მთავარი,სიახლეები

„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია [Video]

08.04.2021 • 8025
„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია  [Video]

რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს.

ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ ის აღებს, უკან ჭაღარა ქალი მოყვება – დედა. კედელთან შეშის ღუმელი ანთია და ზედ წყლით სავსე ვედროა შემოდგმული. ოთახში ორი საწოლი დგას, ერთ საწოლზე დიდი, მოწყენილი პლუშის გოჭი დევს, იქვეა ბავშვის ჩანთა, სათამაშოები და მოძველებული „ბუქი“. სალომე ამბობს, რომ ეს მისი 5 წლის შვილის ნივთებია – კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს. ანდრია სახლში არ დაგვხვდა – საბავშვო ბაღშიაო.

საუბარს სალომე ცრემლებით იწყებს. ეს ცრემლები ანდრიას კი არა, მის ტყუპისცალ დებს უკავშირდება. ორმა გოგონამ ამ სახლში დაბადების შემდეგ მხოლოდ ერთი ღამე გაათია. დილით ისინი სხვა ოჯახში წაიყვანეს. წელიწადზე მეტია, რაც გოგონები მინდობით ოჯახში იზრდებიან.

სალომე გვეუბნება, რომ შვილები ძალიან ენატრება, რადგან მათ ნახვას ხშირად ვერ ახერხებს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში გოგონები მხოლოდ სამჯერ ჰყავს ნანახი. „გადის დრო და კიდევ უფრო მენატრება. როცა ტელეფონზე ანგარიში მაქვს, ბავშვების აღმზრდელს ვურეკავ. ბავშვების ხმა რომ მესმის, გული მეწვის“, – ამბობს სალომე.

დედა მიიჩნევს, რომ მისი პატარა გოგონები საკმაოდ შორს ცხოვრობენ – ტრანსპორტის გარეშე ბავშვებთან მისვლა კი შეუძლებელია. „ტაქსი უნდა აიყვანო, რომ წახვიდე. 5 ლარი იქეთ უნდა გზას, 5  – აქეთ. 10 ლარი ჩემთვის ძალიან ძვირია“, – ამბობს სალომე.

სალომე დუმბაძე

როცა სიღარიბე შვილებს გაშორებს

სალომეს შშმ პირის სტატუსი აქვს. მისი პენსია 180 ლარია.  პატარა ანდრია კი სახელმწიფოსგან 52 ლარს იღებს ყოველ თვეში. როგორც დედა ამბობს, ეს კვების ვაუჩერია. სალომეს მოხუცი დედა კი პენსიონერია და მუდმივად მედიკამენტები სჭირდება.

„ადრე სამტრედიაში ტექსტილის ფაბრიკა იყო და იქ ვმუშაობდი მკეცავად. ის რომ დაიხურა, უმუშევარი დავრჩი. ჩემი მეუღლე კარდაკარ დადის და თუ ვინმეს მიწა აქვს დასამუშავებელი, ეხმარება, დღიურ სარჩოს პოულობს. ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან, რაც სამი შვილის აღზრდას, გამოკვებას და მოვლას სჭირდება ოჯახშიო“, – გვიყვება სალომე.

სევდიანად იღიმის, ხანაც ცრემლად იღვრება. ამბობს, რომ „სხვა გამოსავალი არ აქვს. უმწეოა“, რადგან შვილების დასაბრუნებლად ცხოვრებას ვერ ცვლის.

„ქელეხები რომ არ იყოს მშიერი მოვკვდებით“, – გვეუბნება ის. ქელეხებიდან მოტანილი საკვები როცა გამოილევა, სალომე გულმოწყალე მეზობლების იმედადაა დარჩენილი, ამიტომ ვალი ვალს ემატება.

დედის აზრით, სახელმწიფო დღეს თითქმის არ ზრუნავს ადამიანებზე, ამიტომ არის ასე დაუძლეველი სიღარიბე მათთვის და არა მარტო მათთვის.

„50 ლარი კვების ვაუჩერი რა არის, სამარცხვინოა. ერთხელ ვიფიქრე, – „მოდი, არ ავიღებ“, მაგრამ ისევ აქეთ დამცინებენ“, – ამბობს სალომე.

ის, რაც სახელმწიფოსგან პანდემიის პერიოდში მიიღო დახმარების სახით, თითზე ჩამოსათვლელია და სალომეც ითვლის: 1 კილო შაქარი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, 1 ცალი საპონი… ღარიბი ოჯახებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო დახმარების კალათი.

„ერთჯერადად დამეხმარა კიდევ მერია და სულ ეს იყო“, – ამბობს სალომე. ოჯახი სიღარიბეს ვერ ერევა, რადგან სამუშაო არ აქვთ.

„ჩემი შვილები ოჯახიდან რომ გაიყვანეს, მითხრეს, არაფერი გაქვს და ვერ მოუვლიო. ბავშვები რომ დაიბრუნო, კვება უნდათ, სახლში საჭმელი უნდა გქონდეთო, ბავშვებს საკუთარი ოთახი უნდა ჰქონდეთ, აბაზანა და სითბო უნდა ჰქონდეთო“, – ამბობს დედა.

სალომე ვერაფრით ხვდება, სახელმწიფო ამ ყველაფერს მხოლოდ ტყუპ გოგონებთან მიმართებაში რატომ სთხოვს, პატარა ანდრიაც ხომ სწორედ ამ ღარიბ სახლში იზრდება.

სალომე დუმბაძე

დედას ვკითხეთ, თუ არის მისთვის ცნობილი, რატომ დატოვეს ანდრია მშობლებთან და გოგონები რატომ გაიყვანეს? – ქალს ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. „თუ შვილის მოვლა და გაზრდა არ შემიძლია, მაშინ ანდრიაც უნდა გაეყვანათ. თუ არადა, მაშინ გოგონებიც უნდა დამიბრუნონ,“ – გვეუბნება დედა.

როცა ანდრია გაჩნდა, მისი მდგომარეობით ბავშვზე მზრუნველი სახელმწიფო სტრუქტურები არ დაინტერესებულან. ტყუპების შემთხვევაში სოციალურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ ოჯახში არსებული გარემო ჩვილებისთვის საფრთხის შემცველი იყო.

„კი, ღარიბი ვარ, ძალიან მიჭირს, მაგრამ შვილი მშიერი მაინც არ დამიტოვებია. არც ახლა ვტოვებ. ქათმებიც მყავს, ვსესხულობ, როცა არ მაქვს და ვაჭმევ. სახელმწიფოს შეეძლო იმის ნახევარი მაინც მოეცა ჩვენთვის, რასაც მიმღებ ოჯახს აძლევს და ბავშვები ჩვენთან დაეტოვებინა. ბევრს ხომ არ ვითხოვ, იმის ნახევარს, რასაც ძიძას უხდის“, – გვეუბნება დედა. ის ჯერ ტირის, შემდეგ ბრაზი ერევა. „რა გამოდის, მე უნდა გავაჩინო შვილები და სახელმწიფომ წაიყვანოს? ვიძინებ მათზე ვფიქრობ, გავიღვიძებ, მათზე ვფიქრობ. როცა სამშობიაროდან გამოვედი, მეორე დღესვე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. აზრი არ ჰქონდა ტირილს და კივილს. გამგეობაში მითხრეს, თუ არ გაგვატან, პოლიციის ძალით წავიყვანთო.

რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? გზა არ ჩანს. სიღარიბეს ვერ ვერევით, შვილების დაბრუნება მინდა. შვილებიიან. სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რომ დაგვეხმაროს“, – ამბობს დედა.

თუმცა მადლიერია იმის გამოც, რომ პატარა გოგონებს საზრდო არ აკლიათ. „ერთი მხრივ, მადლია კიდეც ჩემნაირი გაჭირვებულისთვის, რადგან იმ ოჯახში კარგად უვლიან ბავშვებს. სუფთად არიან, მოვლილი, გამოკვებილი, მაგრამ მე რა ვქნა, რომ ძალიან მენატრებიან ისინი?“

სალომე ბავშვების შორს ყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეგუება, თუ სახელმწფო მათ ხშირად მონახულებში დაეხმარება. „იქნებ გზის ფული დაგვიფინანსონ, შვილების მონახულება ხშირად რომ მოვახერხოო“.

დედას ეშინია, რომ შესაძლოა სხვა ოჯახში აღზრდილ პატარებს აღარ ჰქონდეთ ბიოლოგიური დედის მიმართ სიყვარული. „მეუბნებიან – შენთვის უკეთესი არ არის, გაზრდილები რომ მოგივაო? 15-16 წლის თუ მომიყვანეს სახლში, დედა თუ ვერ იცნეს, მამა, ძმა და ბებია, რად მინდა ასეთი გაზრდილი, თუკი ჩემი შვილი დეიდას დამიძახებს და არა დედას“, – წუხს სალომე.

ქალი ყველა ღონეს ხმარობს ცოტათი მაინც დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რასაც მათ სახელმწიფო შვილების დაბრუნების სანაცვლოდ უყენებს.

„პირველ სართულზე გამოვცვალე ფანჯრები, დავაგე იატაკი, კედლებზე ავაკარი გიბსკარდონი, მაგრამ ეს ყველაფერი 700 ლარი დამიჯდა. თანაც ვალით გამოვიტანე. ამას გადახდა ხომ უნდა? ითხოვს მაღაზია, მაგრამ ვეღარ ვიხდი. ბუნებრივი გაზი მოყვანილია ეზოში, შემოყვანას ფული უნდა, წყალიც შემოსაყვანია. რომ დამეხმარებოდეს მერია ამის გაკეთებაში, ბავშვების დაბრუნებასაც შევძლებ“.

სალომე სახლის მეორე სართულს გვათვალიერებინებს. დიდი, მაღალჭერიანი ოთახებია. ცივი. ელექტროობა გამოსაცველია, ნათურა მხოლოდ ერთ ოთახში ანათებს. შესაღებია კედლები, გამოსაცვლელია შპალერი. ქალი წუხს, რომ „ბავშვების გარეშე ამხელა სახლი ცარიელია“.

სახლი, სადაც სალომე ცხოვრობს

დახურული კარები და პასუხგაუცემელი კითხვები

პასუხგაუცემელია კითხვები, რომელსაც ბავშვზე ზრუნვის სააგენტომ უნდა უპასუხოს – აქ კატეგორიულად აგვიხსენეს, რომ მშობლის თანხმობის მიუხედავად, სახელმწიფო მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებსა და მათ მშობლებზე არ ისაუბრებს. ამბობენ, რომ ეს თემა მედიისთვის და საზოგადოებისთვის დახურულია.

სიღარიბის გარდა ხომ არ არსებობს ისეთი გარემოებები, რის გამოც აუცილებელი იყო ტყუპების მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ოჯახში თუ სახიფათო გარემოა გოგონებისთვის, რატომ დატოვეს 5 წლის ანდრია მშობლებთან? – ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენოში არაფერი აგვიხსნეს.

„მხოლოდ სიღარიბე არ იყო მანდ“, – ეს იყო განმარტება, რაც სააგენტოსგან მივიღეთ.

შეუძლია თუ არა სახელმწიფოს შეუზღუდოს მშობლის უფლება შშმ პირს და რა შემთხვევაში?  

თუკი დედა ვერ უვლიდა ჩვილებს, შეზღუდული აქვს მშობლობის უნარები, მაშინ როგორ გაიზარდა 5 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს? ეს ფაქტი აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ არათანმიმდევრულია სახელმწიფო პოლიტიკა. ამიტომ უნდა მოვისმინოთ სოციალური მუშაკის არგუმენტები, რომ რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ნანა გოჩიაშვილი.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტით, შშმ პირს უფლება აქვს შექმნას ოჯახი და იყოლიოს ბავშვები.

„ამ შემთხვევაშიც ამოსავალია შშმ პირთა კონვენცია, სადაც ცალკე მუხლად არის გაწერილი ოჯახის უფლების პატივისცემა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს მშობელს, თვითონ გაზარდოს შვილები.

ჩვენთან კი, ხშირ შემთხვევაში, როცა სოციალური მუშაკი იგებს დიაგნოზს, ავტომატურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი უნდა გაიყვანოს მინდობით აღზრდაში და არ აფასებს იმას, რომ შშმ პირობა, თუნდაც ეს იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა, შესაძლოა საერთოდ არ უშლიდეს ხელს, იყო კარგი მშობელი“, – ამბობს გოჩიაშვილი.

ხშირ შემთხვევაში სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის გარდა პრობლემაა ის რესურსები, რაც სოციალურ მუშაკს გააჩნია კონკრეტულ შემთხვევებზე მუშაობის დროს.

კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დასაქმებული 239 სოციალური მუშაკიდან მხოლოდ 47 ფლობდა აკადემიურ განათლებას სოციალური მუშაობის მიმართულებით, 106 კი სერტიფიცირებული სოციალური მუშაკია.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ ბავშვებთან მომუშავე 86 სოციალურ მუშაკს არ აქვს პროფესიული ცოდნა, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ისედაც ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში. აქვე წერია, რომ პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების შრომითი ანაზღაურება 1200 ლარამდე გაიზარდა, განურჩევლად განათლებისა და სამუშაო სტაჟისა.

ოჯახიდან ბავშვის გამოყვანა ადვილი გახდა, უკან დაბრუნება კი – რთული

კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ იმავე ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფომ 500 ათასი ლარით შეამცირა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა. 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი სულ 1 800 000 ლარი იყო.

2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში 1 452 ბავშვი ჰყავდათ გაყვანილი, იმავე პერიოდში რეინტეგრირებულად მიიჩნევა 470 ბავშვი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რეინტეგრაციაში მყოფი ოჯახების უმრავლესობა თავს ძლივს ართმევს სიღარიბეს. „მათი თვიური შემოსავლი, საარსებო მინიმუმი, თვეში 300 ლარია დაახლოებით“.

რა სჯობს ბავშვისთვის – რას ამბობს გაეროს კონვენცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ნანა გოჩიაშვილი [ის სწორედ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების და ოჯახების შემთხვევებზე მუშაობს] ამბობს, რომ მინდობით აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური სერვისია ქვეყანაში.

ხშირია შემთხვევები, როცა აუცილებელია ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანა მასზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ძალადობის გამო. თუმცა, როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ამბობს, მიუღებელია ბავშვის ოჯახიდან გაყვანა მხოლოდ სიღარიბის მოტივით.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვი სიღარიბის გამო გამოიყვანოს ოჯახიდან სახელმწიფომ. სწორია მშობელი, როცა ამბობს, რომ მას გაძლიერებაში უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო. ეს შეიძლება იყოს როგორც ფულადი დახმარება, ასევე მნიშვნელოვანია მშობლის უნარ-ჩვევების გაძლიერება. ზოგიერთ მშობელს ნამდვლად სჭირდება მშობლის უნარების განვითარება. მით უფრო, თუ შეზღუდული შესაძლებლობა გვაქვს სახეზე“, – ამბობს ნანა გოჩიაშვილი.

ნანას აზრით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ბავშვის გამოყვანა ბიოლოგიური ოჯახიდან, არამედ ამ ოჯახის მაქსიმალურად გაძლიერება.

„ამის საპასუხოდ კი, გვაქვს სამწუხარო შემთხვევები, როცა ბავშვის ინტერესების დარღვევის ხარჯზე აცალკევებენ ბავშვებს ბიოლოგიური მშობლებისგან. არაერთხელ მიიღო საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისგან რეკომენდაცია, რომ იმუშაოს სწორედ ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებაზე და არა ბავშვების მინდობით გაყვანაზე“, – ამბობს ნანა.

მისი თქმით, 2019 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ სიღარიბე არ უნდა იყოს ბავშვების ოჯახიდან გამოყვანის მიზეზი: „აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვართ ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე ქვეყანა და ვაღიარებთ ამ კონვენციას, მათ მოთხოვნებსაც უნდა ვასრულებდეთ“.

თუმცა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვთ, ოჯახების გაძლიერება არ არის საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხების 81 პროცენტი იხარჯება მინდობით აღზრდაზე და მხოლოდ 19 პროცენტი  – ოჯახების გაძლიერებაზე. პირიქით უნდა იყოს. უფრო მეტი უნდა იხარჯებოდეს ოჯახების გაძლიერებაზე და ნაკლები – ალტერნატიულ ზრუნვაზე. ეს აჩვენებს, რომ ბავშვზე ზრუნვის სფერო მიტოვებულია: რეკომენდაციების მიუხედავად სახელმწიფომ წლებია ვერ ან არ შექმნა სერვისები, რომელიც გააძლიერებს ოჯახებს, მშობლებს,“ – ამბობს გოჩიაშვილი.

__

სალომესა და მისი შვილების დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადმორიცხონ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: ქველმოქმედება – სალომეს და მისი ტყუპი შვილების მხარდასჭერად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: