მთავარი,სიახლეები

1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს

06.10.2025 •
1 წლის მარიამს გულზე ოპერაცია სჭირდება – ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს

1 წლის და 2 თვის მარიამ წიკლაურს გულის მანკი აქვს და ოპერაცია სჭირდება.

მარიამის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და როგორც დედა, თამარ ჭეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ოპერაცია თურქეთში, კლინიკა „მემორიალშია“ დაგეგმილი პირველ დეკემბერს.

„როცა დაიბადა, სუნთქვა უჭირდა, საავადმყოფოებში ვიყავით დღე და ღამე. წავიყვანეთ თურქეთშიც. პირველ ვიზიტზე თურქეთში რომ ვიყავით, გვითხრეს, რომ ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც პერიოდი უნდა გავიდესო.

მეორედ რომ ჩავიყვანეთ, დაგვინიშნეს გულის 24-საათიანი მონიტორინგის აპარატი ოპერაციამდე. ეს აპარატი ძალიან ძვირადღირებულია, მაგრამ „ვიშლისთმა“ გვაჩუქა.

ასევე, საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებიც მოგვიტანეს.

„მემორიალის“ კლინიკაში გვითხრეს, რომ ანგიოგრაფიას გაუკეთებენ და მოხდება სისხლძარღვების გაფართოება და წესით, დამატებითი ოპერაცია აღარ უნდა დასჭირდეს.

ეს ოპერაცია 11 000 დოლარი ღირს. ნაწილი თანხის შეგროვდა და გვაკლია 7 000 დოლარი“ – ამბობს ბავშვის დედა.

თამარ ჭეიშვილის თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, განცხადებით მიმართეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„სიტყვიერად გვითხრეს, ტყუილად არ დაელოდოთ დაფინანსებასო, მაგრამ ჩვენ მაინც შევიტანეთ განცხადება. თითქმის გავიდა ერთი თვე, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“- ამბობს დედა.

თამარ ჭეიშვილს სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მის მეორე შვილსაც, ამიტომ ოჯახის თქმით, მათ ფინანსური რესურსი აღარ ჰყოფნით და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„მეუღლე მუშაობს პროფილაქტიკაში და თუ დაუძახებენ, 30 ლარი გამოსდის დღეში. ბინა ნაქირავები გვაქვს 500 ლარად და მეპატრონე 200 ლარის დამატებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინის დაცლას გვთხოვს. მარიამის სამკურნალოდ ბანკიდან რაც თანხა ავიღე, ვეღარ დავაბრუნე და ბანკის ანგარიშიც დაყადაღებული მაქვს, ამიტომ ჩემი დის ანგარიშზე ვაგროვებთ თანხას“- ამბობს თამარი.

ოჯახმა „ბათუმელებს“ მარიამის სამედიცინო დოკუმენტაციაც წარმოუდგინა.

„ბათუმელები“ ესაუბრა თამარ ჭეიშვილის ოჯახის წევრსაც. მისი თქმით, მარიამის დედას, თამარს, იმდენად რთულ პირობებში უწევს მუშაობა, რომ სახლების დალაგების დროს, პატარა მარიამის წაყვანაც კი უწევდა.

„ჩვენ, ნათესავები ვეხმარებით, რომ საჭმელი ჰქონდეთ ოჯახში“ – გვითხრა მან.

მარიამის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი: GE82TB7205945064300103

საქართველოს ბანკი: GE55BG0000000604697723

მიმღები – თეონა ბერელიძე/ მარიამის დეიდა

_________________

მთავარ ფოტოზე: მარიამ წიკლაური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: