Batumelebi | სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს – Batumelebi
RU | GE  

სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს

ტერეზა გალსტიანი 18 წლისაა. მან სკოლა წელს დაასრულა და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ტერეზას სმენის დარღვევა აქვს, შესაბამისად, მას გამოცდების ჩასაბარებლად სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება. ტერეზა ამბობს, რომ მან გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამის თაობაზე წერილობით აცნობა. ცენტრს სთხოვა, რომ ინგლისური ენის გამოცდის ტესტებიდან მოსასმენი ნაწილი ტექსტური სავარჯიშოებით ჩაენაცვლებინათ, რადგან ამ დავალებას ის იმ მიზეზით ვერ შეასრულებდა, რომ სმენის დარღვევა აქვს. ტერეზა ამბობს, რომ გამოცდების ცენტრი მის უფლებებს უხეშად არღვევს, რადგან მის თხოვნას არ აკმაყოფილებს.

ტერეზას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მის თხოვნას გამოცდების ცენტრი არ დააკმაყოფილებს, ის 18 ქულას დაკარგავს, რაც გრანტის აღების შესაძლებლობას შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ცენტრს ტერეზამ შეატყობინა, რომ მას სმენა აქვს დარღვეული, გამოცდების ცენტრი ჯიუტად მოითხოვს მასთან ტელეფონით დაკავშირებას.

„სმენის დაზიანების მქონე ადამიანისთვის მოსასმენი ნაწილის დატოვება იგივეა, რაც უსინათლოს უთხრა: აჰა, ფურცელი და წაიკითხე”, – გვეუბნება ტერეზა. მისი თქმით, გამოცდების ცენტრი სმენის დარღვევის მქონე პირებს ალტერნატივას არ სთავაზობს. ტერეზას მიაჩნია, რომ გამოცდების ცენტრი მის უფლებებს არღვევს.

ტერეზას უფლება სახელმწიფომ სკოლაშიც დაარღვია – როგორც მან გვითხრა, მეშვიდე კლასის შემდეგ გაკვეთილებს ვეღარ ისმენდა. „არავის დაუწერია გაკვეთილის შინაარსი, რომ მეც აქტიურად ჩავრთულიყავი.“

ტერეზა მიიჩნევს, რომ გამოცდების ცენტრი მას უსამართლოდ ექცევა, რადგან ამ დრომდე არ დაუკავშირდა და არ გასცა პასუხი მის მოთხოვნაზე.

„სტანდარტულად სამ საგანს ვაბარებ. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ შშმ პირი, კერძოდ, სმენის დაზიანების მქონე, რეგისტრაციის დროს მივუთითე სპეციალური საჭიროება და განცხადებაც დავწერე, სადაც სულ სამი მოთხოვნა მქონდა: ცალკე ოთახში გამოცდების წერა, დროის მომატება და ყველაზე მნიშვნელოვანი – უცხო ენაში მოსასმენი დავალებების გაუქმება და წერითი სავარჯიშოებით ჩანაცვლება, რადგან ფიზიკურად მოსმენის უნარი აღარ შემწევს წლებია.

განცხადების გაგზავნის შემდეგ ნაეკისგან ველოდებოდი უკუკავშირს, მიიღეს თუ არა მეილი და იკითხებოდა თუ არა დოკუმენტების სკანი. რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუწერია და ისევ მე ვცადე ცხელ ხაზზე დარეკვა. ოთხი ადამიანი ვცდილობდით დარეკვას, მაგრამ ზარიც კი არ გადიოდა, მაშინვე ითიშებოდა. ამ დროს კი ნაეკის ფეისბუქგვერდი მწერდა, რომ 7 ოპერატორი მუშაობს და წესით, პრობლემა არ უნდა მქონდეს დარეკვაზე. ფაქტია, ვერავინ მოვახერხეთ კონტაქტზე გასვლა“, – წერდა ტერეზა თავის ფეისბუქის გვერდზე.

მოგვიანებით „ბათუმელებმა“ ტერეზას ჰკითხა, ხომ არ დაუკავშირდა გამოცდების ცენტრი, რაზეც ტერეზამ გვიპასუხა, რომ – არა.

ბოლოს კი ტერეზას გამოცდების ცენტრის ცხელი ხაზიდან დაუკავშირდნენ და, როგორც თავად გვითხრა, პირადად ტერეზასთან საუბარი მოითხოვეს. ტერეზას ახლობლები კი ცენტრს უხსნიდნენ, რომ ტერეზას სმენის დარღვევა აქვს და სატელეფონო საუბარს ვერ შეძლებს.

„ისინი კი მაინც გაიძახიან, რომ მე უნდა დამერეკა“, – ამბობს ტერეზა.

ბოლოს ტერეზას უთხრეს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნა გამოცდების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება, სადაც მითითებული იქნება, ვინ რა შეღავათს მიიღებს. ტერეზა მიიჩნევს, რომ ეს მისი უფლებების დარღვევაა, რადგან არ სურს მისი პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახდეს.

ტერეზა ასევე გვეუბნება, რომ სამედიცინო კომისიამ მოსასმენი ნაწილი ტესტებში მაინც დატოვა. რითი იხელმძღვანელა კომისიამ და რაზე დაყრდნობით გადაწყვიტეს, რომ სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტს მოსასმენი ნაწილი უნდა შეესრულებინა, ტერეზასთვის არავის განუმარტავს.

„საბოლოოდ, კომისიამ შემომთავაზა სამი ალტერნატივა:  დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ დასმა, რათა მან წამიკითხოს ტექსტი.

ჩემთვის არცერთია ხსნა და ნუგეში. ნებისმიერ შემთხვევაში ალალბედზე უნდა შემოხაზო და ან შემოხაზავ სწორ პასუხს, ან ვერა. 18 ქულა უაზროდ ეკიდება სასწორზე. შესაბამისად, გრანტისთვისაც მომიწევს ხელის დაქნევა“, – ამბობს ტერეზა.

ტერეზას თქმით, გამოცდების ცენტრი მიიჩნევს, რომ მოსასმენის გაუქმებით გამოცდა აზრს კარგავს, რადგან ამით ამოწმებენ მოსმენილის გააზრების უნარს. „იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ადამიანს არ ესმის კარგად, ამ დროს მოსასმენს საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამის გარდა, ისიც თქვეს, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი, რა შეიძლება შემომთავაზონ გაუქმების სანაცვლოდ“.

„ბათუმელები“ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ აპირებს ინგლისური ენის გამოცდაში ამ ცვლილების შეტანას, რასაც ტერეზა გალსტიანი მოითხოვს. ცენტრში გვიპასუხეს, რომ მათ პოზიციას ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებდნენ. ცენტრის განმარტებაში ვკითხულობთ:

„იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე სთავაზობს მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ მეთოდებს:

  • წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით);
  • ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას;
  • ყურსასმენის გამოყენებას;
  • საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას;
  • დროის გახანგრძლივებას.
  • ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, ამ გადაწყვეტილებას იღებს  სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით.

კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ, რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს“, – წერს ეროვნული გამოცდების ცენტრი.

რაც შეეხება კონკრეტული განცხადების განხილვას, ცენტრი წერს, რომ „განცხადებების განხილვა ხდება მას შემდეგ,  რაც გამოსაცდელი რეგისტრაციის დროს მონიშნავს სპეციალურ ველს და განსაზღვრულ ვადაში  წარმოადგენს შესაბამის ცნობას (ფორმა #100). გასათვალისწინებელია ისიც,  რომ ნებისმიერ  ინფორმაციას ცენტრი აქვეყნებს  პერსონალური მონაცემების სრული დაცვით“.

ტერეზა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მის უფლებებს არღვევს. „სასამართლოშიც შევიტანდი სარჩელს, რადგან არასწორად შეაფასა კომისიამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მით უფრო – არასწორი გადაწყვეტილება „მომისაჯა“. მაგრამ სასამართლო დავას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გამაჩნია და მანამდე გამოცდებსაც კი ჩავაბარებ“, – ამბობს ტერეზა.

მისი თქმით, ცენტრისთვის ერთი გამონაკლისის დაშვება ტრაგედიაა. „შშმ პირები არც ისე ხშირად გადიან ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ იმიტომ, რომ არ არის შექმნილი სპეციალური გარემო, არავისგან მოდის მხარდაჭერა, გაგება, ხელის შეწყობა.

შშმ პირებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება და ხშირად განათლების მიღებაზეც უარს ამბობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. არ მეხალისება ასე ცხოვრება და რთული პერიოდებიც მაქვს, როცა ხმამაღლა ვამბობ, რომ დავიღალე და მინდა ჩვეულებრივი სმენით ვცხოვრობდე“.

თუმცა სახელმწიფოს ტერეზასი არ ესმის.

ტერეზა ასევე გვიზიარებს თავის ემოციებს სკოლის ადრეულ წლებზე, რაზეც ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს.

„როცა შევამჩნიე, რომ სმენა ქვეითდებოდა, ვცდილობდი, არ შემემჩნია… დაჯერებაც არ მინდოდა და გავურბოდი. ნელ-ნელა გამწვავდა მდგომარეობა და ადამიანებმა ზემოდან ყურება დამიწყეს. მერე, თანდათან, კომპლექსების თაიგულად ვიქეცი და  ჩემს ნაჭუჭში გამოვიკეტე, ჩემთვის ვიყავი, ვსწავლობდი და დროს ტირილში ვხარჯავდი. დღემდე არ ვიცი, ადამიანებს რატომ სჩვევიათ ასე მოქცევა – თავისზე შედარებით სუსტებს ჩაგრავენ და ამით ეგოს კვებავენ.

მას შემდეგ, რაც „უყურო“ გავხდი, ყირამალად გადაიქცა ჩემი ცხოვრება. გაკვეთილებს ვეღარ ვიგებდი და მიწევდა ინტერნეტისთვის, წიგნებისთვის თუ კომპეტენტური ადამიანებისთვის მიმემართა, რათა მასალა გამეგო. ასე ჩამომიყალიბდა ყველაფრის დამოუკიდებლად ათვისების უნარი.

გაკვეთილების მსვლელობისას, მოსმენის გარდა, რას არ ვაკეთებდი – ვწერდი ჩანახატებს, ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, მომდევნო პარაგრაფებს გადავხედავდი, ან უბრალოდ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით, დაუსრულებლად. გარდა ამისა, კლასელებთან კონტაქტიც გაუფერულდა. რამდენიმესთან თუ მექნებოდა მცირე დიალოგი ან მონოლოგი. ისიც ისევ მე ვლაპარაკობდი და ისინი მიწერდნენ ფურცლებზე, ტელეფონში, მაგრამ ხანდახან უკუკავშირიც არ იყო და ჩემი ხმა ექოსავით ისმოდა“, – წერს ტერეზა თავის დღიურში, რომელსაც ჩვენც გვიზიარებს.

ამავე ჩანაწერში ტერეზა საუბრობს მასწავლებლების შესახებაც. „ბევრი მასწავლებელი შემხვდა ამ დროის განმავლობაში და თითოეულისგან იოტისოდენა თუ ვეებერთელა რაღაცის შესრუტვა მოვახერხე. სკოლას, ისევე, როგორც ყველაფერს, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მან მასწავლა, რომ ქვეყნად თეთრი და შავი არსებობს, რომ ყველანი ერთნაირები არ ვართ, რომ ინდივიდუალიზმი ბევრს ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელი არ არის, რომ დამარცხება და გამარჯვება მეგობრები არიან და კიდევ უამრავი „რომ“, რომლის ჩამოთვლა შორს წამიყვანს.

სკოლის პერიოდში ვცდილობდი აქტიური მოსწავლე ვყოფილიყავი და დამთავრების შემდეგ აქტიური მოსწავლის სტატუსიც მომეპოვებინა, მაგრამ ვაღიარებ, სიზარმაცემ დამაბრკოლა და მერე – პანდემიამაც. სკოლის იქით, მოხალისეც ვიყავი ბილივის ფონდში და აი, უკვე მესამე (და უკანასკნელი) წელია მანდ ვარ. ამასობაში, იქ ყოფნის ლიმიტიც ამოვწურე. თუმცა მომავალში კიდევ გადაიკვეთება ჩვენი გზები. Once a believer, always a believer.

მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მონაწილეობდა ჩემს განვითარებაში, მიბიძგა თუ ზურგი მაქცია. ყოველივე ეს სტიმულის მომცემი და ფეხზე წამოდგომისას ხელის გამწოდებელია“.

ტერეზა „ბოლო ზარის“ შესახებაც წერს: „ბოლო ზარზე ყველაზე მეტად ბებიის არყოფნა მღრღნიდა. სახლიდან გასვლისას არავის გავუმხნევებივარ, არავის უკოცნია ლოყასა და შუბლზე, არადა, ამას ბებია კისრულობდა სულ და შესანიშნავად ართმევდა თავსაც. ძალიან მენატრება, თუმცა კვლავინდებურად ჩემს გულში აგრძელებს სიცოცხლეს არამატერიალურ ფორმაში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com