მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს

21.05.2021 • 3028
ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს

დღეს, 21 მაისს, სასტუმრო „ლე მერიდიანში“ ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა დაიგეგმა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში. 

მემორანდუმის გაფორმება პროფესიულ სასწავლებლებთან სასტუმრო ,,ლე მერიდიანში”.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლეჯები ,,ბლექსი“ და ,,ახალი ტალღა“ – ეს ის სასწავლებლებია, რომლებიც მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებას და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო, პროფესიული სერვისების ხარისხი, უზრუნველყონ საგანმანათლებლო სიკეთეებზე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ხელმისაწვდომობა.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF). ეს არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი სახელწოდებით – „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs).

პროექტი ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დღევანდელ შეხვედრას უწევდა ორგანიზებას. მისი წარმომადგენელი, სალომე ფუტკარაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია კოორდინირებას გაუწევს პროექტის მიმდინარეობას აჭარის რეგიონში.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მოხალისე ახალგაზრდების მიღება და უპირატესობა მივანიჭეთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, მოწყვლად ჯგუფებს, მათ, ვისაც არ მიუღია განათლება და შესაბამისად არც არასდროს ჰქონია სამსახური. ისინი დაესწრებიან ინგლისური ენის სემინარებს, მეწარმეობისა და ციფრული უნარების ტრენინგებს, კარიერული მზაობისთვის საჭირო სწავლებასაც გაივლიან.

შემუშავებულია მოკლე მოდულები სწრაფი სწავლებისთვის. ვასწავლით როგორ მოემზადონ დამსაქმებელთა წარსადგენად.

გვექნება ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა და კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან. კომპანიებში ახალგაზრდები არამხოლოდ სტაჟირებას გაივლიან, არამედ მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომ ამავე, ან მსგავს კომპანიებში დასაქმდნენ კიდეც გრძელვადიანად სტაჟიორები. სემინარები ჩატარდება ონლაინ, დისტანციურად, რაც საშუალებას მისცემს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ქალაქში ჩამოსვლის გარეშე განივითარონ უნარები და ჩაერთონ პროექტში“, – ამბობს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენელი, სალომე ფუტკარაძე.

,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” წარმომადგენელი სალომე ფუტკარაძე

როგორც კოლეჯ  ,,ბლექსის“ წარმომადგენელმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ პროექტში ჩაერთვება მათი კოლეჯი. პროფესიული განათლება, მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, თეონა ლებანიძე ამბობს, რომ პროექტები ხელს შეუწყობს დასაქმებას და იმ უნარჩვევების გამომუშავებას, რაც დასაქმებაში დაეხმარება ახალგაზრდებს, პროექტების სამიზნე აუდიტორია 14-29 წლის ახალგაზრდებით განისაზღვრება.

„მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების ჩართულობა პროექტში, რადგან ჩვენი მიზანია შეიქმნას კავშირები, რაც სამომავლოდ დიდ გავლენას მოახდენს საქართველოსთვის უმწვავეს პრობლემაზე, კომპლექსურ უმუშევრობაზე.

პროექტის დასაწყისიდანვე აჭარაში დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ეს ჩვენთვის ძალიან გასახარი ამბავია. სამწლიან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც 2023 წლის ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია ყველა საქმიანობას ვუყურებთ გრძელვადიანად და წარმატებული შედეგების შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ გაგრძელდეს პროექტი“, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი თეონა ლებანიძე.

გაეროს წარმომადგენელი თეონა ლებანიძე

შეხვედრაზე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება, ეს ის რგოლია, რაც სკოლასა და უნივერსიტეტს აკავშირებს ერთმანეთთან. შესაბამისად, დასაქმების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.

„ბსუ“-ს წარმომადგენლის თქმით, პროექტის კარგი შედეგებით დასრულების მოლოდინს აჩენს ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელების საქმეში ისეთი სანდო და კომპეტენტური ინსტიტუტები არიან ჩართულები, როგორიცაა ევროკავშირი, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, გაერო და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

მემორანდუმს ხელი მოაწერა საზღვაო აკადემიამაც, მისმა წარმომადგენელმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აკადემიას ბევრი პროფესიული მიმართულება აქვს და ახლახანს მათ სამეგრელოშიც გახსნეს 1000 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის ფილიალი.

გაეროს, ევროკავშირისა და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მიერ მხარდაჭერილ პროექტებს შორისაა სახალხო უნივერსიტეტის მოძრაობა, მისი ორგანიზატორი მკვლევარი ირაკლი ირემაძეა.

სახალხო უნივერსიტეტის მოძრაობა გულისხმობს დაახლოებით 60 სოფელსა და დაბაში ლექციების ციკლს. როგორც ირაკლი ირემაძე ამბობს, ეს იდეა მათ 100 წლის წინანდელი პრაქტიკიდან გააცოცხლეს.

„არსებობდა მსგავსი ინსტიტუტი საქართველოში, პირველი რესპუბლიკის პირობებში. სოფლებში ჩავიყვანთ საინტერესო სპიკერებს და გავმართავთ საინტერესო ლექციებს, არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ საკითხებზეც – ეკოტურიზმზე, აგროტურიზმზე, დასაქმების შესაძლებლობაზე სოფელში, სოფლის განვითარებაზე და ა.შ.

უკვე 40-მდე შეხვედრა გავმართეთ შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში. აჭარაში სულ ახლახანს გვქონდა დაბასა და სოფლებში ლექციები და რახან მაისია, პირველ რესპუბლიკაზე, მის გამოცდილებაზე და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების წვლილზე ვისაუბრეთ“, – ამბობს ირაკლი ირემაძე.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

დღევანდელ შეხვედრას ,,ლე მერიდიანში“ ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ასევე კოლეჯების: „ახალი ტალღა“ და „ბლექსი”, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: