ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

09.03.2020
ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 6 მარტიდან შევიდა ძალაში. ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება.

ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის [არქეოლოგიური] სტატუსი დაახლოებით 20 ჰექტარამდე ფართობს მიენიჭა.

აქედან, დაახლოებით 66 000 კვ/მ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, ნაწილი კი [დაახლოებით 140 000 კვ/მ]  – კერძო კომპანია „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში.

ეს ტერიტორია იმ 180 ჰექტარში შედის, რომელიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულებით „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

2020 წლის თებერვალში შპს „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაშინ დააანონსა, როცა აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიას პროექტის ფარგლებში მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული ჰქონდა.

ტერიტორია ფიჭვნარში [მონიშნულია წითელი ფერით], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მოყვითალო ფერით მონიშნულია აჭარის [ზემოთ] და „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიები

რაც შეეხება ფიჭვნარის ნამოსახლარებს [სამაროვნებს] უძრავი ძეგლის სტატუსი მას 1976 წლიდან ჰქონდა – დაცული ტერიტორია იყო. წინა ხელისუფლებამ ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო.

პარალელურად, „თავისუფალი ტურისტული ზონის“ განვითარების მიზნით, 2010 წელს ქობულეთში „ფიჭვნარის“ ტერიტორიაზე ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.

პროექტის თანახმად, „ფიჭვნარის“ ტერიტორიაზე მიწის 3 ნაკვეთი [11 ჰა-ზე მეტი] გამოიყო, სადაც 30 სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.

სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც. მათ ქობულეთში 15 სასტუმროკომპლექსი უნდა აეშენებინათ, თუმცა შემდგომ ზოგიერთმა ინვესტორმა სასტუმროს აშენებაზე უარი თქვა.

2015 წელს, თავისუფალი ტურისტული ზონის მიმართ დაინტერესების გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ფიჭვნარში სამორინეების გახსნაც შესთავაზეს.

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგებმა მისთვის სტატუსის მინიჭებას ვერ მიაღწიეს [აღსანიშნავია, რომ ასეთი ორი ძეგლია აჭარაში: გონიო-აფსაროსი და პეტრას ციხე].

ამ თემაზე:

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: