6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან


ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივანთან, შენდება კვარტალი, სადაც შესაძლოა თეურებმა ერთმანეთი დაჩრდილოს, რადგან მრავალბინიანი სახლის წინ მაღლივი სასტუმრო, ან სხვა სახლი, ან სასტუმროს წინ ისევ სასტუმრო შენდება… სპეციალისტები აღიარებენ, რომ ამ შენობებში განსაკუთრებით დაბალ და შუა სართულებზე პრობლემა იქნება როგორც მზის სხივის, ასევე ჰაერის ნაკადების გადანაწილება. დიდი ალბათობით, აქ ბინების გასანათებლად მზიან დღესაც კი ნათურის ანთება დასჭირდებათ.

ამ საკითხზე კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ზონალური საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს, სადაც სამშენებლო პირობები განიხილეს. თუმცა ეს პრობლემა ნებართვის გაცემას ხელს ვერ შეუშლის, რადგან მოთხოვნა პროექტი იყოს გათვლილი მზის სხივის გადანაწილებაზე, კანონიდან დიდი ხანია ამოღებულია და ის მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა სრულად ამოქმედდება ახალი სამშენებლო კოდექსი.

აბუსერიძის #11-ში მშენებარე სტადიონის მოპირდაპირედ შპს „ტერმინალი 99“ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლო პირობების შესათანხმებლად ბათუმის მერიასა და კმდს-ს ზონალურ საბჭოს მიმართა [ტერიტორია ძეგლის დაცვის არეალშია]. პროექტი სამ საკადასტრო ერთეულზე, ჯამში 6279 კვადრატულ მეტრზეა დაგეგმილი და ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ზონალური საბჭოს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს, თქვეს, რომ დაგეგმილი შენობის უმაღლესი ნიშნული 107 მეტრია, თუმცა ამავე სხდომაზე წარდგენილ რენდერზე წერია, რომ შენობის სიმაღლე 132,70 მეტრი იქნება.

შემოსაზღვრული საპროექტო ტერიტორია

სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის გვერდით, აბუსერიძის #13-ში [აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთა] კიდევ ერთი თაუერის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს შპს „ლაიქ ჰაუსს“.  ეს შენობა  110-მეტრი სიმაღლის იქნება. რენდერის მიხედვით, „ლაიქ ჰაუსის“ პროექტი ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანია.

„ლაიქ ჰაუსის“ მომიჯნავედ, შარტავას გამზირის მხრიდან [შარტავას#10], 38-სართულიან შენობას აშენებს შპს „სახლი ხეივანში“. ამ პროექტის გვერდით – შარტავას #10-ში შპს „დარ ბილდინგის“ 39-სართულიანი პროექტი შენდება. გვერდით კი, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან, 41-სართულიან შენობას „ბათმშენი“ აშენებს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ კონკრეტული პროექტის მოპირდაპირე მხარეს „ეიჩ გრუპის“ 38-სართულიანი პროექტი სრულდება.

თუ კვარტალს ფიროსმანის მხრიდან შემოვუვლით და ისევ აბუსერიძის ქუჩაზე გამოვალთ, აბუსერიძის #5 ა-ში „DS GROUP“-ის უკვე აშენებული თაუერი დაგვხდება, რომელიც ოთხი მაღლივი კორპუსისგან შედგება.

როგორი იქნება ეს კვარტალი მომავალში, ამის წარმოდგენა ამ რენდერის მიხედვით შეიძლება. დააკვირდით კვარტალს, სადაც საპროექტო ტერიტორია წითლადაა შემოხაზული:

სხდომაზე წარმოდგენილი რენდერი

აბუსერიძის #11-ში ბათუმის საბალეტო სკოლის შენობა მდებარეობს. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომაც მიმდებარედ მშენებლობის დასაწყებად კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობა სჭირდება. საკითხის განხილვისას საბჭოს თავმჯდომარემ ზაურ ახვლედიანმა თქვა, რომ პროექტს ძეგლთან მიმართებაში უარყოფითი გავლენა ვერ ექნება. ის დაინტერესდა, ხომ არ შეეშლება ხელი გვერდით წამოწყებულ სხვა პროექტს და ხომ არ დააზარალებს ინვესტორს.

სამშენებლოდ გამიზნულ სამ საკადასტრო ერთეულს ორი მეპატრონე ჰყავს: ტერიტორიის 4 881 კვადრატული მეტრი ნებართვის მაძიებელს, შპს „ტერმინალი 99“-ს ეკუთვნის, 1398 კვ.მეტრი კი შპს – „ტუნაძე და კომპანიას“.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი