ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

18.04.2021
ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც, თითქმის ერთი წლის წინ, ძეგლის სტატუსი თავადვე მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს. ქობულეთ-ფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას კი არქეოლოგები 2012 წლიდან ითხოვენ.

ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტარიდან დაახლოებით 14 ჰექტარამდე ფართობი], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა, კერძო კომპანიის, შპს „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში იყო.

ძეგლთადაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ახალი ბრძანებით კი, კომპანიის საკუთრებაში მოქცეული ძეგლის ტერიტორია დაახლოებით 4 ჰექტარამდე შემცირდა. ანუ, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარამდე ფართობს, ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას ასე თუ ისე კანონი მეტად იცავს. ამჯერად კი, ამ 10 ჰექტარზე [რომელიც ზღვიდან 1 კილომეტრში მდებარეობს] მშენებლობის შემთხვევაში, კომპანიას ძეგლთან დაკავშირებული ვალდებულებები ფაქტობრივად მოეხსნა.

ფიჭვნარ-ჩოლოქი.
1. ძეგლის ტერიტორია 2020 წელს [მონიშნულია ოქროსფრად]
2. ძეგლის ტერიტორია ახლა [ოქროსფრად]
3. „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელსაც სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა [დაშტრიხულია წითლად]

ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის სტატუსი სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 4 მარტის ბრძანებით მაშინ მხოლოდ 20 ჰექტარამდე ფართობს მიენიჭა.

ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მარტის ბრძანებით კი, ძეგლის ტერიტორია, მთლიანობაში, დაახლოებით 12 ჰექტარით შემცირდა. სააგენტოს დირექტორის აღნიშნული ბრძანება ორი დღის წინ, 2021 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა.

ძეგლის ტერიტორიის ნაწილი [ამჯერად 4 ჰექტარამდე ფართობი] იმ 180 ჰექტარში შედის, რომელიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულებით „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება.

სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება იმ „ცხელ წერტილად“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა.

ამ თემაზე ნახეთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან:

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: