მთავარი,სიახლეები

ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს – გაერო

25.02.2026
ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს – გაერო

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი თქვეს იურისტებთან კომუნიკაციაზე რაც, კომიტეტის შეფასებით, შესაძლოა, მიუთითებდეს მათზე განხორციელებულ არასათანადო ზეწოლასა და გარე გავლენაზე“.

ასევე, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა და ჯერ არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი და „ნინოწმინდის საქმე“

2024 წლის 24 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინდა, რომ ნინოწმინდის პანსიონში ირღვეოდა ბავშვების უფლებები და ისინი იყვნენ ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი, სახელმწიფომ კი არ დაიცვა ისინი.

კომიტეტმა გადაწყვეტილება წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, სხვა ვალდებულებებთან ერთად სახელმწიფოს ნინოწმინდის ყოფილი აღსაზრდელებისთვის ადეკვატური და დროული კომპენსაციის გაცემა დაევალა. კომპენსაციის მოთხოვნით ნინოწმინდის ყოფილმა აღსაზრდელებმა სასამართლოს PHR-ის დახმარებით მიმართეს, რომელიც ამ საქმეზე 2021 წლიდან მუშაობს.

რას ამბობს ანგარიში?

სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მსხვერპლი ბავშვების ეფექტიანი რეპარაცია, მათ შორის:

  • უზრუნველყოფოს ადეკვატური, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და რეაბილიტაცია განცდილი ძალადობისა და უფლებების დარღვევისთვის. რეპარაციის ზომები უნდა განისაზღვროს მსხვერპლ ბავშვებთან კოორდინაციით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით;
  • საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ბავშვებს;
  • კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში გადააფასოს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც კვლავ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან;
  • ჩაატაროს სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დროული გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები.
  • სახელმწიფოს ასევე, ეკისრება ვალდებულება მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მსგავსი დარღვევების საპრევენციოდ, ნებისმიერ კერძო ან საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ:
  • უზრუნველყოს ამ ცენტრების რეგულარული და დამოუკიდებელი მონიტორინგი;
  • უზრუნველყოს აღნიშნული ცენტრების დამოუკიდებელი მონიტორინგისთვის პასუხისმგებელი ორგანოს ეფექტიანობა, მათ შორის, ნებისმიერ დროს ადგილზე ვიზიტითა და იქ მცხოვრებ ბავშვებთან კონფიდენციალური გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობით;
  • უზრუნველყოს ყველა ტიპის ზრუნვის დაწესებულებაში ბავშვზე ორიენტირებული, ეფექტიანი, კონფიდენციალური, ხელმისაწვდომი, გენდერულად მგრძნობიარე და ბავშვისადმი მეგობრული საჩივრების მექანიზმის არსებობა;
  • უზრუნველყოს ბავშვებისთვის საჭირო იურიდიულ დახმარებასა და სათანადო სამართლებრივ წარმომადგენლობაზე წვდომა;
  • უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დარღვევის თითოეული ბრალდების სათანადო გამოძიება. ასევე, თუ დადგინდება, რომ ბავშვი დანაშაულის ან სამართალდარღვევის მსხვერპლია, უზრუნველყოს სათანადო პროცედურის განხორციელება.

სახელმწიფოს, ასევე, ევალება კომიტეტის მოსაზრებების გამოქვეყნება და მათი გავრცელება ოფიციალურ სახელმწიფო ენაზე.

როგორია სახელმწიფოს პასუხი?

PHR-ის ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში სახელმწიფო აცხადებს, რომ მიიღო საჭირო ზომები მსხვერპლი ბავშვების ეფექტიანი რეპარაციის უზრუნველსაყოფად და მსგავსი დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

მზრუნველთა მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილებამ 2021 წლის 3 ივნისს დაიწყო.

2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით საქმე კვლავ აქტიურ საგამოძიებო ფაზაში იყო, სარწმუნო საგამოძიებო მიმართულებების შესასწავლად, საქმის გარემოებების დასადგენად და პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად.

სახელმწიფო მხარე განმარტავს, რომ მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია უზრუნველყოფილია სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოს სპეციალისტების უშუალო ჩართულობით, რომლებიც ბავშვებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. საჭიროების შემთხვევაში ბავშვები იღებენ დამატებით მომსახურებებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და სხვა აუცილებელ სერვისებს.

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 24 ბავშვი კვლავ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება, ხოლო რვა ბავშვი აგრძელებს პანსიონატში ცხოვრებას. კომიტეტის მოსაზრებების შესაბამისად, 2024 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სააგენტომ ჩაატარა გასაუბრებები და ხელახლა შეაფასა ბავშვების მდგომარეობა.

სახელმწიფომ საჯაროდ მოუხადა ბოდიში მსხვერპლ ბავშვებს და აღიარა თავისი პასუხისმგებლობა, კონვენციით გარანტირებული ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

2024 წლის 21-25 ნოემბერს, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ოთხი სარჩელი შევიდა. 2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, საქმეები კვლავ სასამართლო განხილვის ეტაპზე იყო, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებებიც ჯერ არ იყო მიღებული.

PHR-ის განმარტება

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2024 წლის 24 სექტემბერს PHR-ის იურისტებს მიეცათ წვდომა იმ ბავშვებთან, რომლებიც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა თავის მოსაზრებებში ოფიციალურად ცნო მძიმე უფლებადარღვევების მსხვერპლებად.

2024 წლის 9 ოქტომბერს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა იქ მცხოვრებ რვა ბავშვთან. ბავშვებს გააცნეს ორგანიზაციის დირექტორი და განუმარტეს მათი უფლებები.

2024 წლის 23 ოქტომბერს პანსიონში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. ოთხი ბავშვი სიტყვიერად დათანხმდა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მათი წარმომადგენელი PHR ყოფილიყო. თუმცა, თანხმობიდან რამდენიმე დღეში მათ თანხმობა ოფიციალურად გააუქმეს.

„PHR სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ერთდროულად რამდენიმე ბავშვის მიერ რამდენიმე დღეში, ყოველგვარი განმარტების გარეშე, თანხმობის გაუქმება მიუთითებს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და იძულებაზე. აღნიშნული გარემოება ქმნის მყარ ვარაუდს, რომ ბავშვები, შესაძლოა, დაექვემდებარნენ არასათანადო გავლენას ან თუნდაც მუქარას, რათა შეეჩერებინათ კომპენსაციისა და რეპარაციის მოთხოვნა.“

2024 წლის 18 ნოემბერს იურისტები კიდევ ერთხელ მივიდნენ ნინოწმინდის პანსიონში. აღნიშნული ვიზიტისას პანსიონში დარჩენილმა რვავე ბავშვმა უარი თქვა იურისტებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე.

ზრუნვისა და დახმარების სააგენტომ არ აღიარა და არ გამოიძია თანხმობის უეცარი და კოორდინირებული გაუქმების ფაქტი და განაცხადა, რომ იურისტებთან ურთიერთობაზე უარი ასახავდა ბავშვების თავისუფალ ნებას. აღიშნულის საპირისპიროდ, ყველა მსხვერპლი, რომელსაც გასაუბრების მომენტში უკვე დატოვებული ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონი (ერთი პირის გარდა), დათანხმდა რეპარაციის მოთხოვნას და აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის მოსაზრებების შესრულების პროცესში. PHR-ის იურისტები მათთან რეგულარულ კონტაქტში არიან და ოფიციალურად წარმოადგენენ კომიტეტის გადაწყვეტილებაში დასახელებულ 11 მსხვერპლს, რომლებმაც დაწესებულება დატოვეს“- ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 5 ივნისის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები რვა ბავშვიდან არცერთი მონაწილეობს კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულებაში და არცერთი მათგანი იღებს ეფექტიან რეპარაციას, მათ შორის კომპენსაციას, რეაბილიტაციას ან საჯარო ბოდიშს.

ამასთან, PHR-ში განმარტავენ, რომ 2021 წლის 3 ივნისს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა.

  • არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული;
  • არცერთი დაზარალებულია აღიარებული „დაზარალებულად“ ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში;
  • და არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მიღებული გაცხადებული დარღვევების თაობაზე.

კომიტეტის გადაწყვეტილება

კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულია გარკვეული საწყისი ნაბიჯები კომიტეტის მოსაზრებების შესრულების მიმართულებით. თუმცა, ეს ზომები არასაკმარისია.

კომიტეტმა გადაწყვიტა, გააგრძელოს სახელმწიფოსთან დიალოგი ინდივიდუალური რეპარაციის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და სისხლის სამართლის გამოძიების საკითხებზე.

სახელმწიფოს ევალება წარადგინოს განახლებული და დეტალური ინფორმაცია მსხვერპლი ბავშვებისთვის კომპენსაციის უზრუნველყოფის პროცედურებისა და მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოების შესახებ, ასევე, რეაბილიტაციის ღონისძიებებზე.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი მოითხოვს, სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა.

კომიტეტი შეშფოთებულია გარემოებით, რომ ყველა ბავშვმა, რომელიც კვლავ პანსიონში იმყოფება, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა რეპარაციის მოთხოვნაზე, რამდენიმე დღეში კი ერთდროულად გააუქმა ეს თანხმობა, რაც შეიძლება მიუთითებდეს არასათანადო ზეწოლაზე ან შურისძიების საფრთხეზე.

კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ყველა არასრულწლოვანი მსხვერპლის რეპარაცია ეროვნულ დონეზე, მათზე ყოველგვარი ზეწოლის განხორციელების გარეშე, გადადგმული ნაბიჯების შესახებ კი დეტალურად ეცნობოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: