ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად, ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა.
„ბათუმელები“ ესაუბრა „მედინას“ დირექტორს, ექიმ-გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძეს. მან გვითხრა, რომ ქალი მათთან მუშაობდა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე და შემთხვევა წუხელ, შუაღამისას მოხდა.
„ღამით შესულა საპირფარეშოში, ჩაკეტილა, სანიტრები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, ატეხეს ამბავი, კარს შევამტვრევთო და დახვდათ ეს მდგომარეობა, – ნამშობიარები ქალი და ახალშობილი, რომელსაც ყელზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.
ამ დროისათვის ქალი და ახალშობილიც კლინიკაში რჩებიან.
ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ყველაფერს ვაკეთებთ. ბავშვს მრავალი ოპერაცია დასჭირდება“ – გვითხრა მან.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭია.
„მედინაში“ რჩება ახალშობილის დედაც. კლინიკამ ფსიქიატრი გამოიძახა და ქალის პალატასთან დაცვა დააყენა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის თანახმად, რაც ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
________________
ფოტოზე: ჯუმბერ უნგიაძე






