„წილს სთხოვდნენ, ეს ნამდვილად ვიცი, თვითონ მელაპარაკა ამის შესახებ“, – ნაფიც მსაჯულებს გადახედა მოკლული კაცის დამ, ნათია ბოლქვაძემ და ჩვენების მიცემა განაგრძო.
დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინეს. ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც დღეს მთელი პროცესის განმავლობაში მდუმარედ იჯდა.
ნაფიც მსაჯულებსაც არაფერი უკითხავთ. ისინი ინტერესით შეჰყურებდნენ მოწმეს და დროდადრო ფურცელზე ინიშნავდნენ კონკრეტულ დეტალებს.
- საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
- ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია – ტურისტებზე კატერს აქირავებდა.
2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის ამ საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგის განზრახ მკვლელობის ჩადენა ედება ბრალად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
„როცა მას [ბრალდებულს] ქურდობა სურდა, ყველაფერია ერთმანეთთან კავშირში… ახსენებდნენ მინდია გორაძეს [ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ცნობილია მისი შეცვლილი გვარით – ლავასოღლი], თუ ხოფერიას, ენცო [ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები] ლაშა ბოლქვაძის მეზობელია…“ – სასამართლო სხდომაზე მოკლული ბიჭის დამ, ნათია ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა ეჭვებს იმაზე, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა ბიზნესწილის დათმობის იძულებას ეხებოდა და კავშირს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან.
ნათია ბოლქვაძე ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არა აქვს, მაგრამ მკვლელობის წინა დღით თავის ძმას ესაუბრა და მან გაანდო, ახალშენიდან მთხოვენ წილის დათმობასო.
„არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ სთხოვდა, მაგრამ მთხოვენო,“ – დასძინა მოწმემ.

ადგილი, სადაც 33 წლის ბესიკ ბოლქვაძე მოკლეს
- მდინარის პირას ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანu ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა.
შესვენებაზე ნათია ბოლქვაძე ტელეფონში თავისი ძმის მინაწერსაც გვაჩვენებს ბიზნესპარტნიორ ნიკა კოკობინაძესთან: „განაბებს არეკიებენ“ – წერდა გემზე სამუშაოდ წასულ პარტნიორს ბესიკ ბოლქვაძე.
„ნიკას მე რამდენჯერმე მივწერე, ეთქვა, რა იცოდა, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ყველა შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. იგი სამძიმარზეც არ მოსულა, მე ამ დრომდე არ მინახავს… ეს რას ნიშნავს? ბესოს ბავშვობის მეგობარი იყო, ერთად ჰქონდათ საქმე,“ – მოსამართლეს გახედა მოწმემ. ამ სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე ნინო სახელაშვილია.
„რეალურია ეს პროფილი, სადაც თქვენ მას წერდით და არ გიპასუხათ?“ – დაეჭვდა ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი ბრალდებულ გოგი ბ.-ს ინტერესებს იცავს.
„მოდით, ვცადოთ, ახლაც დავრეკოთ“ – თქვა პროკურორმა გიორგი მუჯირმა და ნათია ბოლქვაძეს მიუახლოვდა. მალევე, მოწმის მობილური ტელეფონიდან სავარაუდოდ ნიკა კოკობინაძესთან მესინჯერში გაუშვეს ზარი.
ხმამაღლა რამდენჯერმე გაისმა ზარის ხმა, რომელსაც არავინ უპასუხა. მოწმეს ნერვიულობა დაეტყო. ნიკა კოკობინაძეს ნაფიც მსაჯულები ხვალ, 19 თებერვალს მოუსმენენ.
„ვინ გითხრათ კონკრეტულად, ვინ ჩაიდინა ბესო ბოლქვაძის მკვლელობაო?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
„ტელევიზორიდან გავიგეთ, ვინ იყო დაკავებული,“ – ადვოკატს მიმართა ქალმა და მკერდთან დამაგრებულ ძმის ფოტოს შეეხო ხელით.
„მიზეზი რა გაიგეთ? როგორ დაადგინეს, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა?“ – ისევ მოწმეს მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
„თავისი ავტომანქანით ის იყო იქ მისული, სხვა არავინ… რა უნდოდა ღამის სამ საათზე იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩემი ძმა იყო? სხვა რომელიმე ობიექტი იმ ტერიტორიაზე არ მუშაობს,“ – ბრაზი დაეტყო მოწმეს და მერე განმარტა, ერთ-ერთ ვიდეო სათვალთვალო კამერაში სწორედ ბრალდებულის ავტომანქანა რომ ჩანს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ჩერდება.
- ეს კადრი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა კადრში უშუალოდ მკვლელობის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ბესო ბოლქვაძე ღამითაც ჩერდებოდა კატერების გასაქირავებელ ადგილზე, რადგან ჰესის გამო მდინარის დონე იცვლება, კატერს კი, ყურადღება სჭირდებოდა.
- საქმეში არაა პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს გოგი ბ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. პროკურატურა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმაზე, რომ გამოძიება გრძელდება.
მოწმე ნათია ბოლქვაძეს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება გაახსენა ადვოკატმა რამინ პაპიძემ – 2025 წლის 16 ივნისის ჩვენებაში ქალს გამომძიებლისთვის უთქვამს, რომ „ძმას არ უთქვამს რაიმე კონფლიქტის, ან უთანხმოების შესახებ. მე არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია…“
„ეს როგორ უნდა გავიგოთ? თქვენ ჩვენება მიეცით 16 ივნისს, ამ დროს ბრალდებულები უკვე დაკავებული იყვნენ, დრო გასული იყო, მაშინ რატომ არ ახსენებთ უთანხმოებას და წილის დათმობას?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი რამინ პაპიძე.
„შეიძლება, პირველ ჩვენებაში არ გამახსენდა, რაც გამახსენდა, ის ვთქვი,“ – იუხერხულა შეკითხვა მოწმემ.
ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის მოტივი რომ შესაძლოა ბიზნესის დათმობას უკავშირდებოდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმირებული წყარო მკვლელობის დღესვე მოუყვა.
რა კავშირი აქვს ბრალდებულს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, ლავასოღლისთან, ან ხოფერიასთან? – ადვოკატმა რამინ პაპიძემ მოწმეს ამ საკითხზეც დაუსვა შეკითხვა: „ბესო ბოლქვაძე მოკლეს იმიტომ, რომ ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი ამ ადამიანების მიერ?“- იკითხა ადვოკატმა.
„მე ასეთ ინფორმაციას არავინ მომაწვდიდა…“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ და პაუზის შემდეგ ახსენა ის, რომ ბრალდებულს „ქურდობა უნდოდა“.
- ირკვევა, რომ ბესო ბოლქვაძე და ბრალდებული გოგი ბ. ერთმანეთს იცნობდნენ და ერთმანეთთან უთანხმოება წინა პერიოდშიც ჰქონიათ.
„მიწა სოფელ ერგეში გორაძეს ეკუთვნოდა და აწერდნენ, ბოლქვაძეს უნდა მისცეო. ჩემს ძმას გორაძისთვის დაუჭერია მხარი. ეუბნებოდნენ, შეიცვალე გვარი, გორაძე ხარო… ბრალდებულს ფულის მიღებას ჰპირდებოდნენ, თუ მიწას დათმობდა გორაძე,“ – გვითხრა შესვენების დროს ნათია ბოლქვაძემ.
„სახლში ამბობდა, რომ სთხოვდნენ ადგილის დათმობას, ხშირად ახსენებდა, ვერ მოვიცილე ხალხიო… ამბობდა, რომ სხვებსაც სურდათ კატერების შემოყვანა ჩემი შვილის მიერ მოწყობილ სანაპიროზე. მერე მე საერთოდ გამაგდებენო.
მერე იყო მიწასთან დაკავშირებული ჩხუბი. ვიცი, რომ ხელი დაარტყა ბრალდებულმა ჩემს შვილს,“ – გვითხრა სასამართლოს შესასვლელთან ნევრესტან ბოლქვაძემ, ის მოკლული კაცის დედაა.
- რას ამბობს პროკურორი ამ საქმეზე?
„კვალი არ არის ნანახი. ბრალდებული შეეცადა, კვალი წაეშალა“, – უთხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა „ბათუმელებს“. მას ვკითხეთ მტკიცებულებებზე: რა ადასტურებს კონკრეტულად იმას, რომ გოგი ბ.-მ ჩაიდინა მკვლელობა?
მკვლელობის იარაღი – ავტომატი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, ღამის 02:51 – 03:00 საათამდე პერიოდში [ეს მკვლელობის ჩადენის სავარაუდო დროა] 127 ავტომანქანიდან მკვლელობის ადგილზე მხოლოდ გოგი ბ.-ს ავტომანქანა ჩერდება.
„იმ ადგილზე ბრალდებული 9 წუთია დაყოვნებული. სხვა მანქანა არ გაჩერებულა. ეს დადასტურებულია. ჭკვიანი კამარებით ფიქსირდება ავტომანქანის ნომერიც, ბრალდებული მიდის ამის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე და ამ მანქანაში რომ ნამდვილად თვითონ იჯდა, ესეც ჩანს: გადმოდის მანქანიდან და მისი სახეზე ამოცნობაც შესაძლებელია.
გვაქვს ასევე სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, საეჭვო მიმოწერები, რაც მიუთითებს მკვლელობისკენ.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული. ამ დროს ბრალდებული ცდილობს, რომ დანაშაული მოწმეებისგან უხილავ ადგილას ჩაიდინოს და კვალი გაანადგუროს. ამიტომაც, მან მკვლელობის შემდეგ სცადა ავტომანქანის მდინარეში გადაგდება, ბრალდებული ცდილობდა, რომ სუფთად შესრულებია ეს. შემდეგ მას ჰქონდა 10 დღე, რომ ეს ავტომატი გადაემალა.
ფეხსაცმელი არის ის, რაზეც ხშირად რჩება დენთის კვალი. დღემდე დაცვის მხარე და ოჯახი ამ ფეხსაცმელს მალავს. გამოძიებამ ვერ მიაგნო, სად წავიდა ფეხსაცმელი… ადამიანი იშორებს მტკიცებულებებს, ის შლის ტელეფონიდან ინფორმაციას, აგდებს იმ დღის ფეხსაცმელს და რაც ეცვა, საგულდაგულოდ რეცხავს, მაგრამ ყოველთვის რჩება ადგილზე რაღაც ისეთი, რასაც გამოძიება სწორ კვალზე გაჰყავს,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
პროკურატურას ამ ეტაპზე არ აქვს მკაფიო პოზიცია მკვლელობის მოტივაციაზე: რატომ შეიძლება მოეკლათ ბესიკ ბოლქვაძე? პროკურორი ამბობს, რომ ცალკე მიმდინარეობს გამოძიება იარაღის გასაღებაზე, დანაშაულის შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების დაფარვაზე.
შეიძლება ეს მკვლელობა უკავშირდებოდეს ბიზნესის დათმობას და „ქურდულ სამყაროს“? – ვეკითხებით პროკურორს.
„არ შემიძლია დღეს მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ ეს უკავშირდება ქურდულ გარჩევას, თუმცა არც ის შემიძლია, რომ ეს გამოვრცხო. აქ რამდენიმე მოტივაციაა: დაზარალებულს და ბრალდებულს ჰქონდათ კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. დიახ, ეს სხვისი მიწის ნაკვეთი იყო, მაგრამ ბრალდებულს გააჩნდა ინტერესები. თანაც, ბრალდებულს მენტალიტეტიდან გამომდინარე პრეტენზია გააჩნდა, რომ გარჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ის მომავალი ქურდი იყო.
სხვა მოწმეების ნათქვამს რომ თავი დავანებოთ, ბრალდებულის ტელეფონიც გამოიკვლია ბრალდების მხარემ, აღდგენილი იქნა მასში არსებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციაში ის თვითონ საუბრობს, რომ არის ქუჩური მენტალიტეტის მქონე. ხმოვანი შეტყობინებაც არის, სადაც ამბობს, რომ ის არის ქუჩური მენტალიტეტის. ამ ჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარებულია და ავთენტურობა დადგენილია… ჩვენ ვადგენთ იმას, რომ ბრალდებული არის ერთ-ერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ წრესთან [ე.წ. ქურდული სამყარო] და ის ცდილობდა, ამ წრეში ღირსებული ადგილის მოპოვებას“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
- კიდევ ერთი დეტალი: მოკლული კაცის ავტომანქანიდან გამოძიებამ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. პროკურორი გიორგი მუჯირი ამბობს, რომ ეს იყო „ლირიკა“ და განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებული ნარკომომხმარებელი იყო.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ნაფიცი მსაჯულები ამ საქმის განხილვას ხვალ განაგრძობენ. მსაჯულებმა მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ.
ამ თემაზე:
„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე





