მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჭარბთმიანობა – როდის მივმართოთ ექიმს?

25.05.2021 • 3819
ჭარბთმიანობა – როდის მივმართოთ ექიმს?

ჰირსუტიზმს, იგივე ჭარბთმიანობას უწოდებენ მდგომარეობას ქალებში, რომელიც იწვევს მუქი ან/და უხეში თმის გადაჭარბებულ ზრდას მამაკაცური ტიპით – სახეზე, მკერდსა და ზურგზე.

სპეციალისტების განმარტებით, საწყისშივე მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ჰირსუტიზმი ანუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით განპირობებული ჭარბთმიანობა დღეს დამკვიდრებული  ე.წ. „სილამაზის სტანდარტებისგან“, რომელთა მიხედვითაც ქალის ხელზე, ფეხსა თუ სახეზე ნებისმიერი სახის ბეწვი ანომალიაა.

ენდოკრინოლოგიაში ჭარბთმიანობის შესაფასებლად კონკრეტულ სკალას იყენებენ. როგორ ვლინდება ჰირსუტიზმი და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ექიმი – ენდოკრინოლოგი ლალი ქიქავა საუბრობს.

  • ქალბატონო ლალი, რა  არის ჰირსუტიზმი?

ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა ქალებში. იგი განპირობებულია სისხლში მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბით, რაც ჰორმონალური დისბალანსის შედეგი შეიძლება იყოს. 

ჰირსუტიზმი გვხვდება მამაკაცებშიც, თუმცა რთულია მისი გამოვლენა მამაკაცებში ნორმალური თმიანობის ფართო სპექტრის გამო. როგორც წესი, ეს არის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მიზეზი და შესაძლოა მიუთითებდეს სერიოზული დარღვევის არსებობაზე.

გასათვალისწინებელია, ასევე, რომ თმიანობის სპექტრი განსხვავდება რასისა და ეთნიკური წარმოშობის მიხედვით.

  • როგორ ვლინდება ჰირსუტიზმი, რა შემთხვევაში არის საყურადღებო ჭარბთმიანობა?

ჰირსუტიზმის დროს უხეში და მუქი ფერის თმა ანუ ტერმინალური თმა, იზრდება მამაკაცური ტიპით – სახეზე, მკერდზე, ზურგზე.

ჭარბთმიანობის გამოვლენისთანავე აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა შეფასდეს თმიანობა ფერიმან-გოლვეის სკალის მიხედვით. აღნიშნული სკალის მიხედვით ფასდება მსუბუქი, საშუალო ან მკვეთრად გამოხატული თმიანობა. 8 ქულაზე ნაკლები მიჩნეულია ნორმად, თუმცა ეს ზღვრული მაჩვენებელიც განსხვავდება ეთნიკური წარმოშობის მიხედვით.

თუ ქალს აღენიშნება ჰირსუტიზმი, აუცილებელია ჰორმონალური კვლევები, რათა დადგინდეს მიზეზი და შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 

ჰირსუტიზმის შეფასების სისტემა, რომელშიც მოცემულია ქულები რანჟირებით: 1-დან 4-მდე სხეულის 9 ნაწილში, სადაც 1 არის მინიმალური ჰირსუტიზმი, 4 – ვირილიზაცია (მამაკაცური ნიშან-თვისებების ჭარბად განვითარება). ჯამში, 8 ქულაზე ნაკლები ნორმად მიიჩნევა, ხოლო უფრო მაღალი ქულები მიანიშნებს მსუბუქ და მწვავე ჰირსუტიზმზე.

  • რა შეიძლება იყოს ასეთი ჭარბთმიანობის მიზეზი?

ჰირსუტიზმის მიზეზია ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონები) სიჭარბე, რომელიც თავის მხრივ, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით, მაგალითად, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით (ამ დროს ჰირსუტიზმს თან ახლავს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, რომელსაც შეუძლია ფერტილობის დათრგუნვა), კუშინგის სინდრომით, თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზიით (ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლები პათოლოგიურად აწარმოებენ სტეროიდულ ჰორმონებს, კორტიზოლსა და ანდროგენს), ასევე სიმსივნეებით ან ზოგიერთი მედიკამენტით.

არის შემთხვევები, როდესაც ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება. 

ჰირსუტიზმის განვითარების რისკის ფაქტორებია ოჯახური ისტორია, რამდენადაც ჰირსუტიზმის გამომწვევი ენდოკრინული დაავადებები გენეტიკურია.

ასევე, რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ჭარბი წონა/სიმსუქნე და ეთნიკური წარმოშობა (მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების, შუა აღმოსავლური ან სამხრეთ აზიური წარმოშობის ქალები). 

საქართველოში ჰირსუტიზმის განვითარების სტატისტიკა არ არსებობს, შეგვიძლია ვისაუბროთ მსოფლიოში მის გავრცელებაზე, ზოგადი პოპულაციის ქალების 10% აწუხებს ეს პრობლემა. 

  •  როგორ მკურნალობენ?

ჰირსუტიზმის მკურნალობის მეთოდი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე და შეიძლება გულისხმობდეს მედიკამენტურ თერაპიას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ფიზიკურ აქტივობას, თმის მოცილების კოსმეტიკურ საშუალებებთან (მაგალითად, ლაზერული ეპილაცია) ერთად. არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ეპილაციას ვურჩევთ, თუმცა ყველა პაციენტთან მიდგომა ინდივიდუალურია.

ნებისმიერი ტიპის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა სწორად დადგინდეს დიაგნოზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 

გადაბეჭდვის წესი