Batumelebi | აფხაზი მუჰაჯირები – 154 წლის წინანდელი ტრაგიკული თარიღის გამოძახილი აფხაზი მუჰაჯირები – 154 წლის წინანდელი ტრაგიკული თარიღის გამოძახილი – Batumelebi
RU | GE  

აფხაზი მუჰაჯირები – 154 წლის წინანდელი ტრაგიკული თარიღის გამოძახილი

დღეს, 21 მაისს, აფხაზები მუჰაჯირობის დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. აფხაზეთს გარეთ კი, ეს თარიღი არავის ახსოვს. აფხაზეთში მუჰაჯირობას მოჰყვა მუჰაჯირობა აჭარიდან, თუ სამცხედან. 154 წლის წინ ქვეყანაში დაწყებული დრამატული ისტორია საინტერესოა იმითაც, რომ კარგად ჩანს, თუ როგორ აინტერესებდა რუსეთს აფხაზეთის კეთილდღეობა.

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, 1867 და 1877 წლებში აფხაზეთიდან თურქეთში რუსეთის იმპერიამ 50 ათასზე მეტი აფხაზი გადაასახლეს. ამ თარიღზე დღეს საჯაროდ, თუ სოციალურ ქსელში საუბარს, ან მსჯელობას იშვიათად, ან თითქმის ვერ შეხვდებოდით. პოლიტიკოსებმა, კონფლიქტოლოგებმა, თუ ისტორიკოსებმა ამჯერადაც გვერდი აუარეს ამ თარიღს. მუჰაჯირობას რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური შეფასება სჭირდება, ამაზე აქცენტი, მაგალითად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გააკეთა.

„ეს იყო მრავალწლიანი პროცესი და უკავშირდებოდა ლოიალური მოსახლეობის გაცლას ორ იმპერიას შორის. შემდეგ მათი ნაწილი ბრუნდებოდა საქართველოში, იპარებოდნენ ნავებით და მალულად, გარკვეულ წლებში შეეძლოთ დაბრუნება, მაგრამ იყო მთელი რიგი შეზღუდვები,“ – გვიყვება ისტორიკოსი, უახლესი კვლევების ცენტრის „ფრონეზისიდან“ დავით ჯიშკარიანი.

ისტორიკოსი ხაზს უსვამს იმას, რომ აფხაზთა მუჰაჯირობაზე ბევრი კვლევა ამ დრომდე არ არსებობს.

„მათ შორის, არც იმაზე, რა დამოკიდებულება ჰქონდა ოსმალეთის იმპერიას მუსლიმი მუჰაჯირების მიმართ,“ – დასძინა ისტორიკოსმა.

დავით ჯიშკარიანის დაკვირვებით, მუჰაჯირობა აქტუალური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„აფხაზები აღიქვამდნენ, რომ მუჰაჯირობის დროს ჩაენაცვლნენ ქართველები. აფხაზური ნაციონალური იდენტობისთვის კი, ჩანაცვლების პროცესში ქართველები ვერ იქნებოდნენ სანდო ხალხი. აფხაზებს ყოველთვის ახსოვდათ მუჰაჯირობა, როგორც ტრავმა, მაგრამ პოლიტიკურ პროექტად იგი გასული საუკუნის 90-იან წლებიდან იქცა,“ – ამბობს დავით ჯიშკარიანი.

ისტორიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ამ თარიღის შეფასების და კვლევების გარდა, საჭიროა მუჰაჯირობის შემდეგ თურქეთში გაჩენილ აფხაზურ დიასპორასთან მუშაობა.

„მეტ-ნაკლებად ცნობილია, რომ აფხაზური დიასპორა თურქეთში მხარს უჭერს აფხაზეთს ბევრ დეტალში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარება, როგორ ხედავენ ისინი ბოლო პროცესებს,“ – აღნიშნა დავით ჯიშკარიანმა „ბათუმელებთან“.

რატომ შეუწყო ხელი რუსეთის იმპერიამ მიზანმიმართულად მუსლიმი აფხაზების მუჰაჯირობას? – ისტორიკოსი ამას ზოგადად იმპერიების ხასიათით ხსნის, როცა ის მისთვის არალოიალურად განწყობილ მოსახლეობას თავიდან იშორებს.

„იმპერიებში არსებობდა „სანდო ხალხის“ კონცეფცია – ჯობდა, რომ ლოიალური ხალხი გყოლოდა და გაგეძლიერებინა იმპერია, განსაკუთრებით საზღვართან ახლოს. და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთამდე ოსმალთა იმპერიის ადმინისტრაციულ წესრიგს იყო შეგუებული ეს ხალხი. ფაქტია, რომ ორივე იმპერია ამას ძალიან უწყობდა ხელს. ამავდროულად, ოსმალთა იმპერიიდან გადმოასახლეს ეთნიკური ბერძნები, სომხები…

გარდა ამისა, მუჰაჯირობა არ არის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა, მუჰაჯირობა ძალიან დიდი მასშტაბით ხდებოდა ყირიმის ნახევარკუნძულზეც, ხდებოდა ბალკანეთზეც,“ – გვითხრა დავით ჯიშკარიანმა.

„იყო ეკონომიკური ინტერესიც რუსეთის მხრიდან,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი, ბსუ-ს პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი. ისტორიკოსი თვლის, რომ აფხაზეთიდან და შემდეგ უკვე აჭარაში იმიტომ მოაწყვეს მუჰაჯირობა, რომ საზღვრისპირა და იმავდროულად სარფიანი ადგილები იმპერიისთვის კეთილგანწყობილ და სანდო ხალხისთვის ჩაებარებინათ.

ოთარ გოგოლიშვილი შენიშნავს, რომ აჭარისგან განსხვავებით, სადაც მუჰაჯირობა რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების ეტაპზე დაიწყო, აფხაზეთში მუჰაჯირობა უფრო ადრე, აჯანყებების სერიას მოჰყვა.

„აფხაზეთში ოთხჯერ მოხდა აჯანყება… პოლიტიკური ინტერესი იყო ლოიალური მოსახლეობის ჩასახლება, ვისაც დაეყრდნობოდნენ, მაგრამ წამყვანი, ვფიქრობ, იყო ეკონომიკური ინტერესი. თურქეთის ინტერესი კი ის იყო, რომ აუთვისებელი მიწები ჰქონდათ ბევრი. გარდა ამისა, საბრძოლო ნაწილებს შეავსებდნენ. მაშინ ოსმალთა იმპერიას ბევრი ბრძოლა ჰქონდა. საბოლოოდ, მუჰაჯირობაზე გადაწყვეტილება მიიღეს ბერლინის კონგრესზე, რომ მოსახლეობას უფლება ჰქონდა გადასახლებულიყო ოსმალთა იმპერიაში და თუ ამას მოინდომებდა ხალხი, ამას არცერთი მხარე არ შეაფერხებდა“, – გვიყვება ოთარ გოგოლიშვილი.

ისტორიკოსის თქმით, ისტორიულ დოკუმენტების მიხედვით, მუჰაჯირობის პროცესს ყველაზე მეტად ხელს უწყობდნენ მუსლიმი სასულიერო პირები და ბეგები.

„ეს გადმოცემის დონეზეც არის შემონახული: ძირითადად ეუბნებოდნენ, გიაურები მოდიან და გაგაგიაურებენო. ოსმალთა იმპერია კი, ალლაჰის აღქმული მიწააო. ბეგების უმრავლესობაც მხარს უჭერდა მუჰაჯირობას. აჭარაში, მაგალითად, მუჰაჯირობის გამორჩეული მოწინააღმდეგე შერიფ ხიმშიაშვილი იყო: ფეხი არ მოიცვალოთ აქედანო, ასე ეუბნებოდა ხალხს,“ – გვითხრა ოთარ გოგოლიშვილმა.

რაც შეეხება აფხაზებს, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ფარგლებს გარეთ თითქმის 400 ათასი აფხაზი ცხოვრობს. ისინი ძირითადად მეცხრამეტე საუკუნის მუჰაჯირების შთამომავლები არიან.

___

მთავარი ფოტო: ფხაზი მუჰაჯირები ქალაქ სამსუნის პორტში, თურქეთი, 1864 წელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი