„ჩემი მოვალეობაა – ნაგვის ყუთთან ნაგავი არ უნდა ეყაროს“ – თავის საქმეს გვაცნობს მალხაზ ჭანიძე, სოციალურად დაუცველი ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოდან, რომელიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა.
40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.
ამჯერად ხელვაჩაურის სოფლებში ჯოჭოსა და კირნათში 4 სოციალურად დაუცველს ვესაუბრეთ. ჯოჭოში დასაქმებულმა, მაგალითად, მოგვიყვა, რომ მოსაცდელებს ალაგებს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლის დიდ ნაწილში წლებია აღარ მოძრაობს.
„გამოდის, რომ ჩვენ გვიყენებს [ქართული ოცნება]“ – გვითხრა ინეზა ღოლიჯაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად სამართლიანია დასაქმების პროგრამის დასრულება საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის გაზაფხულზე?
ვესაუბრეთ ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრებ სოცდაუცველსაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულებების გამო „დასაჯეს“ და ხელშეკრულება შეუწყვიტეს იმის მიუხედავად, რომ სამუშაოს შესრულების დროს მისი ჯანმრთელობა დაზიანდა.
- რუსების გამო ჩვენი საქართველო ფეხქვეშ უნდა გამოგვეცალოს? – სოცდაუცველის შეკითხვა „ოცნებას“
„ხიდთან რომ გადმოუხვევთ, იქ აწყვია ნაგვის ყუთები… 13 ნაგვის ყუთი იქნება სოფელში სულ,“ – მალხაზ ჭანიძე სახლში გვხდება და განმარტავს, რის გაკეთება უწევს ყოველ დილით.
„მუსორი“ არ უნდა ეყაროს ნაგვის ყუთთან, თუ რამე დამხვდება, მე ვყრი ნაგვის ყუთში, მანქანა მოდის კვირაში სამჯერ, ორჯერ, ან ერთხელ, მე არ მევალება ყუთების გაცლა. ვმუშაობ დილის 12 საათამდე, ხან პირველამდე, სამამდეც,“ – აღნიშნავს მალხაზ ჭანიძე.

მალხაზ ჭანიძე
ვინ ალაგებდა ნაგვის ყუთებს, ვიდრე ჯოჭოში მალხაზ ჭანიძეს დაასაქმებდნენ?
„ვინმე არ იყო, პრობლემა იყო, გაფენილი იყო ნაგავი მთლიანად,“ – ამბობს მალხაზ ჭანიძე. ის გვიდასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ და, შესაბამისად, რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე მონაწილეობდა თბილისში.
„თქვენი სურვილი იყო, თუ გთხოვეს?“ – ვეკითხებით მას.
„მეც აქციაზე ვიყავი თბილისში. მთხოვეს ახლა, სურვილი რა, წავედი რა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს მინდოდა თუ არა, ჩემი სურვილი იყო,“ – მოკლედ გვიპასუხა მალხაზ ჭანიძემ. მან იძულების აქციაში მონაწილეობა გამორიცხა და დასძინა, რომ მისთვის არაფერი იცვლება, ქვეყანა რუსეთს დაუახლოვდება, თუ აშშ-ის მოკავშირედ დარჩება.
სოფელ ჯოჭოში დასაქმებული სოცდაუცველი ინეზა ღოლიჯაშვილი კი ამბობს, რომ ის არ ყოფილა „ქართული ოცნების“ აქციაზე და რუსულ კანონსაც ეწინააღმდეგება. თუმცა არ გამორიცხავს, მაინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს მხარი. „არ გვიტოვებს სხვა გზას, იძულებული ვართ…“, – გასაუბრებას გვთანხმდება სოციალურად დაუცველი, ვიდეო კომენტარს – არა.
ინეზა ღოლიჯაშვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ქმართან და 5 შვილთან ერთად, მათ შორის, ერთ-ერთი შშმ პირია. ოჯახთან ერთად ცხოვრობს ინეზას დედა და მაზლიც. ინეზას ოჯახს 20 წელია წყლის პრობლემა აქვს – წყალს წყაროდან ეზიდებიან, როგორც თითქმის ყველა ოჯახი ამ სოფელში. ინეზას 9-სულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დანიშნული შემწეობითა და პენსიით ირჩენს თავს.

ინეზა ღოლიჯაშვილი
„მეუღლე პუშკინის ქუჩაზე დგება, იქ ეძებს სამუშაოს თუ გამოჩნდა რამე, მე ბავშვებთან ვარ…
ჩვენ გვაქვს ტვინში ჩაბეჭდილი, რომ თუ არასწორად მოვიქცევით ამათ [„ქართული ოცნება“] წინაშე, მათ ეს არ მოსწონთ. ვიცით, შედეგი როგორი მოჰყვება ამას“ – გვიყვება ინეზა ღოლიჯაშვილი. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მოსაცდელს ალაგებს, თუმცა სოფელში არც ერთი მიმართულებით „მარშუტკა“ აღარ მოძრაობს.
„მე ვხვეტავ 4 მოსაცდელს. მთავარია, ცოცხი მქონდეს და ასტამი, 5 – 10 წუთი მჭირდება, დავამთავრებ ამას ნახევარ საათში და დავბრუნდები… იქ სიგარეტის ნამწვავებია დარჩენილი და ამას ვალაგებ, ზოგჯერ დასალევს დალევენ, იმის ბოთლებია..
საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემაა: ადრე წიფლნარშიც ადიოდა, ახლა აქამდეც აღარ ამოდიან უკვე 4 წელია.
წყალი არ გვაქვს 20 წელია, სამი წელი იყო შედარებით და დანარჩენი უწყლოდ ვართ. შევაწუხეთ გამგეობა, რამდენჯერმე განცხადება შევიტანეთ, ვიზამთ, გავაკეთებთო, მაგრამ ვიტანჯებით უწყლოდ. ხელვაჩაურის მერმა გვითხრა, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებო, მაგრამ დრო სჭირდებაო… 2 წლის წინ გვქონდა ეს შეხვედრა,“ – ამბობს ინეზა ღოლიჯაშვილი.

ინეზა ღოლიჯაშვილის სახლი
რას ფიქრობს სოცდაუცველი იმაზე, რომ 2025 წლის გაზაფხულიდან ისევ დაუსაქმებელი იქნება?
„ხალხი ეძებს გამოსავალს, რომ არ დარჩეს მშიერი. ეს თუ წაართვი, ელემენტარულ 300 ლარზე ვსაუბრობთ, რა იქნება უკეთესი? გამოდის, რომ შენ ჩვენ გვიყენებ შენს სასიკეთოდ, ჩვენ ვართ იძულებული, ვიყოთ მაგათზე დამოკიდებული.
მე არ ვყოფილვარ „ქართული ოცნების“ აქციაზე თბილისში, ჩემთვის არც უთქვამთ. რომ ეთქვათ? – არც წავიდოდი. მე არ ვარ ვალდებული, თავისუფალი მოქალაქე ვარ, ჩემი აზრი მაქვს. სხვებს უთხრეს, ბევრს, ვიცი.
სამართლიანობა უნდა იყოს: შენ თუ მაძლევ იმის საშუალებას, რომ ვჭამო პური და მივაყოლო წყალი, ნამდვილად არ ვეთანხმები ასეთ რამეს [მხარდამჭერ აქციაზე წასვლა]. ეს არის უსამართლობა,“ – გვითხრა ინეზა ღოლიჯაშვილმა და დასძინა, რუსული კანონის წინააღმდეგი ვარო.
ინეზა დაქორწინებამდე გორში ცხოვრობდა, მისი დედა კი, ეთნიკურად რუსია. რუსებზე საუბრის დროს ინეზას გაბრაზება ეტყობა:
„არ შეიძლება, ჩვენ მხარს ვუჭერდეთ რუსებს… არ ვეწინააღმდეგებით, ამავე დროს, ხელს ვუწყობთ, ასე გამოდის.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის აზრი და გააკეთოს სწორი დასკვნა. რუსმა როგორ მოგვექცა ჩვენ? რუსების გამო ჩვენი საქართველო ფეხქვეშ რატომ უნდა გამოგვეცალოს?“ – სოცდაუცველს ეს შეკითხვა აქვს ხელისუფლებასთან.

სოფელი ჯოჭო, ხელვაჩაური
- „შეკვეცეს 5 კაცი, ბევრი ათავდა… ახლა 10 ალაგებს გზას“ – რა ხდება კირნათში?
„მე საბავშვო ბაღის ეზოს ვალაგებ, ბაღში 60 ბავშვია, ყოველდღე ჩავდივარ,“ – გვიყვება ხელვაჩაურის სოფელ კირნათში დასაქმებული ფატი ჯიხაძე. მისი თქმით, სხვა სოცდაუცველები ამ სოფელში გზას ალაგებენ.
„10 მუშაობს სოცდაუცველი, მგონი, შეიძლება მეტიც იყოს,“ – თავისი სახლის ჭიშკართან ვესაუბრებით დასაქმებულს.
ამდენი კაცი სჭირდება სოფლის გზის დალაგებას? – ვეკითხებით ფატი ჯიხაძეს.
„ზოგი შეკვეცეს, ხუთი, ბევრი ათავდა, მე არ მეხება ეს,“ – უხერხულობა დაეტყო ქალს.

ფატი ჯიხაძე
სოფლებში დასაქმებული სოცდაუცველების ნაწილი რომ ისევ უმუშევარი დარჩა, ეს ამ სოფლებში რამდენიმე სოცდაუცველმა დაგვიდასტურა. ისინი ასევე გზების და სკვერების დალაგებაზე მუშაობდნენ და უთხრეს, რომ რამდენიმე თვე მუშაობა უნდა შეაჩერონ. ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ ისევ დასაქმებას ელიან და გვითხრეს, რომ ვერ დაგველაპარაკებიან.
„ბოთლი იქნება, ჭიქა, რაც მოჰყვებათ, ალაგებენ, დანაწილებული აქვთ საიდან სადამდე, მეტრობით იციან,“ – გვიყვება ისევ ფატი ჯიხაძე. – „მე გამგებელმა დამასაქმა, დასაქმება არის და თუ გსურთ მონაწილეობის მიღებაო.
ჩემთვის არაა კარგი, რომ გაჩერდეს ეს პროგრამა, მშვენივრად ვართ აგერ სახლში, ხარჯი არ მაქვს, ჭამა არ გვინდა [სამუშაოს შესრულების დროს], ის 300 ლარი საკმარისია“, – ამბობს დასაქმებული.
ფატი გვიდასტურებს, რომ „ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე წასვლა მასაც უთხრა „სოფლის გამგებელმა“, მაგრამ „არ შემეძლო, არ წავედიო“. მასთან გასაუბრება აჩვენებს, რამდენად გრძნობს ანგარიშვალდებულებას დასაქმებული მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც იგი წინასაარჩევნოდ, ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა.
„ახლა თითქმის ყველა დასაქმდა სოფელში ოჯახიდან“ – ხაზს უსვამს ამას ფატი ჯიხაძე და მომავალზე საუბარი ნაკლებად სურს, მაგალითად, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როცა ეს პროგრამაც შეჩერდება, ის ამ 300 ლარს ვერ აიღებს და საქართველო შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.
„თუ შემიძლია დავეხმარები „ოცნებას“ – გვპასუხობს ფატი ჯიხაძე, რომელმაც მანამდე გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორი არ ყოფილა, მაგრამ იქნება, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ „ოცნებაში“.
„ჩემთვის, ლამაზად ვარ,“ – მოკლედ გვპასუხობს ფატი. მას ვუხსნით, რომ ეს პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდება და არა „ქართული ოცნებიდან“.
„2 წელია ვმუშაობთ, ადრე არ ვმუშაობდით,“ – გვეუბნება ფატი ჯიხაძე და დამშვიდობებამდე ხაზს უსვამს იმას, რომ მასაც ევროპული მომავალი სურს.
„რატომ გაუქმდება უვიზო მიმოსვლა, რა ვიცი, არ გაუქმდებაო…“ – მზერას გვარიდებს ქალი.

საბავშვო ბაღი სოფელ კირნათში
„არ უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებები, არ უნდა ისარგებლონ“ – „ქართული ოცნების“ კრიტიკას თავს არიდებს, თუმცა სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის არჩევნების დასრულების შემდეგ შეწყვეტას აპროტესტებს ნესტან შუშანიძე, კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფელ კირნათიდან.
ნესტან შუშანიძე საჯარო სკოლის ეზოს ალაგებს.
„ნაძვის ტოტი ჩამოვარდება იქ, ბავშვები რაღაცას მიირთმევენ იმის დასუფთავება… ჩემი ნება-სურვილით მეორე დამლაგებელსაც ვეხმარები,“ – გვიყვება ის.

ნესტან შუშანიძე
ნესტან შუშანიძისთვისაც უთქვამთ, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე წამოდიო, მაგრამ არ წასულა, შვილიშვილს ველოდებოდი და ეს მიზეზი დავუსახელეო. ქალი ირწმუნება, რომ თავადაც სურდა აქციაზე წასვლა თბილისში.
„ალბათ ჩვენს მთავრობას დავეხმარებოდი… ალბათ, იმიტომ, რომ დასაქმება იყოს“, – გვპასუხობს ის.
ნესტან შუშანიძე გვიყვება, რომ მისი შვილის ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა, როცა ოდესის დაბომბვა დაიწყო.
„ახლა ლტოლვილად გერმანიაში ცხოვრობს ქმართან და ორ შვილთან ერთად. ეშინოდათ, როცა ბომბები იყრებოდა. ამ ბიჭის მშობლები ოდესაში არიან ისევ, ორი თვის წინ რომ ააფეთქეს საბავშვო ბაღი და ფურნე, შემეშინდა, ერთი ფურნე მოყვარესაც ჰქონდა, მაგრამ გადარჩა…“ – გვიყვება ქალი.

საჯარო სკოლა კირნათში
კითხვაზე: რუსეთთან დაახლოებაში თუ ხედავთ პრობლემას? – სოცდაუცველი გვპასუხობს, რომ მისი ხედვით, ეს პრობლემაა.
მას დასაქმების პროგრამის არჩევნების შემდეგ დასრულებაზეც ვკითხეთ:
„არაა ეს სწორი, არ უნდა გამოიყენო ადამიანის უფლებები, არ უნდა ისარგებლო, პირიქით. ხელი უნდა შეუწყო მოსახლეობას, რომ მხარში დაგიდგეს, მეტი საშუალება უნდა მისცე, რომ იცხოვროს ადამიანმა, ხალხი „მუსორში“ იქექება…
ჩვენ საქართველოს არ უნდა უჭირდეს ასე,“ – ასრულებს ნესტან შუშანიძე.

კირნათის თემი [სოფელი მარადიდი], ხელვაჩაური
- სოცდაუცველი, რომელიც სამსახურიდან გაუშვეს: „კრიტიკული მოსაზრებების გამო დამსაჯეს“
„კრიტიკული მოსაზრებების გამო დამსაჯეს, პრობლემებზე თვალს არ ვხუჭავ,“ – გვიყვება ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. მას 2024 წლის იანვრიდან შეუწყვიტეს ხელშეკრულება და 300-ლარიანი დასაქმების პროგრამიდან ამორიცხეს.
კრიტიკული ხედვების გამო სოცდაუცველის შესაძლო დევნის გარდა შადიმან ხოზრევანიძის შემთხვევა აჩვენებს როგორ იქცევა ხელისუფლება, როცა სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება, სახელმწიფო კი, მას დაცვის ნაცვლად სამსახურიდან ათავისუფლებს.
შადიმან ხოზრევანიძის ოჯახი შემწეობას იღებს. მის შესახებ „ბათუმელები“ 2022 წელს წერდა – მოქალაქემ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, კვლევების დაფინანსების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა დაიწყო.
მოქალაქე გვიყვება, რომ ამ საპროტესტო აქციის შემდეგ მას აჭარის მთავრობიდან დახმარებას დაჰპირდნენ.

შადიმან ხოზრევანიძე
„მაშინ გადმოსცეს რაიონს, რომ ჩემი დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო, უნდა გაუმჯობესებულიყო ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა. 2023 წლის იანვარში შემომთავაზეს ეს: სოციალური დასაქმება 300 ლარად, ასევე 100-ლარიანი საკვები პროდუქტის ვაუჩერი და ტანსაცმელი ბავშვებისთვის.
დასაქმებამდე ვესაუბრე ხულოს მერს, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ძვალსახსროვანი და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები მაწუხებს. დამპირდნენ, რომ ისეთ სამუშაოს შემირჩევდნენ, რასაც შევძლებდი.
ეს პირობა შესრულდა: ჩემი მოვალეობა იყო სოფელში ნაგვის ყუთების დალაგება, იქვე თუ ვინმე ნაგავს დაყრიდა, ის უნდა ჩამეყარა ყუთში,“ – ამბობს სოცდაუცველი და განმარტავს, რომ სამუშაო პირობებზე ის კონკრეტულად ხულოს მერიის წარმომადგენელს სხალთის თემში – რაულ მახარაძეს შეუთანხმდა. ამ თემში შედის სოფელი კვატიაც.
2023 წლის აპრილში პროგრამის ფარგლებში დასაქმებულს ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ კვატიაში – რუსლან ხოზრევანიძემ სხვა საქმის გაკეთება მოსთხოვა:
„…მომთხოვა სოფლის შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც არის 6 კილომეტრზე მეტი და ჯერ ტრაქტორითაც არ იყო გაწმენდილი. იცოდა, რომ 6 კილომეტრს ფეხითაც ვერ გავივლიდი, სამუშაოს შესრულებაზე ზედმეტია ლაპარაკი.
2023 წლის აპრილში სოფლის მეურნეობის პროგრამით გათვალისწინებული ნაკვეთების დახვნის დროს ასევე მე დამავალეს ზედამხედველობა ტრაქტორზე და თუ მის დავალებებს არ შევასრულებდი, ჩამომაჭრიდა თანხას, ან საერთოდ შემიწყვეტდა დასაქმების პროგრამას, რაზეც იძულებით დავთანხმდი,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. იგი აღწერს, რომ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის დახვნის დროს ტრაქტორი ღობეზე გადებულ ხეს გამოედო და მას მოხვდა:
„ვეღარ მოვასწარი გვერდზე გაწევა და მომხვდა თავში. ხის მოხვედრის შემდეგ იქვე მდგომი მეზობელს რომ არ დავეჭირე, პირდაპირ ტრაქტორის სახნავ მექანიზმში ვვარდებოდი, სასწრაფოთი გადამიყვანეს რაიონის საავადმყოფოში,“ – გვიამბო შადიმან ხოზრევანიძემ. მოქალაქის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას თავბრუსხვევა შემორჩა, აქვს თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემა.
შადიმან ხოზრევანიძემ გვაჩვენა 2024 წლის თებერვალში ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემული დასკვნაც, რომლის მიხედვითაც მას აქვს „ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა“.
„შემეძლო გამეკეთებია იგივე საქმე, რაზეც თავდაპირველად შევთანხმდით – ნაგვის ყუთის დალაგება, მაგრამ მითხრეს, გაუქმდა თქვენი შტატიო. ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიმქონდა ჟურნალისტებამდე, მთავრობამდე,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.
მისივე თქმით, სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ტრავმა არსად დაფიქსირებულა, თუმცა ამ შემთხვევას ხულოს მერიის წარმომადგენელიც ადასტურებს სოფელ კვატიაში – რუსლან ხოზრევანიძესთან გასაუბრება აჩვენებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ „სოფლის თავკაცს“ სოციალურად დასაქმებულებზე.
„იმ ტრავმის მერე დიდი ხანი მუშაობდა. შემდეგ თავად განაცხადა უარი სამუშაოს შესრულებაზე. ტრავმა მოხდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ბრალი, თვითონ მივიდა მძიმე ტექნიკასთან ახლოს, ეს მოხდა პროცესში.
მერე საერთოდ აღარ გამოვიდა სამუშაოზე, არ იკადრა მუშაობა,“ – გვითხრა რუსლან ხოზრევანიძემ.
რა ფორმით დაფიქსირდა ის, რომ სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა? – ხულოს მერიის წარმომადგენელი სოფელ კვატიაში გვპასუხობს, რომ „ეს არანაირი ფორმით არ მომხდარა“, რადგან დასაქმებულს ჯანმრთელობის დაზიანებაზე პრეტენზია არ გამოუხატავს.
რუსლან ხოზრევანიძის მტკიცებით, შადიმან ხოზრევანიძე თავიდანვე სოფლის გზების მოვლა-პატრონობის კუთხით იყო დასაქმებული. ეს პირობები წესით ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი. შადიმან ხოზრევანიძე ამბობს, რომ დასაქმების დროს მას გარკვეულ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, თუმცა დაზუსტებით არ იცის, ეს ხელშეკრულება იყო თუ არა.
„რამდენჯერმე მოვითხოვე ხელშეკრულება, მითხრეს, გამგებელს გამოვატანთო, დამალეს ფაქტობრივად, არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე.
ეს მნიშვნელოვანი დეტალია – „ბათუმელები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დღემდე არაერთ სოცდაუცველს ესაუბრა. თითოეულ მათგანს ჩვენ ვკითხეთ ხელშეკრულების შესახებ – დასაქმებულების თქმით, მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ფილიალში მოაწერინეს ხელი, თუმცა ხელშეკრულება მათთვის არ გადაუციათ, რაც კანონით სავალდებულოა.
დასაქმებულების თქმით, მათ სამუშაოს ძირითადად „სოფლის თავკაცი“ განსაზღვრავს და მის მითითებებს ასრულებენ.
„არ ისურვა ალბათ [ხელშეკრულება], თორემ მივცემდით, რა პრობლემა იყო? ჩვენ ხომ ძალით ვერ მივცემთ ხელშეკრულებას? არავინ არ დევნის მაგას, თვითონ არ ისურვა სამუშაოზე გამოსვლა,“ – უთხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა, რუსლან ხოზრევანიძემ „ბათუმელებს“ და დევნაზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა ამ სოცდაუცველის კომუნიკაციას ჟურნალისტებთან:
„ყველაფერზე თქვენ გაწუხებთ, როგორც ვხდები… არ ვიცი, რით ვერ ლაგდება“.
რუსლან ხოზრევანიძეს ვთხოვეთ შადიმან ხოზრევანიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება ეჩვენებინა. ის ამ დოკუმენტის გაცნობას დაგვპირდა, როცა სამსახურში იქნება და ხელშეკრულებას იპოვის.
ხელისუფლებისგან დასჯილ მოქალაქეს კი, გზავნილი აქვს რუსულ კანონზეც:
„ვერ ვხდები, როგორ არ უნდა გქონდეს ამაზე პოზიცია, თუ ადამიანი ფიქრობს საერთოდ საკუთარ მომავალზე და ქვეყანაზე? ეს კანონი ძალიან მძიმედ აისახება ევროპულ მომავალზე, დაანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას, მომავალი თაობის ცხოვრებას. ეს კანონი აახლოებს ქვეყანას დიქტატურასთან,“ – თქვა შადიმან ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.
- რამდენი ადამიანი დაასაქმა წინასაარჩევნოდ „ოცნებამ“?
2023 წლის მსგავსად, არც 2024 წელს მოაწოდა ხელისუფლებამ „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია: რამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა, რა პირობებით, რა ვადით და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის ბიუჯეტიდან?
2024 წლის თებერვალში გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ კითხვებს დასაქმების სააგენტომ უნდა უპასუხოს. დასაქმების სააგენტოდან კი, არც საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდეს და არც კომენტარს დაგვთანხმდნენ.
საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა კანონის დარღვევაა.
დასაქმების სააგენტოს მიერ მომზადებული საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით კი, 2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოზე.
- „გარკვეული მზადებაა, შემდეგ უკვე არჩევნებისთვის გამოიყენებენ ამ რესურსს“ – იურისტი
„პირველი ნიშნებით უკვე ჩანს, რომ გარკვეული მზადებაა, შემდეგ უკვე არჩევნებისთვის გამოიყენებენ ამ რესურსს,“ – იურისტი ირმა პავლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ამომრჩევლის იძულებასთან, ჩაერთოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის სასარგებლო მოქმედებებში, ასევე იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები.
ირმა პავლიაშვილი საია-ს საარჩევნო პროექტების ყოფილი მენეჯერი და სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე – კავკასიის“ თავმჯდომარეა.

ირმა პავლიაშვილი
„შეგვიძლია 2 მიმართულებით ვიფიქროთ: ერთია ძალადობრივი მოქმედებები, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ, რომ იძულებული არიან ჩაერთონ აქციებში, ან წავიდნენ შესაბამის ღონისძიებებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნებას აკონტროლებენ.
მეორეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკი.
საარჩევნო პერიოდში ჯერ არ შევსულვართ – ორი თვით ადრე იწყება წინასაარჩევნო პერიოდი და დარღვევებზე მას შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, თუმცა ტენდენციის სახით იკვეთება, რომ ერთიანი, სისტემური მექანიზმი მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ იმგვარად იქნება ორიენტირებული, რომ იგი მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლო ადმინისტრაციულ რესურსად იქცეს.
ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიდან, რომ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირები, საჯარო მოხელეები არაერთხელ ჩართულან მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაცია-კამპანიაში, მაგალითად, მასწავლებლებს აიძულებდნენ, რომ აქციებს დასწრებოდნენ, ან სამუშაო საათების შემდეგ კონკრეტული კანდიდატების შეხვედრებში მიეღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ.
წინასაარჩევნო პერიოდი ეძღვნება სწორედ იმას, რომ ამომრჩევლის ნების ფორმირება მოხდეს, რათა შემდეგ ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატოს ბიულეტენში, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ნების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ნების თავისუფალ და სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩამოყალიბება,“ – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.
ირმა პავლიაშვილის ორგანიზაცია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები სოცდაუცველების წინასაარჩევნოდ დასაქმების პროგრამის დეტალებს იკვლევენ. იურისტს ვეკითხებით, ხომ არ არის 2 თვე მცირე დრო იმისთვის, რომ საარჩევნო დარღვევების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს?
„იყო პერიოდი, როცა 4 თვე ჩაითვალა წინასაარჩევნო პერიოდად, რომ მსგავსი სიკეთე დაცულიყო. შემდეგ, საარჩევნო ცვლილების დროს განისაზღვრა ზუსტად 60 დღე,“ – აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა და ხაზი გაუსვა წინა გამოცდილებასაც, როცა გავრცელდა ინფორმაცია სოცდაუცველების შემწეობის შეწყვეტით დაშინებაზე, თუ ისინი მმართველ პარტიას ხმას არ მისცემდნენ.
„წინა გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება ამ რესურსის მომზადება და შემდეგ უკვე მისი გამოყენება… შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ ადამიანების უფლებების დაცვა. იგივე კოპენჰაგენის დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო და პარტიული საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან, აღრევა არ უნდა მოხდეს, რომ ადმინისტრაციული სიკეთე პარტიამ სათავისოდ არ გამოიყენოს,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.
უკანონო აგიტაცია, ასევე ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის იძულებით ჩართვა სააგიტაციო საქმიანობაში, დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო პერიოდში ჯარიმებს ითვალისწინებს.