მთავარი,სიახლეები

 3200 ლარი მკითხველისგან – ქალები ბანკში საპენსიო სესხებს და ვალებს გადაიხდიან

21.05.2021 • 2162
 3200 ლარი მკითხველისგან – ქალები ბანკში საპენსიო სესხებს და ვალებს გადაიხდიან

„ბათუმელების“ მკითხველმა რამდენიმე ქალის მხარდასაჭერად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 3200 ლარი გადმორიცხა.

პირველი ქალი

ნონა ტურაშვილი შვილთან ერთად ქუთაისში, ორ ოთახში ცხოვრობს. ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ქალებს სპეციალური მედიკამენტების მიღება ესაჭიროებათ, რაც ყოველთვიურად შემოსავლის ნახევარი უჯდებათ.

წამლები რომ ეყიდათ, დედა-შვილმა ბანკიდან საპენსიო სესხი გამოიტანა. მათი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 38.43%-ია. 

ხელშეკრულების თანახმად, ნონას და მის შვილს სულ გადასახდელი ჰქონდათ 831 ლარი, აქედან ძირი იყო 628 ლარი, ხოლო პროცენტი – 203. 

ნონასა და მისი შვილისთვის „ბათუმელების“ მკითხველმა 500 ლარი გაიღო. შესაბამისად, ამ თანხით ხვალ, 22 მაისს, დედა-შვილის საპენსიო სესხის ძირითადი ნაწილი დაიფარება.

ნონას და მის შვილს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და სახელმწიფოსგან 120-ლარიან დახმარებას იღებენ. ამას ემატება მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია, 140-140 ლარი, ანუ ჯამში მათი შემოსავალი 400 ლარია. 

ნონას და მისი შვილის ისტორია ვრცლად ნახეთ აქ: პენსია სესხად – წამლებისთვის

“ვსარგებლობდი უფასო სადილით. ექიმთან ვიყავი, ჰემოგლობინი მაქვს დაბალი და კალორიული დიეტა დამინიშნა, ცოტა ხორცი, ცოტა წვნიანი, რომ ჰემოგლობინმა აიწიოს. უტომატო სუპები უნდა მივიღო. რაღაცების ჭამა არ შეიძლება და იქ დიეტური რაღაცები არ აქვთ, მე და ჩემს შვილს რაც გვჭირდება“, – შშმ ქალების საფიქრალი ყოველდღიურ კვებას უკავშირდება და კიდევ იმას, რომ ვირთხებთან ერთად უწევთ ცხოვრება.

მეორე ქალი

შშმ ქალია 34 წლის სალომე დუმბაძეც. ის სამტრედიაში ცხოვრობს. სალომეს მთავარი წუხილის შესახებ საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ქეთიმ მოაწოდა ინფორმაცია „ბათუმელებს“ – სალომეს ტყუპი შვილი სახელმწიფომ მინდობით აღზრდაში გაიყვანაო. სალომე ამაზე ძალიან წუხს და ყოველ დღე ძალიან ბევრს ტირისო.

სალომემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ნამდვილად გაიყვანა სახელმწიფო მისი ტყუპი მინდობით აღზრდაში. სალომე ცდილობს, ბავშვებისთვის საძინებელი მოაწესრიგოს. ფიქრობს, რომ თუ საძინებელი და სველი წერტილები ექნებათ, შვილებს უკან დაიბრუნებს.

სალომე მოგვიყვა, რომ 700 ლარი უკვე ვალი აქვს მაღაზიაში – ოთახის რემონტი გავაჩერე, მრცხვენია მაღაზიის გამყიდველისო.

სალომეს ისტორია ვრცლად ნახეთ აქ: „სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია 

მესამე ქალი

ხატია ბაღათურიამ სწორედ აღდგომის ღამეს გამოუგზავნა „ბათუმელებს“ ვიდეოშეტყობინება, სადაც ის თვალცრემლიანი გვიყვებოდა, რომ თავის ექვსი წლის შვილთან ერთად აღდგომის ღამესაც კი მშიერი იყო.

ხატიას და მის შვილებს „ბათუმელების“ მკითხველმა 1000 ლარი გადმოურიცხა – ქალმა თქვა, რომ ბინის ქირას გადაიხდის და შვილს კომპიუტერს უყიდის.

გაირკვა, რომ ხათუნას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ბებიასთან ცხოვრობს სოფელში. თავად ხათუნა გვიყვება, რომ ყოფილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია, ცხოვრობს ქუთაისში ნაქირავებ ბინაში და ემალება თავის ყოფილ მეუღლეს.

 

ხატიას ისტორია ვრცლად ნახეთ აქ: „საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

მეოთხე ქალი

მეოთხე ქალი მაია ჯოყილაძე ბათუმში ოცნების ქალაქში თავის ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. უფროს შვილს, ოთოს, მოულოდნელად მძიმე დაავადება განუვითარდა. ოთოს დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.

ოთო უკვე 18 წლისაა და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება. ბათუმელების მკითხველისგან ოთო 500 ლარს მიიღებს.

ოთოს ოჯახი სოციალურად დაუცველია და უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებით იკვებება. თუმცა ოთოს ძმებს ეს ოდნავადაც არ აწუხებთ – ბიჭები იმაზე ოცნებობენ, როდის გაივლის ოთო ისევ. ამ ოცნებაზე უარის თქმას არც თავად ოთო აპირებს.

ოთოს და მისი ძმების ამბავი ნახეთ აქ: „მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

 

მეხუთე ქალი

იამზე ბერიძეც ბათუმში, ოცნების ქალაქში ცხოვრობს. მეუღლე 12 წლის წინ ტრაგიკულად დაეღუპა და ორ შვილთან ერთად მიუსაფარი აღმოჩნდა. ახლა ოჯახი ოცნების ქალაქში ცხოვრობს. დედის თქმით, იმისათვის, რომ ბავშვების ონლაინსწავლება ვერ უზრუნველყო, განსაკუთრებით მისი უფროსი ბიჭი ჩამორჩა სწავლას.

იამზეს ოჯახმა „ბათუმელების“ მკითხველისგან 500 ლარი მიიღო.

იამზე ბერიძე

მთავარი ფოტო: მარცხნიდან – ნანული თაფლაძე, სალომე დუმბაძე და ნონა ტურაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: