მთავარი,სიახლეები

„საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

02.05.2021 • 4660
„საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

„დაგვეხმარეთ, საჭმელი არაფერი არ გვაქვს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის 6 წლის ბიჭს. ასე მთავრდება ვიდეო, რომელშიც ის დედასთან ერთად საუბრობს საკვების გარეშე ცხოვრებაზე.

„არ მიხარია აღდგომის მოსვლა, რადგან ჩემს შვილებს შიათ, ჩემს შვილებს არაფერი აქვთ სააღდგომო,“ – ამბობს ხატია ბაღათურია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყოფილ ქმარს ახლაც გაურბის და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ხატიას თქმით, მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა – თვეში 250 ლარი, საიდანაც ბინის ქირის ფული 200 ლარიც უნდა გადაიხადოს. 6 და 8 წლის შვილების გამოსაკვებად კი, მხოლოდ 50 ლარი რჩება.

„ვერ ვყიდულობ ვერაფერს, მშივრები ვართ ნახევრად… ამ სააღდგომოდ ერთმა კეთილმა ადამიანმა თავისი სურვილით გვაჩუქა პასკა, კვერცხები და ვერმიშელი. ორი დღე გავიტანთ ამით თავს, მერე რა იქნება, არ ვიცი,“ – ამბობს ხატია ბაღათურია „ბათუმელებთან“.

8 წლის ანი ბაღათურია სენაკში, ზანას საჯარო სკოლაში სწავლობს. ქუთაისში გადასვლამდე ხატია ქმართან და შვილებთან ერთად სენაკში ცხოვრობდა. ახლა ხატიას დედა ანუ ბებია უვლის ანის, რომელიც პერიოდულად მამასთანაც რჩება. 6 წლის საბა კი, დედასთანაა. ის საბავშვო ბაღში დადის და წელს სკოლაში მიდის.

„ანის კლასი ბოლო რამდენიმე კვირა დისტანციურ სწავლებაზეა, მაგრამ ანის არც კომპიუტერი აქვს და არც ინტერნეტი, ვერ ესწრება გაკვეთილებს,“- გვითხრა ხატიამ.

ზანას საჯარო სკოლის დირექტორის, რომან კვარაცხელიას თქმით, ანი სკოლას არ აცდენს და მას ძირითადად ბებია აკითხავს. სკოლის დირექტორი დაგვპირდა იმის გარკვევას, თუ რატომ არ აქვს ამ დრომდე კომპიუტერი მეორეკლასელ ანის.

ხატია ბაღათურია ამბობს, რომ ის ზუსტად 8 წელი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამ პერიოდში 8 შემაკავებელი და დამცავი ორდერი გამოუცია პოლიციას ხატიას დასაცავად.

„გადიოდა თუ არა ეს ერთთვიანი, ან ორთვიანი ვადა, მერე ისევ მოვიდოდა და მცემდა. პოლიცია მეუბნებოდა, ორდერი არ დაურღვევია და ისე ვერ დავაკავებთო და ისევ ორდერს წერდნენ… ბოლოს ხელი რომ ეტკინა და დაიღალა, ჯოხით და შეშით მცემა, წამოვედი. ჩემთვის ექსპერტიზა არავის ჩაუტარებია, არც ჩვენება მიმიცია… ის ალკოჰოლზეა დამოკიდებული. დღემდე მეძებს, მასთან შეხვედრას აღარ ვაპირებ. ბევრი წელი ვითმინე, მეუბნებოდნენ, გამოსწორდება, შვილები გყავთო.

გავიგე, რომ ანის გადაყვანა უნდა თავისი სოფლის სკოლაში, არ ვარ წინააღმდეგი, თუ გადაიყვანს და მიხედავს, რატომ ვიქნები წინააღმდეგი, მე ვერ ვმუშაობ და არსებობა გვიჭირს… ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს, ვერ ვმუშაობ და ვერც გამოკვლევები ჩავიტარე,“ – ასრულებს ხატია ბაღათურია.

______________

მკითხველების თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ხატია ბაღათურიას ოჯახის დასახმარებლად.

სს საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – ხატია ბაღათურიას ოჯახის მხარდაჭერა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: