მთავარი,სიახლეები

„მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

06.05.2021 • 2281
„მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

ამ შენობაში რამდენიმე წლის წინ სამხედროებს ეძინათ. ახლა აქ საცხოვრებელი სახლია მოწყობილი სახელდახელოდ. ოდესღაც შეღებილი კედლებიდან ბეტონის ბლოკებია გამოჩრილი. ბეტონისვე იატაკზე პირდაპირ ლინოლიუმია დაგებული, იატაკის მოშიშვლებულად დარჩენილ ნაწილს ძველი, ჭრელი ფარდაგები ფარავს. კუთხეში მიდგმულ დივანზე 18 წლის ბიჭი წევს. ზეწრის და საბნის გარეშე, პირადაპირ პლედზე სძინავს, ტანსაცმლით. გეგონება, რომ ამ წამს მიწვა, დაისვენებს და ცოტა ხანში ადგება. მაგრამ ოთო თაფლაძე უკვე ექვსი თვეა ასე წევს. მენჯსა და ქვედა კიდურებში კუნთები მთლიანად გალეული აქვს. კანქვეშ მხოლოდ ძვლებია.

ავადმყოფობის გამო ოთომ სკოლაში სწავლა ნაადრევად შეწყვიტა. ასევე ნაადრევად შეწყვიტა სწავლა მისმა 15 წლის ძმამ – ონლაინსწავლებაზე გადასვლის შემდეგ, ტელეფონის უქონლობის გამო, ის გაკვეთილებს ვეღარ დაესწრო.

მარჯვენა კუთხეში მიდგმულ დივანზე ოთო თაფლაძე წევს. 18 წლის ბიჭი უკვე 6 თვეა ფეხზე ვეღარ დგება.

  • „სკოლაში მეექვსე კლასის მერე აღარ მივლია. ვეღარ ვიტან ადამიანების ლაპარაკს, აღარ შემიძლია“

6 წლის იყო ოთო თაფლაძე, ქვედა კიდურების სისუსტე რომ დაეწყო. უბრალოდ, სუსტი მუხლები ჰქონდა, მაგრამ ჩვეულებრივად ვითარდებოდა, დანარჩენი ბავშვებივით. წლებთან ერთად ტკივილმა იმატა, ბოლო 6 თვეა ბიჭი საერთოდ ვეღარ დგება საწოლიდან. დივანზე სპეციალურად წევს. ზეწრიან საწოლში ყოფნა სამუდამოდ წოლის სიმბოლოა. ოთოს ასე არ უნდა. ასე ურჩევნია, დივანზე წოლა ტანსაცმლით, იმ იმედის შესანარჩუნებლად, რომ ცოტაც და ისევ გაივლის.

18 წლის ოთოს მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაშიც აღარ უვლია. გვეუბნება, რომ ვეღარ იტანს ადამიანების ხმას, საუბარს და აღარ შეუძლია გაკვეთილების მოსმენა.

„ჯერ კიდევ 6 თვის წინ კალათბურთსაც ვთამაშობდი. კი ვერ დავრბოდი მთლად, მაგრამ კალათში ზუსტად ვისროდი. ახლა ვწევარ. ყველაფერი მტკივა. მთელი დღეები მძინავს. ღამით ვერ ვიძინებ. სანამ ღამით გამაყუჩებლის დოზა იმოქმედებს ამასობაში თენდება, ისე, რომ თვალი არ მეხუჭება. ძირითადად ტელეფონში ჩამოტვირთული თამაშებით გამყავს დრო. ტკივილი გაუსაძლისია. ვგრძნობ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო აგრესიული ვხდები, ფსიქიკური პრობლემები დამეწყო ტკივილის გამო“, – გვიყვება 18 წლის ოთო თაფლაძე.

ექიმები ვერ არკვევენ ოთოს დიაგნოზს. კვლევების ნაწილი მას თურქეთში ჩაუტარდა. დიაგნოზში წერია, რომ აქვს ცილა ენერგეტიკული დეფიციტი; წონაში მკვეთრი კლება. დიაგნოზში მითითებულია, რომ მისი დაავადება ქრონიკულია. წამლებმა, რაც ოთოს თურქეთში გამოუწერეს, ღვიძლის პრობლემები შეუქმნა. ხელახალი კვლევები კლინიკა მედცენტრშიც ჩაიტარა.

ოთოს ტკივილი დღითიდღე უძლიერდება. შეჩვეული გამაყუჩებლები ტკივილს ვეღარ ერევა. იმისთვის, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავონ ექიმებმა და ყველაზე მარტივი რამ, ახალი გამაყუჩებლები დუანიშნონ, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. უფულობის და პანდემიის გამო ოთოს კლინიკამდე მიყვანა აქამდე ვერ მოხერხდა. შედეგად კი ტკივილი იმატებს და იმატებს. ყველაზე რეალური და უახლოესი გეგმა მისთვის ჯერ ეფექტური გამაყუჩებლების პოვნაა, რომ ტკივილისგან თავდაღწევა, ღამით ძილი შეძლოს.

„ამას ბევრი სახსრები სჭირდება, ოჯახი ამას ვერ გაწვდა და დიდი ხანია აღარც გამოჩენილან. ჩვენ მივმართეთ მაშინ ჯანდაცვის სამინისტროსაც, მაგრამ კვლევების ნაწილი ვერ დაფინანსდა, სამწუხაროდ. მედცენტრში რა კვლევებიც იყო ხელმისაწვდომი, ჩავუტარეთ. ყველანი ძალიან ვიყავით დაინტერესებული ამ ბავშვით. ძალიან გვეცოდებოდა, მაგრამ თვითონაც დაიკარგნენ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ავტოიმუნურ გენეტიკურ დაავადებას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ ამას მტკიცებულებები და მეტი კვლევა სჭირდება. ასეთი შემთხვევა ათასში ერთიც არ გვაქვს, ძალიან რთულია დაავადების სახელის გარკვევა. გვახსოვს ეს ბავშვი, ოთო, ექიმებს. მუდარით სავსე თვალები ჰქონდა“, – ამბობს ენდოკრინოლოგი არჩილ ირემაძე.

 

  • „მხოლოდ გამაყუჩებლებს ვასმევ, ესაა ჩვენი მკურნალობა“

ოთოს ოჯახი ,,ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ცხოვრობს. ჰყავს დედა, ბებია და სამი ძმა – სამივე არასრულწლოვანი. ერთ-ერთმა, 15 წლის რამაზმა, გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა და ბათუმში დაიწყო მუშობა, ავტოტექმომსახურებაში, ღევაბდა ავტომანქანებს და ტექნიკოსებს ეხმარებოდა, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო მძიმე სამუშაოს გაგრძელება.

„ამბობდა, ოთოს წამლებისთვის მაინც ვიმუშავებ და ოდნავ მაინც დაგეხმარებითო, მაგრამ ბავშვია. მაგასაც თუ მოვტეხე წელი, რა აზრი აქვს ასეთ შრომას“, – ამბობს მოზარდების დედა, მაია ჯოყილაძე. სკოლაში არც 15 წლის რამაზი დადის ახლა, როგორც დედა ამბობს, პანდემიის გამო, როცა სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რამაზმა ვერ შეძლო ონლაინგაკვეთილებზე დასწრება უტელეფონობის გამო.

სახლის კედელზე ოთხი ძმის სახელი წერია: ოთო, რამო, ბექა, ირაკლი – ძმების ოცნებაა 18 წლის ოთო ფეხზე ისევ დადგეს და ისევ შეძლოს ეზოში კალათბურთის თამაში, როგორც 6 თვის წინ შეეძლო.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. მაია ჯოყილაძე და ბიჭების ბებია, ნანული თაფლაძე ამბობენ, რომ ოჯახს საკვები აქვს – სარგებლობენ უფასო სასადილოთი და მათივე თქმით, ყოველთვიურად 35 კგ. კარტოფილს, რამდენიმე ლიტრ ზეთს, ტომრით ფქვილს და სხვადასხვა პროდუქტს იღებენ. ეს, ძირითადად, საკმარისია თვიდან თვემდე ოჯახის ექვსივე წევრის გამოსაკვებად.

თუმცა ოჯახს არ აქვს არანაირი სახსრები ჩაუტაროს ოთოს ყველა საჭირო კვლევა, რაც დიაგნოზის დასასმელადაა საჭირო.

„მხოლოდ გამაყუჩებლებს ვასმევ, ესაა ჩვენი მკურნალობა“, – ამბობს ოთოს დედა. ამასობაში კი ბიჭის ორგანიზმი კიდევ უფრო სუსტდება. საფუძვლიანი გამოკვლევები ოთოსთვის ოცნებაა.

მისი ერთადერთი ,,თავშესაფარი“ ინტერნეტია.

„პენსიას რომ ვიღებ, გადავდებ ყველაფერს და ოთოს ინტერნეტის ფულს მაინც შევინახავ, ჯანდაბას, თუ წამალი დამაკლდება“, – ამბობს ბებია, ნანული თაფლაძე.

ნანული თაფლაძე

  • პანდემია და ბავშვების ოცნება ჯანმრთელობაზე „ოცნების ქალაქში“

„საჭმლის ფული მე არ მიჭირს. სანამ პანდემია დაიწყებოდა, თურქეთში გადავდიოდი. სიგარეტი გადამქონდა და ვაბარებდი. თითო გადასვლისას 15, 25 ლარი მრჩებოდა. ეს ფული ოთოს რამე რომ მონდომებოდა, მაგისთვის იყო: ტკბილეული, ხილის წვენი, რამე ასეთი… მთელი დღეა საწოლშია, რამით ხომ უნდა გაიხაროს. ახლა საზღვარი დაკეტილია. ეს შემოსავალი ხელიდან გამომეცალა“, – ამბობს მაია ჯოყილაძე.

ოჯახის შემოსავალი ბავშვების პენსია და სოციალური დახმარებაა. პენსია მაია ჯოყილაძეს სესხად აქვს გამოტანილი და ნაწილს ბანკში იხდის, მხოლოდ ნაწილი რჩება. ბებიას, ნანული თაფლაძესაც, საკუთარი პენსია ასევე სესხად აქვს გამოტანილი. 280 ლარიდან მხოლოდ 150 ლარს იღებს.

ოთოს ძმა – რამაზ თაფლაძე და ბებია ნანული თაფლაძე.

ოჯახმა ორივე მარჩენალი დაკარგა: რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა ბავშვების მამაც და ბაბუაც.

როცა ოთოსთან მივედით, შინ მხოლოდ ოთო, ბებია ნანული და ოთოს ძმები: რამაზი და ბექა დაგვხვდნენ. ბიჭები ყოველდღე ველოსიპედით დაქრიან და მეგობრებთან ერთად თამაშობენ ხან ფეხბურთს, ხან კალათბურთს. „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში მცხოვრებ ამ ბავშვებს ერთადერთი ოცნება აქვთ: გაიგონ რა სჭირს ზუსტად მათ ძმას, ოთოს, რომ მან ისევ ისე შეძლოს კალათბურთის თამაში ეზოში, როგორც 6 თვის წინ შეეძლო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: