგრაფიული სურათის შეცვლა უნდათ, ბინებს დააკლონ ფასი, მედიკამენტებს და სურსათს“, – ამბობს ქეთი მოლაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ბავშვების ჯანმრთელობაზე კერძო ფონდები ზრუნავენ და არა სახელმწიფო, „დემოგრაფიულ კრიზისზე ხმას არ უნდა იღებდეს კობახიძე“.

„ვხედავთ, როგორი მაღალი მაჩვენებელია სიმსივნით დაავადების და სახელმწიფო არ ეხმარება არც ბავშვებს და არც ზრდასრულებს ხშირად. ვინც ეხმარება ამ ხალხს, იმ ფონდებს პრობლემებს უქმნიან. ახალგაზრდებს, რომლებიც უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძვიან, 5 000-ლარით აჯარიმებენ, იჭერენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ. ამიტომ მავნებლობა და ფარსია იმაზე საუბარი, რომ ახალგაზრდებს ოჯახების შექმნა და შვილების გაჩენა არ უნდათ თურმე და უნდათ ესეც ევროპას დააბრალონ.

შეხედეთ მათ ქონებრივ დეკლარაციებს – 7 ბინა, 10 ბინა, მიწები, აგარაკები, ძვირფასეულობა, ფულადი დანაზოგები და ეს ხალხი გველაპარაკება იმაზე, რომ სიღარიბე თურმე არაფერ შუაშია, როცა ლუკმაპურს ართმევენ ადამიანებს.

მათ დეპუტატებს 16 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, ახალგაზრდებმა კი 300 ლარად უნდათ, რომ იცხოვრონ, ოჯახები შექმნან და შვილები გაზარდონ?

16 წლის ბიჭს პოლიციელი მამის გაუპატიურებით რომ ემუქრება, ამაზე ილაპარაკონ. ბათუმში, ტბაში ჩამხრჩვალ ბავშვებზე, შადრევანში მოკლულ მარიტაზე – პასუხი არავინ აგო ამ დანაშაულებზე და არა იმაზე, რომ თურმე „მსოფლმხედველობა“ გვაქვს შესაცვლელი. უნდათ რკინის ფარდა ჩამოაფარონ ქვეყანას და დაგვაშორონ განვითარებულ სამყაროს. შენ კი უნდა აჩინო ბავშვები, რომელიც ხვალ პოლიციისგან გეყოლება დასაცავი“, – ამბობს ქეთი მოლაშვილი.

„ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში საქართველოდან ემიგრაცია გაიზარდა. მაგალითად, 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვიც, რომლებიც ემიგრაციაში უკვე შვილებთან ერთად მიდიან. მაგალითად, სახალხო დამცველის მონაცემებით, 2022 წელს  5 508 შემთხვევა იყო ასეთი.

მაგალითად, ანა ღვინიაშვილი ესტონეთში, ტალინში 2019 წელს წავიდა მეუღლესთან ერთად. ევროპაში წასვლის მოტივი თავდაპირველად განათლების მიღება იყო, შემდეგ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კომპანიაში და როგორც ამბობს, კარიერა საკუთარი შრომით აიწყო.

ანა ამბობს, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ყოველ წელს აპირებს დაბრუნებას, თუმცა შემდეგ, „რეალობა მწარედ მახსენებს თავს“.

ანა ღვინიაშვილი

„სად დავბრუნდე? – მტკივა იმის დანახვა, რომ ქვეყანა წინსვლის ნაცვლად უკან მიდის. ეს სტაგნაცია ხალხის სახეებზეც აისახება. მაღაზიაში თუ ტრანსპორტში ყველას ნერვები დაწყვეტაზე აქვს, რადგან საზოგადოება მუდმივად გადარჩენის რეჟიმშია.

ჩავდივარ რუსთავში და იქ სასმელი წყლის პრობლემა მხვდება, მაღალტექნოლოგიურ მიღწევებზე კი არა, წყალსა და ჰაერზეა საუბარი, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ბაზისური საჭიროებაა. ამიტომ, თუ ადამიანები ვერ ქმნიან ოჯახებს და ვერ აჩენენ შვილებს, ეს პირდაპირ კავშირშია სიღარიბესა და სოციალურ დაუცველობასთან.

გაუგონარ ეკონომიკურ წნეხში ცხოვრობენ ოჯახები, საბანკო სისტემა კრედიტებზე დამოკიდებულებას გიქმნის, ფასები ევროპულია, ხელფასები – არა. ადამიანი მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ ბანკის ვალი დაფაროს და საკვები იყიდოს, რაც ნორმალური ოჯახური ცხოვრებისთვის საჭირო სიმშვიდეს საერთოდ აქრობს.

ახლა დეკრეტში ვარ და ჩემს რეალობას ვადარებ ჩემი მეგობრისას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ბავშვის გაჩენიდან 4 თვეში სამსახურში დაბრუნება უწევს, მე კი წელიწად-ნახევარი შვებულება მაქვს და სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ვსარგებლობ. ეს არის სახელმწიფო, რომელიც მშობელს სიმშვიდესა და ბავშვთან ყოფნის საშუალებას აძლევს“, – გვეუბნება ანა ღვინიაშვილი.

მისი შვილი ახლა 10 თვისაა. ამბობს, რომ ორსულობიდან დღემდე, სამედიცინო ხარჯებში ერთხელ გადაიხადა 35 ევრო და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კერძო პალატა მოითხოვა. „სხვა ყველაფერი სახელმწიფო უზრუნველყო. აქ არ მეშინია, რომ დაბინძურებული ჰაერი ჩემ შვილს ჯანმრთელობას შეურყევს. ზუსტად ვიცი, რას ვაჭმევ და რომ ეს უსაფრთხოა.

პარკში სეირნობისთვის არ მიწევს საცობებთან, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და დაბინძურებულ გარემოსთან ბრძოლა. მაქვს სიმშვიდის განცდა, რომ ჩემი შვილი უსაფრთხო გარემოში იზრდება და სწორედ ამიტომ ვამჯობინებთ, ჯერჯერობით აქ დარჩენას“, – გვეუბნება ანა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა არც შემოსავალს ან იმას, ემიგრანტი ხარ თუ არა, „თუ ესტონეთში ცხოვრობ, სისტემა შენს გვერდითაა“, – გვეუბნება ის.

სოფო შუბითიძე მეოთხე წელია შვედეთში ცხოვრობს და საკუთარ დაკვირვებასაც გვიზიარებს ამ ქვეყნის სოციალურ სისტემაზე.

სოფო შუბითიძე

მისი შეფასებით, შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე ოჯახზე ორიენტირებული სახელმწიფოა. „აქ შესაძლებელია ოჯახის შექმნა ისე, რომ კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე უარის თქმა არ მოგიწიოთ, რადგან სახელმწიფო ცდილობს ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან შეთავსებადი გახადოს.

შვედეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართო დეკრეტული სისტემა მსოფლიოში, მშობლებს ეკუთვნით დაახლოებით 16 თვე ანაზღაურებადი შვებულება თითო ბავშვზე. ეს დრო ორივე მშობელს შეუძლია გაინაწილოს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვის აღზრდაში ორივე თანაბრად იყოს ჩართული. ბავშვების ბაღში მიყვანაც უკვე შესაძლებელია ერთი წლის ასაკიდან, რაც მშობლებს დამატებით თავისუფალ დროს აძლევს.

თითოეულ ბავშვზე ოჯახს ყოველთვიურად ეძლევა ფულადი დახმარება, რომელიც დამატებითი ხარჯების, ტანსაცმლის, ჰიგიენის, საკვების დასაფარად შეიძლება რომ გამოიყენო. ეს დახმარება უნივერსალურია და ოჯახის შემოსავალზე არ არის დამოკიდებული.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღების სისტემა გამართული და ხელმისაწვდომია, ხოლო ჯანდაცვა ფინანსურ ტვირთად არ აწვება მშობლებს.

მშობელს უნაზღაურდება ის დღეებიც, როცა ისინი ბავშვის ავადმყოფობის გამო ვერ მიდიან სამსახურში, ეს რეალურად დიდი პრაქტიკული მხარდაჭერაა“-ამბობს სოფო შუბითიძე.

მისი თქმით, შვედეთში ასევე არსებობს საცხოვრებლის დახმარებაც ბავშვიანი ოჯახებისთვის, რომელიც შემოსავალზეა დამოკიდებული. ეხმარებიან  ბავშვიან ოჯახებს ქირის ან საცხოვრებლის ხარჯების დაფარვაში. თანხა დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე, ქირის ოდენობაზე, საცხოვრებლის ზომასა და ბავშვების რაოდენობაზე. ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.

საერთო ჯამში, შვედეთში ოჯახებისთვის არაერთი სოციალური მექანიზმი მოქმედებს, რაც ქმნის ისეთ გარემოს, რომ ბავშვის გაჩენა რისკს და შიშებს ნაკლებად  უკავშირდება, საგრძნობია რომ სახელმწიფო და საზოგადოება მხარდ უჭერს ოჯახებს.

საქართველოს რაც შეეხება, მე პირადად თავს უფრო დაცულად შვედეთში ვგრძნობ, საქართველოში უკვე როცა ცოტა ხნით მაინც ჩამოვდივარ, განსაკუთრებული შიში  მიპყრობს და სტრესი მიმძაფრდება. ქუჩაში გასვლის შემთხვევაშიც კი დიდ რისკებს ვაწყდები, ვხედავ რომ არავინ აგებს პასუხს ელემენტარულ უსაფრთხოებაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

არ ვსაუბრობ განათლების სისტემასა და ჯანდაცვის საჭიროებებზე. ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველოში ავად არ უნდა გახდე, რადგან ამ შემთხვევაში განწირული ხარ“- ამბობს სოფო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტია და ეს სტატუსი გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, საქართველოსთან შედარებით იმაზე მეტი შესაძლებლობები და სარგებელი აქვს, ვიდრე საქართველოში მოქალაქედ ყოფნის შემთხვევაში ექნებოდა.

„ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები საქართველოდან გარბიან. უბრალოდ თავის დაღწევა სურთ ქვეყნიდან, სადაც ახლო პერსპექტივაში იმედის ნატამალსაც არ აჩენს. თითოეული ნაბიჯისათვის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა საჭირო და ელემენტარული უფლებების მოპოვებისთვის პირადი თავგანწირვა“- გვეუბნება სოფო შუბითიძე.

ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრება გადაწყვიტა ნათია სირაბიძემაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნესიც წამოიწყო და ცდილობდა სამშობლოში დამკვიდრებას. თუმცა „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა დატოვა და აშშ-ში ოჯახით წავიდა.

ნათია სირაბიძე

მისი თქმით, ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ამერიკაში არაერთი პროგრამა მოქმედებს, რომელიც ზრუნავს მომავალ დედა-შვილზე.

„ორსულობის მართვა და მშობიარობა უფასოა სახელმწიფო ჰოსპიტალში. Medicaid – სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაა, რომელიც ფარავს ორსულობისას ექიმის ვიზიტებს, ანალიზებს, ულტრაბგერით კვლევებს, მშობიარობის ხარჯებსა და მშობიარობის შემდგომ პერიოდს. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობის ათასობით დოლარის ღირებულების ხარჯი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ შერჩეული საავადმყოფოს და ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით.

თუ ოჯახი ვერ სარგებლობს სრული კერძო დაზღვევით, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას Children’s Health Insurance Program (CHIP) უზრუნველყოფს, რომელიც ფარავს პედიატრიულ ვიზიტებს, ვაქცინაციასა და გადაუდებელ დახმარებას“, – ამბობს ნათია, რომლის უმცროსი შვილი 4 წლის არის.

მისი თქმით, ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შექმნილია კვების დახმარების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ პროდუქტებს – რძეს, მარცვლეულს, კვერცხს, ჩვილის საკვებ რძის ფხვნილს, ასევე ვიტამინებსა და კვების კონსულტაციას. „პროგრამა მიზნად ისახავს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებას“.

„ოჯახებს ეხმარება საგადასახადო სისტემაც. მაგალითად, Child Tax Credit მშობლებს საშუალებას აძლევს მიიღონ წლიური საგადასახადო შეღავათი თითო ბავშვზე. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის დამატებითი შეღავათები მოქმედებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ერთი ან მეტი ბავშვია. თუ ოჯახის შემოსავალი საშუალო ზღვარზე არ არის, სახელმწიფო ოჯახებს გადასახადებს უბრუნებს. ვთქვათ წელიწადში 41 000 დოლარზე ნაკლები აქვს ოჯახს შემოსავალი, სახელმწიფო წლის ბოლოს ასეთ ოჯახებს 5-7000$ უკან უბრუნებს“, – ამბობს ნათია სირაბიძე.

მისი თქმით, ბავშვიან ოჯახებს შეღავათები აქვთ კომუნალურ გადასახადებშიც.

„სამუშაო სფეროში მოქმედებს Family and Medical Leave Act (FMLA), რომელიც უზრუნველყოფს 12 კვირიან დეკრეტულ შვებულებას სამსახურის შენარჩუნების მიზნით, ზოგიერთ შტატში ეს დეკრეტული ანაზღაურებადია და ზოგში – უფასო.

შტატების მიხედვით არის ისეთი პროგრამაც, რომელიც კერძო ბაღს უფინანსებს ოჯახს, იმისთვის, რომ მშობლებმა იმუშაონ“, – ამბობს ნათია სირაბიძე.

საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, 70 ათასამდე ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს, 600 ათასი ოჯახი სიღარიბის პროგრამაშია და იზრდება იმ პირთა რიცხვიც, ვინც სოციალური შემწეობის დანიშვნას ელის.  

„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – ირწმუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

საპირისპიროს ამბობს ოფიციალური სტატისტიკა.

სიღარიბე საქართველოში.

„როდესაც უმჯობესდება კეთილდღეობის დონე ამა თუ იმ საზოგადოებაში, ეს განაპირობებს ხოლმე დემოგრაფიული ტენდენციების გაუარესებას. სად არის ყველაზე კარგი დემოგრაფიული მაჩვენებლები? – ეს არის ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებგანვითარებული ქვეყნები. ლიდერები არიან აფრიკა და აზია, სადაც ყველაზე დაბალია კეთილდღეობის დონე“, – თქვა კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

მან ჯერ თქვა, რომ დემოგრაფიის წამახალისებელ ზომებზე იმსჯელებდნენ, შემდეგ კი დასძინა, რომ გადახედავენ სოციალურად დაუცველთა ბაზას, რომელიც „მდიდრებისგან“ უნდა გაწმინდონ.

„2020 წელს კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ გადამოწმებულა. ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი“,- განაცხადა კობახიძემ.

დადასტურებული ფაქტია, რომ განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების წინ, ამ ბაზებს მმართველი პარტია მოქალაქეებზე ზემოქმედების ბერკეტად იყენებდა და მათ ხმების მიცემას „ოცნების“ სასარგებლოდ აიძულებდა.

ის, რომ დემოგრაფია და შობადობის ზრდაზე საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთგვარი პროპაგანდის ინსტრუმენტია, კარგად გამოჩნდა მაგალითად 2013 წელს, როდესაც „ოცნების“ მაშინდელმა წევრებმა ე.წ. დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დააარსეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს, „ოჯახური სიწმინდის“ კონგრესები ჩაატარეს, თუმცა დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში ვერ მოაგვარეს. უფრო მეტიც, სწორედ მათი მმართველობის წლებში გაიზარდა როგორც სიღარიბე, ასევე ემიგრაცია და, შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემებიც.

კობახიძის პროპაგანდამ შობადობაზე, აზა გაბუნიას მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ გაახსენა, სადაც გამძაფრებული პატრიარქატი და ქალების ჩაგვრაა ასახული.

„სადაც ქალები, როგორც მონები ისე არიან წარმოჩენილი, რომელთა ფუნქცია მხოლოდ ბავშვების გაჩენაა. სხვა უფლება ჩამორთმეული აქვთ საზოგადოებაში და ეს სიგიჟე, იქაც რელიგიურ-პატრიოტული მოტივებითაა გამართლებული. რაღაც ასეთი სულისკვეთება უნდათ ჩვენს საზოგადოებაში დაამკვიდრონ“, – ამბობს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ წევრი.

აზა გაბუნია

მისი აზრით, ქვეყანაში, სადაც მილიონამდე შეჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და ათიათასობით ბავშვი შიმშილობს. ხელისუფლება შობადობის შემცირებაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

„იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ფიქრობდეს, როგორ შეუწყოს ხელი ახალდაქორწინებულებს, რომ სამსახური ჰქონდეთ, ბინადრობა შეძლონ, ჯანმრთელობის კარგი დაზღვევა ჰქონდეთ და უსაფრთხოება იყოს ქვეყანაში მაღალი, რომ სტიმული ჰქონდეთ ადამიანებს ჰყავდეთ შვილები, რაღაც აბსურდულ „მსოფლმხედველობაზე“ საუბრობს.

მეც კმაყოფილი ვიქნები თუ საქართველოში ბევრი ოჯახი შეიქმნება და ბევრი ბავშვი დაიბადება, მაგრამ ამისთვის რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და არა ის, რომ რეპრესიები გააძლიეროს. როგორც ახლა გვიუქმებენ განათლებას, უნივერსიტეტებს „ხარისხის გაზრდის“ სახელით, მალე ალბათ სიღარიბესაც მონათლავენ ისე, რომ ჩვენი „კეთილდღეობისთვის“, „სუვერენიტეტის დაცვისთვის“ და „ქვეყნის გადარჩენისთვის“ გვაღარიბებენ და იღებენ დისტოპიურ კანონებს.

დემაგოგიით, დეზინფორმაციით უნდათ, რომ კვებონ ადამიანები და ამისთვის უნდა გამოიყენონ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის და ასეთი ავტორიტარულ-დიქტატორული ქვეყნების გამოცდილება“, – ამბობს აზა გაბუნია.

  • ბავშვები, რომლებსაც ახლა და აქ სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება

ხუთი წელია მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებში კვების დანერგვას ითხოვენ, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ საკითხზე დუმს.

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედებს ღამეები რუსთაველზე და ჯანდაცვის სამინისტროს კარებთან ათენებინეს წვიმაში, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანას ითხოვდნენ.

აი, ახლაც, ჯანდაცვის სამინისტროს კარებთან ღამეებს ათევს შშმ შვილის დედა თამარ იარაჯული, შვილის გადასარჩენი მედიკამენტი რომ მიიღოს სახელმწიფოსგან. თუმცა ჯერჯერობით ამაოდ.

რამდენიმე დღეა ქუჩაში დგანან იმ ბავშვების მშობლები, რომლებსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ და სახელმწიფოს მათი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად წამლის შემოტანას სთხოვენ. „ოცნების“ ხელისუფლება კი სასოწარკვეთილ მშობლებს პასუხის ღირსადაც არ ხდის. ათობით მშობლის თხოვნა შემოგხვდება ფეისბუქზე, სადაც მშობლები შვილებისთვის წამალს და გამოკვლევებს ითხოვენ და გვწერენ, რომ სახელმწიფო მათ არ ეხმარება. ზოგი მშობელი საკვებს ან სხვა აუცილებელ საჭიროებებს ითხოვს მცირეწლოვანი შვილებისთვის.

  • „რეალობის გაუკუღმართება“

„ოცნება“, რომელიც დემოგრაფიულ კატასტროფაზე საუბრობს, ტროტუარზე დგომის გამო 9 შვილის დედას აკავებს. 5 000 ლარით აჯარიმებს ორსულ ქალს, მცირეწლოვანი შვილის დედას პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო, შემდეგ კი დემოგრაფიულ კრიზისს ახალგაზრდების ცნობიერებას აბრალებს.

თამთა მიქელაძე

„ირაკლი კობახიძის განცხადება რეალობას არის აცდენილი“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე „ბათუმელებთან“. მისი აზრით, კობახიძის მხრიდან იმის თქმა, რომ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აღარ არსებობს, ოჯახები კეთილდღეობაში ცხოვრობენ და მხოლოდ იდეოლოგია და გლობალიზაცია ახდენს გავლენას შობადობაზე, რეალობის გაუკუღმართებაა.

„ძალიან აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს თვითონ ილაპარაკოს პროაქტიულად დემოგრაფიის პრობლემაზე, ფასების ზრდაზე, რადგან ნათელია ფართო სოციალურ ჯგუფებში გაჩენილი უკმაყოფილება. ეს არის სრულიად ყალბი პოლიტიკა, რადგან კობახიძე არ საუბრობს არც საგადასახადო შეღავათებზე, არც სოციალურ მხარდაჭერაზე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, არც დეკრეტულ შვებულებაზე, რეალურ დაზღვევაზე, უმუშევრობის დაზღვევაზე, არც საბინაო შეღავათებზე, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე.

ამიტომ, როცა ამდენი პრობლემაა და ამ დროს შენ დემოგრაფიულ პრობლემებს იდეოლოგიას აბრალებ, უბრალოდ, თამაშობ საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილზე და არა ის, რომ რეალურად გინდა ამ პრობლემების მოგვარება“, – ამბობს თამთა.

მისი თქმით, მზარდი მიგრაციაც, რომელიც უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უკავშირდება. „ადამიანები მხოლოდ სიღარიბის გამო აღარ მიდიან ქვეყნიდან – საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავენ აქ. ძალიან ბევრი ქალი მიდის ევროპაში და ზრუნვის შრომაშია ჩართული წლობით და ამის გამოც ინგრევა ხშირად ოჯახები, რადგან უკან ვეღარ ბრუნდებიან. არ არსებობს ინტეგრაციის თუ სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. ოჯახები ინგრევა სიღატაკის, უპერსპექტივობის გამო. რეგიონები იცლება ადამიანებისგან. ამიტომ რეალობის გაუკუღმართებაა ის, რომ ამაშიც იდეოლოგიური მტრები დაინახო და ესეც დასავლეთს, ფემინიზმს და კულტურას დააბრალო“, – ამბობს თამთა.

მისი თქმით, ზუსტად ანტიგენდერული რიტორიკის და პოლიტიკის გაგრძელებაა კობახიძის განცხადება შობადობასა და ქორწინებაზე.

„ჩვენი ყოველდღიურობაა – სიღარიბე, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, რეგიონული უთანასწორობა, რადგან ბუნებრივი რესურსების მიტაცება ხდება მდიდრებისთვის და გვაკლდება მწვანე საფარი და რესურსები. მეორე მხრივ, კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნებია იმ კომპანიებთან, რომლებიც კორპუსებს აშენებენ და მათი ეკონომიკური ინტერესები რუსეთთან არის კავშირში. გვაინტერესებს რეკრეაციული საკითხები და ე.წ. მდიდრული უბნების შექმნის საკითხი დიდ ქალაქებში, ეკონომიკური და კორუფციული გარიგებები“.

თამთას თქმით, იმ ქვეყნებზე მიბაძვა, სადაც სიღარიბეა დემოგრაფიის ზრდის კარგ მაგალითად არის წარმოჩენილი, ასევე დემაგოგიაა.

„სოციოლოგიის და სოციალური პოლიტიკის ანაბანაა, რომ იმ ქვეყნებში და იმ საზოგადოებებში, სადაც სიღარიბეა, ძალიან ხშირად ქალებს არ მიუწვდებათ ხელი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არ აქვთ სათანადო განათლება და ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობა. ეს განაპირობებს მაღალ შობადობას. სადაც ხშირია ადრეული ქორწინებები.

ზოგადად, ავტოკრატიებს ახასიათებთ ის, რომ ისინი იწყებენ ბრძოლას არარსებულ მტრებთან – გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ მტრებთან და სწორედ იდეოლოგიური კონფლიქტების გამოგონებით ცდილობენ ადამიანების რეალური სოციალური წუხილების და საჭიროებების გადაფარვას. ამ პროპაგანდისტული იდეოლოგიური თამაშებით ქმნიან ისინი ყალბ რეალობას.

იმ ფონზე, როცა მათ გაანადგურეს საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო წინ წავიდნენ ამის ნგრევაში და კიდევ უფრო ანტიგენდერული და ანტიფემინისტური ინიციატივებით გამოვიდნენ. იქნება ეს აბორტის საკითხი თუ სხვა ტიპის საკანონმდებლო რეგულაციები. ეს არის ხელწერა ასეთი ტიპის ავტოკრატიების“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: