მთავარი,სიახლეები

– 1 და + 2 წევრი „ოცნებას“ – ვნებათაღელვა ხულოს საკრებულოში

24.05.2021 • 4430
– 1 და + 2 წევრი „ოცნებას“ – ვნებათაღელვა ხულოს საკრებულოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ცვლილებებია.

დღეს, 24 მაისს, საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ბოლქვაძე „ოცნებიდან“ გარიცხეს, თუმცა მმართველ პარტიას საკრებულოში ორი ახალი წევრი შეემატა – „ოცნებაში“ გაერთიანდნენ დამოუკიდებელი დეპუტატი ნუგზარ სოლომონიძე და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მერაბ ღორჯომელაძე.

ირაკლი ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ რიგებიდან ის არა დასახელებული მიზეზით – „გუნდური პრინციპის დარღვევის“ გამო, არამედ იმის გამო გარიცხეს, რომ გიორგი გახარია მოსწონს.

„პარტიის წევრიც არ ვყოფილვარ, „კონსერვატორების“ კვოტით ვიყავი შესული. აბსურდია რეალობაში“, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე.

„ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ, ორი არჩევნები მაქვს მოგებული. ჩემი გარიცხვა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ მე გიორგი გახარიას მიმართ გამოვხატავდი სიმპათიებს, პრემიერობის დროსაც და გადადგომის შემდეგაც. ჩემი გარიცხვა მოხდა სინამდვილეში გიორგი გახარიასადმი სიმპათიების გამო“, – გვითხრა ირაკლი ბოლქვაძემ.

გამოხატავდა თუ არა ირაკლი ბოლქვაძე სიმპათიებს გახარიას მიმართ საკრებულოს სხდომებზე? – ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ – არა.

„არა, არც საკრებულოს სხდომაზე, არც ბიუროს სხდომებზე და არც საკრებულოს შიგნით, კაბინეტებში… ჩემი პირადი სიმპათია იყო, არც პოსტები დამიწერია სხვათა შორის. უბრალოდ, შინაგანი პატივისცემა მქონდა გიორგი გახარიას მიმართ.“

კითხვას, ჰქონდა თუ არა მას გახარიასთან კონტაქტი, ირაკლი ბოლქვაძე ასე პასუხობს:

„არანაირი. რომ მქონოდა, მანამდე გავაკეთებდი განცხადებას, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ მქონია. ნეტა მქონოდა, მაგრამ არ მქონია“.

ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

„მე ვარ 38 წლის ადამიანი, დღეს მე ჩემს ქვეყანას ვჭირდები, ამიტომ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“, – გვითხრა მან.

პოლიტიკაში დარჩენას და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ხულოს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, მერაბ ღორჯომელაძე. იგი აქამდე ხულოს საკრებულოში პარტია „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა, თუმცა ახლა უკვე „ოცნების“ რიგებშია.

მერაბ ღორჯომელაძე ამბობს, რომ „ოცნების“ წევრი იყო 2011 წლიდან, 2018 წელს მან პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა ხულოს საკრებულოში. ახლა კი, თვითმმართველობის არჩევნების წინ, გადაწყვეტილება ისევ შეცვალა და „ოცნებას“ დაუბრუნდა.

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ქართული ოცნება დღეს არის ყველაზე ღირსეული პარტია“, – გვითხრა მერაბ ღორჯომელაძემ.

კითხვაზე, იციან თუ არა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ „ევროპულ საქართველოში“, იგი პასუხობს, რომ შესაძლოა წერილი გაგზავნოს:

„მე არ ვიყავი აქტიური პარტიის წვერი. უბრალოდ, ვიყავი საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე, იცოდნენ მაგათაც, ტელევიზიით გავაკეთე განცხადება და ალბათ გაიგებენ“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მერაბ ღორჯომელაძე პასუხობს, რომ „აუცილებლად“.

„ღირსეულად მაქვს მოგებული 80 პროცენტით [შენიშვნა: 2017 წლის არჩევნებში მერაბ ღორჯომელაძემ 27.32 პროცენტი მიიღო, მაშინ იგი „ქართულ ოცნებაში“ იყო] და კიდევ მოვიგებ. ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას და ქართული ოცნების გვერდში დგომას“, – გვითხრა მან და თან ჩამოთვალა, ვისი იმედი აქვს ამ არჩევნებზე:

„მაქვს იმედი, ჯერ ღმერთის, მერე „ქართული ოცნების“, ჩემი პარტიის, პრემიერის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის“.

ჩამონათვალში ამომრჩეველი ვერ მოხვდა.

არჩევნების წინ ხულოში „ოცნებას“ შეუერთდა საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ნუგზარ სოლომონიძე, რომელიც აქამდე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, უფრო ადრე კი „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა საკრებულოში.

კითხვაზე, რა გახდა მმართველ პარტიაში გაერთიანების მიზეზი, ნუგზარ სოლომონიძე ამბობს, რომ ეს პირადი მიზეზია:

„ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვა მხრივ არ მქონდა და მიზანშეწონილად ვთვლი, რომ გაერთიანებული „ქართული ოცნებისთვის“ დამეჭირა მხარი. განსაკუთრებულად აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძისთვის. წარჩინებული კაცია და წარმატებულად უძღვება მგონი აჭარას“, – ამბობს ნუგზარ სოლომონიძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ნუგზარ სოლომონიძე ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ მხარს უჭერს ხელისუფლებას. „როგორც ასეთი დეპუტატობა გავაგრძელო, არ ვფიქრობ. თუ საჭირო გახდება, გაერთიანებულ მთავრობას დავუჭერ მხარს“, – გვითხრა მან.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ამბობს, რომ მიუხედავად დღევანდელი ცვლილებებისა, ხულოში ოპოზიცია ორი ფრაქციითა და რამდენიმე წევრითაა წარმოდგენილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრაქციაა, 6 წევრია საკრებულოში წარმოდგენილი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ორი ადამიანია, რაც ფრაქციისთვის საკმარისი არ არის დღეის მდგომარეობით. გარდა ამისა, საკრებულოში არის თარხან-მოურავის წარმომადგენელი – 1 წევრი და ბურჯანაძის წარმომადგენელი – ასევე 1 კაცი“, – გვითხრა ჯუმბერ დიმიტრაძემ.

______________

ფოტოზე: ირაკლი ბოლქვაძე, მერაბ ღორჯომელაძე, ნუგზარ სოლომონიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: