მთავარი,სიახლეები

როგორ იბრძოლეს 105 წლის წინ ქვეყნის გადასარჩენად – „მითია, რომ არავის უნდოდა ბრძოლა საქართველოსთვის“

25.02.2026
როგორ იბრძოლეს 105 წლის წინ ქვეყნის გადასარჩენად – „მითია, რომ არავის უნდოდა ბრძოლა საქართველოსთვის“

„უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურია და აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან. ასევე, ბათუმი იყო ქალაქი, სადაც იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში,“ – 105 წლის ამბებს იხსენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმიამ თბილისი დაიკავა, თუმცა მანამდე და მaს შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის დაცვას ცდილობდნენ.

„მითია, რასაც საბჭოთა პროპაგანდა უწყობდა ხელს, რომ თითქოს არავის არ უნდოდა საქართველოს დასაცავად ბრძოლა. მოტივაცია და ნაკადი მოხალისეებისა, ასევე ნაომარი და გამოცდილი ადამიანებისა, იყო ძალიან მაღალი, ოღონდ შეიარაღება იყო დეფიციტი. შიშველი ხელით ჯარისკაცი ვერ იბრძოლებდა,“ – გვიყვება ირაკლი ხვადაგიანი და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორ ერთი-ერთში ემთხვევა 105 წლის წინანდელი საბჭოთა რუსეთის საინფორმაციო კამპანიის მეთოდები დღევანდელი რუსეთის მიდგომებს, ისევ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ.

„ბათუმელებმა“ ისტორიკოსს ირაკლი ხვადაგიანთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ირაკლი, 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან, დღესაც ოკუპაციის საფრთხის პირისპირ ვართ. რა შეიცვალა?

ფორმალურად, კარდინალურად არის შეცვლილი ის, რომ აღარ არსებობს ის სისტემა, რეჟიმი, იმპერია, საბჭოთა რუსეთი, რომელმაც დაიპყრო საქართველო 1921 წლის თებერვალ-მარტში და გაანადგურა დემოკრატიული თანამედროვე სახელმწიფო. შემდეგ კი, მთელი 70 წლის განმავლობაში დაუწერელი სისასტიკის ქვეშ მოაქცია.

ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის აღდგენა, სახელმწიფო გვქვია, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა და მიუხედავად პრორუსული რეჟიმისა, რომელიც გვყავს. მოქალაქეების დიდი ნაწილი არ აპირებს ამ ღირებულებაზე – დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე უარის თქმას.

გვქონდა შანსი, ფუნდამენტური ნაბიჯი გადაგვედგა წინ, გავთავისუფლებულიყავით ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობისგან, გავლენისაგან, შეგვესრულებინა მისია, რისკენაც იყო მომართული 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი და განადგურებული ჩვენი ქვეყანა – თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო. საქართველო, რომელიც არის ევროპული ერების და სახელმწიფოების ოჯახის სრულფასოვანი წევრი და არის დაცული მათთან ერთად გარე საფრთხეებისგან. ამის მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბევრი ფაქტორის გამო, გვიწევს იმავე გამოწვევებთან გამკლავება.

დღეს ქვეყანაში არალეგიტიმური რეჟიმია, არავის არ აურჩევია და მისაკუთრებული აქვს ძალაუფლება. ცხადად დამტკიცებულია ამ ძალაუფლების მისაკუთრება – მითვისების პროცესში გაცხადებულად ანტიდასავლური, პრორუსული და რუსული არათუ გავლენა, არამედ თანამონაწილეობაც. კონსტიტუცია არის ფაქტობრივად გაუქმებული. ამ დროს ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების, მათი შავი ფულის და ომში დახმარების ყველა ნიშანი სახეზეა, რომ  ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია, დე ფაქტო მოსახლეობის უმრავლესობა არ ეგუება დამოუკიდებლობის ჩამორთმევის, სახელმწიფოს გაუქმების მცდელობას.

ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ რუსული რეჟიმი გვყავს და რეპრესიებით, ტერორით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნება-გამტკიცებას, რუსული გეგმის და დღის წესრიგის შესრულებაში მოყვანას. ეს იმას გულისხმობს, რომ დე ფაქტო დემოგრაფიულად და ეროვნულადაც მოხდეს კოლონიზაცია, ანუ მკვიდრი მოსახლეობა აიყაროს, გაქრეს და დასუსტდეს, ხოლო მისი ადგილი დაიკავოს რუსმა კოლონიზატორმა. ამით აისრულოს ის საუკუნოვანი ოცნება, რაც ჰქონდა რუსეთის იმპერიას. მისი მემკვიდრე საბჭოთა რუსეთიც აგრძელებდა ამ პოლიტიკას და თანამედროვე რუსეთიც ერთგულად მიჰყვება ამ გზას.

  • რამდენიმე დღის წინ თქვენ გააზიარეთ ფეისბუქგვერდზე 1921 წლის საბჭოთა პრესის ერთ-ერთი ჩანაწერი: „კომუნისტები ყოველ ცისმარე დღეს იმას გვისაყვედურებენ, რომ ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი ევროპის სახელმწიფოებთან, რომ ჩვენ მათთან დაახლოებას ვცდილობთ“. როგორ ემთხვევა „ოცნების“ მთავრობის დღევანდელი რიტორიკა 105 წლის წინანდელ პროპაგანდას?

ეს ამონარიდია 1921 წლის დამდეგ გამოცემული, დამოუკიდებელი საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთიდან.

ლოგიკა, მოცემულობა არის იგივე, იგივე პროცესის გაგრძელებაა. რუსეთის ამოცანები, რაც მაშინ იყო, ანალოგიურია დღესაც. მეთოდები, პროპაგანდა, რიტორიკა ფაქტობრივად უცვლელია, უბრალოდ ინსტრუმენტები იცვლება. დღეს უკვე 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებია, გლობალური მედიაა, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ.

მთავარი შეტყობინება რუსეთისგან არის იგივე: თქვენ უნდა იყოთ ჩვენი სივრცის ნაწილი, არ შეგიძლიათ დამოუკიდებლად იარსებოთ, დასავლეთი არის თქვენთვის უცხო და მიუღებელი, ბოროტი და დამპალი, მომაკვდავი, ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეთ; ყველანაირი გადაკვეთის წერტილი, არხი, თანამშრომლობის ქსელი და პოლიტიკა უნდა მოისპოს დასავლეთთან დამაკავშირებელი. ორგანულად ეს ქვეყანა, მისი ტერიტორია, მისი სივრცე უნდა იყოს რუსული მოწყობის და რუსეთთან ჰარმონიზებული. საბოლოო ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, ფორმალური ატრიბუტების ჩამორთმევაც: სახელი ქვეყნის, საზღვრები, დროშა, გერბი, ჰიმნი…

  • ამ რიტორიკის ნაწილი იყო ასევე მარო მაყაშვილზე „ოცნების“ პროპაგანდისტის, გია გაჩეჩილაძის განცხადება: „მაყაშვილი არა რუსეთმა, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოკლაო“!

დიახ, ესეც არის ზუსტად იგივე საინფორმაციო ომის სტრატეგიის ნაწილი, რასაც რუსეთი აწარმოებს და მისი მარიონეტები: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან, ამ იდეასთან და მის წარსულთან – გმირული მემკვიდრეობა, თავგანწირვა და ასე შემდეგ – ეს უნდა გაუფასურდეს, გამოცხადდეს, რომ ეს იყო უაზრობა, უშედეგო და სულელური, რაღაც სენტიმენტალური საქციელი და არა გაცნობიერებული, ღირებულებაზე დაფუძნებული მოქმედება. ამ სტრატეგიის ნაწილია, რომ გამოჩნდეს, ამ ადამიანების დაღუპვაში დამნაშავე არის არა რუსეთი, არამედ საქართველო თვითონ და მისი ხელისუფლება.

ეს იყო გენერალური ხაზი საბჭოთა რუსული პროპაგანდის დროსაც, რომ ომი არის საქართველოს ბრალი, საქართველომ აიძულა საბჭოთა რუსეთი, რომ მის წინააღმდეგ ზომები მიეღო… 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარშემოც იყო კამპანია, რომ აი, საქართველო არის ომის მაპროვოცირებელი და მისი ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე. ამ პროპაგანდას დაეფუძნა შემდეგ უკვე „ივანიშვილის პროექტი“.

დიდი წილი მისი წინასაარჩევნო კამპანიისა იყო ზუსტად ეს: დამოუკიდებელი საქართველოს არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების და მისი მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომში რუსეთთან.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში დაღუპული სახალხო გვარდიელები. თბილისი, 1921 წლის თებერვლის ბოლო. People’s 

დღეს უკვე, ვინც მართლა სულით ხორცამდე არ არის რუსეთზე მიბმული და მიყიდული, ღიმილის მომგვრელია, რომ რუსეთთან საერთოდ ვინმე დამნაშავე იყოს ომსა და კონფლიქტში, მაგრამ სრული სერიოზულობით და დაჟინებით ამ კამპანიას ატარებენ. ხელისუფლების ხელში ჩაგდების მერეც მეთოდური გაგრძელება ჰქონდა ამ კამპანიას და ამ ტიპის პროპაგანდას.

ახლანდელ აკორდებსაც ვხედავთ – ე.წ. წულუკიანის კომისიაც ამ მიზანს ემსახურებოდა: მეხსიერება, ისტორია, გმირები რუსეთთან ბრძოლა – ეს აუცილებლად უნდა გადაიწეროს და შეფასდეს, როგორც რაღაც სამარცხვინო ნაწილი, მოქმედება, უნდა გამოცხადდეს, რომ ეს იყო ჩვენი, ანუ მსხვერპლის ბრალი.

  • 105 წლის წინ მომხდარი საბჭოთა ოკუპაციაც ამ ჭრილში ისწავლება დღეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში? 

რა თქმა უნდა, რეჟიმი და მისი პროპაგანდა, რუსული საინფორმაციო მანქანა არ არის ქრონოლოგიაში შეზღუდული. ყველაფერი, სადაც ფიგურირებს რუსეთი და რუსეთთან დაპირისპირება, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი თვითმყოფადობისთვის – უნდა ამოიშალოს.

ერთბაშად ამ ინფორმაციის ჩაკეტვა და წაშლა ვერ ხერხდება, მაგრამ მიმდინარეობს გეგმაზომიერი კამპანია დისკრედიტაციის, გაუფასურების, დაცინვის, რაღაცნაირად ისრების გადატანის, საკუთარი თავის დადანაშაულების, რომ აიმღვრეს, შეიბღალოს ეს პრიზმა. შემდეგ უკვე დადგება ფაზა – სრულიად ცხადი და ღიად რუსული ალტერნატივით ჩაანაცვლონ რეალობა. ამას აპირებენ ახლა უკვე ამ ყბადაღებული განათლების სფეროს ჩამოშლით – მათი შეფასებით რეფორმის, სინამდვილეში კი, დეფორმის და განადგურების კამპანიის ფარგლებში.

  • მოგვიყევით, რა ხდებოდა 105 წლის წინ, თებერვლის დღეებში საქართველოში? რა ძალისხმევა დასჭირდა მაშინ საბჭოთა რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის?

საბჭოთა რუსეთს დასჭირდა სრულმასშტაბიანი ომი. უკრაინასაც მთელი მასშტაბით 24 თებერვალს დაესხნენ თავს. ასე ემთხვევა ეს თარიღები. დღეს უკრაინაზე ვსაუბრობთ, ხვალ, 25 თებერვალს კი, საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოა.

საქართველოში შემოჭრის პირველი მცდელობა საბჭოთა რუსეთს ჰქონდა 1920 წლის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, ოღონდ ეს იყო შედარებით შეზღუდული კამპანია – ძირითადად მხოლოდ ერთი ფრონტი იყო და შემდეგ ზურგის მხრიდან პროვოკაციული ოპერაციები. მაშინ არ ეყო ძალები რუსეთს, ბევრი ფაქტორი იყო მის საწინააღმდეგოდ.

სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში ცხენოსან ნაწილთა მცირერიცხოვნებამ ქართულ არმიას დიდი პრობლემები შეუქმნა. თბილისი, 1919-1920 წლები.

ეს ხდებოდა უკვე ოკუპირებული აზერბაიჯანის მხრიდან მტკვრის ხეობის გასწვრივ, შეტევა იყო თბილისის მიმართულებით და ზურგში ჯავის მხრიდან. ასევე, საბჭოთა რუსეთის სამსახურში ჩამდგარი ეთნიკური ოსების რაზმებით დარტყმის მცდელობაც იყო და ბოლშევიკური იატაკქვეშეთიდან ცდილობდნენ, ზურგის მომარაგების ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ, ანუ დივერსიები მოეწყოთ.

ირაკლი ხვადაგიანი

მაშინ ეს ოპერაცია გაანეიტრალა საქართველოს რესპუბლიკამ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა. მოახერხა ქვეყანამ თავის დაცვა და ამ მომენტში იძულებული გახდა საბჭოთა რუსეთი, საზავო მოლაპარაკებაზე წამოსულიყო, დათმო ძალიან მნიშვნელოვანი რამ – აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ და დე იურედ. საქართველომაც აღიარა საპასუხოდ საბჭოთა რუსეთი.

თუმცა ყველამ იცოდა საქართველოში და რუსეთშიც, რომ ეს დროებითი უკანდახევა იყო. 1921 წლის 12 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჯახება-შეჭრა დაიწყო ყველა მიმართულებიდან: აფხაზეთი, შავიზღვისპირეთი, დარიალის ხეობა, ისევ ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან, რაჭის მიმართულება, ოკუპირებული სომხეთის მხრიდან ლორეს მიმართულება, ოკუპირებული აზერბაიჯანის მხრიდან იგივე მიმართულება, როგორც ერთი წლის წინ მოხდა. ეს უკვე არის ტოტალური ომი – დიდი მასშტაბის თავდასხმა. კავკასიის ფრონტზე რა ძალებიც ჰყავდათ თავმოყრილი, შემოიყვანეს. საბჭოთა რუსეთმა დომინოს პრინციპით ჯერ ჩრდილოეთ კავკასია დაიკავა წინა წლებში, შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი…. საქართველოში, რა თქმა უნდა, მათი რესურსი რიცხობრივად აღემატებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და რესურსებს.

საქართველოს მარცხი განაპირობა ორმა მთავარმა ფაქტორმა: ქვეყნის ტერიტორიაზე არ იყო წარმოდგენილი ძლიერი საგარეო მოკავშირის და პარტნიორის შეიარაღებული ძალები, რომ პრევენცია მომხდარიყო რუსული თავდასხმის აღსაკვეთად. სხვათა შორის, მუშაობა დაწყებული იყო და შეთანხმება იყო მიღწეული საფრანგეთთან, მაგრამ დრო, რაც სჭირდებოდა სამხედრო პარტნიორობის პრაქტიკაში ამუშავებას – ამას დაასწრო საბჭოთა რუსეთმა. ამ დროს ფრანგული შეიარაღებული ძალების ფლოტი უკვე იმყოფებოდა შავი ზღვის აკვატორიაში. საბრძოლო გემები ქართულ არმიასთან ერთად ჩაება ომში. ფრანგული სამხედრო გემები საარტილერიო მხარდაჭერას უწევდნენ ქართულ არმიას ზღვიდან და ასევე ტრანსპორტირების კუთხით აფხაზეთის მიმართულებაზე. რა რესურსიც ჰქონდათ, ის შეასრულეს.

ბათუმში იყო ძირითადად ბაზირებული ფრანგული სამხედრო გემები. როცა ომი დაიწყო, გავიდნენ გემები შავი ზღვის აკვატორიაში და აფხაზეთის მიმართულებაზე დაიწყეს მოქმედება ოღონდ საყრდენი პუნქტი, რა თქმა უნდა, ბათუმი და ფოთი იყო.

საქართველოს მარცხი განაპირობა ასევე მეორე მთავარმა ფაქტორმა – შეიარაღების დეფიციტი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, 1921 წლამდე ამბოხებებსა და ომებში, ასევე ლოკალური სტადიების დივერსიების მცდელობების აღკვეთაში ხარჯავდა სამხედრო რესურსებს… შევსება სჭირდებოდა ამ შეიარაღების, მწვავე დეფიციტი ჰქონდათ.

მითია, რასაც შემდეგ საბჭოთა პროპაგანდა უწყობდა ხელს, რომ თითქოს არავის არ უნდოდა საქართველოს დასაცავად ბრძოლა. მოტივაცია და ნაკადი მოხალისეებისა, ასევე ნაომარი და გამოცდილი ადამიანებისა, იყო ძალიან მაღალი, ოღონდ შეიარაღება იყო დეფიციტი. შიშველი ხელით ჯარისკაცი ვერ იბრძოლებდა.

  • ამის მიუხედავად, რამდენ დღეს გაგრძელდა ბრძოლა და სად იყო შეტაკებები? 

თავდასხმა დაიწყო საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 12 თებერვალს და გაგრძელდა 1921 წლის 17 მარტამდე.

უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურიადა აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან, ასევე ბათუმში იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში.

ოღონდ აქ უკვე მეორე ფრონტიც გაიხსნა და ორ ფრონტზე მოუწია ბრძოლა საქართველოს რესპუბლიკას – ქემალისტური თურქეთის რესპუბლიკის ძალები ცდილობდნენ საიდუმლო შეთანხმებით საბჭოთა რუსეთთან გაეყოთ საქართველო და ეს სახელმწიფო, როგორც ბუფერი, გაექროთ. ქემალისტური არმიის ნაწილებმა სცადეს ბათუმის ოლქის ოკუპაცია, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაუწია წინააღმდეგობა.

ეს არის უკვე ბრძოლა ორ ფრონტზე. ბათუმში ტარდება დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელზედაც დამფუძნებელი კრება აკომპლექტებს მთავრობას შემცირებული შემადგენლობით და ავალებს მას, რომ წავიდეს ემიგრაციაში ევროპაში, იქ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოსი და იმუშაოს დეოკუპაციისთვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. პარალელურად, მთავრობას ქუთაისში ჰყავს გაგზავნილი დელეგატები სამშვიდობო საზავო ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მოლაპარაკებაზე საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებთან. როდესაც ეს შეთანხმება დგება ქუთაისში – ცეცხლის დროებითი შეწყვეტაზე, ქართული არმიის ნაწილები იხსნება გურიის ფრონტიდან და გადმოსროლა ხდება ბათუმში.

ამ დროს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და გადასულია ბათუმში რეიდზე მდგომ გემებზე. მთავრობა იბარებს საიდუმლოდ ქართული არმიის გენერალს, გიორგი მაზნიაშვილს და ავალებს, ბრძოლით განდევნოს ქემალისტური არმია ბათუმის ოლქიდან.

მთავრობა სარგებლობს იმ მომენტით, რომ ბათუმში, ციხეში მყოფმა ბოლშევიკებმა არ იციან და ვერ ასწრებენ გარკვევას სიტუაციაში, რა შეთანხმება არის, ასე ვთქვათ, ტერიტორიების გაყოფის შესახებ… ფორმალურად ისინი აცხადებენ, რომ არიან საბჭოთა რევკომი და ბათუმის მთავრობა, მაგრამ ქართული არმია მოქმედებს გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით. მაზნიაშვილს აქვს უკვე მკაფიო დავალება დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული – რამდენიმე დღის ბრძოლების შემდეგ ქართული არმიის ნაწილები მასირებული შეტევით წმენდენ ბათუმს და მის შემოგარენს, შემდეგ გადადიან შეტევაზე სარფის და ხოფას მიმართულებით იმ ხაზზე, რომელიც შემდეგ დაფიქსირდა, როგორც საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი.

ორ ფრონტზე ომი დასრულდა, ერთი მხრივ, მარცხით და სრული ოკუპაციით, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკანასკნელი დღეები ამ ომის იყო მეორე ფრონტზე გამარჯვება, რომ ბათუმი და აჭარის დიდი ნაწილი შეძლო ქართულმა არმიამ და შეინარჩუნა.

ამით ფაქტის წინაშე დადგა ორივე მხარე და შემდეგ უკვე გამართეს მოლაპარაკებები ყარსში. ამ მოცემულობის შეცვლა ძალიან რთული იქნებოდა და დამაზიანებელი განსაკუთრებით საბჭოთა რუსეთისათვის. ბოლო გმირული და წარმატებული ფურცელი მიემატა 1921 წლის ომის საერთო მარცხს და ოკუპაციას და იმ კატასტროფას, რომელიც დაიწყო ამ მომენტიდან.

  • ანუ ბათუმიდან ქემალისტური თურქეთის არმიის განდევნით დასრულდა იმ პერიოდის ანტისაოკუპაციო ბრძოლა? 

ძირითადი ფაზა საბრძოლო მოქმედებებისა დამთავრდა. სრული რუსული საოკუპაციო რეჟიმი დადგა საქართველოში. შემდეგ უკვე ხდება ქართული გვარდიის და არმიის გაუქმება, არმიის ნაწილს ტოვებენ და მექანიკურად აცხადებენ, რომ ეს არის საბჭოთა საქართველოს წითელი არმია. რამდენიმე თვის შემდეგ შლიან ამ შენაერთებს და აქცევენ რუსეთის წითელი არმიაში, კავკასიის წითელდროშოვანი არმიის ტერიტორიულ პოლკებად ანაწილებენ და ფანტავენ, რომ დიდი დაჯგუფება აღარ იყოს. ამ გზით შეიარაღებული ძალები  უქმდება საქართველოში. საბჭოთა სტრუქტურები იქმნება და ტოტალიტარული, საოკუპაციო ვერტიკალი ყალიბდება.

 

ქართული პარტიები გადადიან იატაკქვეშეთში და იწყებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს, არის სტიქიური ამბოხებები და შეიარაღებული შეტაკებები საოკუპაციო რეჟიმთან, მიდის მუშაობა დეოკუპაციის სტრატეგიაზე და გეგმაზე.

1924 წლის აგვისტოში არის მცდელობა ერთიანი შეიარაღებული ეროვნული აჯანყებისა დეოკუპაციისთვის, რომელიც მრავალი მიზეზის გამო წარუმატებელი გამოდგა. იგი სასტიკად ჩაახშო საოკუპაციო რეჟიმმა და სადღაც 5000-მდე ადამიანი დახვრიტა მთელ საქართველოში. ეს უკვე ახალი ეტაპია.

  • უშუალოდ 25 თებერვალს რა ხდება? რატომ მიიჩნევა 25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღედ? 

25 თებერვალი არის დედაქალაქის დაცემის, თბილისის დაპყრობის დღე, თუმცა საზოგადოება 1921 წლიდან, ოკუპაციის შემდგომ წლებში, საპროტესტო და  ანტისაბჭოთა საპროტესტო დემონსტრაციებისთვის ყოველთვის მობილიზდებოდა 12 თებერვალს, ანუ ომის დაწყების დღეს და არა 25 თებერვალს, როცა თბილისი დაიკავა საბჭოთა, რუსულმა არმიამ.

მობილიზებული ჯარისკაცები და სახალხო გვარდიელები ფრონტისკენ მიემგზავრებიან. თბილისი, 1921 წელი.

1922 წელს საოკუპაციო რეჟიმმა აკრძალა 26 მაისის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოხსენიება, გამოაცხადა, რომ 25 თებერვალი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ასე ჩანაცვლდა პროპაგანდისტული დღის წესრიგით 25 თებერვალი. იყო მითოლოგიზებაც – ორჯონიკიძის დეპეშის ფრაზა, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს და ასე შემდეგ.

რადგან რეჟიმმა დააწესა 25 თებერვალი გასაბჭოების დღედ, შესაბამისად, 25 თებერვალს არის კონცენტრირებული მეხსიერება ომის და ოკუპაციის, ტოტალიტარიზმის შესახებ.

  • რას აჩვენებს საბჭოთა ოკუპაციის ეს ისტორია? რა გვჭირდება ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს იმისთვის, რომ გადავურჩეთ ოკუპაციას?

გვჭირდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მობილიზაცია – ყველა აქტიური მოქალაქის, ორგანიზაციის, პოლიტიკური ორგანიზაციების, მწყობრი მეხსიერების პოლიტიკა და მეხსიერების შენარჩუნება, გვჭირდება მეტი კვლევა და მეტი განათლება ამ მიმართულებით. პირველ რიგში, წართმეული სახელმწიფოს და ინსტიტუტების დაბრუნება გვჭირდება.

საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს პრორუსული რეჟიმის მიერ წართმეული ძალაუფლება, შემდეგ უკვე გვჭირდება თანმიმდევრული სვლა და მწყობრი ნაბიჯები განათლების პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ვინ ვიყავით და რას ვცდილობდით 100 წლის წინ, იმის აღქმა და გაცნობიერება, თუ ვინ არის ჩვენი იდეების და ღირებულებების დამრღვევი – რუსეთი და რუსული იმპერიალიზმი.

ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი და გამართული, მწყობრი ეკონომიკის, მდიდარი და დიდი კულტურის მქონე ქვეყნებია აქტიური სამიზნე რუსული საინფორმაციო ომის, მათაც კი უჭირთ ამ უზარმაზარი ნაკადის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება.

მთავარია, მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. შემდეგ უფრო წარმატებულად გავუმკლავდებით ამ ზეწოლას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: