საქართველოს მთავრობამ შეშის ფასი დაადგინა. 1 კუბური მეტრი შეშა, ტრანსპორტირების ჩათვლით, 85-90 ლარი ეღირება, ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი. ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა. მოსახლეობა ამ ფასად შეშას მხოლოდ საქმიან ეზოებში იყიდის. 2023 წლამდე ერთდროულად იქნება დასაშვები როგორც შეშის მოჭრა ბილეთით, ასევე შეშის ყიდვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 2023 წლიდან კი შეშის შეძენა მხოლოდ საქმიან ეზოებში იქნება შესაძლებელი.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით ყოველწლიურად ერთ ოჯახს [კომლს], შეუძლია 7 მეტრ კუბი შეშა მოჭრას ბილეთით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არაუმეტეს 15 მეტრ კუბისა. ტყეში შეშის მოჭრის შესაძლებლობა ბილეთით ოჯახებს კიდევ ორი წელი ექნებათ. 2023 წლიდან კი მოსახლეობა ტყეში შეშას ვეღარ მოჭრის.
ტყით სარგებლობის ახალი წესით, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“.
2023 წლამდე კი, მოსახლეობას შეეძლება ისარგებლოს ხე-ტყის დამზადების ბილეთითაც [როგორ არის დღეს], ასევე შეშა იყიდოს „საქმიან ეზოებშიც“. თუმცა, ორთავე შემთხვევაში შეშის მოცულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ერთი კომლისთვის დადგენილ ზღვარს – 7 ან 15 [მაღალმთიან დასახლებაში] კუბურ/მეტრს.
თუ მოქალაქე აღნიშნული მოცულობის შეშას მთლიანად „საქმიან ეზოში“ იყიდის, მას აღარ ექნება უფლება ისარგებლოს ხე-ტყის დამზადების ბილეთით. ხოლო, თუ მოსახლეობისათვის გათვალისწინებული, 7 ან 15 კუბ/მ მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ იყიდის „საქმიან ეზოში“, ასეთ შემთხვევაში პირს უფლება აქვს მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს [შეივსოს] სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყე-კაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით [ანუ ისარგებლოს ბილეთით].
ტყით სარგებლობის წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს დაამტკიცა და ის 2021 წლის 21 მაისს ამოქმედდა.
როგორი იქნება შეშის ფასი „საქმიან ეზოებში“? – ახალი წესით ასეთი ეზოებიდან შეშის გაყიდვის ფასებიც დადგინდა და 1კუბ/მ შეშა 85-90 ლარი ეღირება [ტრანსპორტირებით], ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი.
შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით, ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ3-ისთვის 0,50 ლარი; ამასთან, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემი საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება უზრუნველყოს დაპობილ-დაჩეხილი სახით. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გადახდილი უნდა იქნეს 20 ლარი 1 კუბ/მ-ზე.
ანუ, თუ საქმიან ეზოში, ტრანსპორტირების გარეშე, ადგილზე შეიძენთ, ვთქვათ 3 კუბ/მ დაპობილ შეშას [ფოთლოვანი ხის], სატყეო სამსახურს ჯამში 285 ლარს გადაუხდით [დაუპობელში კი – 225 ლარს].
დაუპობელი საშეშე მერქანი კი, ამ წესის მიხედვით, არის – ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.
—
ტყით სარგებლობის წესის ამოქმედებით ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვებაც უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის.
რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/344155/