ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის. რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ.
„ტყის ანუ სახელმწიფო რესურსის გამოყენება კომერციული სარგებლობისთვის უკვე კანონითაა დაშვებული. აქამდე, ვისაც კომერციული მიზნით სჭირდებოდა ამ რესურსის შეგროვება, დაფასოება, ეტიკეტირება, გაყიდვა, ექსპორტი, შესაბამის საბუთს ვერ იღებდა, იმიტომ, რომ ეს კანონით არ იყო დაშვებული. დღეიდან მათ ამის საშუალება ექნებათ – ანუ, შეუძლიათ აიღონ ნებართვა სატყეო სამსახურიდან და კონკრეტულ ფართობზე, კონკრეტული წესების დაცვით, მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე მოიპოვონ ეს რესურსი. ლეგალური საბუთი ექნებათ, რომ კანონიერად მოიპოვეს ეს რესურსი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ კარლო ამირგულაშვილმა, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება მოქალაქის მიერ პირადი მოხმარებისთვის ამ რესურსის შეგროვებას, ეს აქამდეც დაშვებული იყო და ასევე დარჩება.
„შეიძლება მაყვალი ან მარწყვი ადამიანმა შეაგროვა პირადი მოხმარებისთვის, მაგრამ, ვთქვათ, ბაზარშიც, ბაზრობაზეც წაიღო გასაყიდად. ტყის კოდექსი ამას არ არეგულირებს და არც დაარეგულირებს. თუმცა მაღაზიაში ვერ გაყიდის – აქ ჩაკეტილი იყო და არის, იმიტომ, რომ საბუთი სჭირდება მაღაზიას, რომ იყიდოს ესა თუ ის პროდუქტი“, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.
ახალი „ტყის კოდექსი“ ძალაში შევიდა 2021 წლის იანვრიდან, თუმცა არ მოქმედებდა, ვინაიდან არ არსებობდა ტყითსარგებლობის წესი. ეს წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს მიიღო და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ტყის კოდექსით დაშვებულია ტყით საერთო სარგებლობა, რაც გულისხმობს „პირადი მოხმარების მიზნით ტყეში [გარდა კერძო საკუთრების ტყისა] ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.
ამასთან, თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიზღუდოს:
- ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით;
- ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.
შეზღუდვაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო“.
კოდექსის მიხედვით, „ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ბუნებრივ გარემოს აზიანებს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს“.
2021 წლის 18 მარტიდან გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონით დაევალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით „უზრუნველყოს მოსახლეობისთვის ტყისა და ტყის რესურსების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.“
ტყის კოდექსით, მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/344102/