ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აკვაკულტურის წარმოებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება – ახალი წესი

22.05.2021 • 2307
აკვაკულტურის წარმოებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება – ახალი წესი

ხმელეთზე, მდინარეში, ტბასა თუ ზღვაში აკვაკულტურის წარმოებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, რომელიც აუქციონით, არაუმეტეს 20 წლის ვადით გაიცემა. ნებართვას ეროვნული სააგენტო გასცემს, ნებართვის მოწმობის ფორმას კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაამტკიცებს.

პირს, რომელიც ხმელეთზე განთავსებული 50 მ​3-მდე მოცულობის შესაბამისი კონსტრუქციით აწარმოებს აკვაკულტურას, ნებართვის აღება არ სჭირდება.

იმ პირებს კი, რომლებიც „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე [ანუ, 2021 წლის პირველ მარტამდე] აწარმოებდნენ აკვაკულტურას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. თუმცა ისინი ვალდებულნი არიან, ნებართვა 2023 წლის პირველ მარტამდე აიღონ.

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები ძალაში 2021 წლის 21 მაისს შევიდა.

ამ წესის დებულებები საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის [მარიკულტურა] განხორციელებასთან დაკავშირებით კი, ძალაში შევა აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის დამტკიცების თაობაზე მთავრობის სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან.

ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები აწესრიგებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს:

  • ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების მეშვეობით აკვაკულტურის განხორციელებისას;
  • აკვაკულტურის კონსტრუქციების მეშვეობით საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის განხორციელებისას [მარიკულტურა];
  • საქართველოს შიდა წყლებში [წყალსატევებში] აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსებით აკვაკულტურის განხორციელებისას.

 

 

აკვაკულტურის საქმიანობაზე ნებართვა აუქციონით გაიცემა, თუმცა შესაბამის წესში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სოციალური და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არსებობს სააგენტოს დასაბუთებული შუამდგომლობა, სამინისტრო მომართავს საქართველოს მთავრობას აუქციონის გარეშე, მთავრობის თანხმობით, ნებართვის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე“.

ამასთან, „ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის შემთხვევაში, ნებართვის გაცემაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს პირდაპირი წესით, თუ ნებართვის მაძიებელი წარადგენს მიწაზე საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს და აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს“.

აუქციონის წესით ნებართვა გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ნებართვის გამცემის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები და წარმოადგენს ყველაზე მაღალ ფასს.

აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას, აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, სააგენტო აქვეყნებს თავის ინტერნეტგვერდზე. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

ნებართვის მაძიებელი განაცხადს წარუდგენს სააგენტოს. ამასთან მას უფლება აქვს, სააგენტოსგან მოითხოვოს წინასწარი კონსულტაცია ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით.

წესის მიხედვით:

  • საზღვაო წყლებში ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, წარადგინონ მოსაზრებები განაცხადთან დაკავშირებით.
  • საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემაზე განაცხადის განხილვისთვის სავალდებულოა, აკვაკულტურის საქმიანობისთვის მოთხოვნილი არეალი მდებარეობდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონაში.
  • სახელმწიფო ტყის/დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნებართვის გაცემისთვის სავალდებულოა სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს/სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობა.
  • თუ ნებართვის მაძიებელი აპირებს უცხო სახეობის მოშენებას, ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნა.

აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა უნდა შეიქმნას ზღვაში გონიო-კვარიათის მიმდებარედაც. ეს ზონები კი, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას.

„ეს ჩვენი ტრადიციაა, მეთევზეები ვართ, ჩვენ როცა ვთვლით საჭიროდ, მაშინ გავდივართ სათევზაოდ და სხვის ფერმაში რა გვინდა სამუშაოდ. ჩვენი შემოსავალი ჩვენ მიერ დაჭერილი თევზია. ჭოროხის შესართავთან თევზაობა საერთოდ აკრძალულია. როცა ისეთ კანონებს იღებენ, რაც თევზაობას, ზღვას უკავშირდება, უნდა შეეკითხონ მეთევზეს, უნდა მოუსმინონ. რახან ასე არ მოხდა, გამოდის, რომ მთავარია ვიღაცებმა ფული გააკეთონ და ჩვენ ყველანაირად გვზღუდავენ. პლაჟიო, ტურიზმიო, ზღვაში გასასვლელი ადგილიც აღარ დაგვიტოვეს. ეტყობა არ უნდათ ტრადიციული მეთევზეობა, როგორც დარგი განვითარდეს ან შენარჩუნდეს მაინც“, – გვითხრეს გონიოელმა მეთევზეებმა.

ამავე თემაზე ვრცლად:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: