სიახლეები

სამორინეები შესაძლოა ფიჭვნარშიც გაიხსნას

31.08.2015 • 2047
სამორინეები შესაძლოა ფიჭვნარშიც გაიხსნას

 

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებისა თუ ინვესტორებისთვის მთელი რიგი შეღავათების დაწესებისა, ტურისტული ზონა, ფიჭვნარის მაგალითზე [განსხვავებით ანაკლიისგან], ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ტურისტული ზონა გარკვეულ შეღავათებს მოიცავს, ამ დროისათვის ქობულეთის ზონით მხოლოდ 2 კომპანიაა დაინტერესებული _ „ერთმა სასტუმროს მშენებლობა დაასრულა, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია… ამ ეტაპისათვის ინტერესი ძირთადად ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს”.

 

2011 წელს თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროს პროფილთან თავსებად საქმიანობად სასტუმროს ნომრების  გაქირავება და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურება, ასევე სასტუმროს შენობაში კვების ობიექტების ფუნქციონირებაც განისაზღვრა.

 

2015 წლის 27 აგვისტოდან კი ამ თავსებადი საქმიანობების ჩამონათვალს სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზის, აკვა-პარკისა და სამორინეს ფუნქციონირებაც დაემატა.

 

როგორც „ბათუმელები“ წერდა, აჭარა, კონკრეტულად კი ბათუმი, კაზინოებით ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია რუკაზე. ბათუმში მოქმედ 6 კაზინოს 2 ივნისში დაემატა, ერთიც აგვისტოში გაიხსნა. კიდევ 8 ახალი კაზინოს გახსნა აქვს სახელმწიფოს დავალებული სხვადასხვა კომპანიისთვის. არის  კომპანიები, რომლებიც საკუთარი ინიციატივითაც აწყობენ კაზინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ბათუმში მინიმუმ 20 კაზინო იქნება.

 

რაც შეეხება “თავისუფალ ტურისტულ ზონას”, მისი განვითარების მიზნით, როგორც ცნობილია, 2010 წელს ქობულეთში “ფიჭვნარის” ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.

 

პროექტის თანახმად, “ფიჭვნარის” ტერიტორიაზე, მიწის 3 ნაკვეთი [11 ჰა-ზე მეტი] გამოიყო, სადაც 30 სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. მთავრობამ განსაზღვრა ასევე სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი და ინვესტორი საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევდა თუ რა ტიპის სასტუმროს ააშენებდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.

 

სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც. მათ ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინათ, თუმც შემდგომ ინვესტორთა ნაწილმა სასტუმროს აშენებაზე უარი თქვა.

 

წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხევით, ინვესტორი, რომელიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ მცირე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა, ის მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგების და ქონების გადასახადისგან განთავისუფლდებოდა. თავდაპირველი ინიციატივით, სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის 1 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა ის საგადასახადო შეღავათებს. თუმცა, შემდეგ აღნიშნული შემოთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავდა.

 

ფიჭვნარი, ტურისტული ზონა /ფოტო ბათუმელები/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: