სიახლეები

წაახალისებს თუ არა სახელმწიფო მთაში ქორწინებებს

15.04.2015 • 1322
წაახალისებს თუ არა სახელმწიფო მთაში ქორწინებებს

 

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა მაღალ მთიანეთში მცხოვრებ იმ პირებს შეეხება, რომლებსაც ქორწინების ასაკი და სურვილი აქვთ. კვლევის მიხედვით, რომელიც ფონდმა ჩაატარა,  კრიზისულ რეგიონები ქორწინების სიმცირის კუთხით, ყაზბეგი და რაჭა-ლეჩხუმია.

 

ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ მუშავდება, ქორწინების წახალისების სამ ვარიანტს განიხილავს – დაქორწინებული წყვილის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება  და სოფლად მცირე ბიზნესის დაწყებაში დახმარებას.  „ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, თუ რომელი ჩაიდება საბოლოოდ მთის კანონში და შევა პარლამენტში,“ – ამბობს თამარ ჩიბურდანიძე „ბათუმელებთან“.

 

მისივე თქმით, თუ მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანი დროებით წამოსულია მშობლიური კუთხიდან, მას შეეძლება დაბრუნდეს, დაქორწინდეს, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს  და სოფელში დარჩეს საცხოვრებლად. სახელმწიფო ასე დაქორწინებულ წყვილებს ხელშეკრულებებს დაუდებს. მათ მინიმუმ ხუთი წლით უნდა იცხოვრონ სოფელში.

 

„ეს წახალისება უნდა მოხდეს წყვილებზე, რომელთაგან მეუღლე – ქალი არის 25-დან 40 წლამდე  ასაკის. 25 წლამდე მათ წახალისება არ სჭირდებათ, ისედაც ქორწინდებიან. 25-დან 40 წლამდე ასაკი არის სწორედ ის ასაკი, რომელიც არის ყველაზე ბევრი მთიან რეგიონებში დასაქორწინებელი. მამაკაცებში საქორწინო ასაკი განისაზღვრება 30-დან 55 წლამდე,“ – ამბობს თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც ამ ასაკის ადამიანებთან მიმართებაში იყენებს ტერმინს – „შინაბერა“ და „ბერბიჭა“.

 

კითხვაზე, საქორწინო ასაკის განსაზღვრა ნიშნავს თუ არა ასაკობრივ დისკრიმინაციას, თამარ  ჩიბურდანიძე პასუხობს:

 

„ეს ინიციატივა იდება  დემოგრაფიული კუთხით. როდესაც დემოგრაფიაზე გაქვს აქცენტი აღებული და დემოგრაფიული ნიშნით ხდება  შერჩევა, მაშინ, ბუნებრივია, აქ მთავარი ნიშანი არის გამრავლება.  მოსახლეობის გამრავლდება მთიან რეგიონში. მთაში მოსახლეობა არის ძალიან მცირე და ჩვენ გვსურს ისეთი ოჯახები შევქმნათ, რომელიც შემდგომ მოგვცემენ ნაყოფს, ანუ გამრავლდებიან. ეს არ არის დისკრიმინაციული. ქალი უნდა იყოს რეპროდუქციული ასაკის. შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ  18 წლიდან 43 წლამდე იყოს ქორწინების ასაკი. ამაზეც მიდის მსჯელობა. ვნახოთ რა დარჩება. ათ დღეში დავდებთ საბოლოო ვარიანტს“.

 

„დემოგრაფიული აღორძინების  ფონდი“ 2013 წელს არის დაფუძნებული. ფონდის დამფუძნებლებს შორის არიან პარლმენტარები: დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და მანანა კობახიძე. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემადგენლობაში შედიან სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მუჯირი, ბიზნესმენები ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე და “პალიტრა მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი