ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე

21.05.2021 • 11240
ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე

ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში პირობებით გასაცემი 30 ნაკვეთიდან 27 თავისუფალია. ეს ნაკვეთები ინვესტორებს უსასყიდლოდ [სიმბოლურ 1 ლარად], სასტუმროების მშენებლობის პირობით გადაეცემათ. არქეოლოგების თქმით კი, თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია მოქცეულია ფიჭვნარის იმ არეალში, რომელიც არქეოლოგების მიერ დეტალურად შესწავლილი არ არის.

პროექტი, რომელიც თავისუფალ ზონაში სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქ მხოლოდ 1 სასტუმრო აშენდა [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქ სასტუმრო კიდევ 2 ნაკვეთზე შენდება].

პროექტის თანახმად, ფიჭვნარში, ზღვიდან 140 მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, 30 სასტუმრო უნდა აშენებულიყო. თავის დროზე სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც, რომლებსაც 15 სასტუმრო უნდა აეშენებინათ, თუმცა შემდგომ ზოგიერთმა ინვესტორმა მშენებლობაზე უარი თქვა.

2015 წელს, თავისუფალი ტურისტული ზონის მიმართ დაინტერესების გასაზრდელად, ინვესტორებს ფიჭვნარში სამორინეების გახსნაც შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, აქ ახალი სასტუმრო არ აშენებულა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინვესტორებისთვის ამ ზონაში ნაკვეთების შეთავაზება სხვადასხვა ტიპის სასტუმროების მშენებლობისთვის დღესაც ძალაშია.

რას სთავაზობს სამინისტრო ინვესტორს:

  • მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა (0.2 ჰექტარი)
  • განთავისუფლება მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან 2026 წლამდე
  • უფასო სამშენებლო ნებართვა
  • უფასო პროექტი სასტუმროს მშენებლობისთვის (42, 52, და 60-ნომრიანი)
  • გამართული ტექნიკური მომსახურების ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ელექტროობა, გაზი, წყალი და ახალი გზები
  • მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეკონსტრუქცია

თავისუფალ ტურისტულ ზონებში, მათ შორის, ფიჭვნარში, სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს.

ქობულეთის ტურისტულ ზონას დღეს, რეესტრის მონაცემებით, მთლიანობაში 17 ჰექტარამდე ფართობი უკავია. აქედან 30 საინვესტიციო ნაკვეთია [თითოეული 1 800 კვ/მ], საიდანაც 27 ნაკვეთი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 115 644 კვ/მ ტერიტორია – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ტურისტულ ზონაში 1 ნაკვეთი შპს „აიეტის“ საკუთრებაა, სადაც სასტუმრო ფუნქციონირებს. ამ კომპანიის მესაკუთრე, რეესტრის ბოლო ამონაწერით, არის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე, გრიგოლ გაფრინდაშვილი.

ამავე ზონაში 2 ნაკვეთია გადაცემული საკუთრებაში შპს „ESCO-Georgia“-ზე. ამ კომპანიის მესაკუთრეა სარგის აღაბეკიანი, სომხეთის მოქალაქე.

„[2010 წელს] ტურისტულ ზონაში მოექცა არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა სპეციალისტთა მოთხოვნა და იმავე წლის მიწურულს მოიძია თანხები მშენებლობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარი შესწავლის მიზნით. 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხერხდა თავისუფალი ტურისტული ზონისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ნაწილობრივი გამოკვლევა. სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. ამდაგვარად წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები უფრო არქეოლოგიური ნარჩენებისაგან მიწის გათავისუფლება იყო, ვიდრე კვლევა, რამაც ძეგლზე მოპოვებული მასალის მეცნიერული ღირებულება საგრძნობლად შეამცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოს მოცულობა (12 ჰა) ძალიან დიდი იყო, ხოლო დრო ძალიან მცირე, რის გამოც 5 ჰა მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად  შეუსწავლელი დარჩა,“ – არქეოლოგების მიერ სახელმწიფო უწყებებში გაგზავნილი წერილიდან.

ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენის და დაცვის მიზნით ამ ტერიტორიისთვის „არქეოლოგიური დაცვის ზონის“ დადგენასა და სტატუსის მინიჭებას არქეოლოგთა ერთი ჯგუფი დღემდე ამაოდ ითხოვს.

სპეციალისტთა თქმით, არქეოლოგიურად საინტერესო ტერიტორია ქობულეთ-ფიჭვნარში 100 ჰექტარს მოიცავს. საიდანაც დღემდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი. წლების წინ ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს სტატუსი მოუხსნეს, რომელიც 1976 წლიდან ჰქონდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს ძეგლის სტატუსი 20 ჰექტარამდე ფართობს მიანიჭა, თუმცა 2021 წელს ამავე სააგენტომ ძეგლის ტერიტორიის ფართობი 10 ჰექტარით შეამცირა – სტატუსი მოუხსნა.

თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას შორის დაშორება დაახლოებით 340 მეტრია. სტატუსმინიჭებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სხვა, გაცილებით მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია ფიჭვნარში, რომელიც არქეოლოგთა თქმით, საფუძვლიანად არ არის შესწავლილი / ცაგო კახაბერიძის ფოტო / 14.05.2021 /

 

ამავე თემაზე:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: