მთავარი,სიახლეები

ეპისკოპოსი სპირიდონი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ის თავად არღვევს ბავშვის უფლებებს

04.06.2021 • 3812
ეპისკოპოსი სპირიდონი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ის თავად არღვევს ბავშვის უფლებებს

„გინდა შენ წასვლა?“ – ეკითხება სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ბავშვს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ბავშვი ტირის. შემდეგ  ეპისკოპოსი მობილურით ურეკავს ბავშვის დედას და ეუბნება, რომ სოციალური მუშაკები აიძულებენ მის შვილს დატოვოს ნინოწმინდის პანსიონი. ეპისკოპოსი ამ პროცესს ვიდეოთი იღებს და ფეისბუქის ლაივში უშვებს. ბავშვი ვიდეოში იდენტიფიცირებულია.

ეპისკოპოსის კითხვაზე – რატომ ტირიხარ? ეპისკოპოსი და იქ მყოფი პირები ცდილობენ ბავშვზე ზემოქმედება მოახდინონ, რის შემდეგაც ბავშვი რაღაცას გაურკვევლად იმეორებს. ეპისკოპოსი კი განმარტავს – „სხვაგან არ მინდაო“. ამ „დასკვნის“ შემდეგ ტელეფონზე ისევ აგრძელებს ბავშვის დედასთან საუბარს, საიდანაც ქალის ხმა ისმის. ქალი ამბობს, რომ „წინააღმდეგია კანონის და არ სურს ბავშვის სხვაგან გადაყვანა“.

„სწავლის დასრულების შემდეგ ჩემი შვილები სამი თვით (არდადეგებს გულისხმობს) მომყავს ჩემთან. შემდეგ კი, თუ შესაძლებელი იქნება, ისევ მანდ განაგრძონ სწავლა“, – ეუბნება ქალი ეპისკოპოსს. ამის შემდეგ, ეპისკოპოსი არც ქალის პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ერიდება და ხმამაღლა იმეორებს ქალის ტელეფონის ნომერს, თითქოსდა დაზუსტების მიზნით.

კადრებში ჩანს, რომ ეპისკოპოსი სპირიდონი იქვე, მაგიდასთან მსხდომ ორ ქალს მიმართავს, რომლებიც სავარაუდოდ სოციალური მუშაკები არიან. „მე თქვენ გეკითხებით, დედა არის წინააღმდეგი და რა უფლებით გაგყავთ ბავშვი? გეკითხებით, სტაცებთ მშობლებს შვილებს?“ – ამბობს ეპისკოპოსი, რაზეც ერთ-ერთი ქალი პასუხობს: „ახლა მშობლებთან ხომ არ არიან ბავშვები? “.

ეპისკოპოსი ვიდეოში ამბობს, რომ ბავშვს არავის გაატანს: „რა გატანება, ეგ ზღაპარია“, – ამბობს ის.

ეპისკოპოსს კიდევ რამდენიმე მსგავსი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც  არასრულწლოვან ბავშვებს ეკითხება: „გინდათ თქვენ წასვლა აქედან?“.

შემდეგ ისევ უკავშირდება ამ ბავშვების მშობლებს და ეუბნება, რომ სოციალურ მუშაკებს მათი პანსიონიდან იძულებით წაყვანა სურთ.

„თქვენ წინააღმდეგი ხართ ხომ, რომ ეს ბავშვები სოცმუშაკებმა წაიყვანონ?“ – ეკითხება ის მშობლებს. შემდეგ კი ბავშვებთან აგრძელებს საუბარს.

ახდენს თუ არა ეპისკოპოსი სპირიდონი არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება მათი ამ ფორმით პროცესებში ჩართვით?

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილის თქმით, ამ ვიდეოებში ჩანს, რომ პანსიონში ბავშვების ტრავმირება ხდება.

„ესენი სავარაუდოდ ის ბავშვები არიან, ვინც თქვა, რომ პანსიონიდან წასვლა სურთ. ამიტომ, მათზე ჩვენს თვალწინ ძალადობს  ეპისკოპოს. ის ორი ქალი, რომლებიც სავარაუდოდ სოციალური მუშაკები არიან, სხედან და ხმას არ იღებენ. ეს იგივეა, რომ მათ თვალწინ ბავშვს ურტყამდნენ და ხელი არ გაანძრიონ. ეს არის მათი მხრიდან ძალიან შემაშფოთებელი უმოქმედობა“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი შეფასებით, ვიდეოებშიც ჩანს, რომ ბავშვების ნებაზე ზემოქმედებას ახდენს ეპისკოპოსი.

„სოცმუშაკები არაფერს აკეთებენ ამის წინააღმდეგ. მაშინ, რაში გვჭირდება სოცმუშაკების შესვლა პანსიონში? ეს რომ ხდებოდეს რომელიმე ოჯახში და ამ პროცესს კაცი ფეისბუქში უშვებდეს, სადაც თავის შვილს ატირებს, უკვე პოლიცია იქნებოდა იქ შესული. როცა დედას ურეკავ და ბავშვის ნებაზე ზემოქმედებ, ეს ძალადობაა. ამის მერე რომელი ბავშვი იტყვის, რომ წასვლა უნდა? ყველა ბავშვი შეაშინა“.

ანა არგანაშვილის თქმით, ამ კონკრეტული ვიდეოებით ეპისკოპოსი არღვევს ბავშვის უფლებას, პერსონალურ მონაცემებს, ლიცენზიის შესახებ პირობას, ბავშვის უფლებების სტანდარტს. „ამ ადამიანმა, რომელსაც მიბარებული ჰყავს ასეულობით ბავშვი, არც ერთი კანონი არ იცის, არც ერთ კანონს პატივს არ სცემს, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას პატივს არ სცემს.

მე მაინტერესებს, როგორ არის იქ კარგად საქმე, რადგან იმას, რასაც ლაივში ვხედავთ, არის უმძიმესი დარღვევა. როცა არ უშვებს ვიდეოს, წარმოიდგინეთ იქ რა ხდება“, – ამბობს ის.

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელწიფოს ამ ვიდეოებზე და კონკრეტულად რომელ უწყებას?- ვეკითხებით მას. არგანაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს სოციალურმა მუშაკმა ბავშვი ასეთ დროს და თუ ასე არ მოხდება, „მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს სოციალური სამსახური. გარდა იმისა, რომ პოლიცია უკვე შესული უნდა იყოს, რადგან ბავშვზე ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც არის დანაშაული“.

ეპისკოპოსის მიერ ბავშვების ვიდეოების გამოქვეყნების ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ის მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი.

ასევე, „დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად;

უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით“.

ვიდეოების გავრცელების შესწავლას ითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: